ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ არ დაიწყო ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა

08.04.2022 • 5341
რატომ არ დაიწყო ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა

კომპანია „გრინ რეზორტმა“, რომელსაც ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელების ვალდებულება აქვს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კანონმდებლობის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გარეშე კომპანია მშენებლობას ვერ დაიწყებს.

„გრინ რეზორტს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სკოპინგის დასკვნიდან 2 წელში უნდა მიეღო. სკოპინგის დასკვნაზე მინისტრის ბრძანება კი, 2020 წელს გამოიცა.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“, თუ კომპანია სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში ვერ მიიღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, უქმდება სკოპინგის დასკვნაც.

აქედან გამომდინარე, 2022 წლის 29 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქობულეთის მუნიციპალიტეტში შპს „გრინ რეზორტის“ მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ მინისტრის 2020 წლის ბრძანება.

აღნიშნული სკოპინგის დასკვნით, კომპანიას 2 წლის წინ გზშ-ს მომზადება და მასში არქეოლოგების ჩართვა დაევალა: „გრინ რეზორტს“ დაავალეს ფიჭვნარში გზშ-ის მომზადებისას არქეოლოგები ჩართოს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გრინ რეზორტმა“ სწორედ გზშ არ წარმოადგინა. შესაბამისად, მთელი სკოპინგის პროცედურა – ხელახალი დასკვნისა თუ შემდეგ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანიამ თავიდან უნდა გაიაროს.

სკოპინგი – არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს.

ქობულეთში მიწის იმ ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც აჭარის მთავრობამ „გრინ რეზორტს“ პირდაპირი წესით და პირობებით 6 040 265 ლარად მიჰყიდა, 32 333 544 ლარი იყო. ნაკვეთები ამ ფასად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 5 თებერვალს შეაფასა, ქონება კი, იმავე წლის 21 მარტს გაიყიდა. გაყიდული ნაკვეთების საერთო ფართობი, რომლებზეც „მწვანე ქალაქი“ უნდა გაშენდეს, 1 796 308 კვ/მ-ია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით, „გრინ რეზორტს“ მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვის ვადაში ანუ 2021 წლის მარტში უნდა დაეწყო.

მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად კომპანიას, როგორც ქობულეთის მერიაში გვითხრეს, შესაბამისი სამსახურისთვის ჯერ არც მიუმართავს.

მიუხედავად ამისა, კომპანია ხელშეკრულებას არ არღვევს, იმ უბრალო მიზეზით, რომ მას აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ მშენებლობის დაწყების ვადა 30 თვით გადაუვადა.

„მშენებლობის დაწყების ვადა არის ხელშეკრულების გაფორმებიდან 56 თვე [21.11.2023]“ – მოგვწერეს სამინისტროდან.

შესაბამისად, „გრინ რეზორტს“ არც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ვერმიღებით ეშლება ხელი.

ამ დროისთვის, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს, „გრინ რეზორტის“ მიერ „ბიუჯეტში გადახდილია 6 მილიონი ლარი – საპრივატიზებო ღირებულება; წარმოდგენილია 2 მილიონი ლარის საბანკო გარანტია და ტერიტორიის განვითარების დეტალური კონცეფცია. დამტკიცებულია გრგ ქობულეთის საკრებულოს მიერ; გაცემულია ნებართვა ვილის მშენებლობაზე [გეგმა გრაფიკის შესაბამისად].“

„გრინ რეზორტისთვის“ ტერიტორიის მიყიდვით, რომელიც ნაწილობრივ ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიასაც მოიცავს, პირდაპირი განადგურების საფრთხე შეუქმნა ქობულეთის ფიჭვნარის არქეოლოგიურ ძეგლს – ამის შესახებ საუბარია საზოგადოება „ბათომის“ წერილში, რომლის ადრესატებიც არიან: ქვეყნის პრემიერი, კულტურის მინისტრი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს ქობულეთში შეამცირა იმ ტერიტორიის ფართობი, რომლებსაც წინა წელს ძეგლის სტატუსი მიანიჭა – როგორც ფიჭვნარის ნამოსახლარს.

ტერიტორიის ნაწილი [20 ჰექტრიდან დაახლოებით 14 ჰექტრამდე ფართობი], რომელსაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა, კერძო კომპანიის – შპს „გრინ რეზორტის“ საკუთრებაში იყო.  სააგენტომ კომპანიის საკუთრებაში მოქცეული ძეგლის ტერიტორია დაახლოებით 4 ჰექტრამდე შეამცირა, ანუ 10 ჰექტრამდე ფართობს ძეგლის სტატუსი მოუხსნა.

უფრო ვრცლად ამავე თემაზე:

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

მთავარი ფოტო: სასტუმრო/რენდერი. წყარო: განაშენიანების რეგულირების გეგმა

გადაბეჭდვის წესი