მთავარი,სიახლეები

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლისთვის შტამპს უკვეთავს, რომელზეც რუსეთი აწერია

03.05.2022 • 1981
უკრაინის დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლისთვის შტამპს უკვეთავს, რომელზეც რუსეთი აწერია

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის საბოლოოდ დაამყარებაში – ინფორმაციას დღეს, 3 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს ტელეგრამზე.

უწყების ცნობით,  პირველ მაისს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ჰენიჩესკში ახლად დანიშნულმა „საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა“ ანდრეი კლოჩკომ რუსეთის დროშა აღმართა, თუმცა მოსახლეობამ „რაშისტული დღესასწაული“ უგულებელყო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, როსტოვის რეგიონის რამდენიმე კერძო საწარმომ მიიღო შეკვეთა მარიუპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციისთვის ბეჭდებისა და შტამპების დამზადების შესახებ. იმ დაწესებულებების სია, რომლებიც ახალ „ატრიბუტებს“ მიიღებენ, მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საავადმყოფოებს, პოლიციას, რეესტრის ოფისებს და ადმინისტრაციულ დაწესებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ახლა მთლიანად განადგურებულია რუსეთის ჯარების მიერ.

„შეკვეთილ შტამპებსა და ბეჭდებზე არის წარწერა: „რუსეთი, დონბასის რესპუბლიკა, მარიუპოლი, სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია“ – იუწყება უკრაინის სადაზვერვო სამმართველო – „რაშისტებმა განაცხადეს, რომ მსგავსი შტამპები და ბეჭდები ოკუპირებული ხერსონისთვის ივნისში დამზადდება“.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს მარიუპოლში ოკუპანტები „დიდ წმენდას“ ახორციელებენ. „რუსები ეძებენ და ანადგურებენ დაღუპულთა ცხედრებს. ამ მიზნით ქალაქში 15 აპრილიდან სამი მობილური კრემატორიუმი ფუნქციონირებს,“ – წერს უწყება.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, რუსული არმიის სამხედროებს შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვადა 2022 წლის სექტემბრამდეა განსაზღვრული.

________________________________________________________

ფოტო: კიევი, უკრაინა, 2022 წლის 22 აპრილი. EPA-EFE / OLEG PETRASYUK

გადაბეჭდვის წესი


ასევე: