მთავარი,სიახლეები

აკრძალული პლასტიკის პარკების წარმოებისთვის 37 საწარმო დააჯარიმეს

04.05.2022
აკრძალული პლასტიკის პარკების წარმოებისთვის 37 საწარმო დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, იმერეთის, გურიის, აჭარის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში პარკების მწარმოებელი 51 ობიექტი კანონით აკრძალული პლასტიკის პარკების წარმოებაზე შეამოწმეს.

სამართალდარღვევები გამოვლინდა 37 ობიექტზე. როგორც გარემოს დაცვის ინსპექციაში გვითხრეს,  აჭარაში, კონკრეტულად ქობულეთსა და ბათუმში, პარკების მწარმოებელი ორი ობიექტი დააჯარიმეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯამში, დალუქეს 3 529 675 ცალი და 23 378 კგ პარკი, 60 ცალი და 8036 კგ რულონი და პარკებით სავსე 1501 ტომარა.

მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 472-ე დადგენილება „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს პერიოდულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია პრევენცია, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები.

პარკების საწარმო

2019 წლის ივლისიდან საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა). ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამო პარკები დაილუქება და დაექვემდებარება კონფისკაციას.

საქართველოს კანონმდებლობით „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა ითვალისწინებს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. დანაშაულის გამეორების შემთხვევაში კი მეწარმე სუბიექტს ჩამოერთმევა პროდუქცია და დაჯარიმდება  1 000 ლარით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: