მთავარი,სიახლეები

„გადაარჩინე მიშა“ – სააკაშვილის გადასარჩენად ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

03.05.2022
„გადაარჩინე მიშა“ – სააკაშვილის გადასარჩენად ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა სათანადო გარემოში საზღვარგარეთ მოხერხდეს, ონლაინპეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. პეტიცია ლოზუნგით „გადაარჩინე მიშა“ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა დაიწყეს. 3 მაისის დილის 11 საათის მონაცემებით, პეტიციას 13 438 ადამიანი აწერს ხელს. დაგეგმილია 20 ათასი ხელმოწერის შეგროვება.

პეტიციას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარუდგენენ.

„სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პროფესიონალი ექიმების მიერ არის დაკომპლექტებული, გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, რათა მოხდეს მისი სიცოცხლის გადარჩენა. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც პენიტენციურ სამსახურში, ასევე საქართველოში შეუძლებელია პაციენტის მკურნალობა, ოჯახი ვითხოვთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაყვანას საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში.

ჩვენი, როგორც ოჯახის უპირველესი მიზანია გადავარჩინოთ მიშა და სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს,“ – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

გუშინ, 2 მაისს, სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ ჯერ ომბუდსმენისგან პასუხს ელიან კითხვებზე, რაც გაუჩნდათ.

————-

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

ექიმების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ნიადაგზე მას ანორექსია განუვითარდა.

კონსილიუმის ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, ის საქართველოში 29 სექტემბერს შემოვიდა.

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა 50 დღე იშიმშილა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: