მთავარი,სიახლეები

“უნდა შემცირდეს დამოკიდებულება რუსეთზე” – რას აპირებენ ჩეხი ბიზნესმენები ბათუმში

04.05.2022 • 1242
“უნდა შემცირდეს დამოკიდებულება რუსეთზე” – რას აპირებენ ჩეხი ბიზნესმენები ბათუმში

“გთხოვთ, აწარმოოთ ისეთი ბიზნესი, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას…,”- აღნიშნა დღეს, 4 მაისს, ბათუმის ბიზნესფორუმზე ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილიმ.

ბიზნესფორუმზე ჩეხი და ქართველი ინვესტორები პირისპირ შეხვნენ ერთმანეთს. მანამდე კი, ფორუმის ოფიციალურ ნაწილზე, ჩეხეთის სენატის თავმჯდომარემ ორივე ქვეყნის ბიზმესმენებს მოუწოდა აწარმოონ ისეთი ბიზნესი, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

“თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ არის ცნებები, რომლებიც ადვილად მიღწევადია. ერთად უნდა დავიცვათ ეს ღირებულებები, პოლიტიკოსებმა სწორი პოლიტიკის კეთებით, ბიზნესმენებმა – კარგი წარმოებით… გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი დახმარების გარეშე ჩვენს სახელმწიფოებს არ ექნებათ სათანადო ძალა, რომ შეამცირონ დამოკიდებულება რუსეთზე.

გპირდებით, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია,”- მიმართა ბიზნესფორუმის მონაწილეების ჩეხეთის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილიმ.

“მალე საქართველოს ექნება მის თავზე დამცავი ქოლგა, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი და ნატო,”- განაცხადა ასევე ბათუმის ბიზნესფორუმზე მილოშ ვისტრჩილიმ.

ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ:

“მახარებს, რომ ჩეხური ბიზნესები ოპერირებენ ჩვენს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი პლატფორმა მოგვცემს შესაძლებლობას კერძო სექტორს, ბიზნესის წარმომადგენლებს, განიხილონ ახალი შესაძლებლობები…,”- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მან მადლობა გადაუხადა ჩეხეთს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის.

რა კონკრეტული ბიზნესიედეები განიხილება? – სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ეს ქართველი და ჩეხი ბიზნესმენების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

„…გვაქვს რამდენიმე დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია, მაგალითად, ინდაურის ფერმის მიმართულებით,“ – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ. მისი თქმით, ინდაურის ფერმა სავარაუდოდ ქობულეთში მოეწყობა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ჩეხეთს გადამამუშავებელი მრეწველობით დაინტერესება შესთავაზა, მაგალითად, ბათუმის სამრეწველო ზონით, სადაც სამშენებლო მასალების წარმოებაა შესაძლებელი.

„რა თქმა უნდა, ძირითადი მიმართულება არის ტურიზმი, უძრავი ქონების ბაზარი რჩება აქტუალურ საკითხად… ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩეხური გამოცდილების გადმოტანა მოხდეს ჩვენს რეგიონში,“ – აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ.

ბიზნესფორუმის ოფიციალურ ნაწილზე ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციის დროს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი კურორტ გოდერძს, გონიოს ყოფილ პოლიგონსა და ქობულეთს, სადაც ჩეხური ინვესტიცია „მწვანე ქალაქი“ შეჩერდა. კომპანია „გრინ რეზორტმა“, რომელსაც ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელების ვალდებულება აქვს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კანონმდებლობის მიხედვით კი, ამ გადაწყვეტილების გარეშე კომპანია მშენებლობას ვერ დაიწყებს.

პრეზენტაციის დროს აჭარის ეკონომიკის მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, რომ პანდემიამ შექმნა პრობლემები. პრეზენტაციის შემდეგ კი, ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პროექტი არ შეჩერებულა და ის დათქმულ ვადაში სრულად განხორციელდება.

„შეჩერებული არ არის, წინამოსამზადებელი სამუშაოებია და კომპანია მალე დაასრულებს პირველ ფაზას… კომპანიას უკვე გადახდილი აქვს 6 მილიონი ლარი, წარმოდგენილი აქვს საბანკო გარანტია, არის დამტკიცებული დეტალური განაშენიანების გეგმა და დეტალური პროექტი ერთ-ერთ ტურისტულ ობიექტზე… რა თქმა უნდა, ზოგადად, პანდემიის პერიოდი იყო მნიშვნელოვანი გამოწვევების პერიოდი, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ასევე, ამ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით,“ – აღნიშნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ.

ბიზნესფორუმი ბათუმში ჩეხი და ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: