მთავარი,სიახლეები

პოდოლიაკი ქართველებზე, საქართველოს ხელისუფლებასა და ივანიშვილზე

04.05.2022 • 2376
პოდოლიაკი ქართველებზე, საქართველოს ხელისუფლებასა და ივანიშვილზე

„ამერიკის ხმა“ ვიდეოინტერვიუს აქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთან, მიხაილო პოდოლიაკთან. პოდოლიაკი აფასებს უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ხელისუფლების მიდგომებს, ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის პირობებში ქვეყნის პოლიტიკას.

ინტერვიუს უძღვება ანი ჩხიკვაძე

  • მინდა საქართველოს მთავრობაზე გკითხოთ, ვიხილეთ თქვენი დაზვერვის განაცხადი, რომ რუსეთი აწარმოებს საქართველოსთან მოლაპარაკებებს სანქციების გვერდის ავლის მიზნით. თქვენ გიპასუხათ ქართულმა ოცნებამ და ითხოვენ ამის სამხილებს. გაქვთ თუ არა მტკიცებულება? თუ კი – რატომ არ აქვეყნებთ?

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და, რა თქმა უნდა, არა ხალხის, პოზიცია აშკარად უპირისპირდება დემოკრატიის, საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს აქვთ.

რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყანასთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს.

ჩვენ გვესმის, რომ იქნება სანქციების გვერდის ავლის გარკვეული მცდელობები და თუ ეს მოხდება, რადგან ერთია, ჩვენი ვარაუდი, რომ ეს მოლაპარაკებები მიდის და მეორე, უკვე კონკრეტული კომპანიების სახელები, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც კი მივიღებთ კომპანიების კონკრეტულ სახელებს, გვაქვს სანქციების კომისია, რომელიც აფასებს და აანალიზებს ყველაფერს, რაც ხდება სანქციების მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ამ კომპანიების სახელები გამოქვეყნდება. ეს ისე შეიძლება იყოს მოწყობილი, რომ ამ ფანჯრით არა პირდაპირ რუსეთმა მიიღოს ფული ან კომპონენტები, არამედ, ეს ქართული ან ნებისმიერი სხვა შუამავლის მეშვეობით მოხდეს.

  • ეს განცხადებები აქამდეც ვიხილეთ. აპირებთ რაიმე მტკიცებულების წარდგენას? – საქართველოს მთავრობა ამას უარყოფს.

მესმის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს საერთაშორისო პოლიტიკაა და აქ საქმე ბევრად ფაქიზადაა. ერთია, ეს განცხადება და მეორეა უკვე იურიდიულად დამტკიცებული პრეტენზიები. როდესაც გავიგებთ, რომ სანქციების გვერდის ასავლელად საქმე უკვე რუსეთ-საქართველოს შორის საუბრიდან კონკრეტულ იურიდიულ ჩრდილოვან ურთიერთობებში გადადის, მაშინ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ, თუ გვექნება დოკუმენტების პაკეტი იურიდიული დადასტურებებით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ასეთი გვერდის ავლით მანევრები ხორციელდება.

  • მას შემდეგ, რაც თქვენმა კოლეგამ, ლექსეი არესტოვიჩმა განცხადებები გააკეთა და თქვენ რა განცხადებაც გააკეთეთ ტვიტერზე, საქართველოს ხელისუფლებისგან ვიხილეთ ბრალდებები, რომ კავშირში ხართ ქართულ ოპოზიციასთან. ამას რას უპასუხებდით?

ჩვენ ვმოქმედებთ თავისუფალი დემოკრატიის პრინციპით. ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საქმეებში, ჩვენ ვაფასებთ მოქმედებებს, რომლებიც საჯაროა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება იკავებს ძალიან სპეციფიკურ პოზიციას. მე ვიტყოდი, ჩვენ, როგორც უკრაინას, გვაქვს უფლება, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტიდან გამომდინარე, შევაფასოთ ეს კომპონენტი.

საყოველთაოდ ცნობილია ბატონი ივანიშვილის რეპუტაციაც. ცნობილია ბატონი ივანიშვილის ორიენტაცია პოლიტიკისა და საქმიანობის კუთხით და ამაზე საჯაროდ საუბარი, რა თქმა უნდა, შეიძლება.

მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველო თავად განსაზღვრავს, რომელია მისთვის მისაღები ხელისუფლება. რა ღირებულებებს იზიარებს ეს ხელისუფლება და მიიჩნევს თუ არა ქართველი ხალხი საჭიროდ მოთმინებით მიუდგეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. და მიიჩნევს თუ არა ამას პარტნიორულ დამოკიდებულებად.

ჩემთვის პასუხი აშკარაა, ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისთვის პასუხი აშკარაა. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მას რჩევას ვერ მივცემ, თუმცა ქართული საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ოკუპანტთან და რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის ნამდვილად ოკუპანტია, იკავებს უცნაურ პოზიციას.

უკრაინას არ სურს, რომ მის ტერიტორიაზე ოკუპანტი იყოს, ამიტომ ჩვენ გათავისუფლებისთვის ომს ვაწარმოებთ. ვაწარმოებთ ომს, რათა უკრაინის ტერიტორია იყოს სუვერენული, ხელშეუხებელი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც რუსეთის ფედერაციაა.

ჩვენი გადმოსახედიდან ვფიქრობთ, რომ საქართველოს შეეძლო უფრო გასაგები პოზიცია დაეკავებინა. რატომ? – იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციით მანაც იზარალა.

  • თქვენ ბრალს გდებენ, რომ გსურთ მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართვა. განცხადებები, რომლებიც გაკეთდა და სიტყვები, რომლებსაც იყენებენ, ძალიან რადიკალურია. რას უპასუხებდით ამას?

ნათელი და გასაგები რომ იყოს, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, არსებობს ქვეყანა, არსებობს მისი სუვერენიტეტი, არსებობს მისი თავისუფლება. თუ ქვეყანა ოკუპირებულია, მან თავი უნდა დაიცვას. ეს იმის მიუხედავად, უკრაინაზეა საუბარი, საქართველოზე თუ სხვა რომელიმე ქვეყანაზე. უკრაინა ნაწილობრივ ოკუპირებულია, ჩვენ ვიცავთ თავს.

შეუძლია თუ არა საქართველოს დაიცვას თავი? – შეუძლია. სურს თუ არა, ეს მისი არჩევანის უფლებაა. ეს არის ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების არჩევანი. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ რჩევა საქართველოს მთავრობას, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება.

ჩვენ მხოლოდ იქიდან ამოვდივართ, რომ არსებობს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ექსპანსიურია და ყიდის მხოლოდ სხვისი ტერიტორიის მითვისების იდეას. ამიტომ ასეთ ქვეყანასთან მეგობრობა, მისი პოზიციის მხარდაჭერა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო მის წინააღმდეგაა, ცალკეული სპეციფიკური რეჟიმების გამოკლებით, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ქვეყნის მესამედი ოკუპირებულია. გვინდა, რაიმე ლოგიკა დავინახოთ.

თუ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა დათმოს, დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. არ შეგვიძლია ეს გავკიცხოთ ან წავახალისოთ. ჩვენ უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენთ. საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა იბრძოლო. შეხედეთ უკრაინას – დიდ ფასს ვიხდით ჩვენი ბიჭების სიცოცხლით, თუმცა უკრაინაში არავინ ფიქრობს, რომ უფლება უნდა მივცეთ რუსეთის ფედერაციას ევროპაში ითარეშოს.

  • ქართველი ხალხისგან თუ გრძნობთ მხარდაჭერას?

დიახ. ქართველი ხალხისგან ნამდვილად ვგრძნობთ მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია. ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც რეალურად აქვს ხალხს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან.

___

ინტერვიუ მიხაილო პოდოლიკათან

„სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ან რუსეთის დიდი ქალაქების მცხოვრებლები, Არამედ, ეროვნული ავტონომიების ანუ ბურიატიის, ტუვის, დაღესტნის, ინგუშეთის მცხოვრებლები იღუპებიან. ანუ რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინის ტერიტორიაზე უმეტესწილად სხვა ეროვნების ავტონომიების ან ეროვნული რეგიონების მოქალაქეებს ანადგურებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: