მთავარი,სიახლეები

3 კვირა რუსეთის ციხეში და უკრაინაში დაბრუნება ფეხის თითების გარეშე – BBC

02.05.2022 • 16250
3 კვირა რუსეთის ციხეში და უკრაინაში დაბრუნება ფეხის თითების გარეშე – BBC

უკრაინელი ნიკიტა გორბანი მშობლიური სოფლიდან გაიტაცეს რუსმა ჯარისკაცებმა და რუსეთში წაიყვანეს. ის ერთ-ერთია, ვინც ტყვეების გაცვლის შედეგად დაბრუნდა უკრაინაში. ტყვეობაში მან ფეხის თითები დაკარგა. ნიკიტას შესახებ სტატია „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა.

ნიკიტა საავადმყოფოს ძველ საწოლზე ფეხებგადაჯვარედინებული ზის და სახვევებს ასწორებს იქ, სადაც ფეხის თითები ჰქონდა.

მას მაისური და სპორტული შარვალი აცვია, რითაც რუსმა სამხედროებმა გამოუშვეს სახლში. ფერმკრთალი და დაღლილია, თავის ასაკზე, 31 წელზე უფროსად გამოიყურება.

„ძალიან გავხდი“, – ამბობს ის და სადღაც ქვემოთ იხედება. – „ცუდად გამოვიყურები“.

მხოლოდ ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მან ფეხზე დადგომა შეძლო. ახლა მუდმივად უნდა ამოძრაოს ფეხები, რომ არ ასტკივდეს.

მარტის დასაწყისში რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ანდრეევკა, პატარა სოფელი კიევის დასავლეთით. ნიკიტა, კიევის საავადმყოფოს ლაბორანტი, ცივ, ნესტიან სარდაფში იმალებოდა მამასთან, საშასთან, ცოლთან და 5 წლის შვილთან ერთად. საშა ნიკიტას მამინაცვალი იყო, მაგრამ ეს უკვე აღარავის ახსოვს, ისინი დიდი ხანია მამა-შვილს ეძახდნენ ერთმანეთს.

რუსი ჯარისკაცები კარდაკარ დადიოდნენ და მათი სამალავი იპოვეს. კაცები სარდაფებიდან გამოათრიეს და სცემეს, იხსენებს ნიკიტა. „სროლა იყო, სოფელში ხალხს კლავდნენ, ეს საშინელება იყო“.

მათ თვალები აუხვიეს და იარაღის მუქარით მინდორში წაიყვანეს, სადაც მათი წამება დაიწყეს. ნიკიტას მუხლზე ახალი ნაჭრილობევი აქვს. ის ამბობს, რომ ჯარისკაცები სახსარზე ქანჩს უჭერდნენ, სანამ კანი არ გასკდა. ნიკიტას სამეზობლოდან სხვა ადამიანების ხმა ესმოდა, მაგრამ არ იცოდა, ვინ იყვნენ ისინი და რამდენი.

„ის, რაც მახსოვს – ფიქრი იყო მამაჩემზე. სად არის, თუ აღარ არის ცოცხალი?“

რუსებმა ისინი აიძულეს ფეხზე გაეხადათ, ჩექმები წყლით აავსეს და ჩაცმა აიძულეს. შემდეგ ტყვეები მინდორზე სახით მიწაზე დააწვინეს. „ასე ვიწექით 3-4 ღამე, წვიმაში, უფრო და უფრო ციოდა“, – ჰყვება ნიკიტა.

როცა რუსების ხმა ახლომახლო აღარ ისმოდა, ნიკიტამ ჩუმად დაიძახა: „მამა, აქ ხარ?“ საშა გამოეპასუხა. ამ მომენტიდან მოყოლებული ისინი ყველა ჯერზე ლაპარაკობდნენ, როცა ფიქრობდნენ, რომ ეს უსაფრთხო იყო.

ჯერ ძალიან ციოდა, მალე კი ნიკიტა საერთოდ ვეღარ გრძნობდა საკუთარ ფეხებს. შემდეგ სულ ახლოს დაიწყო ჭურვების ცვენა. „დიდხანს ვიწექით მიწაზე ასე, ყოველ ჯერზე ვემშვიდობებოდით სიცოცხლეს“, – ჰყვება ნიკიტა.

ბოლოს და ბოლოს ისინი, კვლავინდებურად ახვეული თვალებით, ააყენეს მიწიდან და საბარგო მანქანაში შეტენეს. ნიკიტა ცდილობდა გამოეთვალა, რა დრო გავიდა. რაღაც მომენტში მათ ტყვეების სხვა ჯგუფიც შეუერთეს და ვერტმფრენში აიყვანეს. საჭმელი საკმარისი არ იყო – ნიკიტას თქმით, მათ მხოლოდ ერთ თეფშ ფაფას, პურის ნაჭერს და რამდენიმე ორცხობილას აძლევდნენ. ვერტმფრენიდან ტყვეები საბარგო თვითმფრინავში გადასვეს. მისი შეფასებით, აქ 10-12 ტყვე იყო.

„კარგად ხარ?“ – ჰკითხა ნიკიტამ მამას.

„კი, კარგად“ – უპასუხა საშამ.

სოფლის ირგვლივ ჭურვები ფეთქდებოდა, შუალედებში კი რუსი ჯარისკაცები სახლებს არბევდნენ. ერთი თვის განმავლობაში ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ ერთმანეთზე.

ნიკიტა და საშა რუსეთში, ტყვეების ბანაკში მიიყვანეს, სადაც მათ თვალებიდან სახვევები მოხსნეს. მათ ერთმანეთი დაინახეს და გადაეხვივნენ. საშა ისევე აწამეს, როგორც ნიკიტა, ქანჩით, მაგრამ მამინაცვალი უფრო დაშავდა – ერთი თითი კანის და კუნთის პატარა ნაფლეთზე ეკიდა. იგი საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თვალებზე სახვევის მოხსნის შემდეგ ნიკიტამ შეძლო ფეხებზე დახედვა. ფეხის თითები გაუშავდა. მან იცოდა, რომ თითები მოეყინა და სამედიცინო დახმარება ითხოვა. საველე ჰოსპიტალში მხოლოდ თითები გაუმშრალეს და დოლბანდით შეუხვიეს. მას ისევ აიძულეს ფეხზე ჩაეცვა და 5 დღის შემდეგ ტყვეების ბანაკიდან საბარგო მანქანით გადაიყვანეს კურსკის №1 „სიზოში“ [წინასწარი დაკავების იზოლატორი].

ნიკიტას თქმით, ახალ ტყვეებს ფორმა ჩააცვეს, გაკრიჭეს და უთხრეს, რომ მათ „აცრას“ გაუკეთებდნენ – როგორც აღმოჩნდა, ამაში ახალი ცემა იგულისხმებოდა. იმ მომენტში, როცა ის, საშა და კიდევ 10 ტყვე კამერაში ჩაკეტეს, ნიკიტა უკვე ხვდებოდა, რომ შესაძლოა ორივე ფეხი დაეკარგა.

„პირველ ღამეს მივხვდი, რომ საერთოდ ვერ ვგრძნობ ფეხებს და არც მათი კონტროლი შემეძლო. ფეხებს უკვე საშინელი სუნი ჰქონდა“, – იხსენებს ნიკიტა.

კამერაში არც სხვებს ჰქონდათ საქმე უკეთესად. რამდენიმემ შემდეგში დაკარგა კიდური. ციხეში სამედიცინო დახმარება მინიმალური იყო – ანტიბიოტიკები და გადახვევა სამ დღეში ერთხელ. ნიკიტას თქმით, ციხის ექიმმა მას უთხრა: „აქ კარგი წამლები და მკურნალობა გვაქვს, მაგრამ არა – თქვენთვის“.

კამერაში ტყვეები, როგორც შეეძლოთ, ამხნევებდნენ ერთმანეთს, იხსენებდნენ სახლს, ოჯახებს, ჰყვებოდნენ ანეკდოტებს. ნიკიტას თქმით, მათ აიძულებდნენ ზეპირად ესწავლათ პატრიოტული სიმღერები და ემღერათ მცველებისთვის. „რუსეთის ჰიმნი და კიდევ ერთი საზიზღარი, პუტინის მადიდებელი სიმღერა დილას მოგვცეს და გვითხრეს სადილამდე გვესწავლა“, – ამბობს ნიკიტა.

მისი თქმით, მათ დღეში 2-3-ჯერ ჰკითხავდნენ და სცემდნენ. ამის შემდეგ ისინი აიძულეს, ხელი მოეწერათ დოკუმენტზე იმის შესახებ, რომ მათ კარგად ექცეოდნენ, კვებავდნენ და ზიანს არ აყენებდნენ. ამ დოკუმენტიდან გაიგეს, სად იმყოფებოდნენ, ქაღალდზე ბეჭედი იყო – „კურსკის სიზო №1“.

ციხეში გატარებული 3 კვირის შემდეგ ნიკიტას მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის ბოლოს და ბოლოს გადაიყვანეს საავადმყოფოში ორ ტყვესთან ერთად. ქირურგმა მას უთხრა, რომ საჭირო იყო ფეხებზე ყველა თითის ამპუტაცია. „იმ დროისთვის თითები ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ დათვალიერების დროს თითი უბრალოდ მომძვრა“.

ოპერაციის შემდეგ მან საავადმყოფოში ერთი კვირა გაატარა. მალე მას უთხრეს, რომ რამდენიმე მძიმედ დაჭრილ ტყვესთან ერთად სახლში გაგზავნიდნენ, „რომ ჩვენ ნაცვლად თქვენმა ოჯახებმა იზრუნონ თქვენზე“.

უკრაინის ვიცე-პრეზიდენტმა ირინა ვერეშუკმა უთხრა „ბიბისის“, რომ რუსები ცდილობდნენ ტყვედ აყვანილი სამოქალაქო პირები გაეცვალათ უკრაინაში დატყვევებულ რუს ჯარისკაცებში, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია. „ამიტომაც აჰყავთ მათ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ადგილობრივი საბჭოების თანამშრომლები, რომ გამოიყენონ. ვიცით, რომ იქ ათასზე მეტი ტყვეა, მათ შორის – 500 ქალი. ვიცით, რომ ისინი იმყოფებიან კურსკის, ბრიანსკის, რიაზანის და როსტოვის იზოლატორებში“.

კურსკის ციხეში, სადაც უკანასკნელად ნახა საშა, ნიკიტა არ წაიყვანეს. საავადმყოფოდან ის ისევ საბარგო თვითმფრინავში ჩასვეს, რომელიც ამჯერად სიმფეროპოლში მიფრინავდა, ყირიმში. რუსეთის ხელისუფლებამ ვერეშუკს უთხრა, რომ მათ არ აქვთ დამატებით სასწრაფო დახმარების მანქანები, ამიტომაც მძიმედ დაჭრილები საბარგო მანქანებში ჩასვეს და 5 საათის განმავლობაში მიჰყავდათ ტყვეების გაცვლის ადგილამდე.

შეხვედრის ადგილზე რუსებმა დაჭრილების საკაცეები პირდაპირ გზაზე დააწყვეს და წავიდნენ. უკრაინელი ჯარისკაცები მოვიდნენ და ისინი წაიყვანეს. ნიკიტას თქმით, მან მხოლოდ მაშინ დაიჯერა უკრაინაში დაბრუნება, როცა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა თვალებში ჩახედა და უკრაინულად უთხრა – „კეთილი იყოს შენი დაბრუნება, მეგობარო“.

„ცრემლები მომადგა, მივხვდი, რომ სამშობლოში დავბრუნდი“, – იხსენებს ნიკიტა.

მაგრამ მან არ იცოდა, რა მოუვიდა მის ოჯახს. არაფერი იცოდა იმის შესახებ, რა მოხდა უკრაინაში ბოლო თვის განმავლობაში. ნიკიტამ უკრაინელ ჩინოვნიკს ცოლის ნომერი მისცა და ახალ ამბებს დაელოდა.

„ველოდი ზარის გასვლის ხმას, ის მაინც რომ მცოდნოდა,  მისი ტელეფონი მუშაობს. მან ნომრის აკრეფა დაიწყო, ცოლმა ზარი გათიშა. მივხვდი, რომ ის ცოცხალია“, – ჰყვება ნიკიტა.

მეორე ჯერზე ნიკიტას ცოლმა, ნადიამ, ზარს უპასუხა. მან უთხრა, რომ ბელგიაშია არტემთან ერთად და უსაფრთხოდაა. „5 წუთი უბრალოდ ვტიროდით მობილურში, გვინდოდა გველაპარაკა, მაგრამ ვერ შევძელით. სახეზე ცრემლები ჩამომდიოდა. მისი მოსალმება გავიგონე და სულისმოთქმა ვერ შევძელი“, – ამბობს ნიკიტა.

უკრაინაში დაბრუნების მომენტიდან ნიკიტა ცდილობდა ზაპოროჟიედან კიევის იმ საავადმყოფოში გადასვლას, სადაც მუშაობდა. რამდენიმე დღეში მას მედდამ უთხრა, რომ სახლში ბრუნდებოდა.

სასწრაფო დახმარების მანქანით მთელი ქვეყნის გადაკვეთის შემდეგ ნიკიტა კიევის №5 საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მას კოლეგები ისე შეხვდნენ, როგორც გმირს. იგი ცალკე პალატაში მოათავსეს, რომელსაც დიდი ფანჯარა აქვს და ფიჭვნარს გადაჰყურებს. შუადღეზე მასთან მთავარი ექიმი და მთავარი ქირურგი მოვიდნენ. ისინი დიდხანს ელოდნენ ნიკიტაზე ახალ ამბებს და ორივემ ტირილი დაიწყო. მათი ორი კოლეგა, ცოლ-ქმარი, შვილებთან ერთად, რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა ცოტა ხნის წინ.

„ის ძალიან გვენატრებოდა“ – თქვა ქირურგმა იური შილენკომ. – „რა თქმა უნდა, მას მოუწევს სიარულის თავიდან სწავლა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მისთვის, რაც შესაძლებელია“.

ნიკიტამ საავადმყოფოს ჩუსტები ჩაიცვა, ადგა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ექიმებმა განიხილეს მისი შემდგომი მკურნალობის გეგმა, მაგრამ ნიკიტა მათ არ უსმენდა. „გონებაში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს, როგორ მოვხვდე ცოლ-შვილთან“ – თქვა მან, როცა ექიმები წავიდნენ.

________________________________

ტექსტი, ფოტო: „ბიბისი“

ქართულ ენაზე ქვეყნდება მცირედი შემოკლებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: