Batumelebi | „მოვასწარი გადახტომა, მაგრამ ნამსხვრევი მომხვდა“ – ბათუმელი სტინგერის მსროლელი უკრაინაში „მოვასწარი გადახტომა, მაგრამ ნამსხვრევი მომხვდა“ – ბათუმელი სტინგერის მსროლელი უკრაინაში – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

„მოვასწარი გადახტომა, მაგრამ ნამსხვრევი მომხვდა“ – ბათუმელი სტინგერის მსროლელი უკრაინაში

„რამდენიმე დღის წინ ერთ საფრენ აპარატს ვესროლე და განადგურდა, მეორეს ჩემმა მეგობარმა დაუმიზნა, მაგრამ ვერ მოახერხა ზუსტი დამიზნება. პირდაპირ შტურმი მოიტანეს ჩვენზე. კიდევ კარგი, გადახტომა მოვასწარი სანგარში, მაგრამ ნამსხვრევი მომხვდა…“ – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე, რომელიც უკვე 55 დღეა უკრაინაში იბრძვის.

ავთანდილ სურმანიძე ბათუმიდანაა, ის სტინგერის მსროლელია.

ავთანდილ სურმანიძე

„ჯავშანჟილეტმა გადამარჩინა, დაზიანება პრაქტიკულად არ მქონდა,“ – ამბობს ქართველი მებრძოლი. იგი ხარკოვშია და ამბობს, რომ სტინგერის გამოყენებას ასწავლის სხვა ჯარისკაცებს. ავთანდილ სურმანიძე 25 დღე ჰოსტომელის აეროპორტში იბრძოდა.

„ხარკოვში ადამიანები ჩვეულებრივად მიდი-მოდიან იმის მიუხედავად, რომ ხშირად ისმის აფეთქების ხმა. აქ ჩამოსვლამდე მქონდა მოსმენილი უკრაინელების გმირობის შესახებ, უშიშარი ხალხიაო, მაგრამ მთლად ამდენი არ მეგონა… გოგოებიც მოდიან, გვასწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ იარაღიო. ამათ როცა ვუყურებ, 9 მაისი კი არა, 29 მაისსაც ვერაფერს იზამს პუტინი. უკრაინამ ნამდვილად დაამტკიცა საკუთარი ქვეყნის სიყვარული,“ – შთაბეჭდილებას გვიზიარებს სტინგერის მსროლელი ბათუმიდან.

ქართველი მებრძოლის აზრით, უკრაინას, პირველ რიგში, დახმარება გამოცდილი ინსტრუქტორების კუთხით სჭირდება, ვისაც მძიმე სამხედრო აღჭურვილობის ეფექტურად გამოყენება შეუძლია.

„მთელი მსოფლიო უკრაინის მხარესაა და ყველა ვხედავთ, მაგრამ რასაც აგზავნიან სამხედრო ტექნიკას, სჭირდება კონკრეტული სპეციალისტი. იგივე სტინგერს თუ მიზანში ვერ ესვრი, რა შედეგი ექნება? სტინგერიც ჩვეულებრივი სუვენირი გამოდის ხო, თუ ვერ ახერხებ მის ზუსტად გამოყენებას…

ახლა მიმდინარეობს პოზიციების გამყარება, ვემზადებით მორიგი იერიშისთვის. ბევრი ადამიანი დავკარგეთ, დღეს გავიგე, ერთ ქართველ მებრძოლს ფეხის მოკვეთაც დასჭირდა… ჩემს ბატალიონში მხოლოდ მე ვარ ქართველი, მაგრამ მუდმივად ვართ კონტაქტზე ქართველებთან.

სამწუხაროდ, ჩემი მასწავლებელი, ჩემი სერჟანტიც დაიღუპა – არკადი კასრაძე 16 აპრილს. მე რომ აქ ჩამოვედი და ეს გაიგო, მესაუბრებოდა, მერე გადაწყვიტა თვითონაც ჩამოსვლა მოხალისედ, მანამდე ბელგიაში იყო, იქ მუშაობდა. ძლიერი სპეციალისტი იყო, არათანაბარ ბრძოლაში დაიღუპა…

საუბარი მიჭირს, იმდენ რამეს ვხედავ. იმდენი გარდაცვალება ვნახე, იმდენი დაჭრილი…“ – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე.

ქართველი მოხალისე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში სწორი არ არის, რადგან „ახლა მთელი მსოფლიოა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ სად ვართ?“ – კითხულობს ის და ხაზს უსვამს ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასაც.

„როცა პრეზიდენტი ციხეში გვყავს გამომწყვდეული, რომელმაც პუტინს არ ჩააბარა საქართველო, ყველაფერი გასაგებია. ეს ჩემი მიწა-წყლისთვის ბრძოლაა და ვერ ვპოულობ სიტყვას ქართულში, რითაც შეიძლება ჩვენი ხელისუფლების მოქმედება დავახასიათო,“ – დასძენს ქართველი მებრძოლი.

ავთანდილ სურმანიძის თქმით, მან ომთან თანაცხოვრება ისწავლა და აღარ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, ვიდრე უკრაინის გამარჯვებას არ ნახავს.

„ომთან ერთად ვცხოვრობ რა… დილის 7 საათზე ვიღვიძებთ ყველა და ყველას თავისი საქმე აქვს. გააჩნია, სად მოგიწევს წასვლა: სადმე, ქალაქთან ახლოს, დასახლებულ პუნქტში თუ ბუნებაში, სანგრებში… ღამით ბიჭები პატრულირებენ.

ხარკოვიც ასე ცხოვრობს: ღამით კომენდანტის საათია. მხოლოდ მოხალისეთა ჯგუფები გადაადგილდებიან ქალაქში, რომ განგაშის დროს მოქალაქეები თავშესაფარში უსაფრთხოდ გადაიყვანონ.

2013 წელს ვისწავლე საჰაერო რაკეტებთან მუშაობა და როცა ომი დაიწყო, მშობლებს ვუთხარი, უნდა წავიდე, ახლა ვჭირდები ჩვენს ქვეყანას-მეთქი. მე მშობლების ნებართვით და დალოცვით წამოვედი აქ. ამაყი ვარ, რომ ისინი ჩემზე მეტად გმირები არიან. დღესაც დამირეკეს და მითხრეს, მშვიდობით დაბრუნდები, ვიცით, ვამაყობთ შენითო,“ – გვითხრა ავთანდილ სურმანიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი