მთავარი,სიახლეები

რუსებს უკვე ელევათ შეტევითი პოტენციალი – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

02.05.2022 •
რუსებს უკვე ელევათ შეტევითი პოტენციალი – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსები შეწყვეტენ შეტევას და შეეცდებიან გადავიდნენ თავდაცვაზე, რომ დაკავებული ტერიტორიები დაიცვან,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში.

„რუსებმა თავისი მაქსიმუმი აჩვენეს უკვე,“ – ამბობს ის და დარწმუნებულია, რომ რუსები რამდენიმე დღეში ისევ ოპერატიულ პაუზას აიღებენ. გადამდგარი გენერლის აზრით, შემდეგ ეტაპზე უკვე „გარდამტეხი“ იქნება, რამდენად შეძლებს უკრაინა კონტრდარტყმას, რომ რუს ოკუპანტებს უკრაინა დაატოვებინონ.

ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ზუსტად ერთ კვირაში 9 მაისია. დღეს კი  სერგეი ლავროვმა თქვა, „რუსი სამხედროები სპეციალური ოპერაციის მიმდინარეობას ამ თარიღს არ მოარგებენ“, მაგრამ ცხადია, პუტინი პოლიტიკურად ემზადება ამ თარიღისთვის. თქვენ რას ელოდებით 9 მაისისთვის?

რა თქმა უნდა, ლავროვის განაცხადი ბლეფია. ეს „მელიას და ყურძნის“ ამბავია. ჩემი აზრით, ერთადერთი, ყველაზე მიღწევადი, რაც აქვს რუსეთს, ეს არის მარიუპოლი, რადგან რესურსი მართლა გამოლეული აქვთ „აზოვსტალელებს“. თანაც, მარიუპოლი ერთგვარი სიმბოლოა. რუსეთი იტყვის, რომ, აი, აქ იბრძოდნენ „აზოველები“, ნაციონალური დანაყოფები და თითქოს დენაციფიკაცია განახორციელა.

სხვა მიმართულებით, რუსებს არავითარი ხელშესახები წინსვლა არ აქვთ და მას რამდენიმე დღეში მოუწევს ისევ ოპერატიული პაუზის აღება, თუ არ უნდა ბოლომდე გამოიფიტოს.

  • თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებებია იზიუმის მიმართულებით. რა ჩანს თქვენთვის ამ შეტაკებებიდან?  

დიახ, მძიმე ბრძოლებია სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რამდენიმე სცენარი განიხილებოდა. ერთი იყო ღრმა ალყის შეკვრა, როცა მთელი დონბასი ხვდებოდა ამ ალყაში. მეორე იყო მცირე ალყა, რაც გულისხმობს სლავიანსკი-კრამატორსკის მხოლოდ ზურგში გავლას. მესამე ვარიანტი კი, არის ფრონტის დაქუცმაცება, ანუ მცირე ალყების განხორციელება და ტაქტიკური ტომრების შექმნა.

ჩანს, რომ ღრმა ალყის შექმნა არ გამოსდით რუსებს, მათ დახარჯეს დიდი დრო, რესურსი და ვერ გაიჭრნენ ოპერატიულ სიღრმეზე. მცირე ალყაზე კიდევ შეიძლება ფიქრობდნენ რუსები, მაგრამ ამ ტემპებით, რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არ გამოვა. ყველაზე რეალურია მცირე ალყები, რისთვისაც მიდის ახლა ეს ბრძოლები ცალკეული ქალაქისთვის, მაგალითად, გულიაპოლისთვის, ლიმანისთვის. სევეროდონეცკში ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაა, როგორც თავად უკრაინელი სამხედროები ჰყვებიან, იქ აპირებენ მოაწყონ მეორე მარიუპოლი, იმდენად ასწორებენ მიწასთან.

საყურადღებოა, რომ მდინარე სევერსკი დონეცკიზე მოაწყვეს ე.წ. პონტონური ხიდები, ეს მცურავი ხიდია, რომლითაც შეიძლება მეორე ნაპირზე გადასვლა და ეცდებიან, რომ სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებით ზურგში მოექცნენ.

  • უფრო ქვევით რა ხდება, მათ შორის, მიკოლაევის და ხერსონის მიმართულებით? რატომ გაუჭირდათ აქ რუსებს განსაკუთრებით წინსვლა? 

ქვემოთ, პოპასნაიასთან, ისევ მიდის აქტიური ბრძოლები, ესეც არის ფრონტის დაქუცმაცებისა და მცირე ალყის გაკეთების შესაძლო ვარიანტი. რუსებს აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გარკვეულწილად შემოვლითი მცდელობა აქვთ, თუმცა უკრაინელებმაც დაიწყეს ახალი ზღუდის აგება უფრო დასავლეთის მიმართულებით, რადგან ისინიც უშვებენ, რომ რუსებმა შესაძლოა დატოვონ ეს ტერიტორია, ანუ გულიაპოლი და ეცადონ ფრონტის ხაზის გასწორებას.

მთლიანობაში, რუსული არმიის ტემპი ძალიან დაბალია. ზოგადად დღე-ღამეში არის საშუალოდ 40 კილომეტრი  გათვალისწინებული, ისინი კი, შედიან დაახლოებით 5 – 6 კილომეტრით. ეს აჩვენებს იმას, რომ ეს არის მაქსიმუმი შესაძლებლობა, რასაც ახორციელებენ. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსები გაიჭრან ასევე კრივოი-როგისკენ. აქამდე ეს მიმართულება არ ყოფილა.

  • ეს უკავშირდება იმას, რომ ზელენსკის მშობლიური ქალაქია? 

არ ვიცი, ამას უკავშირდება თუ არა, მაგრამ კრივოი-როგი მნიშვნელოვანი ქალაქია თავისი სიდიდით და ადმინისტრაციული მნიშვნელობითაც.

ჩემი აზრით, რადგან რუსეთი ღრმა ალყას ვერ შეძლებს, ვერც მცირე ალყას მოაწყობს და ასეთი დაქუცმაცებით ეცდება ტაქტიკური ტომრების გაკეთებას. ეგ იქნება და ეგ. რუსებს შეტევითი პოტენციალი უკვე გამოლეული აქვთ, დამატებით მობილიზაციას კი, დრო სჭირდება.

  • ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „რუსული დანაყოფების მეოთხედზე მეტი საომარი მოქმედებებისთვის უკვე გამოუსადეგარია…“ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რამდენად უშვებთ იმას, რომ რუსეთმა ისევ განაგრძოს შეტევა ახალი მიმართულებებით 9 მაისის შემდეგ?

რუსეთს შეუძლია საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს. ხარისხზე არ ვსაუბრობ, მაგრამ რაოდენობრივად შეუძლია იგივე დანაყოფი შექმნას, რაც ჰქონდა ომის დაწყებამდე, მაგრამ ხარისხი იქნება სხვა და ამას დასჭირდება დრო.

სრულიად შესაძლებელია, ხერსონის დამოუკიდებლობაც გამოაცხადონ. არ გამოვრიცხავ ასევე, რომ რუსეთმა დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, რაც აქამდე არ გაუკეთებია.

  • რა შეიძლება დნესტრისპირეთში მოხდეს? თქვენთვის რომელი ვერსიაა უფრო რეალური? 

რუსეთს შეუძლია გამოიყენოს დნესტრისპირეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოდესის მიმართულებაზე ექნება მნიშვნელოვანი წინსვლა. სხვა შემთხვევაში, ის ამას ვერ გამოიყენებს. რეალურად იქ არის მხოლოდ მექანიზებული ბატალიონი, ერთი ბატალიონი 540-ე, რომელიც უზრუნველყოფის ბატალიონია. თვითონ დნესტრისპირეთში ჰყავთ 4 კოდირებული ბრიგადა, ერთი საარტილერიო პოლკი, ერთი სატანკო ბატალიონი და ეს არაა ის ძალა, რომელიც შეძლებს შეიჭრას უკრაინაში.

თუმცა ეს არის ძალები, რომლებსაც გარკვეული პირობების შემთხვევაში შეუძლიათ კიშინიოვზე მიიტანოს შეტევა, მაგრამ ის, რომ გადმოვიდეს უკრაინაში, თუკი მას არ ექნება დახმარება, ამის რესურსი არ გააჩნია.

ჩემი აზრით, საჰაერო გზით შეუძლია რუსებს დნესტრისპირეთზე დახმარება, რომელიც გადის რუმინეთზე ან ისევ უკრაინაზე. არა მგონია, ნატოს წევრმა რუმინეთმა ეს სამხედრო ტვირთი გაატაროს, არც უკრაინა, ცხადია, ამას არ გააკეთებს. ეს აფიშირება დნესტრისპირეთით რუსებს ძირითადად სჭირდებათ იმისთვის, რომ უკრაინული დანაყოფები მიაჯაჭვონ დნესტრისპირეთის საზღვარს, რომ ისინი ვერ ჩაერთონ აქტიურად აღმოსავლეთ მიმართულებაზე. ორი უკრაინული ბრიგადა დღეს იქაა და ამას ემატება ოდესის თავდაცვის ძალები, რაც საკმაოდ დიდია.

  • თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში უკრაინა დნესტრისპირეთთან? 

ჩემი აზრით, უკრაინა უნდა შევიდეს დნესტრისპირეთში, როცა მას ამის მომენტი ექნება და მართლაც მოითხოვოს დემილიტარიზაცია. სხვანაირად, უკრაინას ზურგში რჩება რუსული ანკლავი, რომელიც განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის უკრაინის ლოჯისტიკურ ზონას.

  • ამასობაში, ოდესა რამდენად გამაგრებული ქალაქია სამხედრო თვალსაზრისით? 

ოდესა ძალიან ძლიერად გამაგრებულია. ვხედავთ, რომ რუსული ძალები ოდესაზე ვერ მიდიან და ჯერ კიდევ ხერსონთან არიან გაჩერებული. ნიკოლაევთან ხდება შეტაკებები ამ დროისთვის და კონტრშეტევებიც ხდება უკრაინის მხრიდან.

მეორე მხრივ, მინიმუმამდე დავიდა ოდესაზე შეტევის საფრთხე ზღვიდან. ნახავდით, დღეს ორი კატერიც ჩაუძირეს უკრაინელებმა რუსებს. შესაძლოა, ეს მცირე ზომის კატერებია და 20 დესანტის გადაყვანა შეეძლო ერთ კატერს, მაგრამ რუსებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია – საზღვაო საშუალებებს კარგავ ქვეყანასთან, რომელსაც ამ ეტაპზე საზღვაო ძალები საერთოდ არ გააჩნია.

გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც აქვთ უკრაინელებს და ამას წარმატებულად იყენებენ. ასე რომ, მეეჭვება რუსებმა ეს გარისკონ, თუ ოდესა არ იქნება ფაქტობრივად ალყაში და ფაქტობრივად არ იქნებიან რუსები ოდესასთან მისულები.

  • თქვენი დაკვირვებით, ხომ არ გახდა დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი ომის დასრულება, თუნდაც გარკვეული ტერიტორიის დროებით დათმობის ნაცვლად და რამდენად შეიძლება ამაზე წავიდეს უკრაინა? 

ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და აქ საუბარი არ არის რუსეთის გაჩერებასა და მოგერიებაზე. ის უნდა დამარცხდეს საბოლოოდ, დამარცხდეს ისე, რომ აღარავისთვის იყოს საფრთხის შემქმნელი.

ვხედავთ, რომ უკრაინა, გარდა იმისა, რომ იბრძვიან დაუზოგავად, ეფექტურად იყენებს ამ მიწოდებულ აღჭურვილობას. უკრაინას მიაწვდიან ისევ სამხედრო აღჭურვილობას. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ დაამარცხონ რუსები. ჩემი აზრით, მოხდება შემდეგი: რუსები შეწყვეტენ შეტევას და შეეცდებიან გადავიდნენ თავდაცვაზე და დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე. ეს ეხება არამხოლოდ ლუგანსკი-დონეცკის, არამედ ყირიმსა და რუსებს შორის არსებულ დერეფანს, ასევე ხერსონის რაიონს, იქ დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, ასევე ზაპოროჟიეს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ეცდებიან, რაც ნიშნავს მარიუპოლის დერეფნის მიერთებას. შემდეგ ეტაპზე რუსები სწორედ ამის დაცვას შეეცდებიან.

  • თქვენი ვარაუდით, უკრაინას კონტრდარტყმისთვის რა დრო დასჭირდება და ეს უფრო რაზეა დამოკიდებული: სათანადო სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე, თუ ამ ტექნიკის მართვის შესწავლაზე? 

კონტრდარტყმისთვის უკრაინას სჭირდება დამატებითი შესაძლებლობები. ერთია, შეაჩერო მოწინააღმდეგე, მეორეა – დაამარცხო ის. ამ დამარცხებისთვის მას სჭირდება დამატებითი შესაძლებლობები. ბუნებრივია, პერსონალი მზადდება და საჭირო აღჭურვილობას უკრაინას მიაწვდიან ისევ, რაც უკვე იქნება, ჩემი აზრით, გარდამტეხი ამ ომში. კონტრდარტყმის განხორციელებისთვის უკრაინას რამდენიმე თვე დასჭირდება, ის უნდა  მოემზადოს კარგად ამისთვის, ბრძოლის ველი შესაბამისად მოამზადოს, ამ აღჭურვილობის აკუმულირება განახორციელოს და შემდეგ გადავიდეს ამ ეტაპზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: