აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩა N37-ში მდებარე კორპუსის მე-2 სართულზე ბინას არემონტებს. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 41 540 ლარია გამოყოფილი.
სამინისტრომ ამ თანხით ტენდერიც გამოაცხადა. პირობაში აღნიშნულია, რომ ბინაში ოფისი მოეწყობა – ცენტრალური გათბობით, ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემებით, კომპიუტერული ქსელით.
ბინის გასარემონტებლად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 4 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება. ბინას სამინისტროს მიერ შესყიდული პროექტის მიხედვით გაარემონტებენ. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.
კორპუსი, რომელშიც ბინა მდებარეობს „დს გრუპმა“ ააშენა [ჭავჭავაძის, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებს შორის, „თი ბი სი“ ბანკის შენობის გვერდით].
აღნიშნული ბინის ფართობი 78.5 კვ.მ-ია და ის 2020 წლის ნოემბრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. მანამდე ეს ბინა, რეესტრის 2019 წლის ამონაწერით – გიორგი ბოლქვაძის, 2020 წლის ოქტომბრის ამონაწერით კი – შპს „დს გრუპის“ საკუთრებაში იყო.
„აღნიშნული ფართობი ავტონომიურ რესპუბლიკაზე საინვესტიციო ხელშეკრულებების ფარგლებში გადმოცემული ქონებების ნაწილია და რემონტდება იმისთვის, რომ იქ „აჭარის აქტივების მართვის კომპანიის“ ოფისი განთავსდეს“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
„აჭარის აქტივების მართვის კომპანია“ არის სახელმწიფო შპს, რომლის წილის 100 პროცენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. „აქტივების მართვის კომპანიასთან“ შერწყმულია არაერთი ორგანიზაცია/საწარმო, რომლებშიც წილებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს.
წესდების მიხედვით, აჭარის აქტივების მართვის კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება შერწყმული ორგანიზაციების ქონების, დებიტორულ-კრედიტორული მოთხოვნების მოძიება, ინვენტარიზაცია და განკარგვაა.
—აჭარაში სახელმწიფო ორგანიზაციების ერთ სივრცეში განთავსების მიზნით, 2018 წელს შეიქმნა პროექტი, რომლის მიხედვითაც ბათუმში აჭარის მთავრობის ახალი შენობა 28 მილიონ ლარად უნდა აშენებულიყო. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ამ პროექტში 542 800 ლარია გადახდილი, თუმცა ის არ განხორციელებულა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი, „ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება შესაძლოა არარელევანტური გახდეს. შედეგად, ბიუჯეტიდან განხორციელებულია დანახარჯები, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან შესაძლოა არსებითად შეუსაბამო იყოს“.
რაც შეეხება ბინებს, აჭარის მთავრობამ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი საბინაო ფონდიც აქვს, ბათუმის მერიისგან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ბინები მოითხოვა, 26 მაისის ქუჩაზე დაზარალებულებისთვის გადასაცემად.
ბათუმში ავარიული სახლებიდან კი, 2022 წლის 10 იანვრის მონაცემებით, 201 ოჯახი იყო გაყვანილი, რომლებსაც ბინის ქირას მერია ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის. 2021 წლის დეკემბრის თვეში, ამ თანხამ დაახლოებით 103 ათასი ლარი შეადგინა.
ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:
ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი