მთავარი,სიახლეები

ბრიტანეთის მოქალაქის თქმით, ის საქართველოში რასისტული მოსაზრებით არ შემოუშვეს

03.05.2022 • 2854
ბრიტანეთის მოქალაქის თქმით, ის საქართველოში რასისტული მოსაზრებით არ შემოუშვეს

2022 წლის 26 აპრილს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს და ანთროპოლოგ აიდა ბალაფკანს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ის დაუყოვნებლივ დეპორტირებული იქნა დიდ ბრიტანეთში, მიუნხენის გავლით, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე.

აიდა ბალაფკანი მეუღლესთან, სოციალურ ანთროპოლოგ, დოქტორ სტეფან უილიამსონ ფასთან ერთად მოგზაურობდა, რომელიც ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. აიდა წერს, რომ მის მეუღლესთან მესაზღვრეებს კითხვები არ ჰქონიათ, ის საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს.

აიდას ქართველი კოლეგა, თამთა ხალვაში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აიდა აქამდეც არაერთხელ იყო საქართველოში, თუმცა საზღვარზე პრობლემები არ შეჰქმნია.

როგორც აიდა განცხადებაში (Denied entry) განმარტავს, ის თეირანში 1993 წლის 10 მაისს დაიბადა და 2008 წლის შემდეგ ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. მისი მშობლები ჟურნალისტები არიან და მუშაობენ BBC-ში.

აიდა ბრიტანეთის მოქალაქე 2014 წელს გახდა. მას შემდეგ ის ირანში არასდროს ყოფილა, რადგან, მისივე თქმით, მის ოჯახზე ირანის ხელისუფლების მხრიდან იყო შევიწროების და მუქარის ფაქტები.

„ლონდონში ვცხოვრობ, იქ ვსწავლობდი სკოლაში, იქ მივიღე ბაკალავრიატისა და მაგისტრის ხარისხი და ამჟამად ვარ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ანთროპოლოგიის განყოფილების დოქტორანტი“, – წერს აიდა.

მას პასპორტი თვითმფრინავში ჩაჯდომის შემდეგ დაუბრუნეს. ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზი კი მისთვის არ განუმარტავთ.

როგორც აიდა ბალაფკანი წერს, მესაზღვრეების მხრიდან მოპყრობა იყო უხეში, დამაშინებელი და არაჰუმანური. მას უარი უთხრეს ქმართან კომუნიკაციის ნებისმიერ საშუალებაზე და არც თბილისში, ბრიტანეთის საელჩოსთან საუბრის უფლება მისცეს.

აიდა მიიჩნევს, რომ მას რასისტული მოსაზრებით უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე, მისი დაბადების ადგილის გამო, რადგან სხვა არანაირი ახსნა-განმარტება არ მიუღია მესაზღვრეებისგან. „ჩემს ეჭვს ისიც ადასტურებს, რომ ჩემი მეუღლე შეკითხვების გარეშე შეუშვეს. ჩვენი პროფილები იდენტურია, გარდა იმისა, რომ მე ვარ ქალი და დავიბადე ირანში“, – ამბობს აიდა.

აიდა ბალაფკანის უფლებებს საქართველოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაიცავს. ამასთან დაკავშირებით პეტიციაც გავრცელდა სოციალურ ქსელში. ორგანიზაცია სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პეტიციის ტექსტში ასევე საუბარია იმაზე, რომ აიდა დეპორტირებულია მხოლოდ მისი ეთნიკური წარმომავლობის გამო, „რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პროცედურების დარღვევას“.

„გარდა ამისა, ეს ფაქტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ მათთვის“, – ვკითხულობთ პეტიციაში.

აიდა ბალაფკანი სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტია ლონდონის უნივერსიტეტში (UCL). ის საქართველოს აზერბაიჯანულ თემში ფარდაგების ქსოვის ტრადიციების, მათთან დაკავშირებული მეხსიერებისა და ამ ფარდაგების საერთაშორისო ბაზრის ქსელის საკვლევად მოდიოდა. როგორც თამთა ხალვაში ამბობს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობასაც აპირებდა, რისთვისაც მან თანხმობაც მიიღო.

პეტიციის ტექსტის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის დელეგატები დაესწრებიან.

„დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის, რაც აიდასთან მიმართებაში მოხდა, მსგავსი დამამცირებელი მოპყრობა აღარ განმეორდება კონფერენციის მონაწილე სხვა პირებთან მიმართებაში.

ეს არის სერიოზული დარტყმა როგორც ქართველ მეცნიერთა საზოგადოებისთვის, ასევე, მთლიანად ქართული კვლევებისთვის. ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განმარტონ, რატომ მოხდა ინციდენტი და მიიღონ შესაბამისი ზომები მსგავსი დეპორტაციების თავიდან ასაცილებლად მომავალში“, – წერია პეტიციის ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები და მეცნიერები, რომლებიც გმობენ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, აღმოფხვრან მსგავსი შემთხვევები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: