Batumelebi | ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტს მოქმედი საკრებულო განიხილავს – რატომ? ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტს მოქმედი საკრებულო განიხილავს – რატომ? – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტს მოქმედი საკრებულო განიხილავს – რატომ?

საქმე ისე მიდის, 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტს მოქმედი საკრებულო დაამტკიცებს, ანუ ის საკრებულო, რომელიც ძირითადად ყველაფერს ამტკიცებდა, რასაც მერია ითხოვდა. უარი თითქმის არ გვახსენდება, თუმცა იყო ასეთი შემთხვევებიც – თითებზე ჩამოსათვლელი. მათ შორის, ერთ-ერთია ავარიული სახლებიდან მოქალაქეების გამოსახლების პროგრამა, რომელიც საკრებულომ 2018 წელს უარგუმენტოდ ჩააგდო, შემდეგ კი არ მოუკითხია, რა ბედი ეწია ამ პროგრამას და პრობლემას, ან მოიკითხა ისე, რომ ვერც ჩვენ გავიგეთ და ვერც ავარიულ სახელებში მცხოვრებებმა.

ავარიული სახლებიდან მოქალაქეების გამოსახლების საკითხი საკრებულომ არ განიხილა

გუშინ, 17 ნოემბერს, ბათუმის მერიისგან შეტყობინება მივიღეთ, რომ „ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება“. როდის დაიწყო და ვინ დაიწყო არც ეს ვიცით. რადგან ბიუჯეტის პროექტის თუნდაც პირველად ვერსიას, გასული კვირის ბოლოს, მერიიდან ვითხოვდით და გვითხრეს, რომ ჯერ ვერ მოგვცემენ, რადგან „დეტალებია დასაზუსტებელი“.

17 ნოემბერს გავიგეთ ისიც, რომ ბათუმის საკრებულოს კომისიებს ბიუჯეტის პროექტის განხილვა უკვე დაწყებული აქვთ. ამის თაობაზე საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა ამხანაგობის თავმჯდომარეებთან

ბათუმის საკრებულო მომავალი წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად ისეთი ტემპით ამუშავდა, რომ ოთხი წლის უფლებამოსილების ვადაში პირველად, შესაძლოა, ბიუჯეტი არა დეკემბრის ბოლოს, არამედ, დასაწყისში დაამტკიცონ. ეს აორმაგებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ „ოცნება“ საკრებულოს მომავალ შემადგენლობას ვერ ენდობა, სადაც მისთვის უჩვეულოდ უმცირესობაში აღმოჩნდა. ამიტომაც ურჩევნია მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცებინოს იმას, ვინც ზედმეტ პრობლემებს არც ადრე უქმნიდა და არც ახლა შეუქმნის.

ბიუჯეტი დაჩქარებულად რომ უნდა განეხილათ, ამაზე ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო საუბარი, როცა საკრებულომ რეგლამენტის იმ თავში [64] შეიტანა ცვლილება, რომელიც ბიუჯეტის კომისიებში განხილვისა და დასკვნების მომზადების ვადებს შეეხებოდა.

კანონმდებლობის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოში ორჯერ შედის, ჯერ პირველი ვარიანტი, რომელიც მერიას შენიშვნებით უკან უბრუნდება. შემდეგ მერია ამზადებს ქალაქის მთავარი ფინანსურ დოკუმენტის მეორე და საბოლოო – კორექტირებულ ვარიანტს, შენიშვნების გათვალისწინებით.

საკრებულო ბიუჯეტზე მსჯელობს და ამტკიცებს მას, ან არ ამტკიცებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება შესაძლებელია 31 დეკემბრის ჩათვლით.

  • როდის ამტკიცებდა საკრებულო ბიუჯეტის პროექტებს გასულ წლებში?

მოქმედ საკრებულოს, რომელიც 2017 წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს, მომდევნო წლის დამტკიცებული ბიუჯეტი არ დახვედრია. პირველი სხდომა 20  ნოემბერს ჩაინიშნა, ბიუჯეტი კი 26 დეკემბერს დაამტკიცეს. გამოდის, რომ მოქმედმა საკრებულომ მაშინ ბიუჯეტი უკან დააბრუნება, ისევ განხილვა და დამტკიცება მოასწრო 20 ნოემბრიდან 26 დეკემბრამდე. ახლა კი ჩქარობენ.

საკრებულო, რომელიც 2017 წელს შეუდგა თავის საქმიანობას და წელს ასრულებს, ბიუჯეტს ყოველწლიურად დეკემბრის ბოლოს ამტკიცებდა.

წლების მიხედვით ბიუჯეტის დამტკიცების თარიღები ასე გამოიყურება:

2020 წლის 21 დეკემბერს დაამტკიცეს მომდევნო წლის ანუ წლევანდელი ბიუჯეტი:
კეთილი ინებონ და იფიქრონ ჩვენთან ერთად – 2021 წლის ბათუმის ბიუჯეტი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცეს

2019 წლის 25 დეკემბერს დაამტკიცეს მომდევნო წლის ბიუჯეტი:
ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტი, ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა

2018 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცეს მომდევნო წლის ბიუჯეტი:  საკრებულომ ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

2017 წლის 26 დეკემბერს დაამტკიცეს მომდევნო წლის ბიუჯეტი:

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულო მომავალ კვირაში ჩანიშნავს სხდომას, სადაც ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ და შესაძლოა ბიუჯეტი შენიშვნების გარეშეც დაამტკიცონ, თუ სხდომას ოპოზიცია არ დაესწრება თავისი შენიშვნებით. ასეთ შემთხვევაში, ისევ პრაქტიკის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ოცნების“ ფრაქცია გვეტყვის: შენიშვნები, რაც გვქონდა, კომისიების სხდომებზე განვიხილეთ და გაითვალისწინესო, თქვენ ხომ კომისიების სხდომებს არ ესწრებოდით და ამის შესახებ ამიტომ არ იცითო – ასე ხდება.

ამჯერად რატომ ჩქარობენ?

ამჯერად იმიტომ ჩქარობენ, რომ მომავალ საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცება შეიძლება გაჭირდეს, რაც პროცესს ჩიხში შეიყვანს. მიზეზი კი ისაა, რომ საკრებულო ოპოზიციურია – გვეუბნება მოხელე მერიაში და გვაფრთხილებს, რომ დიქტოფონთან იმავეს არ გაიმეორებს.

მომავალ საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 16 წევრი ეყოლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ლელოსთან“ ერთად, უკვე 15. გარდა ამისა, საკრებულოში გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ სამი წევრის შეყვანა შეძლო, მათგან ერთმა პარტია დატოვა. თუმცა ჯერ ბოლომდე არ უთქვამს, რას გეგმავს.

ამ ვითარებაში „ოცნება“ ბათუმის საკრებულოში ვერც ბიუჯეტს დაამტკიცებს და ვერც სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებს – ამიტომაც ჩქარობენ.

რა მოხდება, თუ ბიუჯეტს ახალი საკრებულო განიხილავს და მას არ დაამტკიცებს?

კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ აქ მთავარი ამბავი, რაც „ოცნებას“ აშინებს, ისაა, რომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას – ამას ამბობს თვითმმართველობის კოდექსი.

მანამდე კი, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მერი საკრებულოს წარუდგენს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში საკრებულო ბიუჯეტის პროექტს აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის.  საჯაროდ განხილვის შემდეგ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე,  საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.

შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს მერი საკრებულოს წარუდგენს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.

თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − საკრებულო უფლებამოსილია, სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით დაამტკიცოს საკრებულოს ფრაქციის ან  საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი.

ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერი უფლებამოსილია, თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. განმეორებითი ტური კი 30 ოქტომბერს. არჩევნების შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 7 საკრებულოში – ბათუმი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მარტვილი, რუსთავი, სენაკი, “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა. 

ამ ვითარებაში “ოცნებაში” ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

ცესკოს ჯერ არ გამოუქვეყნებია ახალი საკრებულოების შეკრების თარიღი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი