მთავარი,სიახლეები

აშშ-ის რამდენიმე შტატმა Google-ს სასამართლოში უჩივლა

25.01.2022 • 1035
აშშ-ის რამდენიმე შტატმა Google-ს სასამართლოში უჩივლა

ორშაბათს, 24 იანვარს, აშშ-ის რამდენიმე შტატმა შეიტანა სარჩელი გუგლის წინააღმდეგ, ისინი კომპანიას ადანაშაულებენ ინტერნეტმომხმარებელთა გეოლოკაციის შესახებ ინფორმაციის უკანონო შეგროვებაში, მაშინაც კი, როცა მომხმარებლები გარკვევით მიუთითებდნენ, რომ მათ არ სურდათ ამ ინფორმაციის გახმაურება.

როგორც წესი, Android-ის ოპერაციული სისტემისა და iPhone-ის მომხმარებლებს გუგლი სთავაზობს გაააქტიურონ საკუთარი მდებარეობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის ოფცია, რასაც ან თანხმდება მომხმარებელი, ან არა.

თუმცა ქალაქ ვაშინგტონის პროკურატურაში ინდიანას, ტეხასის და ვაშინგტონის შტატების მიერ შეტანილი საჩივრის მიხედვით, გუგლი მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აგროვებს ინტერნეტაქტივობების მიხედვით და მაშინაც, როცა ჩართულია Bluetooth-ი.

სხვადასხვა საშუალებით გუგლის მიერ მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების ფაქტი 2018 წელს საინფორმაციო სააგენტო Associated Press-მა გამოავლინა.

სააგენტოს ამ ინფორმაციამ მაშინ აშშ-ის რამდენიმე შტატის ყურადღება მიიპყრო და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მათ საკუთარი კვლევა.

ზემოთჩამოთვლილი შტატები სასამართლოში ითხოვენ გუგლმა შეწყვიტოს მომხმარებელთა ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ზემოხსენებული წესებით; ითხოვენ ასევე კომპანიის დაჯარიმებას და ზარალის ანაზღაურებას, რაც მათ მიადგათ გუგლის მიერ გეოლოკაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვების გამო.

გუგლი ამტკიცებს, რომ სარჩელი „არაზუსტ და მოძველებულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული“.

გუგლის პრესმდივნის განცხადებით, კომპანიის პროდუქტებში ჩაშენებულია მონაცემთა დაცვის, ასევე მდებარეობის კონფიდენციალურობის დაცვის ეფექტური საშუალებები, რასაც გუგლი კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ბოლო წლების განმავლობაში გუგლის წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელი შევიდა სასამართლოში.

გასული წლის ივლისში 36-მა შტატმა და ვაშინგტონის პროკურორმა სარჩელი შეიტანა გუგლის შვილობილი კომპანია Alphabet-ის წინააღმდეგ, რომელიც სარჩელის მიხედვით Google Play-ის აპლიკაციის საშუალებით არღვევდა კონკურენციის შეთანხმებულ წესებს.

გუგლის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე განხილვის ეტაპზეა აშშ-ში და ამ შემთხვევაში მას, როგორც საძიებო სისტემების დომინანტს ედავებიან. კიდევ ერთი სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ ეხება მის მიერ გამოყენებულ სარეკლამო ტექნოლოგიებს.


წყარო: Le Monde

გადაბეჭდვის წესი


ასევე: