მთავარი,სიახლეები

ზახაროვა: ისრაელელი ჯარისკაცები აზოვის მხარდამხარ იბრძვიან

04.05.2022
ზახაროვა: ისრაელელი ჯარისკაცები აზოვის მხარდამხარ იბრძვიან

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ უკრაინაში აზოვის პოლკის მებრძოლებთან ერთად იბრძვიან დაქირავებული ჯარისკაცები ისრაელიდან.

ამის შესახებ ზახაროვამ „რადიო სპუტნიკის“ ეთერში ისაუბრა დღეს, 4 მაისს.

„ახლა ვიტყვი, რის მოსმენაც ალბათ არ მოუნდებათ იმ პოლიტიკოსებს ისრაელში, რომლებმაც გაბერეს საინფორმაციო კამპანია. შეიძლება მათ დააინტერესოთ. უკრაინაში ახლა, ფაქტობრივად, აზოვის ბოევიკების მხარდამხარ არიან ისრაელელი დაქირავებული ჯარისკაცებიც.

ამის შესახებ იქ ცნობილია?! ამის შესახებ შეუძლებელია მათ არ იცოდნენ.

მე ვნახე ვიდეო, ვნახე უბრალოდ… ფაქტურა, მასალები… რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამის მიმართ?!

კიდევ ერთხელ ვამბობ, მხარდამხარ… ეს როგორ შეიძლება ხდებოდეს? ვის უჭერენ მხარს ეს ადამიანები, პოლიტიკურად და ახლა, გამოდის, იარაღით ხელში?“ – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან, Mediaset-თან განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული წარმოშობა მას ხელს არ უშლის იყოს ნაცისტი, პარალელი კი ადოლფ ჰიტლერთან გაავლო, რომელსაც, ლავროვის ვარაუდით, ებრაული სისხლი ჰქონდა. მან ასევე თქვა, რომ ყველაზე სასტიკი ანტისემიტები ებრაელები არიან.

ლავროვის ამ განცხადების გამო ბოლო დღეებში დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა რუსეთსა და ისრაელს შორის.

ისრაელში დაიბარეს რუსეთის ელჩი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი პასუხად განაცხადა, რომ ისრაელი ნეონაცისტების მხარესაა.

აქამდე ისრაელის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომში უკიდურესად ფრთხილი იყო. 20 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა ისრაელის პარლამენტს და მათ უთხრა, რომ „გულგრილობა კლავს“. მან ისრაელის კანონმდებლები უკრაინისთვის იარაღის არმიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არმიერთების გამოც გააკრიტიკა.

ლავროვის განცხადების შემდეგ გუშინ, 3 მაისს, ისრაელის მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელი შესაძლოა უკრაინას უფრო მეტი სამხედრო და ჰუმანიტარული ტვირთით დაეხმაროს, რასაც შექმნილ ვითარებაში სიმბოლური ხასიათი ექნება.

_______________

ფოტოზე: მარია ზახაროვა. ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: