მთავარი,სიახლეები

რომელი ქვეყნებიდან ელოდებიან წელს ტურისტებს აჭარაში

04.05.2022 • 2226
რომელი ქვეყნებიდან ელოდებიან წელს ტურისტებს აჭარაში

წელს ყველაზე მეტ ტურისტს აჭარაში ისრაელიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ელოდებიან. როგორც აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინა ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, წელს ყველაზე აქტიურად სწორედ ამ მიმართულებებზე მუშაობენ.

„დღეს, როდესაც ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში ომი მიმდინარეობს და პანდემია არ არის ჯერ კიდევ დასრულებული, ტურისტულ მიმართულებებზეც შეიცვალა მიდგომები. აუცილებელია ჩვენი რეგიონის და ქვეყნის, როგორც უსაფრთხო, სტაბილური, საინტერესო და მრავალფეროვანი მიმართულების სწორი პოზიციონირება“, – ამბობს თინა ზოიძე.

მისი თქმით, წელს სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ.

„პირველი, ეს არის ტრადიციული ბაზრები, სადაც ქართული ღვინით და კულინარიით შევდივართ, ასევე ზღვაზე დასვენება იქნება მნიშვნელოვანი. ევროპულ მიმართულებებზე კი ბათუმის და, ზოგადად, საქართველოს ბრენდინგი ხდება, როგორც უსაფრთხო და სტაბილური ტურისტული ადგილის მიმართულებით.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ წელს რიგა-ბათუმის პირდაპირი რეისიც დაინიშნა. „ეარბალტიკი“ მაღალბიუჯეტიანი კომპანიაა, რომელიც ტრანზიტულად სკანდინავიის ქვეყნებთანაც გადის კავშირზე, ამიტომ ფრენები დაგეგმილია ისე, რომ ვიზიტორები, რომლებიც ვილნიუსიდან და ტალინიდან მოფრინავენ, მარტივად გადმოფრინდნენ ბათუმშიც.

ჩვენ ადგილზე – ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიაში 180-მდე ტუროპერატორებსა და სააგენტოებს შევხვდით, რომლებიც არა მხოლოდ ბალტიისპირეთზე, არამედ სკანდინავიის ქვეყნებზეც მუშაობენ. გავაცანით ჩვენი ტურისტული სიახლეები და შეთავაზებები. მათაც ჰქონდათ ძალიან კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებით და დეტალურად ვესაუბრეთ“, – ამბობს თინა ზოიძე.

მისი თქმით, ამ შეხვედრებზე ქართული ტურისტული სააგენტოებიც იმყოფებოდნენ თავიანთ სამიზნე კომპანიებთან.

„უკვე ჩაშვებული ბილეთების ჯავშნებით თუ ვისაუბრებთ, ზაფხულის სეზონისთვის 80 პროცენტი „ეარბალტიკს“ უკვე დაჯავშნილი აქვს“, – ამბობს თინა ზოიძე.

მისი თქმით, წელს აქტიურად დაიხარჯება თანხა რეკლამირებაზეც. სულ 5 მილიონი ლარია გამოყოფილი და აქედან მხოლოდ 633 ათასი ლარი დაიხარჯება შიდა რეკლამაზე, დანარჩენი – საერთაშორისო რეკლამაზე.

„ეარბალტიკის“ ყველა რეისზე ვიდეორგოლები გადის ჩვენი რეგიონის შესახებ, ასევე, საბორტო ჟურნალის ყდაზე ბათუმია გამოტანილი. ამავდროულად, ფეისბუქშიც ჩაეშვა „ეარბალტიკის“ სამომხმარებლო პლატფორმაზე სარეკლამო კამპანია და ჩაშვებულია სარეკლამო ბლოგები. განსაკუთრებული დატვირთვა გვაქვს ლატვიაში, რადგან იქიდან გვაქვს პირდაპირი ფრენები ბათუმში.

რადგან ციფრული სისტემების მოხმარება აქტუალურია, წელს ვცდილობთ ამ მიმართულებითაც გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტული მიმართულების შესახებ საძიებო სისტემები, რომ  გუგლის საძიებო ველებში ბათუმი სწორად იძებნებოდეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იპოვოს ადვილად, ვინც ბალტიისპირეთიდან მიდის სამოგზაუროდ და დასასვენებლად ეძებს ტურისტულ ადგილებს“, – ამბობს თინა ზოიძე.

მისი ინფორმაციით, ქვეყნების მხრივ წელს ასევე პრიორიტეტულ მიმართულებაში იქნება ისრაელი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, საიდანაც გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა და დანიშნულია ფრენებიც ბათუმის აეროპორტის მიმართულებით.

ირანს რაც შეეხება, როგორც თინა ზოიძემ გვითხრა, იმის მიუხედავად, რომ სავიზო რეჟიმია შემოღებული ამ ქვეყანასთან, მაინც მაღალია ვიზიტორთა რაოდენობა.

თინა ზოიძის თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ვიზუალურად მოწესრიგებული იყოს ყველა მუნიციპალიტეტში ტურისტული ადგილები – ყველა მუნიციპალიტეტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იზრუნოს ამაზე.

ძველი ბათუმი

„ძველ ბათუმში ბევრი ახალი ობიექტი გაიხსნა, როგორც კვების, ასევე დასვენების, განახლებული სერვისები დაამატა ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა, ჩვენი დაცული ტერიტორიები, როგორც ვიცით, „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის სიაშია და ამ პარკებშიც ბევრი სერვისი დაემატა.

სიახლეები გვაქვს ის, რომ ასზე მეტი ახალი ობიექტი გაიხსნა, მათ შორის, გლემპინგის სივრცეები, საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები, კოტეჯები, მაღალმთიან აჭარაში 15-ზე მეტი ახალი ბილიკი გვაქვს, რომლებიც უკვე მარკირებულია.

ჯვარიმინდვრის საპიკნიკე, რომელიც შარშან აშენდა, წელს ოფიციალურად გაიხსნება და მიიღებს სტუმრებს. ასევე შარშან გაკეთდა ახალი ბილიკი, რომელიც შუახევსა და ქობულეთს აკავშირებს და კანიონინგი, რომელიც შარშან ჩავუშვით, წელს პირველად უმასპინძლებს ვიზიტორებს.

კინტრიშის ხეობაშიც გაკეთდა ახალი ბილიკი სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის – წელს ამ ბილიკსაც შევთავაზებთ ტურისტებს. წელს პირველად იქნება კანიონინგის შესაძლებლობა კაპნისთავშიც, რომელიც ქალაქთან ახლოს მდებარეობს, დაემატება ველობილიკი, რომელიც პირველად გაიხსნება წელს“, – ამბობს თინა ზოიძე.

მისი თქმით, ზოგადად, ტურისტული ინფრასტრუქტურა პრობლემაა საქართველოში, თუმცა ცდილობენ, ყველა პოპულარულ მიმართულებაზე ინფრასტრუქტურა განახლდეს.

„მირვეთზე განახლდება ასევე ბილიკების ინფრასტრუქტურა, უკვე გაფორმდა კონტრაქტი და მალე იქნება. დანდალოს ხეობაში ჩანჩქერთან მისასვლელი ნაპირები წესრიგდება და ვგეგმავთ ახალი ადგილების შეთავაზებასაც ტურისტებისთვის მახუნცეთში.

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას მთას რაც შეეხება, აქაც საფეხმავლო ბილიკები გამართულია. წესრიგშია ზიპლაინებიც“, – გვითხრა თინა ზოიძემ.

მისი თქმით, პანდემიიდან და უკრაინის ომის პირობებიდან გამომდინარე რთულია ზუსტი პროგნოზი, რამდენი ტურისტი შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოში წელს. თუმცა, როგორც თინა ზოიძე ამბობს, სწორედ პანდემიის გამო ბევრი ადამიანი ცდილობს იმოგზაუროს და გავიდეს საზღვრებს გარეთ.

„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, წელს 75-80%-მდე უნდა აღდგეს 2019 წლის ტურისტული მაჩვენებელი ქვეყნებში.

ჩვენ ამ პერიოდში აჭარაში 2 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური გვყავდა პირველ კვარტალში. ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი 50 პროცენტით უკვე გაუმჯობესებულია. წელს მინიმუმ 85 პროცენტით ველოდებით ტურისტული მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – ამბობს თინა ზოიძე.

მისი თქმით, ავიაციის სააგენტო ასევე მუშაობს „ვიზიართან“ იმაზე, რომ უახლოეს მომავალში გაზარდოს ფრენების რაოდენობა საქართველოს მიმართულებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: