მთავარი,სიახლეები

58-ე არმია, რომელიც 2008-ში ცხინვალში შემოიჭრა, არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში გაანადგურეს

04.05.2022 • 13613
58-ე არმია, რომელიც 2008-ში ცხინვალში შემოიჭრა, არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში გაანადგურეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის 58-ე არმიის დიდი ნაწილი უკრაინაში განადგურებულია. ამის შესახებ არესტოვიჩმა იუთუბის არხზე – ФЕЙГИН LIVE-ზე ომის 69-ე დღის შეჯამებისას თქვა.

„მთლიანად განადგურებულია ერთ-ერთი პოლკი… ეს მაშინ, როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ეს-ესაა აიღებენ და ასე შემდეგ. ზაპოროჟიეში 42-ე დივიზია ჩეჩნეთიდან, 150-ე დივიზია, უფროსი ოფიცრები ანგარიშს აბარებენ [რუსეთის გენშტაბს], რომ არ არიან ბრძოლისუნარიანები, განადგურებულია შემადგენლობის 80 პროცენტი და ითხოვენ გაყვანას ხელახალი ფორმირებისთვის.

მთელი 58-ე არმია [განადგურებულია], ბრძოლისუნარიანი დარჩა მხოლოდ მეასე ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მეშვიდე ბაზა აფხაზეთიდან, რომელიც, სხვათა შორის, უარს ამბობდა წინსვლაზე. ისინი დაარბიეს, მაგრამ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ ბრძოლისუნარიანობას“, – თქვა არესტოვიჩმა.

ჩრდილოეთ კავკასიაში ბაზირებული რუსეთის 58-ე არმია 2008 წლის აგვისტოში მთელი შემადგენლობით შემოიჭრა საქართველოში, ცხილვალის რეგიონში და დაიწყო ბრძოლა საქართველოს საჯარისო შენაერთებთან. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ვაზიანის სამხედრო ბაზა და ქართული სოფლები.

გუშინ, 3 მაისს, რადიო „თავისუფლების“ მედიაპროექტმა – Кавказ.Реалии-მ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ 58-ე არმიის 50-მდე კონტრაქტით აყვანილი ჯარისკაცი თავდაცვის სამინისტროს სამსახურში აღდგენის უფლებისთვის უჩივის – ეს სამხედროები სამსახურიდან გააძევეს იმის გამო, რომ მათ უკრაინაში ომის ზონა თვითნებურად დატოვეს, როცა მიხვდნენ, რომ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

Кавказ.Реалии ესაუბრა ერთ-ერთ ჯარისკაცს, რომელმაც გამოცემას უთხრა, რომ კოლონა, რომელშიც იგი იმყოფებოდა, განადგურდა ომის პირველ დღეს ხერსონის რეგიონში და ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთ ოსეთიდან. იგი ასევე ამბობს, რომ ბევრ ჯარისკაცს რუსეთის არმიაში არ აქვს შესაფერისი ტანსაცმელი, ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: