მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი 

12.02.2018 • 3895
ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში დღეს 178 საცხოვრებელი ობიექტია, ხოლო ბათუმის მერიის საკუთრებაში – 30 საცხოვრებელი ბინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს, ასევე მერიას, სხვადასხვა ხელშეკრულების მიხედვით, დეველოპერული კომპანიებისაგან დამატებით აქვთ მისაღები საცხოვრებელი ბინები, ჯამში 7 550 კვ/მ.

აუდიტის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება საცხოვრებელი ობიექტების რაოდენობა, ერთიანი სტრატეგია, თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული აღნიშნული ქონება, არც მერიას აქვს განსაზღვრული და არც სამინისტროს.

„სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ძირითადად, საცხოვრებელი ობიექტები დაკავებულია თვითნებურად, გარეშე პირების მიერ, თუმცა უწყებას არ აქვს იდენტიფიცირებული სრულად, კონკრეტულად რომელი საკადასტრო ერთეულებია და ვის მიერ არის დაკავებული,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში „იაფი სახლის“ პროექტიც მოხვდა: „ბათუმის მერიამ დაგეგმა და დაიწყო პროექტის განხორციელება იმ პირობებში, როდესაც არ ჰქონდა განსაზღვრული კონკრეტული სამიზნე ჯგუფები და პროგრამაზე მოთხოვნის დონე. არ ჰქონდა განსაზღვრული სამშენებლო პროექტის შესაბამისობა პროგრამის მოთხოვნებთან, საერთო ჯამში პროექტი ვერ განხორციელდა“.

მერიამ ბათუმში, ჯავახიშვილის #78ა-ში, ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის იანვარში ხელახლა გამოაცხადა, თუმცა კრიტერიუმები ამჯერადაც გაასაიდუმლოვა. ეს ტენდერი არ შედგა.

სახელმწიფო აუდიტი თავის ანგარიშში ეკომიგრანტების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის პროგრამასაც შეეხო.

ანგარიშის მიხედვით, ეკომიგრანტების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესში არ ხორციელდება მათი მსყიდველუნარიანობისა და საცხოვრებელი ფართობის სულადობასთან შესაბამისობის შეფასება, ამასთან, არათანასწორი პრინციპებით მიმდინარეობს ბინების განაწილება. მაგალითად:

[crosslist]

  • 2016-2017 წლებში, მოქალაქეთა მიერ 64 შემთხვევაში შეირჩა ისეთი საცხოვრისები, რომელთა ღირებულება მნიშვნელოვნად [რიგ შემთხვევაში 2-ჯერ და მეტად] აჭარბებდა დახმარების სახით მიღებულ საბიუჯეტო დაფინანსებას. ისეთი ბინების შეძენა, რომლებიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მოითხოვს პროგრამის ბენეფიციარების მხრიდან მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციას, რისი საშუალებაც მათ არ გააჩნიათ;
  • 2016 წელს დაფინანსებული 96 ბენეფიციარიდან, 18%-მა შეისყიდა საცხოვრისი, რომელთა ფართობი არ არის თანაფარდობითი ოჯახის სულადობასთან მიმართებით;
  • 2016 წელს შესყიდული ალტერნატიული ფართობების მიუხედავად, ბენეფიციართა 47%-მა ვერ დატოვა სტიქიის ზონა და კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში;
  • ბინების განაწილების პროცესი ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციართა მიმართ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას.

[/crosslist]

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია ასევე:

ბენეფიციართა გარკვეულმა ჯგუფებმა 18 შემთხვევაში გამყიდველს ქონება უკან დაუბრუნეს და სხვა ალტერნატიული ფართობის შესყიდვა არ განუხორციელებიათ.

„2016-2017 წლებში შესყიდული ქონებების დეტალური შესწავლით ფიქსირდება 18 შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარის მიერ ქონების შესყიდვის შემდეგ, ერთი წლის შუალედში, ხდება ქონების უკან მიყიდვა/ჩუქება იმავე გამყიდველზე, რომლისგანაც იქნა შესყიდული ან ამავე გამყიდველის დაზე, ძმაზე და ა.შ. დაკავშირებულ მხარეზე. თუ განვიხილავთ ოპერაციის შინაარსს, 25 000 ლარი ჩარიცხა სამინისტრომ, დარჩენილი თანხა გადაიხადა ბენეფიციარმა. თუ ბენეფიციარმა უკან დააბრუნა (მიყიდვა/ჩუქება) ქონება, სავარაუდოდ, გადახდილი თანხა სრულად ან ნაკლულად დაუბრუნდება ბენეფიციარს. აღნიშნული 18 შემთხვევიდან, ქონების უფლებამონაცვლეობის შემდეგ, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მათ მიერ სხვა ალტერნატიული ფართობის შესყიდვა არ ფიქსირდება. აღნიშნული ბენეფიციარების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად სულ გაიხარჯა 440 017 ლარი“.

15 შემთხვევაში შესყიდვა განახორციელეს ახლო ნათესაური კავშირის მქონე პირებიდან, მათ შორის, 2016 წლის ბენეფიციარებიდან 9 ოჯახი კვლავ განაგრძობს ცხოვრებას ძველ საცხოვრებელ სახლში.

„აუდიტის ჯგუფის მიერ შეფასდა რისკჯგუფები, მოკვლევისათვის შეირჩა 712 ბენეფიციარი და, სავარაუდოდ, მათთან დაკავშირებული 164 მხარე. შედეგად დადგინდა, რომ 15 შემთხვევაში ბენეფიციარებმა ახლო ნათესაური კავშირის მქონე პირებისაგან შეისყიდეს საკუთრება. აღნიშნული ბენეფიცირებიდან 2016 წლის პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 11-მა ოჯახმა, რომელთაგან 9 ისევ ძველ საცხოვრისში ცხოვრობს და არ დაუტოვებიათ სტიქიური განვითარების ზონა. აღნიშნული ბენეფიციარების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად სულ გაიხარჯა 300 000 ლარი“.

„აღნიშნული ოპერაციებით შესაძლოა, ბენეფიციარებმა მიიღეს სამინისტროს მიერ გადარიცხული არა უმეტეს 25 000 ლარი და მისი თავისუფალი გამოყენების უფლება. საბიუჯეტო ასიგნება კი ითვალისწინებდა მათთვის უსაფრთხო საცხოვრებელი ობიექტის შესყიდვას, რათა ისინი გაეყვანათ სტიქიის განვითარების ზონიდან. აღნიშნულ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნები ვერ იქნა მიღწეული.

წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მაღალია რისკი იმისა, რომ ბენეფიციარებმა ვერ შეძლონ სრულად ქონების შეძენა და სტიქიური განვითარების ზონიდან ადგილმონაცვლეობა, ვინაიდან შერჩეული ქონებების ღირებულებები ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაცილებით მეტია საბიუჯეტო ასიგნებით გამოყოფილი თანხის ოდენობაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საშუალოდ 4-სულიანი ოჯახი სარგებლობს არანაკლებ 48 კვ.მ ფართობის საცხოვრისით. აჭარის შემთხვევაში კი 5, 6, 8, 9 და 16-სულიანი ოჯახების მიერ შესყიდული საშუალოდ 50 კვ.მ ფართობის საცხოვრისი არასაკმარისია ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, რაც აბრკოლებს ბენეფიციარ ოჯახს, დატოვოს სტიქიის ზონა.

აჭარაში საცხოვრებელი ობიექტების მართვა-განკარგვის ეფექტიანობის აუდიტი, მოიცავს 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2017 წლის 1-ელ დეკემბრამდე პერიოდს.

აჭარაში სოციალურ პროექტებში მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტრო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ხოლო არსებული საბინაო ფონდებს მართავს ფინანსთა სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია. ოთხივე უწყებას აუდიტის სამსახური თავის ანგარიშში აძლევს რეკომენდაციას სახელმწიფო პროგრამებისა თუ საბინაო ფონდის ეფექტურად განკარგვის მიზნით.

ამავე თემაზე

მთავრობის დაკეტილი ბინები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: