დღეს, 5 მაისს, ხულოში მოთოვა. სოფელ თხილვანაში, როგორც ამ სოფლის მცხოვრები თეიმურაზ ქამადაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს.
თხილვანაში 5 მაისს თოვლი მოვიდა/ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე.
სოფელში ხეხილი აყვავებულია. როგორც თეიმურაზ ქამადაძე გვეუბნება, შესაძლოა თოვლმა ყვავილი დააზიანოს, რაც მოსავალზე აისახება. „შეიძლება მოყინოს“- გვითხრა ქამადაძემ.
ხულო, სოფელი თხილვანა, 2022 წლის 5 მაისი. ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 5 მაისის განახლებაში წერს, რომ შეინიშნება ბელარუსის სახმელეთო ძალების გადაადგილება გარნიზონიდან საწვრთნელ ველზე. თუმცა ეს სეზონური ნორმების ფარგლებში ჯდება, რადგანაც ზამთრის წვრთნები ბელარუსში მაისში სრულდება.
„რუსეთი, დიდი ალბათობით, ეცდება, უფრო სერიოზულად წარმოაჩინოს საფრთხე, რომელსაც ეს წვრთნები უკრაინისთვის წარმოადგენს და ამით უკრაინის ძალები ჩრდილოეთში შეაჩეროს, არ მისცეს მათ დონბასში მიმდინარე ბრძოლებში ჩართვის საშუალება“, – აღნიშნავს უწყება.
ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ დღეისთვის არაა მოსალოდნელი სტანდარტული წვრთნებიდან გადახვევა, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მოკავშირეებსა და პარტნიორებს.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ფართომასშტაბიანი წვრთნების მიზანი, ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემოწმებაა.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საველე წვრთნები „არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის არც კონკრეტულად მეზობელ სახელმწიფოებს და არც მთლიანად ევროპას“.
ბელარუსს სამხრეთით ესაზღვრება უკრაინა, დასავლეთით – პოლონეთი, ჩრდილოდასავლეთით – ლიეტუვა და ლატვია, ხოლო აღმოსავლეთით – რუსეთი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ, 4 მაისის შეფასებაში უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აპირებს, გასცდეს იზიუმს და დაიპყროს ქალაქები – კრამატორსკი და სევეროდონეცკი. ამ ქალაქების დაკავება კი რუსეთს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს თავისი სამხედრო კონტროლი ჩრდილო-აღმოსავლეთ დონბასში, ხოლო ეს ტერიტორიები გამოიყენოს პლაცდარმად იმისთვის, რომ რეგიონიდან მთლიანად განდევნოს უკრაინის სამხედრო ძალები.
მთავარი ფოტო: ალექსანდრ ლუკაშენკო სამხედრო წვრთნებზე, 2020/Atlantic Council
„გაგვაფრთხილეს, რომ 6 მაისს, დილის 12 საათამდე უნდა დავტოვოთ სასტუმრო. სად წავიდეთ? – ვიკითხეთ ჩვენ. გვიპასუხეს, არ ვიცითო,“ – ამბობს დევნილი მარიუპოლიდან, სადაც დღეს, 4 მაისს მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, დაკარგეს კონტაქტი აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში გამაგრებულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებთან.
კიევიდან დევნილი ადამიანების ნაწილი ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ ცხოვრობს. კაცი, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა, გვაჩვენა ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში გამოკრული განცხადებაც: „უკრაინელმა სტუმრებმა სასტუმრო უნდა დატოვოთ 6 მაისამდე“
ფოტო მოგვაწოდა უკრაინიდან დევნილმა
ის, რასაც უკრაინელი დევნილი ამბობს, დაგვიდასტურეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. აქ განმარტეს, რომ უკრაინიდან შემოსულ ადამიანებს მხოლოდ ორი კვირა შეუძლიათ უფასოდ სასტუმროში გაჩერება, რადგან „იმატა ნაკადების შემოსვლამ უკრაინიდან“ . დეპარტამენტში განმარტეს, რომ სასტუმრო „თანამგზავრი“ გამონაკლისი არ არის და ეს ერთიანი მიდგომაა.
„თავდაპირველად მარტო ჩამოვედი ბათუმში 15 მარტს და „ორბიში“ ჩვეულებრივად ფულს ვიხდიდი,“ – გვიყვება დევნილი უკრაინიდან, – „შემდეგ შევხვდი უკრაინელებს აქ და მითხრეს, რომ შემეძლო სხვა სასტუმროში მეცხოვრა უფასოდ. მაშინვე გადავედი სასტუმრო „ინტურისტში“, სადაც რამდენიმე ღამე გავჩერდი და 24 აპრილიდან უკვე „თანამგზავრში“ ვარ. ჩემი მეგობარი ქალი და მისი ორი შვილი შემდეგ ჩამოვიდნენ ჩემთან. ისინი მიწისქვეშა სამალავში იყვნენ რამდენიმე დღე მარიუპოლში და შემდეგ მანქანით მოახერხეს გამოღწევა…
სამსახურს ვეძებთ, არ ვიცი, სად წავიდეთ. ჩემ მეგობარ ქალს დაპირდნენ სამსახურს და ველოდებით. მას შეუძლია სილამაზის სალონში იმუშაოს, სტილისტია. თუ ის იმუშავებს, მირჩევნია ბავშვებს მივხედო, ისინი პატარები არიან და მარტო ვერ დავტოვებთ.
ამ სასტუმროში ბევრი უკრაინელია, სულ ცოტა 24 მანქანაა სასტუმროს ეზოში უკრაინელების. არ ვიცი, სად უნდა წავიდეთ… ჩვენც მანქანით ვართ, მაგრამ ის შესაკეთებელია, თანაც, მანქანაში არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებთ,“ – გვითხრა უკრაინიდან დევნილმა.
„ჩვენი ქვეყნის ფინანსური რესურსი არის შეზღუდული, უკვე 20 დღეა ისინი ამის შესახებ გაფრთხილებული არიან,“ – ამბობს თინა ზოიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღანელი. ის განმარტავს, რომ დეპარტამენტი უკრაინიდან დევნილებს იაფად ბინის პოვნაში დაეხმარება და ამისთვის მოხალისეთა ჯგუფი შექმნეს.
რას სთავაზობს საქართველო იმ დევნილს, რომელსაც არსად წასასვლელი არ აქვს და ვერც სამსახური იპოვა?
„ეს ძალიან სიღრმისეული საკითხია, ამ ეტაპზე თანამონაწილეობა არ არის თანხობრივი… ეს გამოწვეა არის დღის წერსიგში, მაგრამ მხოლოდ ტურიზის დეპარტამენტი არ არის კომპეტენტური ყველა კითხვას გავცეთ პასუხი,“ – აღნიშნა თინა ზოიძემ „ბათუმელებთან“.
დეპარტამენტში ვერ გვითხრეს ზუსტი ციფრი, რამდენით გაიზარდა ნაკადი უკრაინიდან საქართველოში. თინა ზოიძის თქმით, 4 მაისის მდგომარეობით, 400-მდე ადამიანი უკრაინიდან უფასოდ არის განთავსებული სხვადასხვა სასტუმროში.
„ახალ ნაკადსაც ვთავაზობთ 2 კვირით უფასოდ გაჩერებას, რომ იპოვონ სამსახური და საცხოვრებელი ადგილი. 150-მდე ადამიანი უკვე გადავიდა კიდეც ცალკე საცხოვრებლად… ზაფხული მოდის, ჩამოდიან ვიზიტორები და ეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კერძო სექტორის ინტერესებიც, რაღაც ბალანსი უნდა ვიპოვოთ,“ – გვითხრა თინა ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, N10-ში მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 189 320 ლარია გამოყოფილი.
შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ გამოაცხადა.
ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 15 მაისს დაიწყება და 20 მაისს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები უნდა დაიწყოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მშენებლობის ნებართვის მიღების დღიდან და დასრულდეს 18 თვის ვადაში.
პირობის მიხედვით, „სახელშეკრულებო ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე, ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები.“
საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც იგეგმება შენობის რეაბილიტაცია, „აჭარის მუზეუმმა“ შპს „არქიტექტურის სახელოსნოდან“ 39 999 ლარად შეისყიდა.
ბათუმის კინოს მუზეუმი / რენდერი პროექტიდან
რეაბილიტაციის „შედეგად ვიღებთ ოთხი ფენის მქონე ისტორიულ ნაგებობას:
1. ოსმალური აბანო გუმბათებიანი ნაწილით
2. XIX საუკუნის გაფართოება და ფასადი
3. 2015 წელს განხორციელებული ჩარევა
4. აქ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ჩარევა.“ – აღნიშნულია პროექტში.
„… შენობას 2015 წელს ჩაუტარდა კაპიტალური რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით მასშტაბური ჩარევა განხორციელდა: დარბაზში მოეწყო რკინაბეტონის კოლონები და გადახურვის ახალი ფილა. შენობის ორსართულიანი ნაწილი, რკინაბეტონის კარკასული ნაგებობის სახით, ფაქტობრივად, ახლიდან აშენდა.
ამ ჩარევას განვიხილავთ, როგორც ისტორიული ნაგებობის ერთ-ერთ ისტორიულ ფენას, რომელსაც ჩვენი ჩარევა ახალ ფენად უნდა დაედოს. ამ კონტრასტის წარმოსაჩენად, ჩვენი ჩარევის ძირითად მასალად ლითონის კონსტრუქციები გამოიყენება.
ლითონის კონსტრუქციაა გამოყენებული შიდა ეზოს მხარეს, ორსართულიანი შუშაბანდის, კინოდარბაზის და მისი ვესტიბიულის გადახურვის, რეცეფციის, ღია ტერასის საჩრდილობელსა და ფასადზე, ორ დონეზე განლაგებული წინფრების მოსაწყობად.
შედეგად ვიღებთ ოთხი ფენის მქონე ისტორიულ ნაგებობას 1. ოსმალური აბანო გუმბათებიანი ნაწილით, 2. XIX საუკუნის გაფართოება და ფასადი, 3. 2015 წელს განხორციელებული ჩარევა და 4. აქ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ჩარევა.
მთლიანობაში, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ჩარევის მიზანია შექმნას მაღალტექნოლოგიური, ინდუსტრიული განწყობა, რაც დაკავშირებულია კინოწარმოებასთან, კინოს ინდუსტრიულ ხასიათთან, კინოსტუდიის ტექნიკურ ესთეტიკასთან.
ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება ზემოთ ხსენებული ლითონის კონსტრუქციები და შეუფუთავი სავენტილაციო სისტემები, პირველი სართულის და მეორე სართულზე ადმინისტრაციული ნაწილის ინდუსტრიული იატაკები, ახალი შუშაბანდის და კაფეტერიის ინტერიერში გათვალისწინებული მინაბლოკის კედლები, დაუმუშავებელი ბეტონის ჭერი.
თუმცა, ინდუსტრიული განწყობის პარალელურად, მაგალითად, კინოდარბაზი და მისი ვესტიბიული მოპირკეთებულია უფრო თბილი მასალაბით – ხის შეკიდული ჭერით, ხის აკუსტიკური პანელებით, ამ ორივე სივრცეში გათვალისწინებულია რბილი იატაკი.
შენობის ექსტერიერი გადაწყვეტილია ბათუმისთვის დამახასიათებელ თეთრ ფერში.
ტერასის და შიდა ეზოს იატაკზე დაგებულია ე.წ. გემბანის იატაკი, რაც ასევე დამახასიათებელია საპორტო ქალაქის ესთეტიკისთვის. ფასადზე შენობის გუმბათებს
თეთრი, გლუვი ზედაპირები აქვს (დეტალები იხ. ქვემოთ).
არსებულ ნაგებობაზე ძირითადი ჩარევები მოიცავს:
პირველ და მეორე სართულზე არამზიდი კედლების გადაგეგმარებას; რამდენიმე ადგილას მზიდი კონსტრუქციების დაშლას და ახალი კონსტრუქციების მოწყობას; არსებული კიბის გაუქმებას და ახალი კიბისა და ბაქან-ლიფტის მოწყობას;
შიდა ეზოს მხრიდან, N7ღერძზე, მსუბუქი შუშაბანდის მიშენებას, რომელიც საჭიროა კაფისა და ადმინისტრაციული ნაწილის ფართობების გასაზრდელად; შიდა ეზოს მთლიან ფართობზე წყალშემკრები სისტემის მონტაჟს და ზემოდან „დეკის“ ტიპის იატაკის მოწყობას;
შეუსაბამოდ დაბალი ჭერის გამო, კინოდარბაზისა და მეორე სართულის ვესტიბიულის სახურავის აწევას – თუნუქით დახურული რკინისა და ხის კონსტრუქციის ახალი სახურავის მოწყობას და ვესტიბიულის სახურავის ნაწილში დღის განათების ღიობების ჩასმას; ადმინისტრაციულ ნაწილში, არსებული რიგელების გამოყენებით, ახალი რკინა-ბეტონის სახურავის მოწყობას;
პირველ და მეორე სართულებზე ახალი იატაკების მოწყობას; დარბაზის იატაკზე არსებული ძველი კერამიკული ფილების მოხსნას და კაფეტერიის იატაკზე დაგებას…
ისტორიულ ფასადზე ჩასატარებელი სამუშაობი:
კინოს მუზეუმში ვიზიტორების გამართული ცირკულაციის უზრუნველსაყოფად, არსებული მთავარი შესასვლელი უქმდება და გადადის ფასადის მარჯვენა მხარეს, დამხმარე შესასვლელის ადგილას. გაუქმებული, არააუთენტური მთავარი ხის კარის ადგილას ამოშენდება კედელი, გაილესება და თეთრად შეიღებება. დღევანდელი მთავარი შესასვლელის ქვის თაღში ჩასმული, ფასადის თანადროული, ნაჭედი რკინის ცხაური ადგილზე რჩება, ხოლო იმავე ადგილას მიმაგრებული, არააუთენტური რკინის წინფრა ჩამოიხსნება და გადავა შიდა ეზოს დეკორატიულ ელემენტად.
ეს ზომები საჭიროა, რათა გაუქმდეს ფასადზე არსებული მთავარი შესასვლელის ვიზუალური აქცენტი და ამავე დროს ხელუხლებლად დარჩეს მისი აუთენტური ელემენტები (დეტალურად იხ. პროექტში). ასევე კაფეტერიის დეკორატიულ ელემენტად გადაინაცვლებს მეორე სართულის პარაპეტზე დამაგრებული წრიული მეტალის ცხაური, რომელიც არ წარმოადგენს შენობის აუთენტურ ელემენტს.
საგამოფენო სივრცეში და კინოდარბაზში დღის შუქის არასაჭიროობის გამო უქმდება ფასადზე გამომავალი ფანჯრებიც, (გარდა ვესტიბიულის ორი ფანჯრისა, რომლებიც ვიტრაჟებად ტრანსფორმირდება). დღეს ფანჯრის ღიობებში მეტალო-პლასტმასის პროფილებია ჩასმული. შესაბამისად, აუთენტურობის დაცვის თვალსაზრისით მათი მოშორება პრობლემას არ წარმოადგენს.
რაც შეეხება თავად ღიობებს, მათი შევსება მოხდება მსუბუქი ბლოკით, გარშემო არსებული კარნიზების დაუზიანებლად, მომავალში, საჭიროებისამებრ გახსნის პერსპექტივით. ვესტიბიულის მხარეს კი პირიქით, არსებული ორი ღიობი იატაკამდე გაფართოვდება და მათში ხის პროფილიანი ვიტრაჟები ჩაისმება.
ეს გამოიწვევს არსებული კარნიზების ორ ადგილას მოშლას, თუმცა, რაკი ფასადზე აღნიშნული კარნიზები მრავლადაა წარმოდგენილი, არ გამოიწვევს ფასადის
კომპოზიციური სტრუქტურის რღვევას. ფასადზე არსებული ოთხ ფრთიანი ხის კარიც (სადაც მთავარი შესასვლელი ეწყობა) არააუთენტურია და ამასთან უკიდურესად
დაზიანებულია. ამიტომ მოხდება მისი ჩანაცვლება ახალი ხის კარით.
ფასადზე არსებულ პროფილირებული კარნიზების, პილასტრებისა და დეკორის დაზიანება არ აღინიშნება. შესაბამისად არ არსებობს მათი რესტავრაციის ან თავიდან
დამზადების საჭიროება. ფასადი, მასზე წარმოდგენილ დეკორატიულ ელემენტებთან ერთად უნდა შეიღებოს ნესტგამძლე, თეთრი საღებავით.
სახელოვნებათმცოდნეო კვლევაში (რომელიც შეიქმნა 2015 წელს განხორციელებული რეკონსტრუქციის სახელმძღვანელოდ), გუმბათების გადახურვა რეკომენდირებულია თუნუქით. არსადაა ნახსენები გუმბათების აგურით მოპირკეთების ფუნქციური თუ ესთეტიკური საჭიროება, თუმცა, 2015 წლის რეკონსტრუქციის დროს ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს და გუმბათები მოაპირკეთეს აგურით. შედეგად შენობის მხატვრული იერსახე შეიცვალა და დასუსტდა გუმბათების ჰიდროიზოლაცია.
აქედან გამომდინარე, გუმბათების მხატვრული სახის კორექტირებისთვის და რაც მთავარია, ეფექტური ჰიდროიზოლაციის უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილ პროექტი გულისხმობს გუმბათებზე შეუსაბამო აგურის მოპირკეთების მოხსნას და გლუვი წყალგაუმტარი ზედაპირით დაფარვას. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის რეკონსტრუქციის პროექტში ჩადებულია გუმბათების კონსტრუქციული გამაგრება, აგურის მოპირკეთების მოხსნის შემდეგ, აუცილებელია კონსტრუქციული
შემოწმება სიმყარეზე…
შენობის საჯარო ნაწილი აღჭურვილია შშმ პირთა მისაწვდომობისთვის მოთხოვნილი სივრცითი მახასიათებლებითა და ტექნოლოგიებით. საჭიროებისამებრ ეწყობა პანდუსები და ბაქანლიფტები.“
წყარო: პროექტის განმარტებითი ბარათი
[/toggle]
ბათუმის კინოს მუზეუმი / რენდერი პროექტიდან
განახლება:აღნიშნული ტენდერი არ შედგა. ტენდერი ხელახლა გამოცხადდა, რომელიც 27 ივლისს დასრულდება – წინა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო თანხა უცვლელია – 1 189 320 ლარი.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ თურქეთი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. თურქეთი, ერთი მხრივ, სამხედრო მხარდაჭერას უწევს უკრაინას, მეორე მხრივ კი, ცდილობს შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
რა სურს თურქეთს და სად მიიყვანს პოლიტიკა, რომელსაც ომის დროს ატარებს, ამ საკითხზე „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა თურქეთის მკვლევართან სანდრო ბაკურაძესთან.
რა როლი აქვს თურქეთს რუსეთ-უკრაინის ომში?
თურქეთი ცდილობს სიტუაცია დააბალანსოს, რადგან ძალიან არის დამოკიდებული ორივე მხარეზე… მაგრამ თურქეთი რასაც აკეთებს საქმით, პირველ რიგში, უკრაინის მხარდაჭერა გამოდის. იგივე იარაღის მიწოდება, ბოსფორის სრუტის ჩაკეტვა რუსეთიდან შემომავალი გემებისთვის და მსგავსი დეტალები. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას თურქეთი ერიდება, რასაც თავისი მიზეზებიც აქვს – ობიექტურიც და სუბიექტურიც.
რა არის ეს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები?
სუბიექტური მიზეზები – ერდოღანი აშკარად ჯერ ისევ იმედოვნებს, რომ რუსეთის გამოყენებით მას შეუძლია თავისი ამბიციური ბალანსის პოლიტიკის გაგრძელება: ის დასავლეთის ქვეყნებთან აქტიურად ცდილობდა რუსული იარაღის შეძენით თუ სირიაში და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის გავლენის საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოყენებით, დასავლეთისთვის რაც შეიძლება მეტი დივიდენდი გამოეძალა.
ეს პოლიტიკა საკმაოდ წარუმატებელი იყო, მაგრამ ერდოღანი დღემდე არ კარგავს იმედს, რომ ეს ყველაფერი შედგება.
რაც შეეხება ობიექტურ მიზეზებს – თურქეთი არის სერიოზული სავალუტო და ეკონომიკური კრიზისის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ თურქეთის ხელისუფლების გაუფრთხილებელი და არაკომპეტენტური პოლიტიკის გამო მკვეთრად შემცირდა უცხოეთიდან ინვესტიციები. არადა, თურქეთის ეკონომიკა ძალიან დამოკიდებულია ე.წ. ცხელ ფულზე ანუ პირდაპირ მოკლევადიან ინვესტიციებზე, ტურიზმიდან შემოსავლებზე და მსგავს თანხაზე.
2016 წლის შემდეგ, ევროპის ქვეყნებთან გაფუჭებული ურთიერთობების შედეგად, ძალიან შემცირდა დასავლეთის ქვეყნებიდან [ინვესტიციები]. ფაქტობრივად, ალტერნატიული წყაროების მოძებნა მოუწია ერდოღანს. იგივე არაბული ქვეყნებიდან არ შევიდა ის ინვესტიცია, რასაც ელოდნენ. ახლა ერთგვარად იმედგაცრუებული თურქეთი ცდილობს მოიზიდოს ინვესტიციები თუნდაც იგივე რუსებისაგან. მევლუდ ჩავუშოღლუმ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიანიშნა კიდევაც, რომ თურქეთი მიიღებს ყველა რუს ბიზნესმენს და ა.შ. რომ თურქეთი რუსული ინვესტიციებისთვის ღიაა და რუსებსაც დიდი სიხარულით ელოდება. რა გამოვა ამისგან, ცოტა რთული სათქმელია.
მეორე ფაქტორს რაც შეეხება, ეს არის სირიის ფაქტორი. სირიაში რუსებს ჯერ კიდევ აქვთ იმის ძალა, რომ თურქების და სირიის პრო-თურქული ოპოზიციური ფორმირებების მიერ კონტროლირებადი იდლიბის პროვინციაზე განახორციელონ მასირებული შეტევა. ეს, მოახლოებულ არჩევნებთან ერთად, გამოიწვევს სირიელი დევნილების კიდევ ერთ მასობრივ ტალღას. ისეთ პირობებში, როდესაც თურქეთის პოლიტიკურ სპექტრზე ქსენოფობია შეიძლება ითქვას, რომ აი, პოპულიზმის მთავარ შემადგენელ ნაწილადაა ქცეული, ძალიან დიდი პოლიტიკური მარცხის მიზეზი შეიძლება გახდეს ერდოღანისთვის. თან თუ ეს მოხდება მაშინ, როდესაც არჩევნები იქნება მოახლოებული, შეიძლება ამის კონტროლი საერთოდ შეუძლებელი გახდეს.
სანდრო ბაკურაძე, თურქეთის მკვლევარი
სტამბოლში ბევრი რუსი ჩავიდა. გაიზარდა ბინების ფასიც. ვნახეთ რა შედეგით დამთავრდა რუსების მასობრივად ჩასვლა უკრაინაში, ჩამოდიან ჩვენთანაც და საზოგადოებაში შიშია, რომ შეიძლება რუს ტურისტს უკან რუსული ტანკები მოჰყვეს. რამდენად შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს თურქეთს ის რისკი, რაც გვაქვს ჩვენ და ჰქონდა უკრაინას?
სტამბოლის ოფიციალური მოსახლეობა 14 მილიონია, რეალური კი – დაახლოებით 20 მილიონი. ნაკლებად სავარაუდოა იმ რაოდენობის რუსი ჩასახლდეს, რომ სერიოზული დემოგრაფიული ცვლილება მოახდინოს. რაც სიმართლეა, არის ის, რომ არაერთმა რუსმა აირჩია საცხოვრებელ ადგილად თურქეთი. ამან ქვეყანაში ისედაც ქირის მწვავე საკითხი კიდევ უფრო გაართულა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი პრეცედენტი. უფრო ადრე, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, რუსეთის რევოლუციის შემდეგ ყირიმიდან ევაკუირებული თეთრგვარდიელები და მათთან აფილირებული პირები მასობრივად ჩავიდნენ სტამბოლში. თუმცა ამ პერიოდში სტამბოლი იმყოფებოდა მოკავშირეების ოკუპაციის ქვეშ და ძირითადად მათი იმედით იყვნენ იქ ჩასული რუსები.
მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა დატოვეს სტამბოლი და ამის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადავიდა ყველაფერი, რუსების დიდმა ნაწილმა სტამბოლი დატოვა.
თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი თურქეთის ეკონომიკურ სიტუაციას და ზოგად პოლიტიკურ რეალობას, ვფიქრობ, სტამბოლში რუსული „კოლონია“ დიდხანს ვერ იარსებებს. რაიმე სახის პოლიტიკური ცვლილების შემდეგ ისინი ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში გადაბარგდებიან.
მეეჭვება რუსების თურქეთში მასობრივად ჩასვლა რაიმე სახის რისკი იყოს, რადგან ჩვენგან განსხვავებით თურქეთში რუსებისადმი დამოკიდებულება დიდი პოლიტკორექტულობით ან სენტიმენტალურობით არ გამოირჩევა.
ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, რუსებისადმი ნდობა ან მათ მიმართ რაიმე სახის სენტიმენტალური დამოკიდებულება ძალიან მცირეა და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ რუსების მასას იმაზე მეტი წვდომა ჰქონდეს თურქეთის პოლიტიკის განმსაზღვრელ დეტალებზე, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ დასავლელ ექსპატს.
მაქსიმუმი, რაც შეიძლება რუსებმა თურქეთში გააკეთონ, რაღაც საშუალო დონის სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაა. ზოგადად, თურქულ სახელმწიფო ტრადიციაში არამუსლიმებისადმი ნდობა, მით უმეტეს, ასეთ არამუსლიმებისადმი, რომლებიც არ ფლობენ თურქულ ენას და არც აქვთ სურვილი ისწავლონ, ძალიან დაბალია. ამას თუ შევაზავებთ იმას, რომ მოსახლეობას რუსებისადმი მაინცადამაინც დიდი სენტიმენტები არ გააჩნია, რაიმე სერიოზული საფრთხე თურქეთს რუსეთიდან არ უნდა ელოდეს.
ზელენსკიმ მიმართა თურქეთს და უთხრა, რომ შეუძლებელია, ერთი მხრივ, მეგობარი იყო და მეორე მხრივ, მარშრუტებს ამზადებდე სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის. თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს ეს განცხადება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე?
მოვუსმინე ზელენსკის ამ მიმართვას. მისი განცხადება არ მომეჩვენა ასე მწვავედ. რუს ტურისტებს თურქეთის ტურისტულ ინდუსტრიაში მართლაც დიდი როლი უჭირავთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თურქეთის დაუფიქრებელი პოლიტიკით და, ზოგადად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუარესების გამო შემცირდა ევროპელი ტურისტების ნაკადი. ზოგადად, ამ მხრივ თურქეთმა დაკარგა უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია.
თურქეთის ტურიზმის ინდუსტრია ე.წ. ცხელი ფულის უმნიშვნელოვანესი წყაროა თურქეთის ეკონომიკისათვის და სწორედ რუს ტურისტებზე დგას. აქ ძალიან დიდი იყო უკრაინელი ტურისტების როლიც, მაგრამ ომის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე უკრაინელებმა ტურიზმისთვის საშუალება გამონახონ. შესაბამისად, ეს სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი თურქეთისთვის რუსი ტურისტების მნიშვნელობას ზრდის.
ეს ფაქტი არ მოახდენს გავლენას თურქეთ-უკრაინის ურთიერთობებზე, რადგან ორივე ქვეყანას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს ერთმანეთთან და ტურიზმს არ შესწირავს ამ ინტერესებს.
ფოტო: ევროპის პრეს ფოტო სააგენტო/სერგეი დოლჟენკო
რა არის თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესი, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ახლა თურქეთმა?
უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში თურქეთს ძალიან ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დავიწყოთ იქიდან, რომ ომამდე ცოტა ხნით ადრე გაფორმდა უკრაინასა და თურქეთს შორის სამხედრო ტექნოლოგიური ტრანსფერი, რის ფარგლებშიც ხარკოვის სატანკო ქარხანა და ზაპოროჟიეს ძრავთმშენებელი ქარხანა იწყებდა თავისი პროდუქციის, ამ შემთხვევაში, ვერტმფრენებისა და ალტაის ტანკებისთვის განკუთვნილი შიგა წვის ძრავების თურქული სამხედრო ინდუსტრიისათვის მორგებას. შიგა წვის ძრავები თურქული სამხედრო ინდუსტრიის უდიდესი პრობლემაა (თურქული ვერტმფრენების პრობლემა, სწორედ ძრავებთან დაკავშირებული საკითხის გამო იყო გაჭიანურებული და შეჩერებული).
ამ მხრივ ეს ორი ქარხანა და ამ ქარხნებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ტრანსფერი უმნიშვნელოვანესი იყო თურქეთისთვის. ამას დაემატა შეთანხმება ბაირაქტარების წარმოებაზე და უკრაინამაც მიიღო, ფაქტობრივად, უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი წარმოების ლიცენზია. ამავე დროს იყო შეთანხმება უკრაინის ფლოტისთვის, თურქები და უკრაინელები ერთობლივად აგებდნენ ორ ფრეგატს.
შესაბამისად, სამხედრო წარმოებისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის მხრივ, თურქეთს, რომელსაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთის ბლოკთან, ძალიან სჭირდება უკრაინისგან მოდერნიზებული საბჭოთა ტექნოლოგიის ტრანსფერი.
ამას ემატება ისიც, რომ შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის დასუსტება ავტომატურად გაზრდის თურქეთის როლს – თუკი რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მიიღებს სერიოზულ დარტყმას, მისი შავ ზღვაზე ჩანაცვლების ერთადერთი რეალური კანდიდატი თურქეთია.
ამავე დროს, თუკი რუსეთი თავისი სამხედრო ძალის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს უკრაინაში, თურქეთს ექნება საშუალება, რომ იგივე სირიაში, ირანთან რუსეთის გარეშე აწარმოოს პირდაპირი მოლაპარაკება სირიის ბედზე და ამ მხრივ სირიაში უფრო მეტი გავლენა მოიპოვოს. საბოლოოდ ომის ბედი თურქეთისთვის ბევრად უფრო სასარგებლოდ შეიძლება გადაწყდეს სირიაში.
ამას ემატება ლიბიის ფაქტორიც, სადაც რუსეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და აქტიურად ეხმარება მარშალ ხალიფა ჰაფთარის ძალებს, რომლებიც თურქეთის მიერ დასპონსორებულ ლიბიის ალტერნატიულ ხელისუფლებას ებრძვიან.
თუკი რუსეთი მიიღებს სერიოზულ ფინანსურ და სამხედრო დარტყმას, ლიბიაში დიდი ალბათობით სასწორი თურქეთის მიერ დასპონსორებული ძალების მხარეს გადაიხრება.
თუკი ლიბიაში თურქებმა მოახერხეს და ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად მათ მიერ მხარდაჭერილი ძალები გამოაცხადეს, ეს თურქეთის მხარეს მომგებიან კონტრაქტებს მოუტანს ლიბიის ნავთობის მოპოვებასთან და ომით დანგრეული ტერიტორიების აღდგენასთან დაკავშირებით. საკმაოდ დიდი იქნება შანსი, რომ იგივე საზღვაო-სახმელეთო ბაზების გახსნის საშუალებაც მიიღოს თურქეთმა აფრიკაში. ეს მისთვის ძალიან სერიოზული, პოლიტიკური და პროპაგანდისტული გამარჯვება იქნება. შესაბამისად, რუსეთის დამარცხებით თურქეთი ძალიან ბევრს მიიღებს, ამიტომ ტურიზმის საკითხების გამო უკრაინაზე უარს არ იტყვის.
ერდოღანი ისეთი ლიდერია, რომელიც ცდილობს ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს იყოს. შესაბამისად, ძალიან ფრთხილობს, რომ რუსეთსაც ბოლომდე არ აწყენინოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სიტუაციის უკრაინის სასარგებლოდ შეცვლის შემთხვევაში და უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, რომ ერდოღანი რუსეთთან „მეგობრობას“ რაიმე სახით ისევ გააგრძელებს.
თურქეთი ამბობს, რომ ეხმარება უკრაინას და კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ეს რა ტიპის პოლიტიკაა?
ეს არის ერდოღანისეული ბალანსის პოლიტიკის, პირდაპირ რომ ვთქვათ, უკვე ნარჩენები, რადგან არსებულ სიტუაციაში თავად ერდოღანი, დიდი ალბათობით, ნელ-ნელა უკვე ეგუება იმას, რომ მისი დაბალანსების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ფაქტობრივად ჩავარდა.
მაგრამ მეორე მხრივ დასავლეთთან მიმართებაში უკვე ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემა აქვთ – მას არ სურს იმ ჩარჩოებში დაბრუნდეს, როგორც თურქეთი იყო ცივი ომის პერიოდში. ამ მხრივ ერდოღანს ძალიან ბევრი აქვს დასაკარგი, თუნდაც შიდაპოლიტიკური გავლენების კუთხით.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ვფიქრობ, ერდოღანი მაქსიმალურად დიდხანს ეცდება ბალანსის პოლიტიკით გარეგნული სახის შენარჩუნებას. იმის შანსიც არის, თუნდაც რუსეთი სასტიკად რომ დამარცხდეს, ერდოღანმა სხვაგან დაიწყოს ახალი პარტნიორის ძიება, ჩინეთში ან სადმე სხვაგან.
დიპლომატიის გარდა რუსეთს თურქეთზე ზემოქმედების რეალური ფაქტორი აღარ გააჩნია. დღეს თუკი რუსეთი იგივე თურქეთის მიმართ სირიაში კვლავ შეეცდება სამხედრო შანტაჟს, როგორც იყო თურქული პოზიციების დაბომბვა და ა.შ. ვფიქრობ, ამჯერად უკვე პასუხსაც მიიღებს. პასუხი შეიძლება არ იყოს რუსეთისთვის სამხედრო კუთხით დამანგრეველი, მაგრამ დიპლომატიური და საერთაშორისო პოლიტიკური კუთხით ეს იქნება ძალიან დამამცირებელი.
თურქეთმა ეს კარგად იცის და როცა იცი, რომ რუსეთი ვეღარ გარისკავს შენთვის რაიმე სახის დამამცირებელი დარტყმის მოყენებას, უფრო ეფექტურად და ღიად შეგიძლია იმოქმედო.
17 აპრილს თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში დაიწყო ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად. რატომ?
ერაყთან დაკავშირებით, ვფიქრობ, უფრო დამთხვევაა – რომ დაწყებულიყო სირიაში, სრულიად სხვა კონტექსტი ექნებოდა. სირიის კონტექსტში ეს იქნებოდა მთლიანად უკრაინით დაკავებული ამერიკის და რუსების პირობებში სირიელ ქურთებზე შეტევა, როგორც ამისთვის დროის მოხელთება. სირიელ ქურთებს საკმაოდ დაბალანსებული ურთიერთობა აქვთ როგორც რუსეთთან, ისე ამერიკელებთან. ორივე მათგანი ცდილობს, რომ მათით ისარგებლოს და ორივე მათგანს ისინი რაღაც დონეზე სჭირდება.
შესაბამისად, სირიელ ქურთებზე რომ განეხორციელებინათ ეს თავდასხმა, სრულიად სხვა კონტექსტი ექნებოდა, მაგრამ ერაყთან მიმართებაში, ვფიქრობ, უფრო თურქეთის შიდა პოლიტიკასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული.
რადგანაც არჩევნების წინ, სადაც უმნიშვნელოვანესია თურქეთელი ქურთების ხმები, გვაქვს შემდეგნაირი დიქოტომია – რასაც აჩვენებს იგივე სოციოლოგიური კვლევებიც, ავტორიტეტული თურქული კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული.
ოპოზიციის კანდიდატს აუცილებლად სჭირდება არჩევნების მოსაგებად ქურთების ხმები, ანუ ხმების დაახლოებით 12 % მთლიანი ამომრჩევლის. თუკი ქურთები გამოუცხადებენ არჩევნებს ბოიკოტს, მაშინ ერდოღანი ყველა ვარიანტში მოახერხებს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.
თურქულმა სახელისუფლებო მედიამ ბოლო დროს მკვეთრად მოუმატა ანტიქურთულ რიტორიკას და მოწოდებებს, რომ ხალხთა დემოკრატიულ პარტიას, რომელიც თურქი ქურთების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდამჭერი პარტიაა, აეკრძალოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური მოღვაწეობა. ამ რიტორიკამ ძალიან იმატა.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპერაცია ერაყის ქურთისტანში მთლიანად არის მიმართული ნაციონალისტურ ნიადაგზე ამომრჩევლის მობილიზაციისკენ. შედეგად საზოგადოების თვალში ლეგიტიმაცია მიეცეს ნებისმიერი სახის ანტიქურთულ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც თურქეთის ქურთი მოსახლეობა იძულებული გახდება, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს, შესაბამისად, ერდოღანმა ისევ მოახერხოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
ამას ხელს უწყობს ისიც, რომ თურქეთის ოპოზიცია იდეოლოგიურად არის უაღრესად მოუქნელი და ნებისმიერი სახის ნაციონალისტურ პოპულიზმზე იოლად ეგება. ასევე, ძალიან მგრძნობიარეა ისეთი სახის პოლიტიკურ შეურაცხყოფებზე, რომელიც იგივე საქართველოში ყველასთვის სულერთი იქნებოდა. ერდოღანიც სწორედ ამაზე აპელირებით ცდილობს, რომ ბოლომდე გამოიყენოს ეს სამხედრო ოპერაცია.
თურქეთის შიდა პოლიტიკაში რა ხდება?
არჩევნები ოფიციალურად მომავალი წლის ივნისში იქნება. ზოგი მიმომხილველი ფიქრობს, რომ შეიძლება უფრო ადრეც ჩატარდეს ეს არჩევნები. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სერიოზული პრობლემები აქვს ერდოღანს ამომრჩევლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რაიმეში სჭირდებოდეს.
ამავე დროს, თურქეთის ოპოზიცია ზემოთ ნახსენები იდეოლოგიური კომპლექსებისა და რეპრესიების გამო და იმის გამო, რომ თურქეთის პატრონაჟში, პოლიტიკური კორუფციის სისტემებში ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ბოლომდეა ინტეგრირებული, მეტწილად სტატუს კვოს შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ეს ძალები მშვიდობიან საპროტესტო აქციებსაც კი, ფაქტობრივად, ლეგიტიმურ პროტესტის ფორმად არ განიხილავენ. ეს ერდოღანის წისქვილზე ასხამს წყალს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნიადაგზე ერდოღანს ძალიან ბევრი საშუალება აქვს, ყველა მეთოდი მოსინჯოს. მაგალითად, არჩევნებამდე მერყევი ამომრჩევლის და სხვა პარტიასთან წასული ამომრჩევლის მხარდაჭერის დაბრუნება მაინც სცადოს. ამას ბოლომდე აკეთებს.
თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები თითქოს დათბა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საზღვრების გახსნაზე. ეს რას ნიშნავს?
დღეს ეს უფრო პოპულიზმია. გვყავს თურქეთი, რომელსაც რეალურად დიდი საჭიროება არ აქვს, რომ სომხეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს და სომხეთი, რომელსაც პირიქით, ძალიან სჭირდება თურქეთთან საზღვრები გაიხსნას, ეკონომიკური მდგომარეობა რაღაც დოზით მაინც რომ გაიუმჯობესოს.
თურქეთში არსებული ანტისომხური განწყობების, სომხების გენოციდის ინსტრუმენტალიზაცია და მსგავსი საკითხების ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთისთვის დიდად მნიშვნელოვანი არაა, აღდგება თუ არა ეს ურთიერთობები.
ეს თუ მოხდება, თურქეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება სომხეთი მაქსიმალურად დამცირებული, თავზენაცარდაყრილი ეახლოს ურთიერთობების აღდგენის თხოვნით. საკუთარი პირით თქვას სომხეთმა, რომ გენოციდი არ მომხდარა – თურქეთის ხელისუფლებისთვის მსგავსი პოპულისტური ნაბიჯები გადადგას. სომხეთი, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯებს ვერ გადადგამს, ვინაიდან, თუ გადადგამენ, იმ დღესვე მორჩება ფაშინიანი – შემდეგი [ხელისუფალი] გააუქმებს ამ გადაწყვეტილებებს და ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი.
სომხეთში ეს კარგად იციან.
ვინაიდან ახლა თურქეთს რეალურად დიდი საჭიროება არ აქვს სომხეთის და მეორე მხრივ, თურქეთი ითხოვს ისეთ რაღაცას, რასაც სომხეთი ვერ გააკეთებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს მომავალში ეს მესამე ძალის აქტიური მედიაციის გარეშე არ მოხდება.
მესამე ძალის მედიაცია კი არ ჩანს.
ყირიმის ნაწილში თურქეთს რა პოლიტიკური ინტერესები აქვს?
ყირიმთან მიმართებაში თურქეთს სტრატეგიული ინტერესები აქვს. თუკი ყირიმი დაიბრუნა უკრაინამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დიდწილად შეწყვეტს არსებობას, რადგანაც მისი რედისლოკაციის შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ ნოვოროსიისკში ან აფხაზეთში.
ერთი პერიოდი ძალიან აქტუალური იყო ყირიმიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გაყვანის საკითხი. აფხაზეთი განიხილებოდა მისი ბაზირებისათვის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ვარიანტად.
მაგრამ არც აფხაზეთში და არც ნოვოროსიისკში შესაბამისი ინფრასტრუქტურა სამხედრო პორტისთვის არ არის და ათეული წლებიც კი შეიძლება დასჭირდეს ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნას პორტისთვის. ეს ფაქტორი საშუალებას მისცემს თურქეთს, დომინანტი გახდეს შავ ზღვაზე.
ამიტომ ყირიმის უკრაინელების ხელში გადასვლა თურქეთს აწყობს სტრატეგიული კუთხითაც.
რაც შეეხება სენტიმენტალურ ნაწილს – თურქეთისათვის ყირიმს დიდი სულიერი დატვირთვა აქვს რამდენიმე ფაქტორის გამო:
პირველი, ეს არის ყირიმის ხანების ფაქტორი, რომლებიც ოსმალთა იმპერიის ვასალებიდან ფაქტობრივად უპირატესები იყვნენ. მე-17 საუკუნეში, როდესაც სერიოზული საფრთხე არსებობდა, რომ ოსმალეთის სულთანი უშვილძიროდ გადაეგებოდა და, ზოგადად, დინასტია დასრულდებოდა, მის ადგილას ყველაზე რეალურ კანდიდატად ყირიმის ხანი განიხილებოდა. შესაბამისად, ეს სენტიმენტალური დამოკიდებულება ძალიან ძლიერია.
მეორე ფაქტორი ის არის, რომ ყირიმელი თათრები, ფაქტობრივად, თურქეთის ყველაზე ძლიერი და ყველაზე გავლენიანი ლობისტურ ჯგუფია – ისინი ისტორიულად ანტირუსობით გამოირჩევიან, ნებისმიერი სახის ანტირუსულ პოლიტიკას დაუჭერენ მხარს.
ისინი აცნობიერებენ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ კონიუნქტურაში დამოუკიდებელი ყირიმის აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს, მათ გააჩნიათ ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა უკრაინელებისადმი, რომლებმაც ყირიმელ თათრებს სამშობლოს საშუალება მისცეს – შესაბამისად, მათ „რუსულ ყირიმს“ ბევრად ურჩევნიათ „უკრაინული ყირიმი“.
შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში სტრატეგიულ ფაქტორებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია სენტიმენტალური დამოკიდებულებაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რადგან თურქულ-თათრული ყირიმი უტოპიაა, თურქეთს ურჩევნია, ყირიმი უკრაინა იყოს.
28 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ ანკარა მზადაა იყოს შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში. რამდენად რეალურია, რომ პუტინი მოუსმენს ერდოღანს და თურქეთი შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ომის დასრულებაში?
არარეალურია. თურქეთს არ გააჩნია ისეთი სახის ბერკეტი, რაც რუსეთის დარწმუნებაში დაეხმარებოდა. ერდოღანის მსგავსი განცხადებები, ძირითადად, თურქეთის საერთაშორისო რეპუტაციის განმტკიცებაზეა მიმართული.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი ფინეთის საჰაერო სივრცის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Yle) ავრცელებს. როგორც მაუწყებელი წერს, ფინეთის სასაზღვრო დაცვამ აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევა, რომელშიც ვერტმფრენი Mi-17 მონაწილეობდა, ფინეთის აღმოსავლეთ საზღვართან ქალაქ კესალაჰტისა და პარიკკალას შორის 4 მაისს, დილის 10:40 საათზე დაფიქსირდა. Mi-17-მა ფინეთის ტერიტორიაზე 4-4,5 კმ მანძილი გაიფრინა.
Mi-17 საბჭოთა დიზაინის რუსული სამხედრო ვერტმფრენია.
ფინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ წელს ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსული თვითმფრინავი ფინეთის საჰაერო სივრცეს არღვევს.
ფინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევა 8 აპრილს დაფიქსირდა და მასში რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამგზავრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.
ერთმანეთისგან 20 კმ-ით დაშორებული ქალაქები – კესალაჰტი და პარიკკალა ფინეთ-რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 10 კმ-ში, დასავლეთით მდებარეობს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, იმერეთის, გურიის, აჭარის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში პარკების მწარმოებელი 51 ობიექტი კანონით აკრძალული პლასტიკის პარკების წარმოებაზე შეამოწმეს.
სამართალდარღვევები გამოვლინდა 37 ობიექტზე. როგორც გარემოს დაცვის ინსპექციაში გვითხრეს, აჭარაში, კონკრეტულად ქობულეთსა და ბათუმში, პარკების მწარმოებელი ორი ობიექტი დააჯარიმეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯამში, დალუქეს 3 529 675 ცალი და 23 378 კგ პარკი, 60 ცალი და 8036 კგ რულონი და პარკებით სავსე 1501 ტომარა.
მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 472-ე დადგენილება „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს პერიოდულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია პრევენცია, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები.
პარკების საწარმო
2019 წლის ივლისიდან საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა). ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამო პარკები დაილუქება და დაექვემდებარება კონფისკაციას.
საქართველოს კანონმდებლობით „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა ითვალისწინებს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. დანაშაულის გამეორების შემთხვევაში კი მეწარმე სუბიექტს ჩამოერთმევა პროდუქცია და დაჯარიმდება 1 000 ლარით.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ უკრაინაში აზოვის პოლკის მებრძოლებთან ერთად იბრძვიან დაქირავებული ჯარისკაცები ისრაელიდან.
ამის შესახებ ზახაროვამ „რადიო სპუტნიკის“ ეთერში ისაუბრა დღეს, 4 მაისს.
„ახლა ვიტყვი, რის მოსმენაც ალბათ არ მოუნდებათ იმ პოლიტიკოსებს ისრაელში, რომლებმაც გაბერეს საინფორმაციო კამპანია. შეიძლება მათ დააინტერესოთ. უკრაინაში ახლა, ფაქტობრივად, აზოვის ბოევიკების მხარდამხარ არიან ისრაელელი დაქირავებული ჯარისკაცებიც.
ამის შესახებ იქ ცნობილია?! ამის შესახებ შეუძლებელია მათ არ იცოდნენ.
მე ვნახე ვიდეო, ვნახე უბრალოდ… ფაქტურა, მასალები… რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამის მიმართ?!
კიდევ ერთხელ ვამბობ, მხარდამხარ… ეს როგორ შეიძლება ხდებოდეს? ვის უჭერენ მხარს ეს ადამიანები, პოლიტიკურად და ახლა, გამოდის, იარაღით ხელში?“ – განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან, Mediaset-თან განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული წარმოშობა მას ხელს არ უშლის იყოს ნაცისტი, პარალელი კი ადოლფ ჰიტლერთან გაავლო, რომელსაც, ლავროვის ვარაუდით, ებრაული სისხლი ჰქონდა. მან ასევე თქვა, რომ ყველაზე სასტიკი ანტისემიტები ებრაელები არიან.
ლავროვის ამ განცხადების გამო ბოლო დღეებში დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა რუსეთსა და ისრაელს შორის.
ისრაელში დაიბარეს რუსეთის ელჩი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი პასუხად განაცხადა, რომ ისრაელი ნეონაცისტების მხარესაა.
აქამდე ისრაელის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომში უკიდურესად ფრთხილი იყო. 20 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა ისრაელის პარლამენტს და მათ უთხრა, რომ „გულგრილობა კლავს“. მან ისრაელის კანონმდებლები უკრაინისთვის იარაღის არმიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არმიერთების გამოც გააკრიტიკა.
ლავროვის განცხადების შემდეგ გუშინ, 3 მაისს, ისრაელის მედიაში გამოჩნდა ინფორმაციაიმის შესახებ, რომ ისრაელი შესაძლოა უკრაინას უფრო მეტი სამხედრო და ჰუმანიტარული ტვირთით დაეხმაროს, რასაც შექმნილ ვითარებაში სიმბოლური ხასიათი ექნება.
_______________
ფოტოზე: მარია ზახაროვა. ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV
“გთხოვთ, აწარმოოთ ისეთი ბიზნესი, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას…,”- აღნიშნა დღეს, 4 მაისს, ბათუმის ბიზნესფორუმზე ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილიმ.
ბიზნესფორუმზე ჩეხი და ქართველი ინვესტორები პირისპირ შეხვნენ ერთმანეთს. მანამდე კი, ფორუმის ოფიციალურ ნაწილზე, ჩეხეთის სენატის თავმჯდომარემ ორივე ქვეყნის ბიზმესმენებს მოუწოდა აწარმოონ ისეთი ბიზნესი, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს.
“თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ არის ცნებები, რომლებიც ადვილად მიღწევადია. ერთად უნდა დავიცვათ ეს ღირებულებები, პოლიტიკოსებმა სწორი პოლიტიკის კეთებით, ბიზნესმენებმა – კარგი წარმოებით… გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი დახმარების გარეშე ჩვენს სახელმწიფოებს არ ექნებათ სათანადო ძალა, რომ შეამცირონ დამოკიდებულება რუსეთზე.
გპირდებით, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია,”- მიმართა ბიზნესფორუმის მონაწილეების ჩეხეთის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილიმ.
“მალე საქართველოს ექნება მის თავზე დამცავი ქოლგა, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი და ნატო,”- განაცხადა ასევე ბათუმის ბიზნესფორუმზე მილოშ ვისტრჩილიმ.
ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ:
“მახარებს, რომ ჩეხური ბიზნესები ოპერირებენ ჩვენს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი პლატფორმა მოგვცემს შესაძლებლობას კერძო სექტორს, ბიზნესის წარმომადგენლებს, განიხილონ ახალი შესაძლებლობები…,”- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მან მადლობა გადაუხადა ჩეხეთს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის.
რა კონკრეტული ბიზნესიედეები განიხილება? – სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ეს ქართველი და ჩეხი ბიზნესმენების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
„…გვაქვს რამდენიმე დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია, მაგალითად, ინდაურის ფერმის მიმართულებით,“ – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ. მისი თქმით, ინდაურის ფერმა სავარაუდოდ ქობულეთში მოეწყობა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ჩეხეთს გადამამუშავებელი მრეწველობით დაინტერესება შესთავაზა, მაგალითად, ბათუმის სამრეწველო ზონით, სადაც სამშენებლო მასალების წარმოებაა შესაძლებელი.
„რა თქმა უნდა, ძირითადი მიმართულება არის ტურიზმი, უძრავი ქონების ბაზარი რჩება აქტუალურ საკითხად… ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩეხური გამოცდილების გადმოტანა მოხდეს ჩვენს რეგიონში,“ – აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ.
ბიზნესფორუმის ოფიციალურ ნაწილზე ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციის დროს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი კურორტ გოდერძს, გონიოს ყოფილ პოლიგონსა და ქობულეთს, სადაც ჩეხური ინვესტიცია „მწვანე ქალაქი“ შეჩერდა. კომპანია „გრინ რეზორტმა“, რომელსაც ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელების ვალდებულება აქვს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კანონმდებლობის მიხედვით კი, ამ გადაწყვეტილების გარეშე კომპანია მშენებლობას ვერ დაიწყებს.
პრეზენტაციის დროს აჭარის ეკონომიკის მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, რომ პანდემიამ შექმნა პრობლემები. პრეზენტაციის შემდეგ კი, ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პროექტი არ შეჩერებულა და ის დათქმულ ვადაში სრულად განხორციელდება.
„შეჩერებული არ არის, წინამოსამზადებელი სამუშაოებია და კომპანია მალე დაასრულებს პირველ ფაზას… კომპანიას უკვე გადახდილი აქვს 6 მილიონი ლარი, წარმოდგენილი აქვს საბანკო გარანტია, არის დამტკიცებული დეტალური განაშენიანების გეგმა და დეტალური პროექტი ერთ-ერთ ტურისტულ ობიექტზე… რა თქმა უნდა, ზოგადად, პანდემიის პერიოდი იყო მნიშვნელოვანი გამოწვევების პერიოდი, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ასევე, ამ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით,“ – აღნიშნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ.
ბიზნესფორუმი ბათუმში ჩეხი და ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით
კრემლმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფუმიო კიშიდას და იაპონიის კიდევ 62 მოქალაქეს რუსეთში შესვლა სამუდამოდ აუკრძალა.
„კიშიდას ადმინისტრაციამ დაიწყო უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია, იყენებს მიუღებელ რიტორიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ, მათ შორის, ცილისწამებასა და მუქარას. ამას ეხმაურებიან იაპონიის საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც სრულიად მიკერძოებულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ტოკიო დგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს კეთილმეზობლური კავშირების დემონტაჟს, ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს“ – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აქვეყნებს იმ პირების სიას, რომელთაც სამუდამოდ უკრძალავს რუსეთის ფედერაციაში შესვლას.
მათ შორის არიან: პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, იაპონიის მთავრობის მინისტრები, დეპუტატები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები და უნივერსიტეტის პროფესორები.
________________
ფოტოზე: ფუმიო კიშიდა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი. ფოტო: PA-EFE/KIM KYUNG-HOON
„ამერიკის ხმა“ ვიდეოინტერვიუს აქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთან, მიხაილო პოდოლიაკთან. პოდოლიაკი აფასებს უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ხელისუფლების მიდგომებს, ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის პირობებში ქვეყნის პოლიტიკას.
ინტერვიუს უძღვება ანი ჩხიკვაძე
მინდასაქართველოსმთავრობაზეგკითხოთ, ვიხილეთთქვენიდაზვერვისგანაცხადი, რომრუსეთიაწარმოებსსაქართველოსთანმოლაპარაკებებსსანქციებისგვერდისავლისმიზნით. თქვენგიპასუხათ„ქართულმაოცნებამ“დაითხოვენამისსამხილებს. გაქვთთუარამტკიცებულება? თუკი – რატომარაქვეყნებთ?
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და, რა თქმა უნდა, არა ხალხის, პოზიცია აშკარად უპირისპირდება დემოკრატიის, საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს აქვთ.
რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყანასთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს.
ჩვენ გვესმის, რომ იქნება სანქციების გვერდის ავლის გარკვეული მცდელობები და თუ ეს მოხდება, რადგან ერთია, ჩვენი ვარაუდი, რომ ეს მოლაპარაკებები მიდის და მეორე, უკვე კონკრეტული კომპანიების სახელები, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც კი მივიღებთ კომპანიების კონკრეტულ სახელებს, გვაქვს სანქციების კომისია, რომელიც აფასებს და აანალიზებს ყველაფერს, რაც ხდება სანქციების მიმართულებით.
რა თქმა უნდა, ამ კომპანიების სახელები გამოქვეყნდება. ეს ისე შეიძლება იყოს მოწყობილი, რომ ამ ფანჯრით არა პირდაპირ რუსეთმა მიიღოს ფული ან კომპონენტები, არამედ, ეს ქართული ან ნებისმიერი სხვა შუამავლის მეშვეობით მოხდეს.
მესმის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს საერთაშორისო პოლიტიკაა და აქ საქმე ბევრად ფაქიზადაა. ერთია, ეს განცხადება და მეორეა უკვე იურიდიულად დამტკიცებული პრეტენზიები. როდესაც გავიგებთ, რომ სანქციების გვერდის ასავლელად საქმე უკვე რუსეთ-საქართველოს შორის საუბრიდან კონკრეტულ იურიდიულ ჩრდილოვან ურთიერთობებში გადადის, მაშინ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ, თუ გვექნება დოკუმენტების პაკეტი იურიდიული დადასტურებებით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ასეთი გვერდის ავლით მანევრები ხორციელდება.
ჩვენ ვმოქმედებთ თავისუფალი დემოკრატიის პრინციპით. ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საქმეებში, ჩვენ ვაფასებთ მოქმედებებს, რომლებიც საჯაროა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება იკავებს ძალიან სპეციფიკურ პოზიციას. მე ვიტყოდი, ჩვენ, როგორც უკრაინას, გვაქვს უფლება, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტიდან გამომდინარე, შევაფასოთ ეს კომპონენტი.
საყოველთაოდ ცნობილია ბატონი ივანიშვილის რეპუტაციაც. ცნობილია ბატონი ივანიშვილის ორიენტაცია პოლიტიკისა და საქმიანობის კუთხით და ამაზე საჯაროდ საუბარი, რა თქმა უნდა, შეიძლება.
მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველო თავად განსაზღვრავს, რომელია მისთვის მისაღები ხელისუფლება. რა ღირებულებებს იზიარებს ეს ხელისუფლება და მიიჩნევს თუ არა ქართველი ხალხი საჭიროდ მოთმინებით მიუდგეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. და მიიჩნევს თუ არა ამას პარტნიორულ დამოკიდებულებად.
ჩემთვის პასუხი აშკარაა, ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისთვის პასუხი აშკარაა. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მას რჩევას ვერ მივცემ, თუმცა ქართული საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ოკუპანტთან და რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის ნამდვილად ოკუპანტია, იკავებს უცნაურ პოზიციას.
უკრაინას არ სურს, რომ მის ტერიტორიაზე ოკუპანტი იყოს, ამიტომ ჩვენ გათავისუფლებისთვის ომს ვაწარმოებთ. ვაწარმოებთ ომს, რათა უკრაინის ტერიტორია იყოს სუვერენული, ხელშეუხებელი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც რუსეთის ფედერაციაა.
ჩვენი გადმოსახედიდან ვფიქრობთ, რომ საქართველოს შეეძლო უფრო გასაგები პოზიცია დაეკავებინა. რატომ? – იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციით მანაც იზარალა.
ნათელი და გასაგები რომ იყოს, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, არსებობს ქვეყანა, არსებობს მისი სუვერენიტეტი, არსებობს მისი თავისუფლება. თუ ქვეყანა ოკუპირებულია, მან თავი უნდა დაიცვას. ეს იმის მიუხედავად, უკრაინაზეა საუბარი, საქართველოზე თუ სხვა რომელიმე ქვეყანაზე. უკრაინა ნაწილობრივ ოკუპირებულია, ჩვენ ვიცავთ თავს.
შეუძლია თუ არა საქართველოს დაიცვას თავი? – შეუძლია. სურს თუ არა, ეს მისი არჩევანის უფლებაა. ეს არის ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების არჩევანი. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ რჩევა საქართველოს მთავრობას, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება.
ჩვენ მხოლოდ იქიდან ამოვდივართ, რომ არსებობს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ექსპანსიურია და ყიდის მხოლოდ სხვისი ტერიტორიის მითვისების იდეას. ამიტომ ასეთ ქვეყანასთან მეგობრობა, მისი პოზიციის მხარდაჭერა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო მის წინააღმდეგაა, ცალკეული სპეციფიკური რეჟიმების გამოკლებით, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ქვეყნის მესამედი ოკუპირებულია. გვინდა, რაიმე ლოგიკა დავინახოთ.
თუ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა დათმოს, დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. არ შეგვიძლია ეს გავკიცხოთ ან წავახალისოთ. ჩვენ უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენთ. საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა იბრძოლო. შეხედეთ უკრაინას – დიდ ფასს ვიხდით ჩვენი ბიჭების სიცოცხლით, თუმცა უკრაინაში არავინ ფიქრობს, რომ უფლება უნდა მივცეთ რუსეთის ფედერაციას ევროპაში ითარეშოს.
ქართველიხალხისგანთუგრძნობთმხარდაჭერას?
დიახ. ქართველი ხალხისგან ნამდვილად ვგრძნობთ მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია. ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც რეალურად აქვს ხალხს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან.
„სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ან რუსეთის დიდი ქალაქების მცხოვრებლები, Არამედ, ეროვნული ავტონომიების ანუ ბურიატიის, ტუვის, დაღესტნის, ინგუშეთის მცხოვრებლები იღუპებიან. ანუ რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინის ტერიტორიაზე უმეტესწილად სხვა ეროვნების ავტონომიების ან ეროვნული რეგიონების მოქალაქეებს ანადგურებს“.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის 58-ე არმიის დიდი ნაწილი უკრაინაში განადგურებულია. ამის შესახებ არესტოვიჩმა იუთუბის არხზე – ФЕЙГИН LIVE-ზე ომის 69-ე დღის შეჯამებისას თქვა.
„მთლიანად განადგურებულია ერთ-ერთი პოლკი… ეს მაშინ, როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ეს-ესაა აიღებენ და ასე შემდეგ. ზაპოროჟიეში 42-ე დივიზია ჩეჩნეთიდან, 150-ე დივიზია, უფროსი ოფიცრები ანგარიშს აბარებენ [რუსეთის გენშტაბს], რომ არ არიან ბრძოლისუნარიანები, განადგურებულია შემადგენლობის 80 პროცენტი და ითხოვენ გაყვანას ხელახალი ფორმირებისთვის.
მთელი 58-ე არმია [განადგურებულია], ბრძოლისუნარიანი დარჩა მხოლოდ მეასე ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მეშვიდე ბაზა აფხაზეთიდან, რომელიც, სხვათა შორის, უარს ამბობდა წინსვლაზე. ისინი დაარბიეს, მაგრამ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ ბრძოლისუნარიანობას“, – თქვა არესტოვიჩმა.
ჩრდილოეთ კავკასიაში ბაზირებული რუსეთის 58-ე არმია 2008 წლის აგვისტოში მთელი შემადგენლობით შემოიჭრა საქართველოში, ცხილვალის რეგიონში და დაიწყო ბრძოლა საქართველოს საჯარისო შენაერთებთან. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ვაზიანის სამხედრო ბაზა და ქართული სოფლები.
გუშინ, 3 მაისს, რადიო „თავისუფლების“ მედიაპროექტმა – Кавказ.Реалии-მ გამოაქვეყნა სტატიაიმის შესახებ, რომ 58-ე არმიის 50-მდე კონტრაქტით აყვანილი ჯარისკაცი თავდაცვის სამინისტროს სამსახურში აღდგენის უფლებისთვის უჩივის – ეს სამხედროები სამსახურიდან გააძევეს იმის გამო, რომ მათ უკრაინაში ომის ზონა თვითნებურად დატოვეს, როცა მიხვდნენ, რომ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.
Кавказ.Реалии ესაუბრა ერთ-ერთ ჯარისკაცს, რომელმაც გამოცემას უთხრა, რომ კოლონა, რომელშიც იგი იმყოფებოდა, განადგურდა ომის პირველ დღეს ხერსონის რეგიონში და ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთ ოსეთიდან. იგი ასევე ამბობს, რომ ბევრ ჯარისკაცს რუსეთის არმიაში არ აქვს შესაფერისი ტანსაცმელი, ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი.
დღეს, 4 მაისს, აჭარის მთავრობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. „12 საპირისპიროდ შესრულებული დაპირება“ – ასე ერქვა აქციას, სადაც აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ის დაპირებები გამოფინეს პლაკატებზე, რომლებიც, მათი თქმით, არ შესრულდა ან საპირისპიროდ შეასრულა „ოცნებამ“.
აქციაზე წარმოდგენილი ტრანსპარანტების შინაარსი ასეთია:
ივანიშვილის მთავრობამ არ შექმნა შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის ღირსეული სამუშაო ადგილები და პირობები. ამ დაპირების ნაცვლად მივიღეთ „Zero“ (ნული).
ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე ამბობდა, რომ ბათუმის მეჩეთი აშენდებოდა, თუმცა ხელისუფლებამ დაარღვია რელიგიური უმცირესობების უფლებები და ბათუმის მეჩეთის აშენების უფლება უკანონოდ შეუზღუდა მუსლიმებს.
საპროტესტო აქცია მთავრობასთან. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
იყო დაპირება, რომ დაასრულებდა ავტოკრატიულ რეჟიმს – თუმცა მივიღეთ საპირისპირო. კარგად გვახსოვს ლაშა ნაცვლიშვილის სიტყვები, „ბიძინა ყველგანაა“ და დღეს უკვე მადლობის და ბოდიშის მოხდით ესაუბრებიან ბიძინას.
იყო დაპირება – არ დავუშვებთ ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, ფაქტობრივად, მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ.
ხელისუფლებამ არ დაიცვა კულტურული მემკვიდრეობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები.
„ოცნებამ“ არა თუ არ შეასრულა ეს დაპირებები, დიამეტრულად საპირისპირო რეალობა მივიღეთ ქვეყანაში. მივიღეთ სიცრუე და სიყალბე, სადაც უწევს საზოგადოებას ცხოვრება და ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით,“- ამბობს უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი. კახა მიქელაძე.
აქციაზე იმყოფებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დამ რეზო ხარაზი. მისი თქმით, დღეს არსებული პოლიტიკური თუ სხვა კრიზისიდან გამოსავალი არის საზოგადოების გამოფხიზლება.
საპროტესტო აქცია
„ამ ქვეყნის კრიზისებში შეყვანა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი, გამოიწვევს უმართავ პროცესებს ქვეყანაში. ამიტომ 6 მაისს, 19:00 საათზე, ველოდებით მოქალაქეებს აქციაზე, სადაც კიდევ ერთხელ გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ რეალობა გვაქვს სხვა.
ჩვენ ვცხოვრობთ გაკოტრებულ ქვეყანაში და ეს ყველაფერი რომ შეიცვალოს, საზოგადოების, ახალგაზრდა იქნება თუ მოხუცი, ნებისმიერი ადამიანის აქტიურობაა საჭირო ამისთვის,“ – თქვა რეზო ხარაზმა.
საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
წელს ყველაზე მეტ ტურისტს აჭარაში ისრაელიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ელოდებიან. როგორც აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინა ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, წელს ყველაზე აქტიურად სწორედ ამ მიმართულებებზე მუშაობენ.
„დღეს, როდესაც ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში ომი მიმდინარეობს და პანდემია არ არის ჯერ კიდევ დასრულებული, ტურისტულ მიმართულებებზეც შეიცვალა მიდგომები. აუცილებელია ჩვენი რეგიონის და ქვეყნის, როგორც უსაფრთხო, სტაბილური, საინტერესო და მრავალფეროვანი მიმართულების სწორი პოზიციონირება“, – ამბობს თინა ზოიძე.
მისი თქმით, წელს სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ.
„პირველი, ეს არის ტრადიციული ბაზრები, სადაც ქართული ღვინით და კულინარიით შევდივართ, ასევე ზღვაზე დასვენება იქნება მნიშვნელოვანი. ევროპულ მიმართულებებზე კი ბათუმის და, ზოგადად, საქართველოს ბრენდინგი ხდება, როგორც უსაფრთხო და სტაბილური ტურისტული ადგილის მიმართულებით.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ წელს რიგა-ბათუმის პირდაპირი რეისიც დაინიშნა. „ეარბალტიკი“ მაღალბიუჯეტიანი კომპანიაა, რომელიც ტრანზიტულად სკანდინავიის ქვეყნებთანაც გადის კავშირზე, ამიტომ ფრენები დაგეგმილია ისე, რომ ვიზიტორები, რომლებიც ვილნიუსიდან და ტალინიდან მოფრინავენ, მარტივად გადმოფრინდნენ ბათუმშიც.
ჩვენ ადგილზე – ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიაში 180-მდე ტუროპერატორებსა და სააგენტოებს შევხვდით, რომლებიც არა მხოლოდ ბალტიისპირეთზე, არამედ სკანდინავიის ქვეყნებზეც მუშაობენ. გავაცანით ჩვენი ტურისტული სიახლეები და შეთავაზებები. მათაც ჰქონდათ ძალიან კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებით და დეტალურად ვესაუბრეთ“, – ამბობს თინა ზოიძე.
მისი თქმით, ამ შეხვედრებზე ქართული ტურისტული სააგენტოებიც იმყოფებოდნენ თავიანთ სამიზნე კომპანიებთან.
„უკვე ჩაშვებული ბილეთების ჯავშნებით თუ ვისაუბრებთ, ზაფხულის სეზონისთვის 80 პროცენტი „ეარბალტიკს“ უკვე დაჯავშნილი აქვს“, – ამბობს თინა ზოიძე.
მისი თქმით, წელს აქტიურად დაიხარჯება თანხა რეკლამირებაზეც. სულ 5 მილიონი ლარია გამოყოფილი და აქედან მხოლოდ 633 ათასი ლარი დაიხარჯება შიდა რეკლამაზე, დანარჩენი – საერთაშორისო რეკლამაზე.
„ეარბალტიკის“ ყველა რეისზე ვიდეორგოლები გადის ჩვენი რეგიონის შესახებ, ასევე, საბორტო ჟურნალის ყდაზე ბათუმია გამოტანილი. ამავდროულად, ფეისბუქშიც ჩაეშვა „ეარბალტიკის“ სამომხმარებლო პლატფორმაზე სარეკლამო კამპანია და ჩაშვებულია სარეკლამო ბლოგები. განსაკუთრებული დატვირთვა გვაქვს ლატვიაში, რადგან იქიდან გვაქვს პირდაპირი ფრენები ბათუმში.
რადგან ციფრული სისტემების მოხმარება აქტუალურია, წელს ვცდილობთ ამ მიმართულებითაც გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტული მიმართულების შესახებ საძიებო სისტემები, რომ გუგლის საძიებო ველებში ბათუმი სწორად იძებნებოდეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იპოვოს ადვილად, ვინც ბალტიისპირეთიდან მიდის სამოგზაუროდ და დასასვენებლად ეძებს ტურისტულ ადგილებს“, – ამბობს თინა ზოიძე.
მისი ინფორმაციით, ქვეყნების მხრივ წელს ასევე პრიორიტეტულ მიმართულებაში იქნება ისრაელი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, საიდანაც გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა და დანიშნულია ფრენებიც ბათუმის აეროპორტის მიმართულებით.
ირანს რაც შეეხება, როგორც თინა ზოიძემ გვითხრა, იმის მიუხედავად, რომ სავიზო რეჟიმია შემოღებული ამ ქვეყანასთან, მაინც მაღალია ვიზიტორთა რაოდენობა.
თინა ზოიძის თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ვიზუალურად მოწესრიგებული იყოს ყველა მუნიციპალიტეტში ტურისტული ადგილები – ყველა მუნიციპალიტეტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იზრუნოს ამაზე.
ძველი ბათუმი
„ძველ ბათუმში ბევრი ახალი ობიექტი გაიხსნა, როგორც კვების, ასევე დასვენების, განახლებული სერვისები დაამატა ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა, ჩვენი დაცული ტერიტორიები, როგორც ვიცით, „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის სიაშია და ამ პარკებშიც ბევრი სერვისი დაემატა.
სიახლეები გვაქვს ის, რომ ასზე მეტი ახალი ობიექტი გაიხსნა, მათ შორის, გლემპინგის სივრცეები, საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები, კოტეჯები, მაღალმთიან აჭარაში 15-ზე მეტი ახალი ბილიკი გვაქვს, რომლებიც უკვე მარკირებულია.
ჯვარიმინდვრის საპიკნიკე, რომელიც შარშან აშენდა, წელს ოფიციალურად გაიხსნება და მიიღებს სტუმრებს. ასევე შარშან გაკეთდა ახალი ბილიკი, რომელიც შუახევსა და ქობულეთს აკავშირებს და კანიონინგი, რომელიც შარშან ჩავუშვით, წელს პირველად უმასპინძლებს ვიზიტორებს.
კინტრიშის ხეობაშიც გაკეთდა ახალი ბილიკი სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის – წელს ამ ბილიკსაც შევთავაზებთ ტურისტებს. წელს პირველად იქნება კანიონინგის შესაძლებლობა კაპნისთავშიც, რომელიც ქალაქთან ახლოს მდებარეობს, დაემატება ველობილიკი, რომელიც პირველად გაიხსნება წელს“, – ამბობს თინა ზოიძე.
მისი თქმით, ზოგადად, ტურისტული ინფრასტრუქტურა პრობლემაა საქართველოში, თუმცა ცდილობენ, ყველა პოპულარულ მიმართულებაზე ინფრასტრუქტურა განახლდეს.
„მირვეთზე განახლდება ასევე ბილიკების ინფრასტრუქტურა, უკვე გაფორმდა კონტრაქტი და მალე იქნება. დანდალოს ხეობაში ჩანჩქერთან მისასვლელი ნაპირები წესრიგდება და ვგეგმავთ ახალი ადგილების შეთავაზებასაც ტურისტებისთვის მახუნცეთში.
მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას მთას რაც შეეხება, აქაც საფეხმავლო ბილიკები გამართულია. წესრიგშია ზიპლაინებიც“, – გვითხრა თინა ზოიძემ.
მისი თქმით, პანდემიიდან და უკრაინის ომის პირობებიდან გამომდინარე რთულია ზუსტი პროგნოზი, რამდენი ტურისტი შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოში წელს. თუმცა, როგორც თინა ზოიძე ამბობს, სწორედ პანდემიის გამო ბევრი ადამიანი ცდილობს იმოგზაუროს და გავიდეს საზღვრებს გარეთ.
„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, წელს 75-80%-მდე უნდა აღდგეს 2019 წლის ტურისტული მაჩვენებელი ქვეყნებში.
ჩვენ ამ პერიოდში აჭარაში 2 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური გვყავდა პირველ კვარტალში. ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი 50 პროცენტით უკვე გაუმჯობესებულია. წელს მინიმუმ 85 პროცენტით ველოდებით ტურისტული მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – ამბობს თინა ზოიძე.
მისი თქმით, ავიაციის სააგენტო ასევე მუშაობს „ვიზიართან“ იმაზე, რომ უახლოეს მომავალში გაზარდოს ფრენების რაოდენობა საქართველოს მიმართულებით.
კიევის ოლქში მდებარე სოფლებში აღმოაჩინეს რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული კიდევ 20 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს კიევის ოლქის პოლიციის უფროსზე, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით.
კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, 4 მაისის მდგომარეობით, პოლიციამ რეგიონში 1235 მშვიდობიანი მოქალაქის იდენტიფიცირება შეძლო. 282 გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
პოლიციის უფროსის თქმით, ოლქიდან ოკუპანტებმა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ძალით წაიყვანეს უკრაინის ფარგლებს გარეთ და მათთან კონტაქტი დაკარგულია. იგი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დააყოვნონ და პოლიციას შეატყობინონ დაკარგული ნათესავებისა და ახლობლების შესახებ.
უკრაინის ვიცე-პრეზიდენტი, ირინა ვერეშუკი ამბობს, რომ რუსები ცდილობენ ტყვედ აყვანილი სამოქალაქო პირები გაცვალონ უკრაინაში დატყვევებულ რუს ჯარისკაცებში, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია. „ამიტომაც აჰყავთ მათ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ადგილობრივი საბჭოების თანამშრომლები, რომ გამოიყენონ. ვიცით, რომ იქ ათასზე მეტი ტყვეა, მათ შორის – 500 ქალი. ვიცით, რომ ისინი იმყოფებიან კურსკის, ბრიანსკის, რიაზანის და როსტოვის იზოლატორებში“ – უთხრავერეშუკმა „ბიბისის“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა დღეს, 4 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბა. აქ 6 მაისიდან ენმ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს ლოზუნგით: „სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ“.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, შეიწყალონ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და იგი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ.
„შემდეგ გლოვა იქნება დაგვიანებული, დღეს უნდა ვიმოქმედოთ“, – ამბობს ლაშა კომახიძე ენმ-დან.
„პრეზიდენტი, რომელმაც ააშენა თანამედროვე სახელმწიფო, არ უნდა იტანჯებოდეს რუსულ დილეგში“, – აღნიშნა აქციაზე ენმ-ს კიდევ ერთმა აქტივისტმა, ლევან გორგილაძემ.
6 მაისს, 18 წლის წინ, აჭარაში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა და აჭარის მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა – ასლან აბაშიძემ საქართველო დატოვა.
„არ გვეშინია და არც მსოფლიოს უნდა ეშინოდეს,“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკრაინის ტერიტორიაზე გასულ ღამეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთს უჭირს წარმატების მიღწევა და საშინელი დანაკარგები აქვს, რის გამოც „სასოწარკვეთილი სარაკეტო ტერორი“ მოაწყო მთელ უკრაინაში. კულება საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის მეტი მძიმე შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდებს.
„რუსეთს უჭირს წარმატების მიღწევა და საშინელ დანაკარგებს განიცდის. ამრიგად სასოწარკვეთილი სარაკეტო ტერორი მოაწყო მთელ უკრაინაში. მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და არც მსოფლიოს უნდა ეშინოდეს. მეტი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მეტი მძიმე შეიარაღება უკრაინისთვის. რუსეთის სარაკეტო ტერორიზმი უნდა დაისაჯოს,“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Russia struggles to advance and suffers terrible losses. Thus the desperate missile terror across Ukraine. But we are not afraid and the world should not be afraid either. More sanctions on Russia. More heavy weapons for Ukraine. Russia’s missile terrorism must be punished.
დაბომბვას Twitter-ზე ორი პოსტით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთის ტერორიზმის სპონსორის სახელმწიფოების სიაში შეყვანა. მისი თქმით, „უფრო და უფრო ცოტა განსხვავებაა კრემლსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-ს შორის“. მოგვიანებით მან ასევე დაწერა, რომ რუსეთი ომშია მხოლოდ უკრაინასთან და არა სხვა რომელიმე ქვეყანასა თუ სამხედრო ბლოკთან, როგორც ამას რუსეთი ამტკიცებს.
„ჯერ ანტისემიტური განცხადებები მოსკოვიდან, ახლა მასიური სარაკეტო თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე. ლვოვი, ვინიცია, კიროვოჰრადი, ზაკაპარტია. რუსეთი უნდა გამოცხადდეს ტერორიზმის სპონსორად. ვერბალურ დონეზეც კი, უფრო და უფრო ცოტა განსხვავებაა კრემლსა და ISIS-ს შორის,“ – დაწერა მიხაილო პოდოლიაკმა გასულ ღამეს.
At first, anti-Semitic statements by #Moscow, now massive missile strikes on Ukrainian cities. Lviv, Vinnytsia, Kirovohrad, Zakarpattia. #Russia must be recognized as a sponsor of terrorism. There is less and less difference between the Kremlin and ISIS, even on a verbal level.
„რუსეთი ომში მხოლოდ უკრაინასთანაა. არა ამერიკასთან, ნატოსთან ან დასავლეთთან, – რასაც გამუდმებით ისტერიულად აცხადებს რუსეთი, რათა თავისი უღიმღამობა, ხშირი მარცხი, შემოჭრისთვის გამოგზავნილი არმიის ზომა და გამოუსწორებელი დანაკარგები გაამართლოს. რუსეთი 69 დღეა ცდილობს მოკლას უკრაინა. და ტოტალურად ხვდება ყბაში“.
🇷🇺 is at war only with 🇺🇦, not with 🇺🇸, NATO, the West, which 🇷🇺 constantly hysterically declares justifying its mediocrity, frequent defeats, size of the invasion army and the number of irretrievable losses. 🇷🇺 has been trying to destroy 🇺🇦 for 69 days but gets beaten totally
რუსეთი თავისი მტაცებლური ამბიციებით მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება – უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის თქმით, სხვა ქვეყნები უნდა მოემზადონ მომავალი თავდასხმისთვის. დანილოვის ამ განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.
დანილოვი მიანიშნებს ყაზახეთსა და მოლდოვაზე. მან ეს დასკვნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მორიგი განცხადების შემდეგ გააკეთა.
დანილოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება, ამიტომ ყაზახეთი უნდა მოემზადოს თავდასხმისთვის მოლდოვასთან ერთად.
„ახლა მსოფლიოში მიდის მრავალი პროცესი. დარწმუნებული ვარ, ეს ომი უკრაინაში არ შეჩერდება. კიდევ ბევრი რამ იქნება. ლავროვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ყაზახები და მოლდოვები ძმები არიან. მოემზადეთ, ძმებო ყაზახებო და ძმებო მოლდაველებო“, – განაცხადა დღეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
რუსები აგრძელებენ სიტუაციის ესკალაციას დნესტრისპირეთში. ისინი აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას უკრაინიდან მომდინარე სავარაუდო საფრთხის შესახებ.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში განთავსებული მონუმენტი – „სამშობლოს სადარაჯოზე“ დაზიანებულია. მონუმენტის ნაწილი სპილენძის გარსისგან მთლიანად გაძარცვულია.
როგორც ქედის მერი, როლანდ ბერიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რამდენიმე დღის წინ სავარაუდოდ ქურდობის ფაქტი მოხდა, რაზეც „დაწყებულია გამოძიება ქურდობის მუხლით“.
კითხვაზე, როდისთვის აპირებს მერია მონუმენტის აღდგენას, როლანდ ბერიძემ გვიპასუხა, რომ ჯერ გამოძიებას დაელოდებიან: „ვნახოთ, როგორ იქნება და რა იქნება.“
ასე გამოიყურება მონუმენტი „სამშობლოს სადარაჯოზე“ მახუნცეთში/ფოტო: გენო თებიძე
მონუმენტი 2018 წელს საინიციატივო ჯგუფმა – ბერიძეების საგვარეულომ დაამზადებინა მოქანდაკეებს დავით ბოლქვაძეს და ავთანდილ ნავროზაშვილს.
პროექტის ავტორი მხატვარ დეკორატორი ალექსანდრე ლანევსკია, ხოლო არქიტექტორი – დავით სვანიძე. როგორც მაშინ ითქვა, მონუმენტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლისთავს მიუძღვნეს.
უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 24 500 ადამიანი
ტანკი – 1077 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 2 610 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 491 ერთეული
MLRS – 163 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 81 ერთეული
თვითმფრინავი – 194 ერთეული
ვერტმფრენი – 155 ერთეული
საავტომობილო მანქანა – 1 867 ერთეული
გემი/ნავი – 10 ერთეული
საწვავის ავზი – 76 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 303
სპეციალური აღჭურვილობა – 38
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 87
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 4 მაისს, დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
146 თვითმფრინავი
112 ვერტმფრენი
706 უპილოტო საფრენი აპარატი
287 საზენიტო სარაკეტო სისტემა
2 807 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
321 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 279 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
2 609 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი დონბასის ჩრდილოეთით სამხედრო მანევრებს გეგმავს. უწყება ტვიტერზე წერს, რომ ამ მიზნით რუსეთმა იზიუმთან 20 ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფები განალაგა:
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი დონბასის ჩრდილოეთით სამხედრო მანევრებს გეგმავს. უწყება ტვიტერზე წერს, რომ ამ მიზნით რუსეთმა იზიუმთან 20 ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფები განალაგა.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს გაარღვიოს უკრაინული თავდაცვა და შეტევის ტემპი აკრიფოს, დიდი ალბათობით, ის მაინც აპირებს, გასცდეს იზიუმს და დაიპყროს ქალაქები – კრამატორსკი და სევეროდონეცკი.
ამ ქალაქების დაკავება რუსეთს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს თავისი სამხედრო კონტროლი ჩრდილო-აღმოსავლეთ დონბასში, ხოლო ეს ტერიტორიები გამოიყენოს პლაცდარმად იმისთვის, რომ რეგიონიდან მთლიანად განდევნოს უკრაინის სამხედრო ძალები“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
3 მაისის განახლებაში უწყება რუსეთის არმიის მდგომარეობას აფასებდა და აღნიშნავდა, რომ „უკრაინაში შეჭრის შედეგად, რუსეთის არმია მნიშვნელოვნად დასუსტდა როგორც მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად. ძალების აღდგენა სანქციების გამო კიდევ უფრო გართულდება, ეს კი გრძელვადიანად იმოქმედებს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე.“
მთავარი ფოტო: საბრძოლო მოქმედებების რუკა უკრაინაში, 3 მაისი, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
ხულოში, სოფელ უჩხოში, დაახლოებით 700 მეტრ სიგრძეზე მიწა დაიბზარა. სოფელში ამბობენ, რომ პირველი ბზარი 8-9 დღის წინ გაჩნდა 150 მეტრზე და შემდეგ მოიმატა – „წავიდა ეს ზიგზაგი და მთელი მთა მოიარა. მთლიანად მოდის მიწა. სადაც პირველი ბზარი გაჩნდა, იმის ქვემოთ, ყოველ 3-4 მეტრში ბზარები გაღრმავდა“, – გვითხრა მალხაზ აბულაძემ, უჩხოს მკვიდრმა.
მალხაზ აბულაძის თქმით, ამავე ადგილას დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩამოწოლილმა მეწყერმა მიწის მასა დაუმუშავებელ სახნავ-სათეს ნაკვეთებსა და სათიბებში ჩაიტანა.
როგორც მალხაზ აბულაძე ამბობს, მთის კალთა, სადაც ბზარები გაჩნდა, მოძრაობს და მოსახლეობას ღამე შიშით არ სძინავს. მისივე თქმით, მთიდან მასიური მეწყერი რომ ჩამოწვეს, საფრთხე ერთ უბანში მცხოვრებ 14 ოჯახს შეექმნება.
„არამდგრადი ნიადაგია და მოცოცავს. არავინ იცის, როდის შეიძლება განმეორდეს აქ მეწყერი, მაგრამ ყოველდღიური საშიშროებაა. რადგან ასეთი მდგომარეობაა, ყოველდღე ავდივართ და ვაკვირდებით. ყოველდღიურად მატულობს ნაპრალების სიღრმე. ტერიტორიის გეოლოგების მიერ შესწავლა ჯერ არ მომხდარა. მერიიდან უკვე იყვნენ, დაასურათეს, შეამოწმეს. გეოლოგებს ყოველდღე ველოდებით“, – ამბობს მალხაზ დეკანაძე.
„ორი დღის წინ ვიყავი ადგილზე თავად და მეწყრის შესახებ ყველა შესაბამის ორგანოს მივაწოდე ინფორმაცია. ყველამ იცის უჩხოში მეწყრის შესახებ, მათ შორის მერმა და ამ საკითხზე უკვე მუშაობენ. ინფორმაცია მაქვს, რომ გეოლოგებს უკვე შეატყობინეს და ელოდებიან, რომ შეამოწმონ ადგილი“, – გვითხრა ხულოს საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დეკანაშვილების თემიდან, ნადიმ დეკანაძემ.
სოფელი უჩხო. ფოტო: ნადიმ დეკანაძე/Facebook
ხულოს მერიაში ამბობენ, რომ გეოლოგები უჩხოში მალე შეისწავლიან სიტუაციას, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.
„მერიის წარმომადგენლები 29 აპრილს იმყოფებოდნენ უჩხოში. მოხდა ადგილის დასურათება, გავაგზავნეთ გეოლოგიურ სამსახურში და უახლოეს პერიოდში შეისწავლიან. გეოლოგების მიერ ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გაიცემა დასკვნა, რის შემდეგაც დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.
გეოლოგებს ზუსტი თარიღი, თუ როდის შეისწავლიან აღნიშნულ ადგილს, არ უთქვამთ“, – გვითხრა ხულოს მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯამბულატ მელაძემ.
მისი თქმით, მეწყრული მოვლენების საფრთხე ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გაიზარდა ტემპერატურის მატებასა და თოვლის დნობასთან ერთად.
„მოსახლეობასთან გვაქვს კონტაქტი. დასკვნის გარეშე ჩვენ ვერ დავგეგმავთ პრევენციულ ღონისძიებას, სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ რისკი, გავრცელების არეალი და ის, თუ რამდენად საფრთხის შემცველია“, – ამბობს ჯამბულატ მელაძე.
„რამდენიმე დღის წინ ერთ საფრენ აპარატს ვესროლე და განადგურდა, მეორეს ჩემმა მეგობარმა დაუმიზნა, მაგრამ ვერ მოახერხა ზუსტი დამიზნება. პირდაპირ შტურმი მოიტანეს ჩვენზე. კიდევ კარგი, გადახტომა მოვასწარი სანგარში, მაგრამ ნამსხვრევი მომხვდა…“ – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე, რომელიც უკვე 55 დღეა უკრაინაში იბრძვის.
ავთანდილ სურმანიძე ბათუმიდანაა, ის სტინგერის მსროლელია.
ავთანდილ სურმანიძე
„ჯავშანჟილეტმა გადამარჩინა, დაზიანება პრაქტიკულად არ მქონდა,“ – ამბობს ქართველი მებრძოლი. იგი ხარკოვშია და ამბობს, რომ სტინგერის გამოყენებას ასწავლის სხვა ჯარისკაცებს. ავთანდილ სურმანიძე 25 დღე ჰოსტომელის აეროპორტში იბრძოდა.
„ხარკოვში ადამიანები ჩვეულებრივად მიდი-მოდიან იმის მიუხედავად, რომ ხშირად ისმის აფეთქების ხმა. აქ ჩამოსვლამდე მქონდა მოსმენილი უკრაინელების გმირობის შესახებ, უშიშარი ხალხიაო, მაგრამ მთლად ამდენი არ მეგონა… გოგოებიც მოდიან, გვასწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ იარაღიო. ამათ როცა ვუყურებ, 9 მაისი კი არა, 29 მაისსაც ვერაფერს იზამს პუტინი. უკრაინამ ნამდვილად დაამტკიცა საკუთარი ქვეყნის სიყვარული,“ – შთაბეჭდილებას გვიზიარებს სტინგერის მსროლელი ბათუმიდან.
ქართველი მებრძოლის აზრით, უკრაინას, პირველ რიგში, დახმარება გამოცდილი ინსტრუქტორების კუთხით სჭირდება, ვისაც მძიმე სამხედრო აღჭურვილობის ეფექტურად გამოყენება შეუძლია.
„მთელი მსოფლიო უკრაინის მხარესაა და ყველა ვხედავთ, მაგრამ რასაც აგზავნიან სამხედრო ტექნიკას, სჭირდება კონკრეტული სპეციალისტი. იგივე სტინგერს თუ მიზანში ვერ ესვრი, რა შედეგი ექნება? სტინგერიც ჩვეულებრივი სუვენირი გამოდის ხო, თუ ვერ ახერხებ მის ზუსტად გამოყენებას…
ახლა მიმდინარეობს პოზიციების გამყარება, ვემზადებით მორიგი იერიშისთვის. ბევრი ადამიანი დავკარგეთ, დღეს გავიგე, ერთ ქართველ მებრძოლს ფეხის მოკვეთაც დასჭირდა… ჩემს ბატალიონში მხოლოდ მე ვარ ქართველი, მაგრამ მუდმივად ვართ კონტაქტზე ქართველებთან.
სამწუხაროდ, ჩემი მასწავლებელი, ჩემი სერჟანტიც დაიღუპა – არკადი კასრაძე 16 აპრილს. მე რომ აქ ჩამოვედი და ეს გაიგო, მესაუბრებოდა, მერე გადაწყვიტა თვითონაც ჩამოსვლა მოხალისედ, მანამდე ბელგიაში იყო, იქ მუშაობდა. ძლიერი სპეციალისტი იყო, არათანაბარ ბრძოლაში დაიღუპა…
ქართველი მოხალისე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში სწორი არ არის, რადგან „ახლა მთელი მსოფლიოა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ სად ვართ?“ – კითხულობს ის და ხაზს უსვამს ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასაც.
„როცა პრეზიდენტი ციხეში გვყავს გამომწყვდეული, რომელმაც პუტინს არ ჩააბარა საქართველო, ყველაფერი გასაგებია. ეს ჩემი მიწა-წყლისთვის ბრძოლაა და ვერ ვპოულობ სიტყვას ქართულში, რითაც შეიძლება ჩვენი ხელისუფლების მოქმედება დავახასიათო,“ – დასძენს ქართველი მებრძოლი.
ავთანდილ სურმანიძის თქმით, მან ომთან თანაცხოვრება ისწავლა და აღარ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, ვიდრე უკრაინის გამარჯვებას არ ნახავს.
„ომთან ერთად ვცხოვრობ რა… დილის 7 საათზე ვიღვიძებთ ყველა და ყველას თავისი საქმე აქვს. გააჩნია, სად მოგიწევს წასვლა: სადმე, ქალაქთან ახლოს, დასახლებულ პუნქტში თუ ბუნებაში, სანგრებში… ღამით ბიჭები პატრულირებენ.
ხარკოვიც ასე ცხოვრობს: ღამით კომენდანტის საათია. მხოლოდ მოხალისეთა ჯგუფები გადაადგილდებიან ქალაქში, რომ განგაშის დროს მოქალაქეები თავშესაფარში უსაფრთხოდ გადაიყვანონ.
2013 წელს ვისწავლე საჰაერო რაკეტებთან მუშაობა და როცა ომი დაიწყო, მშობლებს ვუთხარი, უნდა წავიდე, ახლა ვჭირდები ჩვენს ქვეყანას-მეთქი. მე მშობლების ნებართვით და დალოცვით წამოვედი აქ. ამაყი ვარ, რომ ისინი ჩემზე მეტად გმირები არიან. დღესაც დამირეკეს და მითხრეს, მშვიდობით დაბრუნდები, ვიცით, ვამაყობთ შენითო,“ – გვითხრა ავთანდილ სურმანიძემ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქში დააკავეს რუსეთის აგენტი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს აწვდიდა ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების სარეზერვო პოსტების შესახებ. ამის შესახებ დღეს, 3 მაისს, განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა, არტემ დეხტიარენკომ.
დეხტიარენკოს თქმით, აგენტის გამოვლენით თავიდან იქნა აცილებული სარაკეტო დარტყმა. აგენტი დასაკავშირებლად იყენებდა მესენჯერს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საგანგებოდ შექმნა აგენტურისგან საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად.
ასევე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქში სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს ბროვარის რაიონის 2 მცხოვრები, რომლებიც რუს ჯარისკაცებს ერთ-ერთი სოფლის დროებითი ოკუპაციის დროს შეუერთდნენ. „მათ მიიღეს რუსული სამხედრო ფორმა, იარაღი და საბრძოლო მასალა… ჩაერთნენ დაზვერვის პატრულირებაში. მოღალატეები აშინებდნენ ხალხს და ძალადობდნენ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკის გასავრცელებლად. დადგენილია, რომ სოფელ ველიკა დიმერკაში მათ ორი მოქალაქე მოკლეს“ – აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.
უკრაინის უსაფრთხოების ცნობით, კიევის ოლქში ერთ-ერთი სოფლის დროებითი ოკუპაციის დროს კიდევ ერთი მოქალაქე ეხმარებოდა რუსეთის არმიას საარტილერიო ხაზისა და საგუშაგოების მოწყობაში. მას ბრალად ედება სოფლის გამგებლის გატაცებაში ხელშეწყობა, რომლის თანამშრომლობაზე დაყოლიებას რუსეთის არმია მუქარითა და ფიზიკური ძალადობით ცდილობდა.
ასევე, დეხტიარენკოს თქმით, მიკოლაევის ოლქში ბაშტანის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამხილეს რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობაში, რომელმაც „საჯაროდ დაუჭირა მხარი ოკუპანტებს და მონაწილეობა მიიღო რუსი პროპაგანდისტების „დადგმულ ისტორიებში“.
________________
ფოტოზე: უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერი არტემ დეხტიარენკო/facebook
„მშვიდობით ტინკოფ ბანკო, მშვიდობით რუსეთო“ – წერს რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი, ოლეგ ტინკოვი ინსტაგრამზე. იგი აცხადებს, რომ წყვეტს ბიზნესს რუსეთში და ამ ომში გამარჯვებას უკრაინას უსურვებს.
„რუსეთში არაფერი დამრჩა. და ეს ცუდია რუსეთისთვის. მე ვიყავი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც მოახერხა, რეჟიმის მიუხედავად და არა დამსახურებით და შეძლო 4 სხვადასხვა ბიზნესის აშენება ნულიდან.
ვწუხვარ, რომ ჩემი ქვეყანა საბოლოოდ გადაიჩეხა არქაიზმში, პატერნიზმსა და „დაკიდებაში“ – წერს ტინკოვი.
რუს ბიზნესმენს ლეიკემია აქვს. იგი წერს, რომ საკუთარი აზრის ქონის გამო მუქარა მასზე, როგორც ადამიანზე, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, აჩვენებს რეჟიმის საბოლოო დეჰუმანიზაციას.
„არ ვიცი, კიდევ რამდენს ვიცხოვრებ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა მოვკვდე მილიარდებით, მაგრამ ვიყო „არამზადა, მშიშარა და ჩმორი“, როგორც რუსეთის ოლიგარქების 90%. მშიშრებო, ერთი სიცოცხლე გაქვთ და ადამიანივით უნდა იცხოვროთ.
ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. ისინი ჩემს ოჯახს ეკუთვნის და არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცების და უკრაინელების სისხლით! უკრაინა გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას – ასე გვასწავლიდნენ სკოლაში! ყველას სიკეთესა და ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – წერს ტინკოვი.
ოლეგ ტინკოვმა 19 აპრილს ინსტაგრამზე დაწერა, რომ ომი უკრაინაში არის „გიჟური“, „იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები და ჯარისკაცები“, ხოლო „კრემლის ჩინოვნიკები შოკში არიან, რომ ზაფხულში დასასვენებლად ვერ წავლენ ხმელთაშუა ზღვაზე“. ამ პოსტის შემდეგ ტინკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის გამო იძულებული გახდა გაეყიდა თავისი წილი ბანკ Тинькофф-ში.
ტინკოვი აქამდე პუტინის მომხრე რუს მილიარდერთა შორის იყო. 2017 წელს რუს ვლოგერთან, იური დუდთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „პუტინი იმპერატორი უნდა გახდეს“.
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის საბოლოოდ დაამყარებაში – ინფორმაციას დღეს, 3 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს ტელეგრამზე.
უწყების ცნობით, პირველ მაისს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ჰენიჩესკში ახლად დანიშნულმა „საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა“ ანდრეი კლოჩკომ რუსეთის დროშა აღმართა, თუმცა მოსახლეობამ „რაშისტული დღესასწაული“ უგულებელყო.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, როსტოვის რეგიონის რამდენიმე კერძო საწარმომ მიიღო შეკვეთა მარიუპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციისთვის ბეჭდებისა და შტამპების დამზადების შესახებ. იმ დაწესებულებების სია, რომლებიც ახალ „ატრიბუტებს“ მიიღებენ, მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საავადმყოფოებს, პოლიციას, რეესტრის ოფისებს და ადმინისტრაციულ დაწესებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ახლა მთლიანად განადგურებულია რუსეთის ჯარების მიერ.
„შეკვეთილ შტამპებსა და ბეჭდებზე არის წარწერა: „რუსეთი, დონბასის რესპუბლიკა, მარიუპოლი, სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია“ – იუწყება უკრაინის სადაზვერვო სამმართველო – „რაშისტებმა განაცხადეს, რომ მსგავსი შტამპები და ბეჭდები ოკუპირებული ხერსონისთვის ივნისში დამზადდება“.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს მარიუპოლში ოკუპანტები „დიდ წმენდას“ ახორციელებენ. „რუსები ეძებენ და ანადგურებენ დაღუპულთა ცხედრებს. ამ მიზნით ქალაქში 15 აპრილიდან სამი მობილური კრემატორიუმი ფუნქციონირებს,“ – წერს უწყება.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, რუსული არმიის სამხედროებს შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვადა 2022 წლის სექტემბრამდეა განსაზღვრული.
2022 წლის 26 აპრილს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს და ანთროპოლოგ აიდა ბალაფკანს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ის დაუყოვნებლივ დეპორტირებული იქნა დიდ ბრიტანეთში, მიუნხენის გავლით, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე.
აიდა ბალაფკანი მეუღლესთან, სოციალურ ანთროპოლოგ, დოქტორ სტეფან უილიამსონ ფასთან ერთად მოგზაურობდა, რომელიც ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. აიდა წერს, რომ მის მეუღლესთან მესაზღვრეებს კითხვები არ ჰქონიათ, ის საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს.
აიდას ქართველი კოლეგა, თამთა ხალვაში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აიდა აქამდეც არაერთხელ იყო საქართველოში, თუმცა საზღვარზე პრობლემები არ შეჰქმნია.
როგორც აიდა განცხადებაში (Denied entry) განმარტავს, ის თეირანში 1993 წლის 10 მაისს დაიბადა და 2008 წლის შემდეგ ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. მისი მშობლები ჟურნალისტები არიან და მუშაობენ BBC-ში.
აიდა ბრიტანეთის მოქალაქე 2014 წელს გახდა. მას შემდეგ ის ირანში არასდროს ყოფილა, რადგან, მისივე თქმით, მის ოჯახზე ირანის ხელისუფლების მხრიდან იყო შევიწროების და მუქარის ფაქტები.
„ლონდონში ვცხოვრობ, იქ ვსწავლობდი სკოლაში, იქ მივიღე ბაკალავრიატისა და მაგისტრის ხარისხი და ამჟამად ვარ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ანთროპოლოგიის განყოფილების დოქტორანტი“, – წერს აიდა.
მას პასპორტი თვითმფრინავში ჩაჯდომის შემდეგ დაუბრუნეს. ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზი კი მისთვის არ განუმარტავთ.
როგორც აიდა ბალაფკანი წერს, მესაზღვრეების მხრიდან მოპყრობა იყო უხეში, დამაშინებელი და არაჰუმანური. მას უარი უთხრეს ქმართან კომუნიკაციის ნებისმიერ საშუალებაზე და არც თბილისში, ბრიტანეთის საელჩოსთან საუბრის უფლება მისცეს.
აიდა მიიჩნევს, რომ მას რასისტული მოსაზრებით უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე, მისი დაბადების ადგილის გამო, რადგან სხვა არანაირი ახსნა-განმარტება არ მიუღია მესაზღვრეებისგან. „ჩემს ეჭვს ისიც ადასტურებს, რომ ჩემი მეუღლე შეკითხვების გარეშე შეუშვეს. ჩვენი პროფილები იდენტურია, გარდა იმისა, რომ მე ვარ ქალი და დავიბადე ირანში“, – ამბობს აიდა.
აიდა ბალაფკანის უფლებებს საქართველოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაიცავს. ამასთან დაკავშირებით პეტიციაც გავრცელდა სოციალურ ქსელში. ორგანიზაცია სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პეტიციის ტექსტში ასევე საუბარია იმაზე, რომ აიდა დეპორტირებულია მხოლოდ მისი ეთნიკური წარმომავლობის გამო, „რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პროცედურების დარღვევას“.
„გარდა ამისა, ეს ფაქტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ მათთვის“, – ვკითხულობთ პეტიციაში.
აიდა ბალაფკანი სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტია ლონდონის უნივერსიტეტში (UCL). ის საქართველოს აზერბაიჯანულ თემში ფარდაგების ქსოვის ტრადიციების, მათთან დაკავშირებული მეხსიერებისა და ამ ფარდაგების საერთაშორისო ბაზრის ქსელის საკვლევად მოდიოდა. როგორც თამთა ხალვაში ამბობს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობასაც აპირებდა, რისთვისაც მან თანხმობაც მიიღო.
პეტიციის ტექსტის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის დელეგატები დაესწრებიან.
„დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის, რაც აიდასთან მიმართებაში მოხდა, მსგავსი დამამცირებელი მოპყრობა აღარ განმეორდება კონფერენციის მონაწილე სხვა პირებთან მიმართებაში.
ეს არის სერიოზული დარტყმა როგორც ქართველ მეცნიერთა საზოგადოებისთვის, ასევე, მთლიანად ქართული კვლევებისთვის. ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განმარტონ, რატომ მოხდა ინციდენტი და მიიღონ შესაბამისი ზომები მსგავსი დეპორტაციების თავიდან ასაცილებლად მომავალში“, – წერია პეტიციის ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები და მეცნიერები, რომლებიც გმობენ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, აღმოფხვრან მსგავსი შემთხვევები.
ერთერთმა ქართულმა ტელევიზიამ გაავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში მომსახურებას უწევენ რუსულ სანქცირებულ გემებს და ეხმარებიან მათ სანქციებისგან თავის დაღწევაში.
02 მაისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, სახელწოდებით: SVL Pride. ტრანზიტული ტვირთი – 5000 ტონა დიზელი განკუთვნილია მესამე სახელმწიფოსთვის, კერძოდ, სომხეთისთვის. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გადმოტვირთვის ოპერაცია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ნორმების დაცვით.
ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, ითვალისწინებს გამონაკლისებს ენერგეტიკის (ნავთობი, ნავთობ-პროდუქტები), სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების და ჰუმანიტარული დახმარების მიმართ. შესაბამისად, ტანკერისათვის გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას, ან სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ კიევის რეგიონის სოფელ კალინოვკაში მოკლული ორი სამოქალაქო პირის საფლავი აღმოაჩინეს. პრეზიდენტის მრჩეველი Twitter-ზე ცხედრების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ დაღუპულებს აღენიშნებათ წამების კვალი – „დამძვრალი ფრჩხილები. შეკრული ხელები“.
მიხაილო პოდოლიაკი კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ რუსეთი შეიყვანონ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში:
„დამძვრალი ფრჩხილები. შეკრული ხელები. კიევის რეგიონის სოფელ კალინოვკაში კიდევ ერთი – 2 სამოქალაქო პირის საფლავი აღმოაჩინეს. რამდენი ასეთი დანაშაულია ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რუსეთმა აირჩია მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორის გზა და უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორად,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი
Torn-out nails. Tied hands. Another grave of 2 civilians was found in the village of Kalynivka, Kyiv region. How many such crimes are in the occupied territories right now? 🇷🇺 chose the path of terror of the civilian population and must be recognized as a sponsor of terrorism. pic.twitter.com/neyKCeZNGu
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების“ სიაში სახელმწიფო მდივანს შეჰყავს ქვეყნები, რომლებმაც არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს.
ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი ქვეყნისთვის ნიშნავს ფინანსურ სანქციებს, საერთაშორისო დახმარების შეზღუდვას, თავდაცვით ექსპორტის აკრძალვას და სხვა ზომებს.
ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა 23 აპრილს, ოდესის დაბომბვის შემდეგ, არაერთხელ მოითხოვესრუსეთის ტერორიზმის სპონსორად დასახლება.
ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში რუსეთის შეყვანას – 27 აპრილს განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დასძინა, რომ იურისტები შეისწავლიან საკითხს, შეესაბამება თუ არა კრემლის ქმედებები კანონის იმ მოთხოვნებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის ამგვარი სტატუსის მინიჭებას განსაზღვრავს.
რუსებმა, რომლებმაც რომან გრიბოვი და მისი თანამებრძოლები დაატყვევეს, არ იცოდნენ, რომ რომანი იყო ფრაზის ავტორი – „რუსკი კარაბლ, იდი…!“.
ამის შესახებ ფრაზის ავტორმა, რომან გრიბოვმა, უკრაინულ გამოცემა lb.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინელი მესაზღვრე დაჯილდოებულია მედლით – „ჩერკასისადმი გაწეული სამსახურისთვის“.
„ეს ვინ თქვა, მათ არ იცოდნენ. ეს კარგი იყო, რადგან ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სახლში ვერ დავბრუნდებოდი“, – განაცხადა საზღვაო ქვეითმა.
მან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მოხდა 24 თებერვალს კუნძულ ზმეინზე და ასევე ტყვეობაში ყოფნის შესახებ.
„ჩვენ იქ ბევრნი ვიყავით (კუნძულზე – რედ). დეტალურად ვერ გეტყვით, ზუსტად როდის ითქვა ეს ფრაზა, როგორ მოხდა. პანიკური მოძრაობა იყო, ამიტომ რა მომენტში მოხდა ეს, არც კი შემიძლია ვთქვა. მოვიდა საზღვაო დესანტი, ჩართო თავისი ცნობილი ჩანაწერი, რომ ჩვენ უნდა დავნებებოდით, თუ არადა, დაგვბომბავდნენ. და ბრძანების შესაბამისად ჩვენ დავნებდით“, – თქვა რომან გრიბოვმა.
საზღვაო ქვეითის თქმით, ოკუპანტები უკრაინელ ტყვეებს „ძაღლებზე უარესად“ ექცეოდნენ.
„გვეცვა зэк-ს [1920-1950 წლებში საბჭოთა ბანაკებში ტყვეების სამოსი] ფორმა, ზემოქმედებდნენ მორალურად. ყველას ერთნაირად გვექცეოდნენ, მათთვის სულ ერთი იყო, ვინ იდგა მათ წინაშე – სამხედრო, ქალი, მღვდელი… ჩვენ არ ვიცოდით, რა მდგომარეობა იყო უკრაინაში. რუსები გვეუბნებოდნენ, რომ კიევი და სხვა ქალაქები უკვე დაიპყრეს, რომ აზრი არ ჰქონდა დაბრუნებას და თუ მაინც დავბრუნდებოდით, ძალიან ცუდად მიგვიღებენ“, – აღნიშნა გრიბოვმა.
ქვეითის თქმით, ოკუპანტები უკრაინელებს არ ეუბნებოდნენ, რომ ისინი ტყვედ ჰყავდათ აყვანილი. „ამბობდნენ, რომ ეხმარებიან მოძმე ხალხს „ნაციონალისტური“ დაჯგუფებებისგან ქვეყნის გაწმენდაში – როგორც ამას თავად უწოდებდნენ. „სპეცოპერაცია“, რომელიც საკუთარი თავისთვის მოიგონეს. ჩვენ რასაც ვსაუბრობდით, მათ არც კი ესმოდათ. ისინი ზომბირებულები არიან“, – აღნიშნა გრიბოვმა.
ამბობს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამება ახლობლებზე ფიქრითა და ლოცვით გადაიტანა.
„გონებით მუდმივად მათთან ერთად ვიყავი. თითქოს მათი მესმოდა კიდეც. არ ვმალავ – ყოველდღე ვლოცულობდი. ზოგადად, ყველას მტკიცედ და ღირსეულად ეჭირა თავი. გვეშინოდა, რომ ტყვეობას თავს ვერ დავაღწევდით. ბევრ რამეზე ვფიქრობდით, მაგრამ იმედიც გვქონდა“, – ამბობს საზღვაო ქვეითი.
რომან გრიბოვის თქმით, არავინ ელოდა, რომ შესაძლებელი იყო ტყვეების გაცვლა: „… ვფიქრობდით დახვრეტაზეც… ხელები შეგვიკრეს, კისერზე ჩამოგვაცვეს ყულფები, რის გამოც გზაში ბევრი გაიგუდა. შეგვყარეს მანქანებში როგორც ხორცი, ნივთები ზემოდან დაგვაყარეს. ბოლო ეტაპზე გავიგეთ, რომ ეს იყო გაცვლა“.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურ რეჟიმში აღარ განახლდება. პანდემიის გამოცხადების შემდეგ დღეს, 3 მაისს, პირველად, stopcov.ge-ზე კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნებულა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, კოვიდსტატისტიკა კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება.
გუშინ, 2 მაისს, პრემიერმა ღარიბაშვილმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ნაწილობრივ მოხსნა – პირბადის გამოყენება სავალდებულოა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შედეგად 220 ბავშვი დაიღუპა.
ეს რიცხვი საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა. ამ ქალაქში რუსი ჯარისკაცები არიან.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1584 სასწავლო დაწესებულება. მათგან 118 მთლიანად განადგურდა.
რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.
___________________
ფოტოზე: ბავშვების ფეხსაცმელები და წითელი საღებავი, როგორც სისხლიანი კვალი, რუმინეთში, რუსეთის საელჩოს წინ. 29 აპრილი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ROBERT GHEMENT
უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 24 200 ადამიანი
ტანკი – 1062 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 2 567 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 475 ერთეული
MLRS – 162 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 80 ერთეული
თვითმფრინავი – 194 ერთეული
ვერტმფრენი – 155 ერთეული
საავტომობილო მანქანა – 1 843 ერთეული
გემი/ნავი – 10 ერთეული
საწვავის ავზი – 76 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 291
სპეციალური აღჭურვილობა – 38
საკრუიზო რაკეტა [ჩამოაგდეს] – 84
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
146 თვითმფრინავი
112 ვერტმფრენი
696 უპილოტო საფრენი აპარატი
286 საზენიტო სარაკეტო სისტემა
2 783 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
316 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 255 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
2 590 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„უკრაინაში შეჭრის შედეგად, რუსეთის არმია მნიშვნელოვნად დასუსტდა, როგორ მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად. ძალების აღდგენა სანქციების გამო ძალიან გართულდება, ეს კი გრძელვადიანად იმოქმედებს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე“, – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსული არმიის მდგომარეობას:
აშშ-ს და დასავლეთის თანამდებობის პირები ფიქრობენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინას ომს ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადებს. ეს რუსეთს სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის გამოცხადების შესაძლებლობას მისცემს:
„რუსეთი უნდა დამარცხდეს და აქ საუბარი არ არის რუსეთის გაჩერებასა და მოგერიებაზე. ის უნდა დამარცხდეს საბოლოოდ, დამარცხდეს ისე, რომ აღარავისთვის იყოს საფრთხის შემქმნელი.“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე:
შსს-ს ინფორმაციით, წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორ „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1998 წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ე.მ. დააკავეს.
მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა სათანადო გარემოში საზღვარგარეთ მოხერხდეს, ონლაინპეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. პეტიცია ლოზუნგით „გადაარჩინე მიშა“ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა დაიწყეს. 3 მაისის დილის 11 საათის მონაცემებით, პეტიციას 13 438 ადამიანი აწერს ხელს. დაგეგმილია 20 ათასი ხელმოწერის შეგროვება.
პეტიციას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარუდგენენ.
„სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პროფესიონალი ექიმების მიერ არის დაკომპლექტებული, გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, რათა მოხდეს მისი სიცოცხლის გადარჩენა. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც პენიტენციურ სამსახურში, ასევე საქართველოში შეუძლებელია პაციენტის მკურნალობა, ოჯახი ვითხოვთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაყვანას საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში.
ჩვენი, როგორც ოჯახის უპირველესი მიზანია გადავარჩინოთ მიშა და სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს,“ – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.
გუშინ, 2 მაისს, სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ ჯერ ომბუდსმენისგან პასუხს ელიან კითხვებზე, რაც გაუჩნდათ.
————-
სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.
ექიმების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ნიადაგზე მას ანორექსია განუვითარდა.
კონსილიუმის ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, ის საქართველოში 29 სექტემბერს შემოვიდა.
პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა 50 დღე იშიმშილა.
„უკრაინაში შეჭრის შედეგად რუსეთის არმია მნიშვნელოვნად დასუსტდა როგორც მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად. ძალების აღდგენა სანქციების გამო ძალიან გართულდება, ეს კი გრძელვადიანად იმოქმედებს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე“, – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსული არმიის მდგომარეობას.
ტვიტერზე გამოქვეყნებულ განახლებაში უწყება რუსეთის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად მოსკოვის მიერ გაწეულ ფინანსურ რესურსებსაც აღწერს. ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ 2005-2018 წლებში რუსეთმა თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით ორჯერ გაზარდა, შედარებით მაღალხარისხიან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საშუალებებში ინვესტიციების ხარჯზე.
„თუმცა ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაციამ მაინც ვერ მისცა რუსეთს შესაძლებლობა უკრაინაში მასშტაბური წარმატება მოეპოვებინა. წარუმატებლობამ, როგორც სტრატეგიულ დაგეგმარებაში, ისე ოპერატიული შესრულებაში, საშუალება მოუსპო მას, თავისი რიცხობრივი ძალა გადამწყვეტ უპირატესობად ექცია“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
2 მაისის განახლებაში ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთმა უკრაინის ბრძოლებში ჩართო 120 ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური დანაყოფები, რაც მისი სახმელეთო ძალების თითქმის 65 %-ია, თუმცა ამ დანაყოფების დაახლოებით მეოთხედი ბრძოლისთვის უკვე გამოუსადეგარია.