„უახლესი BMP-3 და მინები“: ნადავლი უკრაინას – რუსული შეიარაღება ჩრდილოეთ ოსეთიდან

უკრაინული მედიის ცნობით, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ზაკარპატიეს 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადამ ხელში ჩაიგდო რუსების შეიარაღება ჩრდილოეთ ოსეთიდან: მათ შორის არის უახლესი BMP-3, ყუმბარმტყორცნები, ნაღმები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადი ნივთები.

„რუსები სამარცხვინოდ გაექცნენ თავიანთი პოზიციებიდან ჩვენი ცეცხლის ნაკადს და დატოვეს პრაქტიკულად ხელშეუხებელი უახლესი BMP-3 სრული საბრძოლო მასალებით, დოკუმენტებით, პირადი ნივთებითა და იარაღით“, – წერს 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადა.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც სამხედრო დანაყოფს ჩაუვარდა ხელში, აქ იმყოფებოდნენ რუსეთის არმიის ჯარისკაცები 43057 სამხედრო ნაწილიდან, რომელიც ბაზირებული იყო ქალაქ ვლადიკავკაზთან, კერძოდ სოფელ სპუტნიკში.

გარდა ამისა, „დანაყოფის მეთაურის რ.მ. მამაევიის „სამუშაო რვეულში“ – ეგრეთ წოდებულ „საბრძოლო მომზადების ჩანაწერთა წიგნში“ მითითებულია მეთაურებისა და პერსონალის დეტალური ვინაობა. „ახლა ცნობილია მათი სახელები, ვინც უკრაინის მიწაზე წარმოუდგენელ სისასტიკეს ჩადის – თითოეული მათგანი პასუხს აგებს“.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 80 დღე გავიდა.

დანაყოფის შემადგენლობა
დანაყოფის მეთაურის „სამუშაო რვეული“

14.4 მილიონი ბათუმის მერიისგან კომპანიას, რომლის დამფუძნებელს ბიზნესი რუსეთშიც აქვს

ბათუმში, გენერალ კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე, ქალაქის მერია ავარიული სახლების დემონტაჟს და ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას გეგმავს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ამ მიზნით ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ტენდერის სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 14 526 260 ლარია.

ორივე ტენდერში ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეულია შპს „ერთი“, რომლის წილის 50 პროცენტს ფლობს ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „არ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ ბ.ვ.“, წილის მეორე ნახევარი კი ეკუთვნის ბექა გურგენიძეს, რომელიც „ერთის“ დირექტორიცაა. თავის მხრივ, ნიდერლანდური „არ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ ბ.ვ.“ წილებს ფლობს რუსეთში დარეგისტრირებულ სხვა კომპანიაში.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, კომპანია „ერთს“ 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით აქვს ვადა, წარმოადგინოს საბანკო გარანტია როგორც პირველ, ასევე ცალკე, მეორე ტენდერში, რის შემდეგაც მასთან ხელშეკრულებები ჯამში 14 456 360 ლარზე გაფორმდება.

გენერალ კვინიტაძის 1-ში მდებარე ავარიული შენობა / ხალვაშის გამზირის მიმდებარედ / მეჯინისწყლის დასახლება

პირველი ტენდერი – „ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ. №1, 3 და 11-ში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში DesignBuild მეთოდით საცხოვრებელი სახლების დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზეა“ გამოცხადებული. თანხა – 7 536 260 ლარი. ამ ტენდერში შპს „ერთი“ მერიის სამმართველოს მომსახურებას ზუსტად იმავე ფასად სთავაზობს.

გენერალ კვინიტაძის 3-ში მდებარე ავარიული შენობა / ხალვაშის გამზირის მიმდებარედ / მეჯინისწყლის დასახლება

მეორე ტენდერი კი – იოსებ გრიშაშვილის ქ. N9-ში საცხოვრებელი სახლების დეტალური პროექტის მომზადებასა და მშენებლობაზე – 6 990 000 ლარითაა გამოცხადებული. ამ შემთხვევაში „ერთი“ სამმართველოს მომსახურებას 6 920 100 ლარად სთავაზობს.

აღნიშნულ ტენდერებში მონაწილეობენ თუ არა სხვა პრეტენდენტები, შესყიდვების პორტალიდან ამ ეტაპზე არ ჩანს. ეს ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ გამოჩნდება.

სატენდერო კომისიის ოქმების მიხედვით, კომპანია „ერთის“ მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო პირობებს.

ტენდერებში ერთ-ერთი მთავარი პირობა კი ის არის, რომ „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 11 მილიონი ლარის ოდენობით – კვინიტაძის ქუჩის შემთხვევაში, ხოლო 10 მილიონი ლარის ოდენობით – გრიშაშვილის ქუჩის შემთხვევაში.

რაც შეეხება კომპანიის გამოცდილებას, მას სამუშაოები სხვადასხვა კერძო კომპანიის დაკვეთით აქვს შესრულებული.

კომპანია „ერთის“ გამოცდილება 2019 წლიდან დღემდე – სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:

  • „წალკაში, სოფელ დაშბაშში რესტორნის და ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები;
  • დაშბაშის კანიონის მიმდებარედ 67 კოტეჯის ფასადის მოწყობისა და შიდა სარემონტო სამუშაოები;
  • სოფელ დაშბაშში კოტეჯების შავი კარკასის მშენებლობის სამუშაოები;
  • სასტუმრო „ჰილტონ კანოპის“ მშენებლობა“.

რამდენად შეესაბამება თუნდაც კოტეჯის ფასადის მოწყობა, რემონტი და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა ტენდერის მოთხოვნას და არის თუ არა ეს საცხოვრებელი სახლების მშენებლობის [ანუ, ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის] გამოცდილება? – ამ კითხვით „ბათუმელები“ მერიის სამმართველოს დაუკავშირდა.

სამმართველოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სატენდერო კომისიის ოქმშია – თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება კოტეჯებს, „ეს არის კონსტრუქციული შენობა-ნაგებობებია და არა, ვთქვათ, რაიმე პატარა ხის კოტეჯები“, – გვითხრეს სამმართველოში.

სატენდერო კომისიის 26 აპრილის ოქმის მიხედვით, კომპანიას გამოცდილებაში ასევე მითითებული ჰქონდა დაშბაშის კანიონის ბილიკების პროექტირების, დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები“, რაც „არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობების მშენებლობას და ვერ ჩაითვლება ტენდერის პირობების შესაბამისად. სასტუმრო „ჰილტონ კანოპის“ მშენებლობა კი, შესაბამისობაშია ტენდერით განსაზღვრულ პირობებთან.“

კომისიის 4 მაისის ოქმში კი აღნიშნულია, რომ კომპანიამ წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია და „ასევე დამატებით წარმოდგენილი იქნა შპს „კას ლენდთან“ გაფორმებული ხელშეკრულება სოფელ დაშბაშში რესტორნისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის შესახებ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით და ანგარიშფაქტურებით.

დაზუსტებული და ასევე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციებით დასტურდება, რომ შპს „ერთს“ შესრულებული აქვს ტენდერით განსაზღვრული ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის [საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოები საერთო ღირებულებით 11 მილიონი [და მეტი] ლარის ოდენობით“.

შესაბამისად კომისიამ დაადგინა, რომ „ერთის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო პირობებს.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე „ბათუმელების“ მიერ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ შპს „ერთს“, ბათუმის მერიის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ამ ორი ტენდერის გარდა, არც ერთ სხვა სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

შპს „ერთი“ 2016 წელს თბილისში დაფუძნებული კომპანიაა. დამფუძნებლები და 50-50 % წილის მფლობელები არიან: ბექა გურგენიძე და სააქციო საზოგადოება „შტაიერ ჰოლდინგზ&ენტერპრაისიზი“ [შვეიცარია].

იმავე წელს შპს „ერთის“ 50% წილი „შტაიერ ჰოლდინგზ&ენტერპრაისიზმმა“ [შვეიცარია] 1 ევროდ გადასცა შპს „რ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ ბ.ვ“-ს [ნიდერლანდები].

დოკუმენტების მიხედვით, ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიის ერთპიროვნული მფლობელია ნიდერლანდების მოქალაქე, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ლენინგრადში დაბადებული ალექსანდერ პოუგოვკინი, ხოლო ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი, ასევე ლენინგრადში დაბადებული და რუსეთის მოქალაქე – ირინა ჩერნიაევა.

„რ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ ბ.ვ“ და ირინა ჩერნიაევა წილებს ფლობენ ასევე რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში რეგისტრირებულ შპს „სამშენებლო კომპანია ფედერაციაში“ [STROYTELNAYA KOMPANYYA FEDERATSYYA].

„ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს რუსულ კომპანიასთან. ნიდერლანდული კომპანია ჩვენი დამფუძნებელია და იქაც აქვს რაღაცა [რუსეთში], თუმცა ახლა სანქციების გამო, დაკეტილია, შეჩერებული აქვს იქ საქმიანობა“, – გვითხრა შპს „ერთის“ დირექტორმა ბექა გურგენიძემ.

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1 და 3-ში, როგორც „ბათუმლებს“ ადგილზე მოსახლეობამ უთხრა, ჯამში 15 ოჯახი ცხოვრობს. აქ ორი ორსართულიანი მრავალბინიანი შენობა ავარიულია, რომლებიც ტენდერში გამარჯვებულმა უნდა დაანგრიოს.

„N3-ში მდებარე შენობიდან 7 ოჯახი ჰყავს მერიას ქირით გაყვანილი, პირველ ნომერში კი 8 ოჯახი ვცხოვრობთ. სამი წელია არის დასკვნა, რომ ეს შენობები ავარიულია, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით კონკრეტულად რა გველის. ადრე იყო საუბარი, რომ ქალაქის ტერიტორიაზე გამოგვიყოფდნენ საცხოვრებელ ფართობებს, შემდეგ ითქვა ადგილზე აშენდება ახალი სახლებიო. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქ, ადგილზე გვირჩევნია,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

24 ოჯახი ცხოვრობს გრიშაშვილის ქუჩაზე N9-ში მდებარე ორსართულიან მრავალბინიან სახლშიც. ტენდერის პირობის მიხედვით, ეს შენობაც უნდა დაინგრეს და იქვე ახალი აშენდეს.

საპროექტო ტერიტორია გრიშაშვილის ქუჩაზე [მწვანე ფერით]
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე არ არის დაკონკრეტებული რამდენსართულიანი შენობები უნდა აშენდეს იმ ადგილებში, სადაც არსებული შენობების დემონტაჟი მოხდება.

„ეს საკითხი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაწყდება, ვინაიდან ტენდერი Design-Build მეთოდითაა გამოცხადებული. ამ დროისთვის არსებული გათვლებით კი, ამ ნაკვეთებზე 4-სართულიანი შენობების აშენებაა დაგეგმილი,“ – გვითხრეს სამმართველოში.

Design-Build ანუ DB მეთოდი – გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება, როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე.

„რამდენსართულიანი შენობები აშენდება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ეს დამკვეთთან ერთად დაზუსტდება. ჩვენ ვართ მშენებლები-შემსრულებლები. როგორც გადაწყდება და რასაც გვეტყვიან, იმის მიხედვით დავიწყებთ სამუშაოებს“, – გვითხრა ბექა გურგენიძემ სატელეფონო საუბარში.

ორივე ქუჩაზე სამუშაოები მიწის 5 საკადასტრო ერთეულზე უნდა განხორციელდეს. ხუთივე ნაკვეთის საერთო ფართობი 2 446 კვადრატული მეტრია.

ტენდერის ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით კი, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1 და 3-ში სამშენებლო ფართობი უნდა იყოს მინიმუმ 3600 კვ.მეტრი, ხოლო ამავე ქუჩის N11-ში – მინიმუმ 1200 კვ.მეტრი.

გენერალ კვინიტაძის 11

თამარის დასახლებაში, გრიშაშვილის ქუჩაზე კი, სამშენებლო ფართობი მინიმუმ 4 600 კვ.მ უნდა იყოს.

ტენდერის პირობის მიხედვით, შემდგომში საცხოვრებელი ფართობების დაყოფა/განაწილება შემსყიდველთან ანუ მერიის სამმართველოსთან შეთანხმებით მოხდება.

საპროექტო ტერიტორიები გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე [წითელი ფერით]

ქალაქის მერის არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმში უსაფრთხო საცხოვრებელი სულ ცოტა 3 ათას ოჯახს სჭირდება.

ამავე თემაზე:

მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

 „აქ სიკვდილი ხშირად აშორებს წყვილებს“ – მარიუპოლის მცველი ქალი

მარიუპოლის მცველი ვალერია, იგივე ნავა და უკრაინელი მესაზღვრე ანდრეი აზოვსტალში დაქორწინდნენ. თუმცა, ქორწინებიდან სამი დღის შემდეგ ანდრეი რუს სამხედროებთან ბრძოლის შედეგად დაიღუპა. ვალერია მათი სიყვარულის ამაღელვებელ ისტორიას ჰყვება ვიდეოში, რომელიც აზოვსტალშია ჩაწერილი.

ისინი პირველად მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ვალერია (ნავა) სასაზღვრო რაზმში მსახურობდა. “დონეცკის სასაზღვრო რაზმში ვმსახურობდი. მაშინ მეთაურის თანაშემწე ვიყავი, პრესსამსახურის უფროსი. ჟურნალისტებთან ვმუშაობდი და რაღაც მომენტში ის გამოჩნდა“, – ამბობს ვალერია.

ზაფხულის დასაწყისი სამი წელი იქნება, რაც ერთად ვართ.

„ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვისაც უნდა შევხვედროდი. არ ვიცი როგორ ავხსნა… მაშინვე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მეჩვენებოდა, რომ ასეთი გრძნობები არ არსებობს… ერთად ვმსახურობდით, ერთად ვმუშაობდით, ყველგან ერთად ვიყავით. მართალი გითხრათ, ჩვენი ცხოვრება ცალკე არ მახსოვს. დიდი სიყვარული იყო, ამბობს ნავა.

ის იყო „ბედნიერების კაცი“, მაგრამ მე ასეთი არ ვარ, არ ვიცი, როგორ გავიხარო მის გარეშე…

ომის დაწყებამდე, როდესაც გაირკვა, რომ რაღაც ცუდი იწყებოდა, ანდრიმ სთხოვა ნავას, რომ ქალაქი დაეტოვებინა. უკვე 24 თებერვალს ნავამ გააცნობიერა, რომ ის სახლში არ მოვიდოდა – ის უკვე პოზიციაზე იდგა.

„როდესაც 24 თებერვალი დადგა, მე მობილიზებული ვიყავი აზოვის პოლკში და ისე მოხდა, რომ მე და ის ალყაში აღმოვჩნდით – მე ჩემს თანამოძმეებთან, ის თავის თანამოძმეებთან ერთად. ამავდროულად, ჩვენ ყველა ერთი ფოლადის ოჯახი ვიყავით“, – ჰყვება ვალერია.

ფოლგის ბეჭდები

ნავა ჰყვება, რომ ამ პერიოდში წყვილი იშვიათად კონტაქტობდა. ომის დაწყებიდან პირველად ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა ანდრეის ცეცხლი გაუხსნეს და დაიჭრა. „საავადმყოფოდან ღამით ჩემთან გამოიქცა და მკითხა, ცოლად გამომყვებიო… ქორწინებაზე დიდი ხნის წინ ვისაუბრეთ, მაგრამ ცოტა სხვანაირად უნდა გამოჩენილიყო. ძალიან მინდოდა ეს ბედნიერების მომენტი ყოფილიყო. მე გადავხედე სხვა ქორწილების ფოტოებს ფრონტიდან, მაგრამ ისინი ყველა განსხვავებული იყო: ღია ცა, ყვავილები. ჩვენ არ გვქონდა ასეთი შესაძლებლობა“, – იხსენებს ნავა.

შემდეგ შეხვედრაზე ანდრია ვალერიასთან მივიდა ფოლგისგან ხელით გაკეთებული ბეჭდებით.

ეს ბეჭედი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გახდა. ისინი ზომაშიც კი ჯდებიან.

წყვილმა ერთმანეთი მესამედ საჰაერო თავდასხმის შემდეგ ნახა, ვალერია სასწაულებრივად გადარჩა, მისი თანამებრძოლებიდან ბევრი დაიღუპა.

შეყვარებულები დაბომბვისა და აფეთქებების ხმების ფონზე, უკვე „ნამდვილი“ ბეჭდებით იქორწინეს. „ჩვენ ძალიან გვინდოდა დაქორწინება 5 მაისს, აზოვის პოლკის დაბადების დღეს“, – ყვება ვალერია.

„გავაკეთეთ საქორწინო, ბუნკერის ფოტოები. მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი. სხვა არაფერი გჭირდებოდა. მის მშობლებს ვუთხარით ჩვენი ქორწინების შესახებ და ისინი ჯერ კიდევ გველოდებიან. ისინი იცდიან, თუმცა იციან, რომ ანდრი არ დაბრუნდება“.

დაპირებები

ახალგაზრდა ქალი ჰყვება, რომ უკვე 7 მაისს ანდრეი აღარ იყო. ნავა ამბობს, რომ მას სწორედ ამის ეშინოდა ყველაზე მეტად.

„მე დავპირდი გამოსვლას, ის კი დამპირდა, რომ – გადარჩებოდა. ყველაზე ცოტა, მისი სული მაინც გავიდა ამ დაწყევლილი ადგილიდან. მე კი ისევ აქ ვარ“ – ცრემლიანი თვალებით ამბობს ვალერია.

ნავას ნაამბობით, ალყაშემორტყმულ მარიუპოლში სიკვდილი ხშირად აშორებს წყვილებს. ჯერ ერთი იღუპება ოჯახიდან, რამდენიმე დღის შემდეგ კი – მეორე. „ხალხი ერთმანეთს მიჰყვება. მართალი გითხრათ, ძალიან მინდა მასთან“.

სოციალურ ქსელში ვალერია წერს, რომ ყველაფერი, რაც უკრაინელებს შეუძლიათ გააკეთონ მისი ქმრის ხსოვნისთვის არის ყველაფერი გააკეთონ აზოვსტალის ჯერ კიდევ ცოცხალი დამცველების გადასარჩენად.

ვერ ვხსნი, რატომ უშვებენ ამ მასშტაბის შეცდომებს რუსები – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ უდიდესი სამხედრო ინტერესი აქვს ახლა კუნძულ ზმეინიზე უკრიანელებისთვის გამაგრებას. იქ დესანტის გადასხმა ვერ უნდა მოახერხონ რუსებმა, თორემ ბესარაბიის რეგიონი იზოლაციაში მოექცევაო – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე. მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსები შეძლებენ სამხედრო წარმატების მიღწევას უკრაინაში, მიუხედავად ფარული მობილიზაციის დაწყებისა.

ომის დაკვირვების პროცესში სამხედრო ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პუტინს უკან დასახევი აღარ აქვს, ის ომს გაახანგრძლივებს და დასავლეთთან შესაძლოა სანქციების მოხსნაზეც ივაჭროს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.

გენერალი ამჩნევს, რომ ამასობაში უკრაინელებს სამხედრო ოპერაციაში თავდაჯერებულობა დაეტყოთ და ლოკალურ დონეზე კონტრშეტევებზეც გადადიან.

ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია. მასთან ინტერვიუ მდინარე ჩრდილო დონეცის გადაკვეთის ამბით დავიწყეთ, სადაც რუსებმა დიდძალი დანაკარგი განიცადეს.

  • ბატონო ვახტანგ, მოგვიყევით, რა მოხდა მდინარე ჩრდილო დონეცზე? ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსებმა დიდძალი დანაკარგები განიცადეს მდინარის გადაკვეთის მცდელობისას.

რუსებმა ეს განახორციელეს უნიჭოდ და ყოველგვარი წესების გარეშე მოინდომეს მდინარეზე გადასვლა. როდესაც მსგავსი ოპერაცია ტარდება, იქ უნდა იყოს ხელოვნური დაკვამლიანებით ტერიტორიის დაფარვა, უნდა ახერხებდე ასევე მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას და რაც მთავარია – ნაწილ-ნაწილ უნდა გადახვიდე. არ უნდა მომხდარიყო ძალების ასეთი კონცენტრაცია არანაირი ლოგიკით. გარდა ამისა, გადასვლა ხდება რიგის დაცვით. ფაქტობრივად, განადგურდა ერთი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის ტექნიკა მთლიანად – 70 ერთეული.

მდინარეზე გადასვლის დროს, საწყისი რაიონიდან ინიშნება მდინარეზე 8 – 9 კილომეტრი, ხოლო ბატალიონს ეძლევა 2 – 3 კილომეტრის სიგანე გადალახვის ზონა, საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფს კი, შესაძლოა ჰქონდეს 5 კილომეტრამდე, თვითონ გადალახვის ზღუდე ინიშნება 1 – 2 კილომეტრით წყლის ზღუდიდან. წარმოიდგინეთ, ამ წესებიდან არაფერი არ გაუთვალისწინებიათ.

ამავე დროს უნდა აღინიშნოს უკრაინელების ძალიან კარგი დაზვერვის შესაძლებლობა და სწორი, ეფექტური რეაგირება.

  • რატომ შეიძლება რუსი სამხედროები ასე მოქმედებენ

მე უკვე ავირიე, ვერ ვასაბუთებ, რატომ ხდება ასეთი მასშტაბის არაპროფესიონალური შეცდომების დაშვება. მე მაინც ამას ვაბრალებ ზევიდან ზეწოლას, ძირითადად, ვადებთან დაკავშირებით, აჩქარებენ ყველაფერს და ქვემდგომ მეთაურებს არ გააჩნიათ სათანადო უნარ-ჩვევები, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები მსგავს რთულ სიტუაციასა და მოკლე დროში.

  • ეს ვადა აქამდე იყო 9 მაისი პუტინისთვის. ახლა რა ვადაზე აქვს სწორება რუსეთის გენშტაბში? 

რუსები ხვდებიან, რომ პროცესი უნდა დააჩქარონ, რადგან ომის გაჭიანურება აწყობს უკრაინას, ის ძლიერდება და იღებს შესაბამის აღჭურვილობას, თვითონ კი იფიტება. ძირითადად ქვედა რგოლებს აიძულებენ, რომ გააქტიურდნენ.

  • თქვენი აზრით, როგორ უნდა მოხერხდეს „აზოვსტალში“ მყოფი ადამიანების გადარჩენა? უკრაინა ცდილობს მძიმედ დაჭრილების ევაკუაციას თურქეთის შუამავლობით. რას ნიშნავს ტერმინი ექსტრაქცია, რაც ამ ვითარებაში ხშირად ჟღერდება? 

ექსტრაქცია იგივე გამოყვანაა უხეშად, როცა საჰაერო გზით გამოგყავს ადამიანები მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან სპეციალური ოპერაციის დროს, ან როცა მძევლებს ათავისუფლებენ მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან… რეალურად, უკრაინელები ითხოვენ ტყვეების გაცვლას და საუბარია 39 სამხედრო მოსამსახურეზე, რომელიც მძიმედაა დაჭრილი. ეს არაა რუსეთის კეთილი ნება და საუბარია ტყვეების გაცვლაზე. იმედია, გამოვა ეს და გადარჩებიან ადამიანები, რომლებიც ახლა წამებით სიკვდილისთვის არიან განწირულები.

ფაქტია, რომ „აზოვსტალი“ არის რუსეთისთვის იდეაფიქსი. მათ უნდათ თქვან, რომ აი, ამ პოლკის დამარცხებით დენაციფიკაცია განახორციელეს უკრაინაში. შესაბამისად, აქ ძალიან რთული სიტუაციაა.

  • რუსეთი ახლა იზიუმთან ძალების გაძლიერებას ეცდება – ამას ელოდება ბრიტანული დაზვერვა. აქ მიიჩნევენ, რომ „ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანა ნიშნავს რუსეთის უუნარობის ჩუმ აღიარებას, რომ მან ვერ შეძლო დაეკავებინა უკრაინის საკვანძო ქალაქები, სადაც კრემლი მოსახლეობის სუსტ წინააღმდეგობას ელოდა“. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ამ ეტაპზე ფრონტის წინა ხაზზე?

ხარკოვის შემთხვევა ნიშნავს რუსების უუნარობის აღიარებას და ეს გააკეთეს იმისთვის, რომ იზიუმთან გააძლიერონ დაჯგუფება, ამით აძლიერებენ იზიუმის მარჯვენა ფლანგს. ვერ ვიტყვით, რომ რუსებს წარმატება არ აქვთ იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, იქ მათ რამდენიმე მცირე ალყის წინაპირობა შექმნეს, მაგრამ ეს არის ძირითადად ტაქტიკურ და ლოკალური ალყების დონეზე. საუბარია სევერო დონეცკის მიმართულებაზე, რაზეც თქვენთან წინა ინტერვიუში ვსაუბრობდი, ზუსტად ისეთ, პატარ-პატარა „ტომრების“ გაკეთებას ცდილობენ.

  • ეს რა ტაქტიკაა, რის მიღწევას ცდილობს ახლა რუსეთი? 

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე აზოვის პოლკის განადგურებაა რუსეთისთვის იდეაფიქსი, ხოლო შემდეგ ეტაპზე უკვე გააჩნია, რა მოცემულობა ექნება ფარული მობილიზაციის შედეგად… მობილიზაციას რუსეთში ოფიციალურად ვერ გამოაცხადებენ, რადგან ამ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ წარმატებას ვერ მიაღწია რუსეთმა. გარდა ამისა, ეს გამოიწვევდა პროტესტს, სოციალურ გაღიზიანებას, რის ნიშნები არის კიდეც: ვხედავთ, რომ სამხედრო კომისარიატებს თავად რუსები წვავენ.

მობილიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ჯარში მიგყავს, ომისთვის რესურსია. მას სჭირდება ყველაზე ცოტა 4 თვე სამხედრო მომზადება. ჩემი აზრით, რუსეთი ეცდება ძირითადად დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გავიდეს და დაკავებული ტერიტორიები დაიცვას.

  • თქვენ ელოდებით ომის გახანგრძლივებას, როგორც ეს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ავრილ ჰაინსმა თქვა? მისი აზრით, რუსეთი ასევე შეეცდება დონბასის მიღმა უკრაინის სხვა ტერიტორიების ხელში ჩაგდებასაც. 

არა მგონია, რუსეთს მაგის თავი ჰქონდეს. რუსეთი ფაქტობრივად გასულია ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ის იბრძოლებს ძირითადად დონბასის სრულად დაკავებასა და მის შენარჩუნებაზე… ფაქტია, რომ ომი ხანგრძლივდება და ეს მალე ვერ დასრულდება.

  • ისევ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, შესაძლოა პუტინს სურდეს სახმელეთო გზის გაჭრა დნესტრისპირეთამდე, რითაც უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს სრულად გააკონტროლებს. ამ მოცემულობაში რამდენად შეძლებს ამას რუსეთი?

ამ ეტაპზე საფრთხედ რჩება ბესარაბიის რეგიონი, სადაც თუ კონტროლს მოიპოვებს რუსეთი, ის შეძლებს დესანტის გადასხმას. ამიტომაც განახორციელეს დარტყმები ოდესასთან დამაკავშირებელ ხიდებზე, რომ ოდესის ოლქი მოწყვიტონ ბესარაბიის რეგიონს. თავად ოდესას ვერ აიღებენ, ეს გამორიცხულია, რადგან იქ განსაკუთრებით კარგადაა გამაგრებული უკრაინული დანაყოფი. ბესარაბია კი, ფაქტობრივად შესაძლოა იზოლირებული დარჩეს. ბესარაბიის შემთხვევაში რუსეთი შეძლებს საავიაციო კავშირის დამყარებას დნესტრისპირეთთან.

თუმცა ეს ვერსია ვერ გამოვა, თუ რუსებმა კუნძულ ზმეინზე ვერ მოახერხეს დესანტის გადასხმის ორგანიზება, ის ჰაერიდან რჩება დაუცველი.

  • გარდა იმისა, რომ ზმეინი ყველას გვახსენებს „რუსკი კარაბლს“, არსებობს  მნიშვნელოვანი სამხედრო ინტერესიც? 

დიახ, უდიდესი სამხედრო ინტერესი აქვს კუნძულ ზმეინს. ამ კუნძულზე უნდა განალაგოს რუსეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ შეძლებს დესანტის ორგანიზებას. თუ ის ამას შეძლებს, ეს ჩაანაცვლებს ჩაძირული რუსული კრეისერის შესაძლებლობებს და შეძლებს გადაფაროს შავი ზღვის საჰაერო აკვატორია. მით უმეტეს, რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და მასთან ახლოს ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა.

  • რა გზავნილია ისევ აქცენტი ბირთვულ ომზე? – რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს კიდევ ერთხელ მიანიშნებს უკრაინის „კონფლიქტის სრულმასშტაბიან ბირთვულ ომში გადაზრდაზე“.

ეს არის მუდმივი მუქარა და მუშტის ქნევა, თუმცა იმდენად თვალყურს ადევნებენ რუსეთს სადაზვერვო სამსახურები, რომ მეეჭვება ამის გამოყენება შეძლონ. როგორც კი დააპირებს ამის გამოყენებას რუსეთი, მიიღებს ადეკვატურ პასუხს. რუსეთს ბირთვული იარაღის მოულოდნელად გამოყენება გაუჭირდება.

  • უკრაინული მედია ძალიან ხშირად წერს, რომ რუსული არმიის წინა ხაზზე ძირითადად ეთნიკურად არარუსებისგან დაკომპლექტებული ბატალიონები იბრძვიან. მსგავსი რამ მართლა ახასიათებს რუსულ არმიას უკრაინაში?

დიახ, ასეა. იგივე კიევის მიმართულებაზე ძირითადად ბურიატებით დაკომპლექტებული დანაყოფები იბრძოდნენ, ადგილობრივი ბურიატები იყვნენ ასევე აღმოსავლეთ მიმართულებით წინა ხაზზე. ცნობილია ასევე, რომ კადიროველები ასრულებენ სამხედრო პოლიციის ფუნქციას… ეს მიდგომა აქვთ რუსებს იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ხელფასის გამოა ომში, სოციალური მდგომარეობა მძიმე აქვთ და ეს ხელფასი უნდა აიღონ. გარდა ამისა, მათ არ აქვთ ხშირ შემთხვევაში არავითარი სენსიტიური დამოკიდებულება მოწინააღმდეგესთან, მაგალითად, ისინი არ არიან სლავები და ასე შემდეგ, შემაკავებელი ფაქტორები უფრო ნაკლები აქვთ.

  • ახლა რა ეტაპზეა ომი, ოპერატიულ პაუზამდე რა რჩება? 

მალე მოუწევთ ოპერატიული პაუზის აღება, როგორც კი დაინახავენ კულმინაციის წერტილს, რომ ეწურებათ ძალა. ფაქტია, რომ რუსები ვეღარ ახორციელებენ მნიშვნელოვან საბრძოლო მოქმედებებს. ალბათ, თვის ბოლომდე აიღებენ ოპერატიულ პაუზას, შემდეგ კი, გააჩნია, როგორ ჩაივლის მობილიზაციის პროცესი რუსეთში, ასევე რა შეიარაღებას მიიღებს ამასობაში უკრაინა. ფაქტია, რომ რუსების სამხედრო მოქმედებების ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ეს იყო ომის პირველ ეტაპზე.

  • რამდენად გაუმჯობესდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები? 

ვერ ვიტყვით, რომ უკრაინა ახორციელებს ამ ეტაპზე მნიშვნელოვან ოპერატიულ-სტრატეგიულ მანევრებს, თუმცა აშკარად ეტყობათ თავდაჯერება, ისინი თამამად გადადიან კონტრშეტევებზე და ემზადებიან ახალი აღჭურვილობის მისაღებად.

  • რა გამოდის, რუსეთი რის იმედად რჩება? 

მას აღარ აქვს გზა უკან დასახევად, პუტინმა ისეთ პროცესში შეიყვანა ქვეყანა, ჩემი აზრით, პუტინი ეცდება არ შეწყვიტოს ბრძოლა და ხანგრძლივ ომში უკრაინა გამოფიტოს. გარდა ამისა, რუსეთი ეცდება გამოსტყუოს დასავლეთს რაღაც დათმობები, მაგალითად, ეკონომიკური სანქციების მოხსნა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ხარჯზე. ვფიქრობ, რუსებს უკვე ასე წარმოუდგენიათ საკუთარი მომავალი.

აზოვსტალში დაღუპული მებრძოლის მეუღლეს მე-3 შვილი გაუჩნდა, მას ქმრის მეგობრები დახვდნენ

„აზოვის“ პოლკის დაღუპული მებრძოლის ცოლს, ტატიანას ზაპოროჟიეს სამშობიაროდან გამოსვლისას რამდენიმე ადამიანი დახვდა. თავად მამა შვილის დაბადებას ვერ მოესწრო – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“. ქალმა მესამე ბავშვზე იმშობიარა და მას სრულიად მარტოს მოუწევს შვილების გაზრდა.

უნიანის თქმით, ეს არ არის ამ ქალის ცხოვრებაში ერთადერთი განსაცდელი: მან ომში დაკარგა დედა და ძმა. ახლა ის სრულიად მარტოა სამ შვილთან ერთად.

„ასეთი გამოწერა [სამშობიაროდან] პირველად მაქვს. არ ველოდი, რომ ამდენი ადამიანი დამხვდებოდა. მეგონა, რომ მხოლოდ ბავშვები იქნებოდნენ“, – თქვა ტატიანამ, ახალნამშობიარევმა ქალმა.

ტატიანამ ახალშობილს ილია დაარქვა – ეს მისი გარდაცვლილი ქმრის, ოლექსეის სურვილი იყო.

ტატიანამ ქმარი 21 აპრილს დაკარგა. 3 მაისს დაიღუპა ქალის დედა, რომელიც „აზოვის პოლკში“ მსახურობდა – ის სამხედრო ფსიქოლოგი იყო.

2018 წელს დაიღუპა ტატიანას ძმა, იური ლუგოვსკი, ასევე აზოვის პოლკის სამხედრო ფსიქოლოგი.

სამშობიაროდან გამოსულ ქალს გარდაცვლილი ოჯახის წევრების მეგობრები დახვდნენ.

___

მთავარი ფოტო: უკრაინფორმ

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს ახალ აეროპორტში დღეს პირველი ფრენა შესრულდა

შავი ზღვაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს, რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა. პირველი თვითმფრინავი, სახელად „რიზე-ართვინი“ ახალ აეროპორტში დღეს, 14 მაისს დაეშვა.

Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რეისის ნომრით TK 2538 სტამბოლის აეროპორტიდან დილის 08:30 საათზე აფრინდა, 10:35 საათზე კი რიზე-ართვინის აეროპორტში დაეშვა.

თვითმფრინავიდან მიწაზე ფეხი პირველმა Turkish Airlines-ის გენერალურმა მენეჯერმა ბილალ ეკშიმ დადგა.

როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჯენსი“ წერს, რიზე-ართვინის აეროპორტში დაშვებულ პირველ თვითმფრინავში მოსახვედრად ხალხი რიზედან სპეციალურად გაემგზავრა სტამბოლში.

„თვითმფრინავში ხალხი ტიროდა. სავსე იყო რეისი მგზავრებით. ეს არ იყო ჩვეულებრივი მოგზაურობა,“ – უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა მგზავრმა ბულენტ ისმაილოღლუმ, რომელიც თვითმფრინავში მოსახვედრად რიზედან სტამბოლში ჩავიდა.

რიზე-ართვინის აეროპორტი შავ ზღვაზეა აშენებული. ასაფრენი ბილიკისთვის და აეროპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად მშენებლებმა ზღვა ამოავსეს.

ფაზარის რაიონში, სოფელ იეშილქოისთან, ზღვაში აგებული აეროპორტი ბათუმიდან 94 კმ-ითაა დაშორებული. „რიზე-ართვინის აეროპორტს“ 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. მისი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და 2022 წელს გაიხსნა.

___

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ახალი აეროპორტი იხსნება

ახალი მონაცემები რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 14 მაისი

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 27 200 [გასულ დღე-ღამეში +300] ადამიანი
  • ტანკი – 1 218 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 934 ერთეული [+34]
  • საარტილერიო სისტემა – 551 ერთეული [+9]
  • MLRS – 195 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 88 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 200 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 163 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 411 ერთეული [+6]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 059 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 95 ერთეული [+0]
  • სპეცტექნიკა – 42 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ანახლებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 მაისამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 165 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 858 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 304 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 051 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 372 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 507 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 898 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ხერსონის მაგალითი რუსეთის წარუმატებლობაზე მიუთითებს – ბრიტანეთის დაზვერვა

ხერსონის მაგალითი რუსეთის წარუმატებლობაზე მიუთითებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 14 მაისის განახლება ტვიტერზე ხერსონში არსებულ ვითარებას ეძღვნება. დაზვერვის ცნობით, ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნულმა სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ, განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს, შეიყვანოს ხერსონის ოლქი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

„რუსეთის შეჭრის თავდაპირველი გეგმის ცენტრალური ნაწილი, სავარაუდოდ, სწორედ გულისხმობდა ფალსიფიცირებულ რეფერენდუმებს, რომელთა საშუალებითაც კრემლს უკრაინის რეგიონები პრორუსული ხელისუფლების კონტროლქვეშ უნდა მოექცია ხანგრძლივი დროით“, – წერს უწყება და მიუთითებს, რომ კრემლმა უკრაინაში თავის პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწია.

„ის ფაქტი, რომ კრემლმა პრორუსული ადგილობრივი ხელისუფლების დანიშვნა მხოლოდ ხერსონში მოახერხა, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს არ შესწევს უნარი წარმატებით იაროს თავისი პოლიტიკური მიზნებისკენ.

თუკი რუსეთი ჩაატარებს რეფერენდუმს ხერსონის შეერთებაზე, დიდი ალბათობით, შედეგებსაც გააყალბებს, რათა აჩვენოს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს უკრაინისგან გამოყოფას. ხერსონის მოქალაქეები კი, სავარაუდოდ, გააგრძელებენ დემონსტრაციებს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

გუშინდელ, 13 მაისის განახლებაში, უწყება წერდა, რომ  რუსეთი განსაკუთრებულ ძალისხმევას იღებს იზიუმისა და სევეროდონეცკის მიდამოებში, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით გარღვევის მისაღწევად. ამის მიზანი კი უკრაინული ძალების იზოლირებაა, რათა მათ ვეღარ მოახერხონ დასავლეთ უკრაინაში მყოფი ქვედანაყოფებისგან დამატებითიძალებით შევსება ან მათგან სხვა ტიპის მხარდაჭერის მიღება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს.

მთავარი ფოტო: პლაკატი წარწერით „ხერსონი უკრაინაა“ ანტისაოკუპაციო აქციაზე/ukrinform

მარიუპოლში 170 000-მდე ადამიანი შიმშილობს – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში 170 000-მდე ადამიანი შიმშილობს, რადგან ქალაქს კატასტროფულად აკლია საკვები.

ამის შესახებ დენისოვა სოციალურ ქსელებში, ფეისბუქსა და ტელეგრამზე წერს.

„ამასთან, ოკუპანტები ტრაბახობენ, რომ ერთ დღეში მიიტანეს და დაარიგეს 3500 საკვების ნაკრები და 6000 ადამიანს ცხელი კერძი მიაწოდეს. ეს არის ქალაქის მაცხოვრებლების 6,5%.

ბლოკადის ორი თვის განმავლობაში მათ მარიუპოლში საკვების არც ერთი ჰუმანიტარული კოლონა უკრაინიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არ შეუშვეს.

რუსეთის ფედერაციის ასეთი ქმედებები წარმოადგენს უკრაინელი ხალხის გენოციდს. მივმართავ გაეროს ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომისიას, გაითვალისწინოს უკრაინაში გენოციდის და ადამიანის უფლებების დარღვევის ეს ფაქტები“ – წერს დენისოვა.

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ მარიუპოლში 150-170 ათასი მოქალაქეა, პირობების არქონის გამო ქალაქში შესაძლოა ეპიდემიამ იფეთქოს და სიკვდილის შემთხვევები გაიზარდოს, ამიტომაც საჭიროა მთელი ქალაქის ევაკუაცია.

  • რა ხდება მარიუპოლში

რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლი, სადაც ომის დაწყებამდე 430 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად, ფაქტობრივად, განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია.

მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის – „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.

რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.

ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი დიდი ნაწილის გამოყვანა მოხერხდა.

ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, მესამე ქვეყანაში უსაფრთხოდ გაყვანას, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.

______________

ფოტოზე: 2022 წლის 9 მაისი, ბავშვები ქალაქ მარიუპოლის განადგურებულ ცენტრში. ფოტო: EPA-EFE/ALESSANDRO GUERRA

კანონი VS ფული – მოქალაქეები „ორბი“ ჯგუფის წინააღმდეგ

ბათუმში, ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი სახლის მეოთხე სართულის ფანჯრის წინ რკინის ხიმინჯებია ამოსული. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამ ფანჯრიდან ზღვის ხედი და ბათუმის ბულვარი ჩანდა. ახლა ხედს რკინა-ბეტონი ფარავს. თუ „ორბი“ ჯგუფი ხიმშიაშვილის #15-ში  მშენებლობის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს, ხედი სამუდამოდ დაიფარება ბეტონის ყრუ კედლით.

კომპანია ნებართვას ბათუმის მერიისგან ელის.

9-სართულიანი სახლის და მის გვერდით მდებარე კორპუსების მცხოვრებლები კი ითხოვენ მშენებლობის დემონტაჟს, რომელიც კომპანია „ორბმა“ მიმდინარე წლის აპრილში უკანონოდ დაიწყო.

„ბათუმში, ხიმშიაშვილის 15, 17, 19, 21 კორპუსები [მოსახლეობა] წინააღმდეგი ვართ თვითნებურად დაწყებული უპროექტო მშენებლობის, რომელიც ხელს გვიშლის ცხოვრებაში. 40 წელია ამ სახლში ვცხოვრობ, წინ აგვიშენეს „ორბის“ ბინები, რაზეც თვალი დაგვახუჭინეს, მაგრამ ეს უკვე ძალიან ზედმეტია. დღისით შუქის ანთება მოგიწევს ბინებში. დაიჩრდილება ყველაფერი. მზეს და ზღვის ჰაერს ვინ დაეძებს, სასიცოცხლო პირობები არ გვექნება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და მოვითხოვთ დემონტაჟს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ასმათ ვარშანიძემ. ის თავის მეზობლებთან ერთად აპროტესტებს „ორბის“ მიერ დაწყებულ მშენებლობას.

მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, მუნიციპალურმა ინსპექციამ „ორბი“ ჯგუფი თავდაპირველად გააფრთხილა. კომპანიამ მშენებლობა მაინც გააგრძელა. შემდეგ ინსპექციამ „ორბი“ ჯგუფი 5 000 ლარით დააჯარიმა და მშენებლობა გააჩერა.

მოქალაქეები, რომლებიც მშენებლობას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ „ორბმა“ უკვე აშენებული კონსტრუქცია უნდა დაანგრიოს.

ხედი ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულიდან

სად და რას აშენებს „ორბი“ ჯგუფი

კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის თქმით, ხიმშიაშვილის #15-ში „ორბი“ ჯგუფი თავის ორ სასტუმრო კომპლექსს შორის „კომპლექსისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ნაგებობას აშენებს“. ნაგებობა მოიცავს სპაცენტრს, კვების ბლოკს, გასართობ ინფრასტრუქტურას.

ირაკლი კვერღელიძის თქმით, კომპანიამ ნებართვა 2010 წელს მიიღო, მაგრამ შენობა ნებართვით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ააშენა „პანდემიის და გარკვეული დავების გამო, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა“. მას შემდეგ კი, რაც „ყველა წინაღობა მოეხსნა“, მშენებლობა დაიწყო. პარალელურ რეჟიმში მიმართა ბათუმის მერიას ახალი ნებართვისთვის.

ძველი პროექტით შენობა-ნაგებობა 15 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო, ახლა კი „ორბს“ მშენებლობის „7-8 მეტრით გაზრდა სურს“.

„2010 წლის შეთანხმებული პროექტის მიხედვით, დადგენილი არის შესაბამისი პარამეტრები, რომელიც მოიცავს მიმდინარე მშენებლობის შენობა-ნაგებობის როგორც სიგრძე-სიგანეს, ასევე სიმაღლეს. 2010 წლამდე იყო 15 მეტრამდე სიმაღლის პარამეტრი დადგენილი, დღეის მდგომარეობით ჩვენ ვითხოვთ დაახლოებით 7 თუ 8 მეტრი სიმაღლით გაზრდას ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის. თუმცა ველოდებით მერიის პასუხს და მისი გადაწყვეტილების მიხედვით ვიმოქმედებთ შემდეგში,“ – უთხრა ირაკლი კვერღელიძემ „ბათუმელებს“.

ირაკლი კვერღელიძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ მშენებლობა ვადაგასული ნებართვის პირობებში დაიწყო.

ხედი ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულიდან, რომლის წინაც მშენებლობა მიმდინარეობს

„ვადასტურებ, რომ მშენებლობის ვადა გასული იყო. შესაბამისად, ჩვენც არ გაგვისაჩივრებია, შეიძლება ასე ითქვას, ზედამხედველობის სამსახურის ეს [დაჯარიმება და მშენებლობის შეჩერება] გადაწყვეტილება. მე არ უარვყოფ იმას, რომ მშენებლობის ვადა იყო დარღვეული, რის გამო ჩვენ ზედამხედველობის სამსახურის მომართვის შესაბამისად შევაჩერეთ მშენებლობა და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას.

შესაბამისად, მზად ვართ გადავიხადოთ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმებიც და დაველოდებით საბოლოოდ შეთანხმებულ პროექტს, რომლის მიხედვითაც გავაგრძელებთ შემდგომში მშენებლობას,“ – ამბობს ირაკლი კვერღელიძე.

კანონი VS ფული - მოქალაქეები „ორბი“ ჯგუფის წინააღმდეგ

„ბათუმელებმა“ ირაკლი კვერღელიძეს ჰკითხა, ისეთი გამოცდილების მქონე კომპანიამ, რომელიც „ორბია“, მაშინ, როცა იცოდა, რომ მშენებლობის ნებართვა ვადაგასული იყო, რატომ გარისკა და დაიწყო მშენებლობა უკანონოდ.

„ორბი“ ჯგუფის გენერალური დირექტორის მტკიცებით, ხიმშიაშვილის #15-ში მდებარე დაუმთავრებელ მშენებლობასთან დაკავშირებით პრეტენზიები სულ იყო.

„მას შემდეგ, რაც მოიხსნა ყველა ის შემზღუდველი წინაპირობა, მშენებლობის გასაგრძელებლად, მე ვადას არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე მოგვესწრო აღნიშნული სამუშაოების შესრულება და მოგვეხსნა იქ, მოგვეწესრიგებინა ფასადის ნაწილი და პრაქტიკულად გაგვემზადებინა საექსპლუატაციოდ, ჩვენი რისკიც დავარქვათ ამას და გადაწყვეტილებაც, ემსახურებოდა იმას, რომ მაისის თვის ბოლომდე ეს ყველაფერი დაგვესრულებინა. ეს იყო ჩვენი თემა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოხდებოდა და პრინციპში მზად ვიყავით იმისთვის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარიმო სანქციები იქნებოდა“, – ამბობს ირაკლი კვერღელიძე.

გამოდის იმედი გქონდათ, რომ ნებართვას მიიღებდით?  – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ირაკლი კვერღელიძეს.

„არა, არა. მე პროექტი შეთანხმებული მაქვს. როგორც მინიმუმ, იმ პროექტს, რომელიც მე შეთანხმებული მაქვს და რომლის აშენების ვალდებულება მაქვს, ქალაქის მერიის მიმართ, მე როდესაც მშენებლობის ნებართვა ავიღე 2010 წელს, იქ ვალდებულება მაქვს, რომ  ამეშენებინა ინფრასტრუქტურასთან ერთად. მე ამის ვალდებულება გამაჩნია. ახლა მეორე საკითხია ის ინფრასტრუქტურული ნაწილი, უფრო მაღალი უნდა იყოს თუ უფრო დაბალი უნდა იყოს. თუ მაღლის ნებართვას არ მაძლევენ, მე არ გავაგრძელებ კაცო მაღლის მშენებლობას. მე არ გავცდენილვარ იმ პარამეტრებს, რაც დადგენილი მაქვს 2010 წელს შეთანხმებული პროექტით. არც ვაპირებდი მაგის გაცდენას. რაც შეეხება ვადას, ვადის გაგრძელება არის სუფთა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, იმიტომ, რომ საკუთრება ჩემია, ნებართვა გაცემულია, მხოლოდ მოსაკრებლის გადახდაზე იყო ეს ყველაფერი. ამიტომ მშენებლობის ვადის დარღვევა არის შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც მზად ვართ შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმა გადავიხადოთ. მაგრამ მე უკანონო მშენებლობა შეუთანხმებელი პროექტით ან საერთოდ არ არსებული პროექტით გამეკეთებინოს, ასეთი არ ყოფილა,“ – თქვა ირაკლი კვერღელიძემ.

მოქალაქეები, რომლებიც „ორბი“ ჯგუფის უკანონო მშენებლობას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ კომპანიას იმედი ჰქონდა, ხალხი პროტესტს არ გამოთქვამდა და შეძლებდა სწრაფად აეშენებინა. მერე კი მარტივად „მოაგვარებდა მერიასთან“.

„მთავრობამ ძალიან კარგად იცის რა კეთდება ბათუმში. თუ ჩვენ არაფერს არ ვიტყოდით, ისინიც გაჩერდებოდნენ. ისე გამოდის, ვისაც ფული აქვს, ის ცხოვრობს და ის ააშენებს რაც უნდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლიანა კოტრიკაძემ, ხიმშიაშვილის #17-ში მცხოვრებმა.

მოქალაქეები თავიანთი პროტესტის გაჩერებას არ აპირებენ. ისინი გეგმავენ მიმართონ სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუკი მუნიციპალური ინსპექცია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და „ორბის“ მიერ უკანონოდ აშენებული ნაგებობას არ დაანგრევს.

წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს

ხულოში, სოფელ წაბლანაში, მოსახლეობას გააქტიურებული მეწყრული პროცესი აშინებს. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა მეწყერი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გააქტიურდა და ბევრი ოჯახისთვისაა საფრთხის შემცველი.

სოფელ წაბლანის მკვიდრი, 48 წლის ნანი შაინიძე ამბობს, რომ პრაქტიკულად მთელი სოფელი პარალიზებულია, რადგან მეწყერმა ხულოს ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი სოფლის გზის ნაწილიც წაიღო და მოსახლეობა იძულებულია შემოვლითი გზით ისარგებლოს, რომელიც შორია.

სოფელი წაბლანა. ფოტო: ანუკი შაინიძე
  • „როცა წვიმს, შიშისგან არ გვძინავს“

ნანი გვიყვება, რომ ზამთრის დადგომამდე ტერიტორია აჭარის გეოლოგიურმა სამსახურმა შეისწავლა. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, 5 ოჯახის საკუთარ სახლებში ცხოვრება არ იყო უსაფრთხო და მათ სხვაგან გადაყვანა სჭირდებოდათ.  მუნიციპალიტეტმა ეს ოჯახები უსაფრთხო ადგილზე, წაბლანაში იმ დროისთვის ცარიელ სახლებში გადაიყვანა, თუმცა დროებით.

ნანი ამბობს, რომ 4 თვე უსაფრთხოდ გაატარეს, შემდეგ ისევ მოუწიათ დაბრუნება საკუთარ სახლებში, მეწყერი კი, მისი შეფასებით, ახლა გაცილებით უფრო დიდ საფრთხეს ქმნის.

„როცა ჩვენს სახლებში დავბრუნდით, მეწყერს ერთი იმდენი ჰქონდა დამატებული, რაც ჩვენ გადასვლამდე იყო. დამეწყრილი ტერიტორია გაცილებით გაზრდილია, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს. მას შემდეგ, რაც ჩვენს საცხოვრებელ სახლებში დავბრუნდით, არავინ მოსულა.

გვეუბნებოდნენ, სამხარაულიდან უნდა მოვიდნენო, მაგრამ აქამდე არავინ ჩანს… ნეტა, თქვენი თვალით ნახავდეთ, როგორ მდგომარეობაში ვართ. ზემოდან დავყურებთ მეწყერს. ჩვენი სახლიდან მეწყრის სათავემდე 100 მეტრის დაშორებაც არ იქნება“, – ამბობს ნანი.

სოფელი წაბლანა. ფოტო: ანუკი შაინიძე

ნანის ოჯახში 7 ადამიანი ცხოვრობს. იგი გვიყვება, რომ ძალიან გაუჭირდათ ჯერ სხვა სახლში დაეწყოთ ცხოვრება და შემდეგ უკან წამოსულიყვნენ, მაგრამ სხვა გზა არ იყო, რადგან გაზაფხულზე სოფელში დაბრუნდნენ იმ სახლების მეპატრონეები, სადაც მეწყერს გარიდებული ოჯახები დროებით ცხოვრობდნენ.

“როცა წვიმს, შიშისგან არ გვძინავს. ახლახან უამინდობა იყო, წვიმდა და მთელი ღამე ვდარაჯობდით, არაფერი მომხდარიყო. გვინდა, რომ ზამთრამდე ვიპოვოთ საცხოვრებელი, რამდენიმე დღით სადმე ნამდვილად ვეღარ გადავალთ“, – ამბობს ნანი.

სოფელი წაბლანა. ფოტო: ანუკი შაინიძე

წაბლანას კიდევ ერთი მკვიდრი, 55 წლის რამინ შაინიძე ამბობს, რომ უკვე მესამე თვეა სპეციალისტებს ელიან.

„გეოლოგები მარტში უნდა მოსულიყვნენ. მარტში არ მოვიდნენ, აპრილში არ მოვიდნენ, მაისის შუა რიცხვებია და არავინ მოსულა ჯერ კიდევ. მეწყრული პროცესები წაბლანაში 2 ოქტომბერს გააქტიურდა და ახლაც გრძელდება“, – ამბობს რამინ შაინიძე.

მისი თქმით, სოფელში მიწის დიდი ნაწილია დამსკდარი და მეწყრული მასა ყოველ გაწვიმებაზე ჩამოდის. რამინი გვიყვება, რომ მისი საცხოვრებელი სახლი მეწყრის სათავის ადგილიდან 30 მეტრის დაშორებითაა.

რამინის ოჯახიც იმ ოჯახებს შორისაა, რომლებიც მერიამ დროებით გადაიყვანა, ქირით.

„მერიამ თავიდანვე გვითხრა, რომ მხოლოდ 3 თვით გადაგვიყვანდნენ. მეტი საშუალება აღარ ჰქონდა ალბათ, ქირა რომ გადაეხადათ“, – ამბობს რამინი.

მისი თქმით, საფრთხე მას და მის ოჯახს ახლაც ემუქრება. ისინი წვიმის დროს 2-3 ღამით მეზობლებთან რჩებიან:

„წვიმისას მეშინია ჩემს სახლში გაჩერება. თითქმის ყოველ გაწვიმებაზე იძულებულები ვართ, მეზობელთან დავრჩეთ“.

რამინი გვიყვება, რომ მისი საკარმიდამო ნაკვეთი მეწყერმა სულ წაიღო და წელს ვერ შეძლეს მიწით ესარგებლათ.

სოფელი წაბლანა. ფოტო: ანუკი შაინიძე
  • რატომ არ მიდიან წაბლანელები საცხოვრებლად ბათუმში, სადაც ბინები აქვთ 

წაბლანა აჭარაში მეწყრისგან ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელია. 1989 წელს აქ მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, ასობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა. წაბლანელებს წლების განმავლობაში ჰპირდებოდა მთავრობა ალტერნატიულ საცხოვრებელს, თუმცა წაბლანელებმა ბინები ბათუმში მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მიიღეს. დაპირება ბოლომდე არ შესრულდა, ბინები გაურემონტებელი იყო და წაბლანელებმა ბინის გარემონტების მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს ბათუმში, ხოლო 2020 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

2021 წლის ივლისში აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წაბლანაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს ერთჯერადად 5000-5000 ლარი გამოუყვეს. ეს თანხა რემონტისთვის იყო გათვალისწინებული.

წაბლანელ ნანი შაინიძეს ხულოს მერიაში შეახსენეს, რომ მას ბათუმში აქვს ბინა, თუმცა, როგორც ნანი ამბობს, 60 კვადრატულ მეტრ ბინაში 7-სულიანი ოჯახის ცხოვრება შეუძლებელია.

„მიწები გვაქვს დასამუშავებელი. მოვა ზამთარი ისევ და ხომ უნდა გვქონდეს რაღაც, რომ ვჭამოთ,“ – ამბობს ნანი.

წაბლანელმა რამინ შაინიძემაც იგივე პასუხი მიიღო მერისგან, რაც ნანი შაინიძემ:

„მერიაში მითხრეს, რომ ქალაქში გაქვს ბინა და იქ წადიო. მერმა ეს პირადად მითხრა საუბარშიც“.

„ბინაში, რომელიც გვაქვს, ჩემი უფროსი შვილი ცხოვრობს, ცოლთან და შვილებთან ერთად. საშუალება არ იქნება, იმ ერთ გრამ ბინაში ვიცხოვროთ შვიდმა ადამიანმა“, – გვითხრა მზია შაინიძემ, რამინის მეუღლემ.

  • „ამ ოჯახებს ალტერნატიული ფართობი აქვთ“ – ხულოს მერია 

„ბათუმელები“ წაბლანაში განვითარებული მეწყრის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს, ჯამბულატ მელაძეს ესაუბრა. აქ გვითხრეს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან.

„ჩვენ აჭარის გეოლოგიური სამსახურის 22 დეკემბერს გაკეთებული დასკვნით ვხელმძღვანელობთ. მათი დასკვნიდან გამომდინარე შემდეგი ეტაპია სამხარაულის დასკვნა გაკეთდეს, მაგრამ ზამთრის პერიოდში სამხარაული ვერ ჩაატარებდა კვლევას. მივწერეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2 მარტს და ჩამოვალთო, მაგრამ როდის, არ ვიცით“, – ამბობს ჯამბულატ მელაძე.

ჯამბულატ მელაძის თქმით, მოსახლეობაც დროებით ქირით აჭარის გეოლოგიური სამსახურის მიერ 22 დეკემბერს გაკეთებული დასკვნის მიხედვით გაიყვანეს:

„5 ოჯახი იყო, ვისაც ემუქრებოდა საშიშროება. ისინი ზამთრის პერიოდში ქირით ცხოვრობდნენ. კომისიამ იმსჯელა და ახლა ამ ოჯახებისთვის ქირის გადახდა შეწყვეტილია.

თავიდან ქირა 3 თვით იყო გათვალისწინებული და 1 თვე დავამატეთ, რადგან სამხარაული არ ჩამოსულა. თუ ძალიან გადადებენ გამოკვლევას, ალბათ მერიაში მოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ისევ გაუგრძელონ ქირა.

მე ვერ გეტყვით, შეწყვეტილია თუ არა მეწყრის საშიშროება. მეწყერი შესაძლოა ამაღამაც განვითარდეს.

ამ ოჯახებს ალტერნატიული ფართობი აქვთ. წაბლანის ტრაგედიასთან დაკავშირებით წაბლანის 219 ოჯახს გადაეცა ბინა და ამ ფართობს ვგულისხმობ.

მერიამ, რადგან ეს 5 ოჯახი მუდმივად სოფელში ცხოვრობდა, ამ და სხვა მიზეზების გამო გადაიყვანა დროებით ქირით უსაფრთხო გარემოში საცხოვრებლად“, – ამბობს ჯამბულატ მელაძე.

  • რას ამბობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 

„ბათუმელები“ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც დაუკავშირდა. ექსპერტიზის ბიუროს ვკითხეთ, რატომ გაჭიანურდა ამ დრომდე, როდის იგეგმება აღნიშნული ტერიტორიის შესწავლა და რა დრო დასჭირდება დასკვნის მომზადებას.

„2022 წლის 4 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ სოფელ წაბლანაში მეწყერსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების მიზნით დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა.

განხორციელდა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი  მოცულობითი დოკუმენტაციის შესწავლა.  მიმდინარე თვეში დაგეგმილია სოფელ წაბლანაში, ადგილზე, საინჟინრო ექსპერტიზის კვლევის ჩატარება. ექსპერტიზა დასრულდება მიმდინარე წლის მაისის ბოლოს”, – წერილობით გვიპასუხეს სამხარაულის ბიუროდან.

ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს აფრთხილებენ, რომ სასტუმროები უნდა დატოვონ

ბათუმში, სასტუმრო „თანამგზავრსა“ და „ინტურისტში“ დაბინავებული უკრაინელი ლტოლვილების თქმით, მათ ურეკავენ და აფრთხილებენ, რომ შესაძლოა სასტუმროს დატოვება მოუწიოთ. „ბათუმელებმა“ ამის შესახებ 5 მაისსაც დაწერა. მაშინ ლტოლვილებს უთხრეს, რომ 6 მაისს უნდა დაეტოვებინათ სასტუმრო, მაგრამ შემდეგ ვადა გადაუწიეს. 12 მაისს ლტოლვილმა მარიუპოლიდან, რომელიც სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობს, გვითხრა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მას 13 მაისამდე მისცეს „ინტურისტში“ დარჩენის უფლება.

ქვეყანაში უკრაინელ დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე დღეს ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრსაც ჰკითხეს.  „ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს“, „ეს უნდა დაინახოთ და დააფასოთ“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს დღემდე არ აქვს უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ერთიანი გეგმა – რატომ?

„ინტურისტსა“ და „თანამგზავრში“ დაბინავებულმა ტურისტებმა გვითხრეს, რომ მათ ყოველ დღე სასტუმროს დატოვებისკენ მოუწოდებენ.

„ჯერ გვითხრეს, რომ 12 მაისამდე შეგვეძლებოდა აქ დარჩენა. მერე დაგვპირდნენ, რომ დაგვეკონტაქტებიან და ან აქ გაგვიგრძელებენ ისევ დარჩენის დროს, ან სხვაგან გადაგვიყვანენ, ან კიდევ შესაძლოა გვითხრან დატოვეთ აქაურობაო. ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ხვალ გვექნება ამ სამიდან ერთ-ერთი პასუხი. მოვლენ და გაგვესაუბრებიან“, – უთხრა „ბათუმელებს“ გუშინ უკრაინელმა ლტოლვილმა, რომელმაც ითხოვა, რომ მისი ვინაობა არ გავამხილოთ.

მას „ბათუმელები“ დღესაც დაუკავშირდა, ლტოლვილის თქმით, ვადა დღესაც გაუგრძელეს, ისევ ერთი დღით.

ალიონა რიაბინა კი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს სასტუმრო „თანამგზავრში“. ალიონა საქართველოში 24 აპრილს ჩამოვიდა მარიუპოლიდან.

„თავიდან, რომ ჩამოვედით, არ უთქვამთ ზუსტად რამდენ ხანს მოგვიწევდა აქ დარჩენა. გვითხრეს, რომ შეიძლებოდა 1, 2 თვე გვეცხოვრა და შესაძლოა ნახევარი წელიც. შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. აგვიხსნეს, რომ ყველა უნდა გავსახლდეთ: მე აქ ორი კვირა და სამი დღეა ვცხოვრობ.

ქირის გადახდა ნამდვილად არ შემიძლია. მარიუპოლიდან ჩამოვედი, სადაც ორი თვე ომს ვუყურებდი, ძლივს გამოვაღწიეთ და რა დანაზოგიც შემომრჩა, იმით ბავშვებს საჭმლის და სხვადასხვა საჭიროების ფულს ვუზოგავ. მეგონა, საქართველოში ნამდვილად აძლევდნენ ლტოლვილებს ხანგრძლივ თავშესაფარს ომის დასრულებამდე. არ ვიცი, რას შემოგვთავაზებენ“, – ამბობს ალიონა.

როგორც ის გვიხსნის, მისი ზოგიერთი თანამემამულე სასტუმრო „თანამგზავრში“ ორი კვირაა ცხოვრობს და უკვე უთხრეს, რომ რამე სხვა მოძებნონ. ალიონას თქმით, ვისაც ამის საშუალება ჰქონდა, იქირავეს ბინები, თუმცა სასტუმროებში მცხოვრებ ყველა უკრაინელ ლტოლვილს ამის შესაძლებლობა არ აქვს.

„ძალიან დაბნეულები ვართ ლტოლვილები, მეც მათ შორის. არ ვიცით, რა უნდა ვქნათ. ბავშვების სკოლასა და ბაღზე ჯერ ვერ ვფიქრობ, უნდა დავსაქმდე და ბინის საკითხი გადავწყვიტო, მერე ვიფიქრებ სკოლასა და ბაღზე“, – ამბობს ალიონა.

ცოლ-ქმარი ალექსეი და ოლგა ბაკალიასოვებიც ორი კვირაა, რაც ჩამოვიდნენ მარიუპოლიდან. მათ 12 მაისს აცნობეს, როდემდე შეეძლებათ დარჩენა სასტუმრო „თანამგზავრში“. ოლგა ბაკალიასოვაც გვეუბნება, რომ 12 მაისს რამდენიმე ოჯახს [ვინც 2 თვე ცხოვრობდა] მოსთხოვეს სასტუმრო „თანამგზავრის“ დატოვება. ზოგიერთმა მათგანმა სასტუმრო დატოვა.

როგორც ოლგამ გვითხრა, მათ ნაცვლად სასტუმრომ უკრაინელი ლტოლვილების ახალი ნაკადი მიიღო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თინათინ ზოიძის განმარტებით, 4 მაისის მდგომარეობით, სასტუმროებში უფასოდ 400-მდე უკრაინელია განთავსებული.

როდის იწყება მოსწავლეთა კომპლექსური დავალებებით შეფასება – სამინისტროს განმარტება

როდის ჩატარდება სკოლებში მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასება, კონკრეტული თარიღი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის.

18 აპრილს სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეთა შეფასება მაისში დაიწყებოდა, თუმცა დღეს, 13 მაისს, ამავე სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შეფასების დაწყების კონკრეტული თარიღი უცნობია.

სკოლებში ასევე აქვთ მოლოდინი, რომ დიაგნოსტიკური შეფასებისთვის საჭირო ტესტირების ნიმუშები განათლების სამინისტროსგან უნდა მიიღონ. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მოსწავლის შეფასებას საგნის მასწავლებელი აკეთებს. თუმცა გარკვეულ მითითებებს, თუ რა კრიტერიუმებით უნდა იყოს ტესტი შედგენილი, სამინისტროსგანაც მიიღებენ.

განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს შეხვედრები რესურსცენტრებთან, სკოლებთან – „რაღაც დეტალები კიდევ არის დასაზუსტებელი და როგორც კი მზად იქნება ყველაფერი, შემდეგ დაიძვრება პროცესი.“

რაც შეეხება ტესტებს, როგორც ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფში გვეუბნებიან, „ტესტი ძირითადად ორიენტირებული იქნება მაღალ სააზროვნო უნარებზე. სკოლებს, რა თქმა უნდა უნდა წინასწარ მიეწოდებათ ტესტური დავალებები“.

კითხვაზე, დაახლოებით რა დრო დასჭირდება რესურსცენტრებთან და სკოლებთან შეთანხმებას, სამინისტროში კონკრეტული პასუხი არ აქვთ, რადგან, მათი თქმით, „ეს არის პროცესი“.

„დაანონსებული კი იყო მაისის ბოლო, ივნისის დასაწყისი, მაგრამ ეს ვადა შესაძლოა გადაიწიოს. თუმცა კონკრეტულ დროს ვერ გეტყვით,“ – გვითხრეს რეფორმების ჯგუფში.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მოსწავლის დიაგნოსტიკური შეფასება თავად მასწავლებლების ინტერესში შედის, რადგან თუ მასწავლებელი ობიექტურად არ შეაფასებს მოსწავლეს, ვერც ობიექტურ შედეგს მიიღებს ბავშვისგან და, შესაბამისად, ვერც მომავალ სასწავლო პროცესს დაუგეგმავს.

სამინისტროს ვკითხეთ, მასწავლებელი წლის განმავლობაში ისედაც აფასებს მოსწავლეს და იცის მისი სუსტი ან ძლიერი მხარეები, მაშინ რატომ არის აუცილებელი დიაგნოსტიკური შეფასება?

„ცოტა განსხვავებები არის დიაგნოსტიკურ შეფასებასა და, ზოგადად, წლის განმავლობაში მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასებაში. დიაგნოსტიკური შეფასებაც განმავითარებელია, თუმცა ის ერთგვარად აჯამებს, თავს უყრის მოსწავლის მიღწევებს საფეხურის შედეგებთან მიმართებით.“- ამბობენ რეფორმების ჯგუფში.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გულწრფელი იქნება მასწავლებელი თავისი მოსწავლის შეფასებისას, სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს პირველ რიგში მასწავლებლისა და სკოლის ინტერესებშია.

„ადრე, მშობელთა კრებები როცა ტარდებოდა, იქ ხომ ეუბნებოდნენ მასწავლებლები მშობლებს, თუ რაში სჭირდებოდათ მათ შვილებს დახმარება, რა იყო მათი სუსტი ან ძლიერი მხარე, არ ჰქონდათ გამოსასწორებელი? ასეთივე იქნება ეს შეფასებაც, ასეთივე განწყობით უნდა თქვას მასწავლებელმა, რა სჭირდება მოსწავლეს შემდგომი განვითარებისთვის.

ეს შედეგები სამინისტროში არ იგზავნება, ეს შეფასება კეთდება მასწავლებლისთვის, რომ შეაფასოს, გაანალიზოს სასწავლო დანაკარგები და მომავლისთვის ამა თუ იმ მოსწავლეს ინდივიდუალურად დაუგეგმოს  სასწავლო პროცესი. ეს არის მთელი შინაარსი ამ ტესტირების,“ – გვითხრეს სამინისტროში.

მათივე თქმით, დიაგნოსტიკური შეფასებები ასევე დაეხმარება საგნობრივ კათედრებსაც: სკოლა უკეთ დაინახავს სუსტ და ძლიერ მხარეებს და ამის მიხედვით დაგეგმავს მომდევნო სასწავლო წელს. მათი ინფორმაციით, მსგავსი შეფასება სკოლამ ყოველი წლის ბოლოს უნდა გააკეთოს.

___________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

11 ვაკანსია შუახევისა და ხელვაჩაურის მერიებში

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას ექვს, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას 5 თანამდებობაზე აქვს გამოცხადებული კონკურსი.

შუახევის მუნიციპალიტეტი კონკურსს შემდეგ პოზიციებზე აცხადებს:

საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტთა თანამდებობაზე ხელფასი 880 ლარი იქნება. ძირითადი მოთხოვნებია ბაკალავრის ხარისხი და 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პირველი კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი 990 ლარია, ამ შემთხვევაში ძირითადი მოთხოვნებია ბაკალავრის ხარისხი და 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 1320 ლარი იქნება ხელფასი. საჭიროა ბაკალავრის ხარისხი და მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება.

მერიის მიერ გამოცხადებულ ყველა ვაკანსიაზე 1 ადგილია.

სულ 5 ვაკანსიაზეა კონკურსი გამოცხადებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში:

მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტთა თანამდებობაზე ხელვაჩაურის მერიაში 3 ვაკანსიაა. ხელფასი 880 ლარი იქნება, ძირითადი მოთხოვნები ბაკალავრის ხარისხი და 1-წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონაა.

საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ხელვაჩაურში 2 კონკურსია გამოცხადებული, ხელფასი 1320 ლარია. ამ შემთხვევაში ძირითადი მოთხოვნაა ბაკალავრის ხარისხი და 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ყველა კონკურსზე განცხადებების მიღების ბოლო ვადა 20 მაისია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კონკურსებში კი – 18 მაისი.

„თითქოს პუტინი ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში“ – სანქციების ეფექტი რუსეთში

„პუტინმა ყველაფერი დადო ფსონზე იმის მიუხედავად, რომ აგებს და აგებს, ამატებს ფსონს, თითქოს ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში,“ – ამ შთაბეჭდილებას უტოვებს სანქცირებული პუტინის ქცევა ეკონომიკის ანალიტიკოსს, გიგა ბედინეიშვილს, რომელსაც სანქციების შედეგებზე ვესაუბრეთ: რა დაემართა რუსეთის ეკონომიკას და რა შეიძლება გამოიწვიოს სანქციებმა ახლო მომავალში? ხომ ვერ მოახერხებს რუსეთი ალტერნატიული ბაზრების მოძიებას?

ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთი საბჭოთა კავშირში ბრუნდება იმ განსხვავებით, რომ იქიდან გაზს და ნავთობსაც აღარ იყიდიან და უფრო მეტი სიღარიბე იქნება. ეკონომისტს საბჭოთა კავშირს ახსენებს რუსული რუბლის გამყარებაც ომის პირობებში, როცა დოლარი თითქოს 90 კაპიკი ღირდა, მაგრამ რეალურად 10 მანეთი იყო საჭირო.

„ბათუმელებმა“ გიგა ბედინეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, ის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანია.

  • ბატონო გიგა, როგორ იმუშავა ამ დრომდე სანქციებმა, რაც რუსეთს დაუწესეს? ფაქტია, რომ სანქციებმა რუსეთი ვერ შეაჩერა. 

ომის დაწყებამდე სანქციები, რაც დაუწესეს რუსეთს, არ იყო საკმარისი და დამაჯერებელი. ომის დაწყების შემდეგ კი, ჩანს, რომ სანქციებს აქვს ორი მიზანი: იქნებ, ახლა მაინც მიხვდეს პუტინი, რომ გაჩერდეს და ამიტომაც იყო ესკალაცია ამ სანქციებში. მეორე სამიზნეა რუსეთის დასუსტდეს. ვხედავთ, რომ პუტინი არ გაჩერებულა და ომი გრძელდება.

რაც შეეხება რუსეთის დასუსტებას, ეს აშკარად მოქმედებს და კიდევ უფრო გამძაფრდება საშუალო ვადაში, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის დასუსტება და დეგრადირება ეჭვს არ იწვევს ჩემში, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.

  • რა დრო მოიაზრება ამ საშუალო ვადაში, როცა რუსეთში იგრძნობენ ამ სანქციების გავლენის სიმძაფრეს? 

საშუალო ვადა არის სადღაც წლის ბოლოს, შემოდგომაზე, როცა რუსეთში იქნება ეკონომიკური ვარდნა, უმუშევრობა… ეს იგრძნობა ახლაც, თუმცა კვლევებით ჩანს, რომ ომს აქვს მხარდაჭერა რუსეთში. ამ კვლევებით არ ჩანს, რის გამოა ეს მხარდაჭერა: ეშინიათ სამშობლოს მოღალატეობისთვის არ დასაჯონ, პროპაგანდაა, თუ სხვა მიზეზია. რეალურად რუსეთის ინტერესშია ომის წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჯერ კიდევ ცოტას ესმის რუსეთში. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა რუსეთში ეკონომიკის ნგრევასთან ერთად შემცირდება.

გიგა ბედინეიშვილი
  • სად ჩანს, რომ ინგრევა? მაგალითად, რუსული რუბლის კურსი ომის დაწყების დროს დაეცა, მაგრამ უკვე დაუბრუნდა ომამდელ ნიშნულს. 

ეს მოხერხდა ვალუტის კონტროლით. ასე საბჭოთა კავშირის დროსაც ოფიციალური კურსის დოლარისა 90 კაპიკი იყო, სინამდვილეში კი, 10 მანეთად ძლივს იშოვიდი. როცა სავალუტო კონტროლებია, რთულია გაიგო ვალუტის რეალური კურსი. რეალურად რუსეთის ეკონომიკა 15 – 20 პროცენტითა არის შემცირებული. ბევრ რამეს ვეღარ იშოვი რუსეთში, რასაც ისინი შეჩვეული იყვნენ, მაგალითად, მანქანები, რომლითაც დადიან, სათანადო ნაწილებსაც ვეღარ იყიდიან მალე, ვერ მოგზაურობენ და ასე შემდეგ. რუსეთის ეკონომიკას უკვე მძიმე დღე აქვს, ზრდა აქვთ უმუშევრობის და არაერთი პროდუქტის დეფიციტია. რუსეთის პერსპექტივა კატასტროფულია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

  • რუსული პროპაგანდის გზავნილია, რომ მოძებნიან ალტერნატივებს და ცოტა მოთმინების შემთხვევაში, მოძლიერდებიან. რეალურად, რამდენად შესაძლებელია, მაგალითად, იგივე ინდოეთის ბაზარი გამოიყენოს რუსეთმა, თუ დასავლეთი მოახერხებს რუსულ გაზსა და ნავთობზე უარი თქვას? 

ეს სრული ბოდვაა რუსული პროპაგანდის და ლავროვის. ინდოეთის მთლიანი შიდა მოხმარების პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2 ათასი ამერიკული დოლარია, მაქსიმუმ 3 ათასი. ევროპის მოქალაქის კი, საშუალოდ, 50 ათასი დოლარი. შესაბამისად, ევროპის ბაზარს ვერ ჩაანაცვლებ ჩინეთით და ინდოეთით. თანაც, ინდოეთი ფრთხილად იმოქმედებს დასავლეთის ბაზარზე. მართალია, ის ამ დროისთვის არაა ისე დამოკიდებული დასავლეთზე, როგორც ჩინეთი, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ერთი საკითხია: ბუნებრივი აირი და წარმოება რისთვის უნდა ინდოეთს? თუ მას უნდა, რომ რაღაც აწარმოოს, მას ლოგიკურად სჭირდება დასავლეთის ბაზარიც. შესაბამისად, მან იცის, რომ თუკი ზედმეტად ჩაუწვება რუსეთს, ის დაკარგავს დასავლეთის ბაზარს.

  • ბორელი ამბობდა, ევროპა ყოველდღიურად, ომის პირობებშიც კი, რუსეთს 1 მილიარდ ევროს უხდის ენერგორესურსებში. ომის დაწყებიდან დღემდე ევროპისგან რუსეთმა 79 მილიარდი ევრო მიიღო. ასევე ჩანს, რომ ემბარგო ჯერ ვერ დაწესდება და ვიდრე დასავლეთი მოახერხებს რუსულ გაზზე უარის თქმას, გამორიცხავთ, რომ რუსეთმაც იპოვოს ალტერნატივა? 

ვერ ჩაანაცვლებს, გამორიცხულია. ევროპა და ამერიკა არის მდიდარი, ცივილიზებული სამყარო, ეკონომიკურ ურთიერთობა მომგებიანია მდიდარ ბაზრებთან. ჯერ ერთი, ბუნებრივი აირის მიწოდებს სჭირდება შესაბამისი მილსადენი, რასაც უშველებელი ინვესტიცია უნდა, ამისთვის კი, რუსეთს ფული არ ექნება.

შესაბამისად, ინდოეთი დიდია, მაგრამ ღატაკია, ის ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმას, რასაც რუსეთს აძლევს დასავლეთის ბაზარი. ენერგოდამოკიდებულების მთლიანად შემცირება მყისიერად ვერ მოხდება, მაგრამ ეს შესაძლებელია ერთ-ორ წელიწადში, თუ ამასობაში რუსეთში დრამატული ცვლილება არ მოხდა. თუ პუტინი გადააგდეს და სწრაფი დემოკრატიზაცია მოხდა, ეს სხვა არის, მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში, რუსეთს ჩინეთი და ინდოეთი ნამდვილად ვერ უშველის.

რუსეთის ეკონომიკის დაცემა გარდაუვალია და ეს არის პრაქტიკულად საბჭოთა კავშირში დაბრუნება, რომელიც უფრო ღარიბი იქნება, ვიდრე საბჭო კავშირი იყო, იზოლირებული, ჩაკეტილი, ჯინსების და საღეჭი რეზინის გარეშე. შესაძლოა, ვინმეს საბჭოთა კავშირი მოსწონდა, მაგრამ ეს თუ არ არის ეკონომიკური კატასტროფა, ასე, შესაძლოა, პირველყოფილ წყობილებაშიც დაბრუნდეს რუსეთი და ნადირობით ირჩინოს თავი, სულს გაიტანს. საბჭოთა კავშირისგან გაზს და ნავთობს ყიდულობდნენ, რუსეთი კი, უარეს მდგომარეობაში ჩავარდება.

  • გაქვთ მოლოდინი, რომ ეს ეკონომიკური დაცემა გამოიწვევს რუსეთის დაშლას? 

ფსონს ვერ დავდებ, რადგან არ ვიცი რეალურად, როგორია მაზოხისტური განწყობის მომავალი რუსეთში. შესაძლოა, მათ სიამოვნებდეთ კიდეც გაჭირვებაში ცხოვრება და მასობრივ ფსიქოთერაპიაში შევდივართ. მგონია, რომ რუსეთში, სადაც უკვე გარკვეულწილად მაინც იგემეს ევროპა, იმოგზაურეს და ასე შემდეგ, გაუჭირდებათ ამასთან შეგუება. ეს მათი არჩევანია, თუ მოისურვებენ გამოქვაბულში დაბრუნებას. მოკლედ, ეს ფსიქიატრიის თემაა.

  • გაზსა და ნავთობზე უარის თქმა, რაც განიხილება, როგორც ყველაზე მტკივნეული სანქცია, შეცვლის, თქვენი აზრით, პუტინს?

ეს უკვე პუტინის ფსიქიატრიის თემაა. გასაგებია, რომ პუტინმა ყველაფერი დადო ფსონზე და იმის მიუხედავად, რომ აგებს და აგებს, ამატებს ფსონს, თითქოს ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში. მძიმედ პროგნოზირებადია პუტინის ქცევა. ვფიქრობ, რომ სინამდვილეში პუტინს აქვს პირადი მოტივები, მას რაღაც მანია აქვს, რომ ისტორიაში იყოს, როგორც „პეტრე მეორე“. ის ხვდება ასევე, რომ საშინელი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და კატასტროფისკენ მიჰყავს რუსეთი, აორმაგებს ფსონებს, მოკლედ, ეს ჩაკეტილი წრეა.

  • რუსეთის ეკონომიკას ბევრი შიდა, არაეფექტური ხარჯის გაღება უწევს, მაგალითად, დოტაციაზე ჰყავს ჩეჩნეთი და არაღიარებული სამხრეთ ოსეთი, სხვა ტერიტორიებიც. ამათ გამოკვებას ისევ შეძლებს სანქცირებული რუსეთი? 

გაუჭირდება, რუსულ რუბლს დაბეჭდავენ და ასე შემდეგ, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, ისე იქნებ…ა. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინაც გათავისუფლდება და საქართველოს დეოკუპაციაც მოხდება.

  • რუსეთი საქართველოსთვის სამ ყველაზე მსხვილ პარტნიორს შორისაა. რა იცვლება ჩვენთვის? 

ჩვენთან გაძვირდება სავარაუდოდ გარკვეული პროდუქტები, მაგრამ როგორ ვერ უნდა მოვითმინოთ ცოტა ხნით ფასების ზრდა, როცა შანსი გვაქვს, რომ მონობისგან თავი დავიხსნათ? რუსეთის ფაქტორი როცა აღარ იქნება დამანგრეველი, თუ ჩვენ სწორ მხარეს აღმოვჩნდით და „ოცნებამ“ არ ჩაგვტოვა საბჭოთა ჭაობში, ჩვენ ვიქნებით სერიოზული ეკონომიური აღმავლობის მომსწრე. ამიტომაც, საჭიროა, რომ ყველა საერთაშორისო სანქციას შევუერთდეთ და არ უნდა შეგვეშინდეს რუსეთის ბაზრის დაკარგვის. ეს დაგვიკარგია კიდეც და არ დავქცეულვართ. ახლა არის შანსი, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დავამარცხოთ ბოროტების იმპერია ერთხელ და სამუდამოდ. სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც.

  • მიგაჩნიათ, რომ შეუქცევადია რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა? 

რუსეთის გაღარიბება არის შეუქცევადი. რუსეთი ღარიბი იყო აქამდეც დასავლეთთან შედარებით, მაგრამ, მაგალითად, ღარიბი არ იყო ჩვენთან შედარებით. ის სამჯერ, ოთხჯერ უფრო მდიდარი იყო, რადგან ჩვენ ეკონომიკური განვითარება შევწყვიტეთ. ჩვენი ამოცანაც ეს უნდა იყოს, რომ რომ რუსეთს გადავასწროთ ეკონომიკურად ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური პარამეტრებით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე რუსეთში და მაშინ ეს „ალტ-ინფოები“ და „ოცნების“ სხვა პარტნიორები, რეალურად კი ფაშისტური ორგანიზაციები ვეღარ გაავრცელებენ ამ სისულელეებს, რომ რუსეთის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ, ჩვენი მოძმეები არიან და ასე შემდეგ.

რუსეთის ეკონომიკის დაცემა გარდაუვალია, თუ პოლიტიკური რევოლუცია არ მოხდა რუსეთში. ეს რეჟიმი არის  კეთროვანივით ახლა. ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ევროპელი ლიდერი დღეს კი არა, მინიმუმ შემდეგი სამი წელი ხელს ჩამოართმევს პუტინს. პუტინმა რუსეთი მიიყვანა კატასტროფამდე და ამას ვუყურებთ ჩვენ ერთად ახლა.

მათი გმირული სიკვდილი ან ტყვეობა უკრაინის კრახია – მარიუპოლის მცველის საცოლე

უკრაინული 24-ე არხი აქვეყნებს მარიუპოლის პოლკის პირველი ბატალიონის ასმეთაურის საცოლის, ანა ნაუმენკოს მიმართვას. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ თარგმანს.

_________________________________

„ჩვენ 2014 წელს შევხვდით ერთმანეთს, 2018 წელს დაქორწინება შემომთავაზა. წელს უნდა გვექორწინა.

მე შევეჩვიე ლოდინს, მაგრამ ახლა ყოველდღიური ლოდინი აუტანელია.

როცა რუსეთი 2014 წელს თავს დაგვესხა, ამ ბიჭებმა დატოვეს ნორმალური ცხოვრება, სწავლა, სპორტი და წავიდნენ ქვეყნის, ჩვენი სიმშვიდის დასაცავად. მათ არ შეეძლოთ განზე დარჩენა, უნდა გაეგრძელებინათ ბრძოლა. ისინი უკვე მაშინ ხვდებოდნენ ყველაფერს, რაზეც უმრავლესობას ახლა აეხილა თვალი.

ისინი წავიდნენ მოხალისეებად და 8 წელში გადაიქცნენ ეროვნული გვარდიის ყველაზე ძლიერ პოლკად – მამაცები, ჭკვიანები, შეგნებულები, კეთილები… მარიუპოლი ამ დროში გახდა პროგრესული და განვითარებული, მაგრამ, სამწუხაროდ, არასაკმარისად დაცული.

ახლა მარიუპოლის ყველა საბრძოლო ძალა „აზოვსტალშია“ გაერთიანებული, მეომრებს შორის არიან ქალები და 600-მდე დაჭრილი.

ქალაქი ალყაშია მარტის დასაწყისიდან, აზოვსტალში ჩვენი მეომრები აპრილის შუა რიცხვებიდან არიან, ამიტომ მთელ მსოფლიოს უნდა ესმოდეს, როგორი სიტუაციაა იქ პროდუქტებთან, წყალთან, წამლებთან დაკავშირებით. ბომბებს გადარჩენილი თავშესაფრების რაოდენობა სულ უფრო მცირდება, მტერს განუწყვეტლივ მიაქვს შტურმი ქარხანაზე და უკვე მის ტერიტორიაზეც.

ქარხანა განუწყვეტლივ იბომბება რუსების მიერ გემებიდან, არტილერიით, ტანკებით, საბრძოლო თვითმფრინავებით.

„აზოვსტალში“:

  • ყოველ დღე კვდებიან ადამიანები 
  • უკრაინელი ჯარისკაცები მზად არიან ჩაბარდნენ მესამე მხარეს და იქ დარჩნენ ომის დასრულებამდე 

ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მსოფლიო პოლიტიკოსებს და დიპლომატებს პუტინზე ზეწოლას და ორგანიზაციების ჩართვას მწვანე დერეფნის ასამოქმედებლად ყველა „აზოვსტალელისთვის“: სამოქალაქო პირებისთვის, მებრძოლებისთვის, დაჭრილებისთვის, მოკლულთათვის.

ახლა უკვე ხელიდან გაშვებულია დებლოკადის შესაძლებლობა, აუცილებელია საერთო ზეწოლა საზოგადოებაზე და ჩვენი ხელისუფლების კოლოსალური დიპლომატიური მუშაობა.

ვიღაც სთავაზობს ჩვენს რკინის მეომრებს გმირულ სიკვდილს ან ტყვედ ჩაბარებას, მაგრამ ჩვენ, ნათესავები და ცოლები, გაფრთხილებთ, მოვლენათა ასეთი განვითარება მთელი უკრაინის კრახი იქნება.

სახელმწიფომ უნდა იბრძოლოს ბოლომდე ყოველი ჩვენი ჯარისკაცისთვის „აზოვსტალში“ – ცოცხალი იქნება ის, დაჭრილი თუ მკვდარი“.

  • რა ხდება მარიუპოლში

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ამჟამად, ფაქტობრივად, განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია.

მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.

რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.

ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში და მარიუპოლში მდებარე სხვადასხვა თავშესაფარში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი დიდი ნაწილის გამოყვანა მოხერხდა.

ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, უსაფრთხოდ გაყვანას მესამე ქვეყანაში, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.

უკრაინელები სუხიშვილების გაუქმებული კონცერტების საფასურის დაბრუნებას ითხოვენ

11 მაისს „ბათუმელებს“ უკრაინის მოქალაქემ, ანა კოტოვამ, მომართა წერილობით, რომელმაც გვითხრა, რომ მარტში ის, მეუღლესა და მშობლებთან ერთად, უნდა დასწრებოდა ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტს უკრაინაში, რომელიც საომარი ვითარების გამო ჩაიშალა.

ანამ სულ ოთხი ბილეთი იყიდა, რაშიც 6142 უკრაინული გრივნა [627 ლარი] გადაიხადა.

ანა კოტოვას ოთხი ბილეთი ანსამბლ „სუხიშვილების” კონცერტზე დასასწრებად.

„სუხიშვილები“ მარტის ბოლოს უკრაინას საკონცერტო ტურით უნდა სწვეოდა. ბილეთებს უკრაინაში ადგილობრივი გამავრცელებლები, კომპანიები: контрамарка და Карабас-ი ყიდდნენ, რისთვისაც ისინი სარეკლამო კამპანიასაც ეწეოდნენ. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ საკონცერტო ტური ჩაიშალა.

„ახლა ჩვენ ვერ ვიბრუნებთ ბილეთების ფულს, როგორც ბილეთების გამავრცელებელი კომპანიები გვეუბნებიან, ბილეთების თანხა კონცერტის ორგანიზატორებთანაა და დაბრუნებაც მათზეა დამოკიდებული. დაზარალდა ასობით უკრაინელი, რომლებსაც ახლა, ომის პირობებში, ძალიან სჭირდებათ ეს ფული, ჩვენ კი დამოუკიდებლად ვერ ვუკავშირდებით ორგანიზატორებს“, – ამბობს ანა კოტოვა, რომელიც ამ დროისთვის დევნილია და პოლონეთს აფარებს თავს.

როცა ანამ ომის გამო კონცერტის ჩაშლის შესახებ შეიტყო, დაუკავშირდა კომპანიას, სადაც ბილეთები შეიძინა. მათგან კი ასეთი პასუხი მიიღო:

„საომარი მოქმედებების გამო სახელმწიფო გადარიცხვის სისტემები და ორგანიზაციები, რომლებმაც ბილეთის თანხის დაბრუნება უნდა უზრუნველყონ, არ მუშაობენ. როგორც კი ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა იქნება, დავიწყებთ ბილეთების ეტაპობრივად დაბრუნებას. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ჩვენთან არ ინახება თქვენ მიერ გადახდილი ფული. ბილეთის ყიდვისას თქვენ დათანხმდით შეძენის პირობებს, სადაც მითითებულია, რომ ბილეთის საფასურის დაბრუნება ღონისძიების ორგანიზატორების პრეროგატივაა. ჩვენ კი მხოლოდ ბილეთების გამავრცელებელი შუამავალი რგოლი ვართ და შეგვიძლია თქვენი განაცხადი ბილეთის დაბრუნების შესახებ გადავცეთ ორგანიზატორებს“.

ანამ ჩაშლილი კონცერტის ბილეთების თანხის დაბრუნების თხოვნით მისწერა კომპანია контрамарка-საც, სადაც ორი ბილეთი ჰქონდა ნაყიდი. მათგან პასუხად მიიღო, რომ ბილეთების თანხის დაბრუნება კონცერტების ორგანიზატორის პრეროგატივაა და არ ეხება კომპანია контрамарка-ს.

„ჩვენ დავუკავშირდით ღონისძიების ორგანიზატორებს მომხმარებლებისთვის ბილეთების თანხის დაბრუნების მოთხოვნით და გადავეცით ინფორმაცია, ასევე, ვთხოვეთ მათ დააზუსტონ თარიღები. კონცერტთან დაკავშირებული ყველა სიახლე გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე: kontramarka.ua.“ – წერია უკრაინელი მომხმარებლისთვის ბილეთების გამავრცელებელი კომპანიისგან მიწერილ წერილში.

ბილეთების გამავრცელებელი კომპანიების ვებგვერდებზე უკმაყოფილო მომხმარებლები წერენ, რომლებიც ომის პირობებში ჩაშლილი კონცერტის ბილეთების თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

„ბათუმელები“ ანსამბლ „სუხიშვილების“ აღმასრულებელ მენეჯერსა და მოადგილეს, ხატია ეკიზაშვილს დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ კონცერტების ორგანიზატორი უკრაინაში საპროდიუსერო კომპანია Alliance Chatreau-ა და არა თავად ანსამბლი:

„საზღვარგარეთ კონცერტებისას ჩვენ არ ვართ ამ კონცერტების ორგანიზატორები. არ ვაკონტროლებთ სალაროს, არ ვყიდით ბილეთებს, შესაბამისად არც ბილეთის ფასს ვადგენთ.

ბილეთის ფასს, რეალიზაციას, დაბრუნებას და რეზერვაციას, გაყიდვებიდან შემოსულ თანხას სალაროში  ჩვენ არ ვაკონტროლებთ. ინფორმაციის დონეზეც კი არ გვაქვს ამაზე წვდომა. ეს საპროდიუსერო კომპანიის ანუ ორგანიზატორის ფუნქციებია.

ჩვენ კომერციულ რისკებს არ ვწევთ და კონკრეტულ, ფიქსირებულ ჰონორარზე ვმუშაობთ. დანარჩენი რისკი ბილეთების რეალიზაციის არის პროდიუსერის საქმე, საერთოდ ყველგან ასეა და ასეა უკრაინაშიც.

უკრაინაში ყოველ წელს დავდივართ. ჩვენი კონცერტების ორგანიზატორი ამ შემთხვევაში იყო კომპანია Alliance Chatreau, რომელიც ძალიან წარმატებულად თანამშრომლობს, ეს კომპანია გეგმავს კონცერტებს და აგვარებს ყველა საკითხს ადგილზე.

როგორც ფილარმონიაში გასამართ კონცერტებს ვყიდით TKT.GE-სა და სხვა საიტებზე, ასევე, Alliance Chatreau უკრაინაში უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ონლაინგაყიდვებს.

ამ კონცერტების ჰონორარი, რომელიც არ ჩატარებულა, ჩვენ არ მიგვიღია პროდიუსერისგან, რა თქმა უნდა.

ჩვენი პროდიუსერი მთელი თავისი სტაფით რუმინეთის საზღვრისპირა ქალაქშია, როგორც არაერთი უკრაინელი. შეიძლება საბანკო გადარიცხვებით თანხის დაბრუნების პრობლემაა ჯერ უკრაინაში, ეს დეტალები არ ვიცი“, – გვითხრა ანსამბლ „სუხიშვილების” აღმასრულებელმა მენეჯერმა და მოადგილემ, ხატია ეკიზაშვილმა.

„ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირება კომპანია Alliance Chatreau-ს, რათა გვეკითხა მათთვის როდის და როგორ დაუბრუნებენ მომხმარებელს კონცერტის ბილეთების საფასურს. ამ ეტაპზე ეს ვერ მოვახერხეთ.

Alliance Chatreau-სთან დაკავშირების და ბილეთების დაბრუნების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ „ბათუმელები“ ინფორმაციას აქვე განაახლებს.

აგრობარათზე ქულების დარიცხვა დაიწყო – ვინ ისარგებლებს და როგორ?

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, ქულები ეტაპობრივად დაირიცხება ბარათებზე და დღეიდან მაქსიმუმ 2 კვირაში დასრულდება.

პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. ანუ, ქულები დაერიცხება მხოლოდ იმ მესაკუთრეს, რომელიც 2 500 კვ.მ-დან 12 500 კვ.მ-ის ჩათვლით ფართობის მიწას ფლობს.

შესაბამისად, ქულები არ დაერიცხება იმ მესაკუთრეს, რომელსაც საკუთრებაში აქვს 2 500 კვ.მ-ზე ნაკლები ან 12 500 კვ.მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი.

ამასთან, ვინც დღეიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში დაირეგისტრირებს მიწის ნაკვეთს, ისინიც ჩაერთვებიან პროგრამაში.

სააგენტოს ინფორმაციით:

ფერმერებმა დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ „ლიბერთი ბანკის“ ვებგვერდის მეშვეობით – ამ ბმულზე

როგორც კი ფერმერის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდება აღნიშნულ გვერდზე [რომ დარიცხულია ქულები], შემდეგ ფერმერმა აუცილებლად უნდა მიმართოს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს – თუ არსებული აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად.

აგროქულების განაღდება ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი; პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ასევე „ლიბერთი ბანკის“ ცხელი ხაზის [2 55 55 00] მეშვეობით.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს – 1501 [ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა].

ამავე თემაზე:

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

თურქეთი არ უჭერს მხარს ფინეთის ნატოში გაწევრიანებას – ერდოღანი

თურქეთი პოზიტიურად არ აფასებს ფინეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას – ამის შესახებ დღეს, 13 მაისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

ერდოღანის ამ შეფასების მიზეზი, მისივე თქმით, PKK-ის – ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების და მათი მომხრეების მხარდაჭერაა სკანდინავიურ ქვეყნებსა და ნიდერლანდებში.

მეტი ამ თემაზე: რისთვის იბრძვიან ჩრდილოეთ სირიაში

დღეს, ასევე, ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატომ თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ალიანსში გააწევრიანა საბერძნეთი. „არ გვინდა მეორედ დავუშვათ შეცდომა,“ – თქვა მან.

თურქეთი ნატოს წევრია 1952 წლიდან.

ფინეთის მთავრობამ გუშინ, 12 მაისს, განაცხადა, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ნატოში. ფინეთის გადაწყვეტილებას ალიანსში მიესალმებიან.

რა არის საჭირო ომის დროს, სურსათის დეფიციტი რომ არ შეიქმნას – ინტერვიუ ანალიტიკოსთან

დღეს სურსათის მარაგი უკვე ნიშნავს არა სავსე ბეღელს, არამედ პროდუქტის ფასს, რომ დახლთან მისულებმა საკვების ყიდვა შევძლოთ – დაახლოებით ამას ამბობენ ანალიტიკოსები, რომლებიც სურსათის მარაგის უსაფრთხოებაზე მუშაობენ. რა არის საჭირო ომის დროს, სურსათი დეფიციტი რომ არ გახდეს? როგორ აგვარებენ უსაფრთხოების ამ საკითხს წამყვანი ქვეყნები?

„გააჩნია კონტექსტს“ – გვიპასუხა ანალიტიკოსმა ია კაციამ, რომელსაც ვკითხეთ: რამდენად რეალისტურია საქართველოს ხელისუფლების განაცხადი იმაზე, რომ სურსათის დეფიციტი არ გვაქვს და ეს არც გველოდება. ანალიტიკოსი განმარტავს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არსებული ლოჯისტიკური ჯაჭვების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, ომის პირობებშიც კი, რომელიმე ქვეყანაში საკვები დეფიციტი გახდეს.

„მაგრამ შესაძლოა მოსახლეობას აღარ ჰქონდეს საკვების შეძენის შესაძლებლობა“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ია კაციამ, ის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

  • ქალბატონო ია, რამდენად შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა სასურსათო მარაგების უსაფრთხოების მნიშვნელობა? როგორია მიდგომა განვითარებულ ქვეყნებში და რა პოლიტიკა აქვს ამ კუთხით საქართველოს?  

სასურსათო უსაფრთხოება ფართო ცნებაა, მას რამდენიმე განზომილება აქვს: ფიზიკური ხელმისაწვდომობა, სურსათის უვნებლობა და ასე შემდეგ, თუმცა დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა ფინანსური ხელმისაწვდომობა: შესაძლოა, საკვები არსებობდეს, მაგრამ მოსახლეობას აღარ ჰქონდეს მისი შეძენის შესაძლებლობა.

განსაკუთრებით 2007-2008 წლების სასურსათო კრიზისის დროს, მსოფლიოში გააქტიურდა ფინანსურის ხელმისაწვდომობის საკითხი და ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ გაეზარდათ ე.წ. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი. ესეც გულისხმობს მონაცემს კონკრეტული პროდუქტის შემთხვევაში რა რაოდენობა იწარმოება კონკრეტულ ქვეყანაში და რა ოდენობით არის საჭირო იმპორტი.

განსაკუთრებით კრიზისების და ომის დროს აქტიურდება ეს პრობლემა, მით უფრო დღეს, როცა ვიცით, რუსეთი, უკრაინა და ბელარუსიაც არის არაერთი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის მომწოდებელი, როგორიცაა ხორბალი, მარცვლეული, ზეთი, წიწიბურა… აქ პირდაპირი საფრთხეა ომის გამო, რომ შესაძლოა, ფიზიკურად ვეღარ მოგვაწოდონ ეს პროდუქტები და მეორეა რიგი შეზღუდვებისა, რაც რუსეთის მხრიდან დაწესდა ექსპორტზე.

  • სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევებით, საქართველოს დაბალი მაჩვენებელი აქვს სასურსათო მარაგის უსაფრთხოების კუთხით. ამის მიზეზი ძირითადად რუსეთზე დამოკიდებულების მაღალი მაჩვენებელია? 

სასურსათო უსაფრთხოების ინდიკატორებს რამდენიმე ორგანიზაცია ითვლის განსხვავებული ინდიკატორებით. საქართველოს Food and Agriculture organization (FAO) – ს რუკაზე აქვს ის ფერი, რაც აღნიშნავს საკმაოდ არასტაბილურ მდგომარეობას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც აქვეყნებს სტატისტიკას რამდენიმე პროდუქტის შემთხვევაში როგორია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, მაგალითად, კვერცხის შემთხვევაში გვაქვს 100 პროცენტი, ხორცზე – 80 პროცენტია, სხვა პროდუქტებზე კი, ეს მაჩვენებელი დაბალია.

რასაკვირველია, პანაცეა არ არის, რომ ყველაფერი ვაწარმოოთ 100 პროცენტით, რა შეგვიძლია და რის რესურსი გვაქვს, ის უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია მიწოდების რისკი. პოლიტიკური რისკიც მიწოდების რისკია.

წლებია საუბარი იმაზე, რომ რუსეთის ბაზარი უნდა ჩანაცვლდეს უკრაინით, რომელიც ასევე დიდი მომწოდებელია, თუმცა ამჯერად უკრაინაც გამოირიცხა და ხორბლის შემთხვევაში განიხილება ყაზახეთი. ყაზახეთი იყო ჩვენი პარტნიორი 3-4 წლის წინაც, თუმცა იმის გამო, რომ რუსეთის ბაზარი გაცილებით იაფი იყო, ისევ რუსეთის ბაზარს ჩამოვეკიდეთ – 90 პროცენტი და მეტი ისევ რუსეთიდან მოგვაქვს ხორბალი.

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, რაც ვახსენე, ჩვენთან, ხორბლის შემთხვევაში არის 15 – 17 პროცენტი, რაც არის საკმაოდ დაბალი კოეფიციენტი. მნიშვნელოვანია, ამ კოეფიციენტში იმპორტის კუთხით ვისზე ხარ დამოკიდებული, როგორია რისკები. ამ შემთხვევაში საუბარია რუსეთზე, რომელიც, ცხადია, არასტაბილურია.

  • რას ნიშნავს სტაბილურობა სურსათის მარაგის კუთხით? ხელისუფლება ამბობს, რომ სურსათის მარაგების დეფიციტი არ გვაქვს და ეს საფრთხე არც გვემუქრება. 

ხელისუფლება ამბობს, რომ მიუხედავად შეფერხებებისა, ქვეყანაში რიგი პროდუქტების 2 თვის მარაგი არსებობს, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ნაკლებად წარმოსადგენია, რომელიმე პროდუქტი ფიზიკურად აღარ დაგვხვდეს დახლზე, კონკრეტულ ბრენდს არ ვგულისხმობ. იმპორტიორები მოახერხებენ რისკების გათვალისწინებას და მარაგების შევსებას, მაგრამ აქ საუბარია: რამდენად შევძლებთ პროდუქტის შეძენას დახლთან მისული? მაგალითად, მარცვლეულის ფასი ბოლო წლებში ისედაც გაზრდილი იყო და ის კიდევ უფრო გაძვირდება.

საქართველოს შემთხვევაში, ყველაზე ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ რუსეთიდან ექსპორტი იაფი ჯდება, მათ შორის, ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებით – ტრაილერებით შემოაქვთ ძირითადად ლარსის გავლით. ამიტომაც, წლებია არის მოთხოვნა, რომ მოიძებნოს სხვა ბაზრები, რომლითაც შეიძლება ჩანაცვლდეს რუსეთი. გარდა იმისა, რომ ეს იქნება უსაფრთხო, ფასიც არ გაიზრდება ლოჯისტიკის გამო.

  • ეკონომისტის“ მონაცემებით, სასურსათო მარაგის უსაფრთხოების კუთხით პირველ ადგილზეა ირლანდია, მეორეზე – ავსტრია, მესამეზე – დიდი ბრიტანეთი. რა ხდება ამ ქვეყნებში? 

არის სხვადასხვა მოსაზრება, ეს სურსათის მარაგი უნდა იყოს ქვეყანაში მხოლოდ 2 თვეზე გათვლილი, თუ უფრო დიდხნიანი. არ არსებობს ერთიანი, უნიფიცირებული მიდგომა, რომ აი, ეს არის გამოსავალი. მიჩნეულია, რომ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი სადაც მაღალია, მაგალითად, აშშ, ავსტრალია, შვედეთი, იქ შიმშილის დონეც დაბალია, ანუ საკვებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მაღალია.

ეკონომისტებს ამ დრომდე აქვთ დისკუსია თემაზე, რა არის უკეთესი – ვაწარმოოთ თავად ჩვენ იმდენი პროდუქტი, რამდენიც გვჭირდება, თუ ვაწარმოოთ რამდენიც შეგვიძლია და მოვძებნოთ სანდო იმპორტიორები, სადაც რისკები დაბალია და არ იქნება მოწოდების, ან ფასის ზრდის რისკი. თუ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ქვეყნის შიგნით კონკრეტული პროდუქტები, მაშინ, ბუნებრივია, სოფლის მეურნეობის ბევრი დარგი ჩვენ უნდა დავასუბსიდიროთ და ეს იქნება ხელოვნური ჩარევა.

გამონაკლისად მიიჩნევა ჩარევის გამართლება და ამაზე თანხმდება ყველა: როცა მიწოდების რისკი არსებობს, მიწოდების ჯაჭვში არსებობს შეფერხებები და დამოკიდებული ხარ არასტაბილურ ქვეყანაზე, მათ შორის, პოლიტიკურად, როგორიცაა რუსეთი – ერთ დღეს შეუძლია გითხრას, რომ საერთოდ აღარ მოგაწვდის ხორბალს. შესაბამისად, წამყვანი ქვეყნები ასუბსიდერებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებს, რაზეც რისკი არსებობს იმ კონკრეტულ ქვეყანაში.

მაგალითად, შვეიცარიას აქვს სუბსიდირებული სოფლის მეურნეობის ბევრი დარგი და ბევრ რესურსს დებს იმაში, რომ გააუმჯობესოს მდგომარეობა. ამ ქვეყანაში ხორცპროდუქტებზე 100 პროცენტი აქვთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, მცენარეულ პროდუქტებზე კი – დაბალი. ეს გამოწვეულია იმით, რომ შვეიცარია მცირემიწიანია და დასახლება მჭიდრო. ასე რომ, შვეიცარიისთვის მნიშვნელოვანი გახდა ამ მიმართულებით უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის შექმნა.

  • ჩვენთან რა მიდგომაა? რამდენად ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარაგის უსაფრთხოების საკითხს? გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ თემაზე ჩვენთან საუბრისთვის ვერ მოიცალეს… 

ჩვენთან ეს პოლიტიკა უფრო სოციალური ხასიათისაა, ან პოლიტიკური, ვიდრე ეკონომიკური. მთავარია, რომ სამინისტროს ხედვები და პროგრამების შემუშავება ეფუძნებოდეს კვლევებს იგივე ერთწლიან კულტურებზე, რის დაფინანსებასაც ახლა აპირებენ… წლებია ვსაუბრობთ, მაგალითად, იმაზე, რომ მთავრობა არ უნდა ასუბსიდირებდეს ღვინის სექტორს, მაგრამ ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, ან როცა საბიუჯეტო სახსრებით ყიდულობენ ვაშლს, რომელიც სარეალიზაციოდ არ ვარგა. ამგვარი მიდგომით ირღვევა დარგში მოტივაცია.

ჩვენთან ძირითადად პროგრამები გათვლილია მრავალწლიან კულტურებზე, ან ტექნიკის შეძენაზე, რაც ძირეული პრობლემაა, თუმცა, როგორც ვიცი, მთავრობა აპირებს, დააფინანსოს ერთწლიანი კულტურებიც, როგორიცაა ხორბალი, შვრია. ეს, ცხადია, უკავშირდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს ამ მიმართულებით. ომამდეც ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა რუსეთმა ემბარგო დააწესა და შემდეგ დააწესა მაღალი გადასახადი ხორბალსა და ზეთზე. შესაბამისად, ეს პროდუქტები გაძვირდა. ადგილობრივი წარმოება არის დაბალი ჩვენთან, ვერ ჩაანაცვლებს იმპორტირებულს და ეს პრობლემა მუდმივად დგას. მგონია, რომ ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს მთავრობის დღის წესრიგში.

მთავრობის მხრიდან ჩარევა უნდა იყოს მინიმალური, თუმცა ხორბალი იმდენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტია, მნიშვნელოვანია, საიდან შეიძლება წამოვიღოთ. გვახსოვს შემთხვევა, როცა ხორბლის შემთხვევაში იმპორტიორები ითხოვდნენ გაზრდილი ფასების დასუბსიდირებას. პრობლემა აქ ის, რომ მუდმივი ხომ ვერ იქნება სუბსიდია? ამიტომაც, საკითხი კარგად უნდა შევისწავლოთ და სწორი გამოსავალი ვიპოვოთ.

  • რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ კონკრეტულად ამ კუთხით? 

მნიშვნელოვანია პარტნიორების მოძიება და ისეთი ქვეყნების შერჩევა, რაც გამორიცხავს ამ რისკებს და არ გაზრდის ფასებსაც. დღეს მთავარი არგუმენტია, რომ რუსეთში ხორბალი, ან ზეთი უფრო იაფია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა შესაძლოა სხვა ბაზრების მოძიება, იგივე თურქეთის ბაზარი, პოლონეთი.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არის ყველაზე იაფი, მაგრამ ასევე ვხედავთ, რა რისკებიც ახლავს რუსეთის ბაზარს. შესაბამისად, როცა დღეს ამბობს ხელისუფლება, რომ სურსათის მარაგის დეფიციტი არ არსებობს, ეს სწორია ფიზიკურ დონეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია კონტექსტი – ჩვენ უკვე სასურსათო ფასების 30-პროცენტიან ზრდასთან გვაქვს საქმე. ეს პირდაპირ აისახება ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი შემოსავლიდან 30-40 პროცენტს, თუ უფრო მეტს არა, ხარჯავენ საკვების შესაძენად.

უკრაინა პირველ რუს ჯარისკაცს ასამართლებს უიარაღო კაცის მოკვლისთვის – მედია

დღეს, 13 მაისს, კიევის სასამართლო რუსი სამხედრო მოსამსახურის, ვადიმ შიშიმარინის საქმის განხილვას იწყებს. რუსეთის შემოჭრის შემდეგ ეს არის სამხედრო დანაშაულზე დაწყებული პირველი სისხლის სამართლის საქმე, რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო უკრაინა ინფო The Guardian-ზე დაყრდნობით იუწყება.

ბრალდებული კანტემირის სატანკო დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის 21 წლის მეთაურია. მას ბრალად ედება სუმის რაიონში, სოფელ ჩუპახოვკაში უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯარისკაცმა სოფელ ჩუპახოვკაში 62 წლის შეუიარაღებელი კაცი მოკლა, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა და ტელეფონზე საუბრობდა. მსხვერპლი თავისი სახლიდან ათეულობით მეტრში იმყოფებოდა. დანაშაული ჩაიდინა AK-74 სისტემის ავტომატით.

შიშიმარინი დაკავებულია. პროკურატურას მიაჩნია, რომ უკვე შეაგროვეს საკმარისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება ომის კანონმდებლობის დარღვევა და განზრახ მკვლელობა.

ჯარისკაცს 10-დან 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გარდა ამისა, უახლოეს დღეებში შესაძლოა კიდევ ორი ​​საქმის მოსმენა დაიწყოს, მათ შორის არის რუსი სამხედრო მიხაილ რომანოვი, რომელსაც ბრალად ედება კიევის მახლობლად, ბროვარსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გაუპატიურება და მკვლელობა.

___

მთავარი ფოტო: ვადიმ შიშიმარინი

13 წლის მოსწავლე პეტიციით სოფელში განათებას ითხოვს – პროექტი შუახევში

ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა ინსტიტუციური გაძლიერების პროექტი.

პროექტის მიზანი იყო სოფელ ჭვანაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენლობისა და ახალგაზრდული ცენტრის ამოქმედებით, ორგანიზაციის ინსტიტუციური პოტენციალის ზრდა და ასევე, დაბა შუახევში ჭვანის, ბარათაულისა და წყალსაყრის თემის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ. მათ საგანმანათლებლო ტრენინგები ჩაუტარდათ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობების ძირითად პრინციპებზე, მოხალისეობასა და მის მნიშვნელობაზე, აქტივობების დაგეგმვაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

ჭვანაში მცხოვრები ახალგაზრდები „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ

პროექტის დირექტორი, ნანა დიასამიძე განმარტავს, რომ ახალგაზრდები სოფლებიდან ჩაერთვნენ საგანმანათლებლო და შემეცნებით-კულტურულ აქტივობებში და გაიარეს ორი ტრენინგკურსი:

„ახალგაზრდებმა სამოქალაქო ჟურნალისტიკის სკოლაში მოისმინეს სემინარები და  და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ტრენინგებს დაესწრნენ. თითოეული კურსი ხუთ თემატურ შეხვედრას მოიცავდა. ახალგაზრდები ესწრებოდნენ ფილმების ჩვენებას, შემდეგ კი დისკუსია-განხილვები იმართებოდა.

მათ ასევე გაიარეს ტრენინგები გამოკითხვების ჩატარების სპეციფიკისა და პეტიციის მომზადების არსზე, წარდგენის წესებზე.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რომლის მიზანიც იყო შუახევის მუნიციპალიტეტის, ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრის თემში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის, მუსლიმი ახალგაზრდების გამოწვევების იდენტიფიცირება, გამოკითხვა  ჩაატარეს პროექტის განხორციელებაში ჩართულმა მოხალისეებმა, შუახევში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა,“ – ამბობს ნანა დიასამიძე.

ნანა დიასამიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის დირექტორი

მისივე თქმით, კვლევის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები, რაზე დაყრდნობითაც ახალგაზრდების ჩართულობით მომზადდა ექვსი პეტიცია. ერთი მათგანი აჭარის უმაღლეს საბჭოშია წარდგენილი, 5 პეტიციით კი ახალგაზრდებმა შუახევის საკრებულოს მიმართეს.

პეტიციები შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების საკითხებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პეტიციების შემდგომი განხილვის სამართლებრივი პროცედურები.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ აქტივობებში ჩაერთო შუახევში მცხოვრები, პროექტის ოთხმოცდაათი მოხალისე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, სურვილისამებრ, სხვადასხვა მიმართულების აქტივობაში ჩართულიყვნენ.

შუახევის მერიამ სოფელ ჭვანაში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში გამოყო ფართობი, სადაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა.

მარი ბეჟანიძე 13 წლისაა. მან გადაწყვიტა პეტიციის შედგენაში მიეღო მონაწილეობა მოხალისეობრივად. მარის სოფელში, როგორც თავად გვეუბნება, პრობლემებს ქმნის გარე განათების არარსებობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი პეტიციისთვის მარიმ სოფელში მოსახლეობის 150 ხელმოწერა შეაგროვა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა“ სახლის პროექტის ფარგლებში მარი დაესწრო ბულინგის, სქესობრივი და ინკლუზიური განათლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე გამართულ ტრენინგებს:

„ჭვანაში ვცხოვრობ და სკოლაში ვსწავლობ. ჩემს სოფელს უკანგარდა ჰქვია. ვფიქრობ, საკრებულო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას სოფელში გარე განათების ქსელის მოწყობის შესახებ. სამი დღის წინ შევიტანეთ საკრებულოში პეტიცია და ველით განხილვას.

მარი ბეჟანიძე 13 წლისაა. ის თავის სოფელში განათების ქსელის მოწყობას პეტიციით საკრებულოში ითხოვს

ჩვენი, მოსახლეობისა და საზოგადოების ჩართულობა და აქტიურობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასურველი გარემოს შესაქმნელად, ეს სამოქალაქო საზოგადოების კურსზე გავაცნობიერე.

სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სემინარმა კი საკუთარი პრობლემა გარედან დამანახა, მივხვდი, რომ ბევრი კომპლექსი მაქვს, რის დაძლევაშიც სემინარზე მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარება.

ხშირად, მაგალითად, ბავშვებს სქესობრივი განათლების საკითხებზე კითხვების დასმის რცხვენიათ, მაშინ, როცა ყველას აქვს ამ თემაზე კითხვები.

ბულინგის შესახებ ტრენინგებმა დამანახა, რომ რაც აქამდე ხუმრობა მეგონა სხვების მხრიდან სკოლაში და მწყინდა, სინამდვილეში ბულინგია, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჩვენზე, ბავშვებზე“ – ამბობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის 13 წლის მოხალისე.

ხვიჩა ხილაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოდანაა. 21 წლის სტუდენტი უკვე წელიწად-ნახევარია თანამშრომლობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“.

ხვიჩა ისმენდა სემინარებს სამოქალაქო, ინკლუზიური განათლების შესახებ, შემდეგ კი ორგანიზაციის კვლევებში ჩაერთო. ის ამჯერად ჩართული იყო ახალგაზრდების გამოკითხვისა და ამის საფუძველზე  პრობლემების გამოვლენის პროცესში.

ხვიჩა ამბობს, რომ ახალგაზრდები სოფლებში ძირითად პრობლემად მოიაზრებენ ინფრასტრუქტურის გაუმართაობას და ითხოვენ წამახალისებელ განათლებაზე ხელმისაწვდომობას:

„კვლევამ აჩვენა, რომ მთავარი პრობლემა ჩვენს მუნიციპალიტეტში არის ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, გზებისა და განათების პრობლემა. გაზი, მოგეხსენებათ, ჩვენთან ასევე არ არის ჯერ.

სამოქალაქო საზოგადოება ნაკლებადაა ჩართული მართვის პროცესში, არც კრებები ტარდება სოფელში იმაზე, თუ რა სჭირდება ხალხს. უშუალოდ მუნიციპალიტეტს და სოფელს შორისაც არ არის მჭიდრო და ეფექტური კავშირი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალგაზრდებს არაფორმალურ განათლებაზეც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი, პრობლემაა ინკლუზიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობაც, რაც სკოლაში მოსწავლეებს თანაბარი განვითარების შესაძლებლობას მისცემდა,“ – ამბობს ხვიჩა ხილაძე.

ხვიჩა ხილაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოდანაა. 21 წლის სტუდენტი უკვე წელიწად-ნახევარია თანამშრომლობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ბაზაზე დაფუძნდა ტრენინგცენტრი, ახალგაზრდებს მომავალშიც ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ სემინარები და დაესწრონ ტრენინგკურსებს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდას 1 ტესტით ჩააბარებენ – ნაეკი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები:

  • წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა;
  • მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს  ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, ანუ 53 ქულა.

საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან:

22 არჩევითპასუხებიანი დავალებაა;

2 – შესაბამისობის დავალება;

8 – ღია დავალება;

ფუნქციური/ანალიტიკური წერა.

ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროგრამა წინასწარ შემუშავდა და ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები  განათლების მინისტრის ბრძანებით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წელს პირველად ატარებს გამოცდას პროფესიულ უნარებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის.

_________________________

ამავე თემაზე:

რა შედეგი აჩვენა პრეტესტმა, რომელიც მენტორობის მსურველმა პედაგოგებმა დაწერეს

დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო ალინა კაბაევას და პუტინის ოჯახის წევრებს | BBC

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ალინა კაბაევას, რუსეთის პრეზიდენტის არაოფიციალურ ცოლს, რომელთანაც, მედიის ცნობით, პუტინს 2 ვაჟი ჰყავს – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ასევე, სანქციები შეეხო კაბაევას ბებიას, ანა ზაცეპილინას; პუტინის ყოფილ ცოლს, ლუდმილა ოჩერეტნაიას; პუტინის ბიძაშვილებს, იგორ და რომან პუტინებს და მის კიდევ ერთ ნათესავს – მიხეილ პუტინს.

სანქციები შეეხება ასევე პუტინის უფროს შვილებს ყოფილი ქორწინებიდან და რუსეთის პრეზიდენტის ახლო მეგობრებს.

„ბიბისი“ წერს, რომ კაბაევას წინააღმდეგ სანქციები მოითხოვეს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა, რომლებიც მიუთითებდნენ კაბაევას როლზე რუსულ პროპაგანდაში და პუტინთან სიახლოვეზე.

ალინა კაბაევა, ყოფილი მხატვრული ტანმოვარჯიშე,  2014 წლიდან ხელმძღვანელობს რუსეთის ეროვნული მედიაჯგუფის დირექტორთა საბჭოს.

სანქციების ფარგლებში აღნიშნული პირების აქტივები დიდ ბრიტანეთში გაიყინება, მათ არ შეეძლებათ ქვეყანაში შესვლა და ა.შ.

____________________

ფოტოზე: პუტინი და კაბაევა

მაკრონი ტყუილად ცდილობს, რუსეთისთვის გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ – ზელენსკი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ვერ მიაღწია წარმატებას რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, იტალიურ ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში. ზელენკის განცხადებას უკრაინული გამოცემა Європейська правда აქვეყნებს.

„ჩვენ რუსეთისთვის გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ და ამას ბატონი მაკრონი ტყუილად აკეთებს. მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ სანამ რუსეთს თავად არ მოუნდება, ის არაფერს არ ეძებს. მას სურდა გარკვეული შედეგების მიღება შუამავლობისას და ვერ ნახა ეს შედეგი, არა ჩვენი მხრიდან, არამედ რუსეთიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გამოცემა წერს, რომ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მაკრონმა მას შესთავაზა გარკვეულ დათმობებზე წასვლა უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით პუტინის სახის შესანარჩუნებლად.

„ვფიქრობ, ეს არც ისე კორექტულია. ჩვენ არ ვართ მზად ვიღაცას რაღაც შევუნარჩუნოთ და ამის გამო ტერიტორია დავკარგოთ. ეს დროის ფლანგვაა,“ – თქვა ზელენსკიმ. მან ევროპელი ლიდერების მცდელობა, წლების განმავლობაში მოეძებნათ მიდგომა რუსეთთან და პუტინთან, ჰიტლერის სიტუაციას შეადარა, „რომელსაც მისცეს საშუალება ეფიქრა მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე“.

„24 თებერვალს რუსეთმა აჩვენა, რომ არ აინტერესებს არანაირი დათმობა და ის ტერიტორიას აიღებს, თუ ასე გადაწყვეტს. და არ იყო საჭირო ემანუელის [მაკრონის]  მხრიდან ესა თუ ის დიპლომატიური ნაბიჯები. ის პრეზიდენტი გახდა, მე მას მხარი დავუჭირე. მაგრამ არავითარი ნაბიჯები განზე, ისტორია ამას არ პატიობს. ნაბიჯი მხოლოდ წინ უნდა გადადგა, თუ გინდა წართმეული დაიბრუნო,“ – თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან დიალოგზე, მაგრამ არა ულტიმატუმებისთვის.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის „ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს“

დღეს, 13 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ლტოლვილებს პრობლემები შეექმნათ, რადგან საქართველოს დღემდე არ აქვს უკრაინელი დევნილების დახმარების ერთიანი გეგმა და შეიძლება ისინი ქუჩაში აღმოჩნდნენ, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა და „ეს უნდა დაინახოთ და დააფასოთ“.

საქართველოს დღემდე არ აქვს უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ერთიანი გეგმა – რატომ?

ღარიბაშვილი ირწმუნება,  რომ 191 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა, რომელმაც ყველაზე მეტი ტვირთი გააგზავნა უკრაინის მოსახლეობისთვის.

„ყველა ის დევნილი, ლტოლვილი მოქალაქე, რომელიც ჩამოსულია და საქართველოში ცხოვრობს, ჩვენ რაც შეგვიძლია, ვუკეთებთ მაქსიმუმს.

დაწყებული ჯანდაცვით, განათლებით, შეგახსენებთ, რომ მე თავად მოვინახულე უკრაინელი ბავშვების უკრაინული სექტორი, რომელიც განათლების მინისტრმა შექმნა თბილისში და ახლა ბათუმში აპირებს რომ გახსნას, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტით. ეს არის მაქსიმუმი.

ეს არის მავნებლური, პროვოკაციული შეკითხვები, რადგან, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე უნდა იფიქროთ. ჩვენი ხალხი დაირაზმა, ჩართული იყო მთელი რეგიონები და 550 ტონა ტვირთი გააგზავნა უკრაინაში. ხალხო, ეს დააფასეთ, გაიგეთ, დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მან დღესაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი ქვეყანაში „გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობაა“.

უკრაინამ აღკვეთა რუსების მცდელობა გადაკვეთონ მდინარე ჩრდილო დონეცი – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მიერ 13 მაისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსეთი განსაკუთრებულ ძალისხმევას იღებს იზიუმისა და სევეროდონეცკის მიდამოებში, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით გარღვევის მისაღწევად. როგორც ბრიტანული დაზღვერვა წერს, აღნიშნულის უპირველესი მიზანი უკრაინული ძალების იზოლირებაა, რათა მათ ვეღარ მოახერხონ დასავლეთ უკრაინაში მყოფი ქვედანაყოფებისგან დამატებითი ძალებით შევსება ან მათგან სხვა ტიპის მხარდაჭერის მიღება.

ბრიტანული დაზვერვის ბოლო მონაცემებში ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინელებმა წარმატებით აღკვეთეს რუსების მიერ სევეროდონეცკის დასავლეთით, მდინარე ჩრდილო დონეცის გადაკვეთის მცდელობა დონბასში. დაზვერვის თქმით, არსებობს სურათები, რაც აჩვენებს, რომ ამ წარუმატებელი მცდელობისას რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი მიიღეს – რუსეთმა დაკარგა მინიმუმ ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი შეიარაღებული სამანევრო ქვედანაყოფი და ასევე, პონტონური (მოტივტივე) ხიდის აღჭურვილობა.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა აფასებს, მდინარის გადაკვეთის მცდელობა მაშინ, როცა არსებობს სერიოზული წინააღმდეგობა, უაღრესად სარისკო ნაბიჯია და მიუთითებს, თუ რა ზეწოლას განიცდიან რუსი სამხედრო მეთაურები აღმოსავლეთ უკრაინაში პროგრესის მიღწევის მოთხოვნით.

საბოლოო შეფასებით, ბრიტანული დაზვერვა აჯამებს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან ქვედანაყოფების გამოყვანის, გადაჯგუფებისა და აღმოსავლეთით გადმოსროლის შემდეგ, რუსეთმა ამ მიმართულებით მაინც ვერ მიაღწია სერიოზულ წინსვლას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განადგურებული რუსული პონტონური გადასასვლელები ჩრდილო დონეცზე.

პოლონეთში ზელენსკის საფოსტო მარკა დაბეჭდეს

პოლონურმა ფოსტამ (Poczta Polska) უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით მარკა გამოუშვა.

მარკის შექმნის ინიციატორი ლუკაშ ვანტუჩი იყო, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის საკრებულოს წევრი. პოლონური ფოსტის ხელმძღვანელის განცხადებით, სწორედ მისი შეკვეთით დამზადდა მარკა.

მედიის ცნობით, ეს არის მსოფლიოში ერთადერთი მარკა სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის გამოსახულებით. მარკა ზელენსკის გამოსახულებით 500 პოლონური ზლოტი [დაახლოებით 310 ლარი] ღირს. მისი ტირაჟი შეზღუდულია.

სულ დამზადდა 891 მარკა [99 ფურცელი – 9 მარკა თითოეულ ფურცელზე]. თითოეული მარკა დანომრილია და აქვს QR კოდი.

გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეძენას.

ლუკაშ ვანტუჩი, ქალაქ კრაკოვის საკრებულოს წევრი, ფეისბუქზე წერს, რომ მარკების სრული ტირაჟი უკვე გაიყიდა.

ფოტო: Україна.info

__________________________

მთავარი ფოტო: Україна.info

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 26 900 [გასულ დღე-ღამეში +250] ადამიანი
  • ტანკი – 1 205 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 900 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 542 ერთეული [+8]
  • MLRS – 193 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 88 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 200 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 162 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 405 ერთეული [+7]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 042 ერთეული [+23]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 95 ერთეული [+1]
  • სპეცტექნიკა – 41 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ანახლებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 მაისამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 165 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 842 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 304 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 032 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 368 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 491 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 869 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინა გეგმავს მძიმედ დაჭრილების გამოყვანას აზოვსტალიდან – შუამავალი თურქეთია[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ჩემი შვილი ჯოჯოხეთში უკვე იყო, მიეცით ნება დაბრუნდეს  – 21 წლის მარიუპოლის მცველის დედა

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 მაისის 21 საათიდან 14 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 21-26 გრადუსი სითბო
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 15-20 გრადუსი სითბო
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10, დღისით 15-20 გრადუსი სითბო

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ-ში; ხილვადობა: კარგი, ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ (2-3 ბალი);

ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 და 16 მაისს აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

უკრაინა გეგმავს მძიმედ დაჭრილების გამოყვანას აზოვსტალიდან – შუამავალი თურქეთია

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან, „აზოვსტალიდან“, ევაკუაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, პროცესი კი მძიმედ დაჭრილების გადარჩენით დაიწყება.

ვერეშჩუკმა წუხელ უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ მოლაპარაკების ახალი რაუნდი უკვე დაწყებულია და წითელი ჯვრის წარმომადგენლები რუსებთან შეხვედრას დღეს, 13 მაისს, გამართავენ.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკების ამ რაუნდში შუამავალი თურქეთი იქნება.

ვერეშჩუკი პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს პროცესის კომენტირებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლებელია ნებისმიერმა განცხადებამ დააზარალოს მოლაპარაკების პროცესი.

12 მაისს ირინა ვერეშუკმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქმე ეხება მხოლოდ 38 მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცის გაცვლას რუს ტყვეებში და არა 100 ან მეტი მებრძოლის გათავისუფლებას, როგორც ეს მედიაში ვრცელდება.

უკრაინული მედია 500-600 ჯარისკაცის გაცვლის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას და ირინა ვერეშუკი სწორედ ამას არ ადასტურებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი მებრძოლი იმყოფება.

  • რა ხდება მარიუპოლში

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ამჟამად, ფაქტობრივად, განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია.

მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.

რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.

ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში და მარიუპოლში მდებარე სხვადასხვა თავშესაფარში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი გამოყვანა მოხერხდა.

ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, უსაფრთხოდ გაყვანას მესამე ქვეყანაში, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.

ჩემი შვილი ჯოჯოხეთში უკვე იყო, მიეცით ნება დაბრუნდეს  – 21 წლის მარიუპოლის მცველის დედა

უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფარში, ასობით უკრაინელი ჯარისკაცია, რომლებიც ალყაში არიან. ქარხანა განუწყვეტლივ იბომბება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. უკრაინელი ჯარისკაცები, მათი ცოლები და ნათესავები მებრძოლების გაყვანას ითხოვენ მწვანე დერეფნის საშუალებით. უკრაინული 24-ე არხი პერიოდულად აქვეყნებს მარიუპოლის მცველების ოჯახის წევრების მიმართვებს. ტატიანა და სტავრ ვიშნიაკოვების შვილი, უმცროსი სერჟანტი, 21 წლის არტემი, ახლა „აზოვსტალშია“.

_______________________________

„14 წლიდან შვილს უნდოდა მარიუპოლის მცველების პოლკში ემსახურა. კოლეჯში სპეციალობაც კი შეიცვალა, რომ სწრაფად დაესრულებინა სწავლა და 18 წლისა უკვე იქ წავიდა. ამის შესახებ მოულოდნელად გავიგეთ – გამოსაშვებ საღამოზე დაგვპატიჟა. თუმცა მაშინ დავარწმუნე კიდევ ერთი წელი მოეთმინა.

19 წლის ასაკში მოიტანა ქაღალდების შეკვრა და თქვა: „უკვე ნამდვილად მივდივარ“. მისი სახის გამომეტყველებით ცხადი გახდა, რომ მისი გადარწმუნება შეუძლებელი იყო. ასე მსახურობდა პოლკში ბოლო 3 წელი. ბოლო კავშირისას ჩემმა შვილმა, როგორც ყოველთვის, არაფერი არ მითხრა ცუდი: „ყველაფერი კარგადაა, დედა. ვურტყამთ ოკუპანტებს“.

სულ ვეკითხები – „რამდენი დაგრჩათ მანდ საჭმელი?“ რაზეც მპასუხობს: „სამი წელი ნამდვილად გვეყოფა“.

სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში ის ჩვენზე მეტად განიცდიდა. ჩვენ ბროვარსკის რაიონში [კიევის ოლქი] ვცხოვრობთ, ველიკაია დიმერკასთან ახლოს. აქ ძალიან მძიმე ბრძოლები იყო.

24 თებერვალს შვილმა დაგვირეკა ტელეფონზე და მამამისს უთხრა, აეღო პასპორტი და კომისარიატში წასულიყო. „ან ჩვენ, ან ისინი“ – ხაზგასმით თქვა მან. ჩემი ქმარი, სტავრი, ახლაც თავდაცვაში მსახურობს.

როცა მარიუპოლში ჩავდიოდით, გვიყვარდა საღამოობით დრამატულ თეატრთან ახლოს, პარკში სეირნობა. იქ ისეთი შადრევნები და ყვავილნარი იყო!

შვილს შევეკითხე – „რად უნდათ ახლა ქალაქი? იქ ხომ აღარაფერია, მხოლოდ ნანგრევები დარჩა“. „გროზნო გახსოვთ? აქ უარესია“ – მითხრა მან.

ჩვენი ნათესავები რუსეთიდან ცდილობდნენ ეამბოთ, რომ ომი დაიწყო ამერიკამ უკრაინასთან და ჩვენ არაფერი გვესმის. მაგრამ მე არ მეხებიან, იმიტომ, რომ იციან, სად არის ჩემი შვილი.

24-ე არხთან ინტერვიუს დროს ტატიანას შვილმა დაურეკა „აზოვსტალიდან“. მათ 15 წუთი ისაუბრეს. 

შვილმა ბოდიში მომიხადა, რომ ვერ შეძლო დედის დღის მოლოცვა. მარწმუნებს, რომ ძალიან კარგად არის. ის იშიმშილებს და თავის ერთ ნაჭერ პურს სხვას მისცემს. სულ ვთხოვ, რომ არ დამამშვიდოს.

მხოლოდ ხანდახან მეკითხება: „აბა, რა ხდება მანდ? რამე ისმის ჩვენზე?“ რა ვუპასუხო მას?

ამიტომ მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას და მთელს მსოფლიოს: გთხოვთ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი. იგი 21 წლისაა. ჯოჯოხეთში ის უკვე იყო, ნება მიეცით დაბრუნდეს მიწაზე და მზე დაინახოს. მან დაამტკიცა, რომ ამის ღირსია. ერთადერთი იმის სურვილი მაქვს, რომ ჩამეხუტოს.

მარიუპოლის მცველის მამა, სტავრ ვიშნიაკი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ და მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმოქმედონ. 

მოვუწოდებ „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირების, დაჭრილებისა და მეომრების გამოყვანისკენ, ექსტრაქციის პროცედურისკენ. იქ ყოველი დღე ვიღაცის სიცოცხლეს ნიშნავს.

  • რა ხდება მარიუპოლში

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ამჟამად, ფაქტობრივად, განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია.

მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.

რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.

ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში და მარიუპოლში მდებარე სხვადასხვა თავშესაფარში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი დიდი ნაწილის გამოყვანა მოხერხდა.

ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, უსაფრთხოდ გაყვანას მესამე ქვეყანაში, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.

კიევის მახლობლად 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა დღეს, 12 მაისს, დაადასტურა უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა.

ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მხოლოდ კიევის რეგიონში იპოვეს 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. მისი თქმით, ზოგი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა საომარი მოქმედებების დროს, მაგრამ სხვები, როგორც ჩანს, სიკვდილით დასაჯეს.

ბაჩელეტის თქმით, სამოქალაქო პირების მკვლელობა ხშირ შემთხვევაში ჰგავს სნაიპერის ან ჯარისკაცების წინასწარგანზრახვას. მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს, როცა ისინი გადადიოდნენ გზაზე ან გამოდიოდნენ სამალავებიდან საკვების ან წყლის მოსაძებნად. სხვები მოკლეს მაშინ, როცა ცდილობდნენ მანქანით გაქცევას.

„კიევის ოლქის სოფელ კატიუჟანკაში რუსმა სამხედროებმა დაცხრილეს ახალგაზრდა წყვილი, მათი 14 წლის შვილი და ბაბუა, როცა ისინი ცდილობდნენ სახლთან მისვლას. მშობლები დაიღუპნენ, მოზარდი ორი ტყვიით დაიჭრა,“ – აღნიშნა ბაჩელეტმა.

დღეს, 12 მაისს,  CNN-მა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ მოკლეს რუსმა სამხედროებმა კიევთან ორი უიარაღო, მშვიდობიანი მოქალაქე.

ამბავი ირაკლი ექიმზე, რომელიც ხულოში მუშაობს

მაღალმთიან სოფლებში, სადაც საავადმყოფო მხოლოდ მუნიციპალიტეტის ცენტრშია, ექიმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანია, მით უმეტეს, როცა საუბარია სასწრაფო დახმარების ექიმზე.

36 წლის ირაკლი სურმანიძე სწორედ სასწრაფო დახმარების ექიმია. იგი ათი წელია ხულოში მუშაობს, 2021 წლიდან – ხულოს ცენტრში მდებარე კლინიკაში, ხოლო 2014 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ექიმიც გახდა. ასევე, მუშაობს შუახევის კლინიკაშიც, სადაც თვის განმავლობაში 5 მორიგეობა აქვს.

ირაკლი სურმანიძე გვიყვება, რომ ბავშვობიდან უნდოდა ექიმი ყოფილიყო:

„ჭრილობას რომ ვნახავდი ან ვინმეს ავადმყოფობაზე გავიგებდი, სულ მინდოდა მასთან ვყოფილიყავი და დავხმარებოდი. ყველაზე მეტად ქირურგია მაინტერესებდა, ამიტომ არჩევანი ზოგადი პროფილის ქირურგიაზე შევაჩერე“.

ირაკლი სურმანიძე ხულოელია. ამბობს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ხულოში დაბრუნება აქაურობის სიყვარულმა გადააწყვეტინა. მან მედიცინის ფაკულტეტი ბსუ-ში დაამთავრა, ორდინატურა კი – უკრაინაში, სადაც პარალელურად მუშაობდა კიდეც.

„სწავლისას კიდევ ვერ წარმოგიდგენია კარგად, თუ როგორი რთულია ექიმის პროფესია. როდესაც იწყებ მუშაობას, ყოველდღიური შეხება გაქვს პაციენტებთან, ამას უკეთ ხვდები, მაგრამ, როცა პაციენტის მადლიერ თვალებს ხედავ, ყველაფერი გავიწყდება, დაღლილობაც, ღამის თევაც…

საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ მსოფლიოში არსებულ ყველა პროფესიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროფესიაა“, – გვითხრა მან.

ახალგაზრდა ექიმი იხსენებს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობისას ყველაზე მეტი დღეში 28 გამოძახება იყო – ეს რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში მოხდა.

მისი თმით, ხულოში ზაფხულში შესამჩნევად იმატებს სასწრაფო დახმარების გამოძახების რიცხვი, რაც ვირუსული ინფექციების მატებას უკავშირდება, რომელსაც ძირითადად ბავშვებში ვხვდებით და ასევე, მაღალი წვენის ჩივილებით.

„ხულო მაღალმთიანი რეგიონია, მოსახლეობის ნახევარს აწუხებს არტერიული ჰიპერტენზია. ზაფხულობით ბევრი იალაღებზე მიდის და მაღალი მთის პირობებში წნევა კიდევ უფრო იწევს,“ – ამბობს ირაკლი ექიმი.

მისი თქმით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მუშაობა რელიეფის გამო რთულია სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის:

„ისეთ გზებზე გვიწევს სიარული, რომ ალბათ, ზოგს ცხოვრებაში ერთხელაც არ იქნება გავლილი. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პაციენტებს დროული დახმარება აღმოვუჩინოთ“.

ირაკლი სურმანიძე გვიყვება, რომ მაშინ, როცა გამოძახება ხულოს ცენტრიდან შორს მდებარე სოფლებიდან აქვთ, გზიდან რეკავენ პაციენტთან, დეტალურად ეცნობიან მის მდგომარეობას და შესაძლებლობის შემთხვევაში, მისვლამდე ტელეფონით უწევენ კონსულტაციას, რათა ადგილზე მისულებს შედარებით სტაბილური მდგომარეობა დახვდეთ.

ახალგაზრდა ექიმი გვიყვება, რომ 2015 წლის შემდეგ ხულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა. ახლა სასწრაფო დახმარების მანქანები მაღალი გამავლობისაა და მეტ-ნაკლებად ახერხებენ, რომ ყველა გამოძახებაზე მაქსიმალურად მცირე დროში მივიდნენ პაციენტთან. თუმცა წელს ხულოში დიდთოვლიანი ზამთრის გამო ბევრჯერ შეფერხდნენ და პერიოდულად პაციენტებამდე მისვლა სოფლის ცენტრებიდან ფეხითაც უწევდათ:

„ახალი სასწრაფო დახმარების მანქანები მაღალი გამავლობისაა, მაგრამ ცხადია, გზები თუ კარგად იქნება მოწესრიგებული, პაციენტებთან ადგილზე მისვლას შედარებით ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე ახლა. ამასთან, მანქანების დაზიანების რისკიც შემცირდება“, – ამბობს ის.

მან გვითხრა, რომ ახლახან მუნიციპალიტეტს რეანომობილი გადასცეს და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ბათუმის კლინიკებში გადმოყვანაც გამარტივდა.

ირაკლი სურმანიძეს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ემერჯენსის განყოფილებაში, ისე სასწრაფო დახმარების ჯგუფში. ამბობს, რომ მისთვის ორივე სამუშაო გარემო მისაღებია, თუმცა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება:

„ემერჯენსის განყოფილებაში ფეხზე დგახარ და 24 საათი პაციენტებს მეთვალყურეობ. შესაძლოა, ერთდროულად 10 პაციენტიც კი  გყავდეს, ხოლო სასწრაფო დახმარების შემთხვევაში მიდიხარ ერთ პაციენტთან და მხოლოდ მასზე ზრუნვა გევალება,“ – ამბობს ირაკლი სურმანიძე.

ირაკლი ექიმი ამბობს, რომ მისთვის ემოციურად ყველაზე რთული ბავშვებთან მუშაობაა, რომლებიც ავარიების დროს ზიანდებიან – „როცა ვხედავ დაზიანებულ ბავშვებს,  განსაკუთრებულად მოქმედებს ჩემზე“.

ირაკლი სურმანიძის თქმით, პაციენტებთან კონტაქტს გამოძახების შემდეგაც ინარჩუნებს. ინტერესდება, თუ როგორ არიან – გამოჯანმრთელდნენ, გაუარესდა სიტუაცია, თუ რა მოხდა: „აუცილებელია იმის ცოდნა, პაციენტი, რომელსაც დახმარებას უწევ, შემდგომში როგორ იქნება“.

იგი დასძენს, რომ გამოძახებაზე გასულ ექიმს პაციენტმა ემოციები არ უნდა შენიშნოს. ექიმი ვალდებულია ცივი გონებით დასვას დიაგნოზი:

„თუ აღელდები და ემოციებს აჰყვები, არაფერი გამოვა. ამიტომ, ექიმი, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად პაციენტთან მუშაობის დროს სიმშვიდის შენარჩუნებაც მარტივდება“.

ირაკლი სურმანიძეს ვკითხეთ, თუ რას ურჩევდა დამწყებ ექიმებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალბედა ექიმებმა პაციენტებთან დიდი დრო გაატარონ და მათ მხარდაჭერა, გვერდში დგომა აგრძნობინონ:

„პირველ რიგში, იყვნენ ადამიანები და შემდეგ ექიმები. თუ ეს დარღვეულია, ესე იგი, საქმე ექიმთან არ გვაქვს. ასევე, არ შეწყვიტონ განვითარება, რადგან მედიცინაში ყოველდღიურად რაღაც ახალი ხდება“.

როგორი ექიმი ვარ, არ ვიცი. ეს პაციენტებმა უნდა გადაწყვიტონ. ცხადია, მე ვცდილობ ყოველთვის პაციენტების გვერდით ვიდგე. ჩემთვის პაციენტები ოჯახის წევრები არიან და მათთვის მაქსიმალურის გაკეთებას ვცდილობ“.

ჩვენთან საუბრისას ირაკლი სურმანიძემ უკრაინაში მიმდინარე ომზეც გაგვიზიარა საკუთარი წუხილი. გვითხრა, რომ სამი წელი იცხოვრა იქ და ძალიან უყვარს ეს ქვეყანა. მოლოდინი აქვს, რომ ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს უკრაინა, დაიბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს და თავისი ქვეყნიდან ყველა რუს ჯარისკაცს გააძევებს.

ირაკლი საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში წასასვლელადაც მზადაა. ამბობს, რომ წასვლა აქამდეც უნდოდა, მაგრამ არ იცის, როგორ დატოვოს პაციენტები ხულოში, რომელთა რიცხვიც დიდია.

„მუდმივი კონტაქტი მაქვს ჩემს უკრაინელ ექიმ მეგობრებთან. მყარად დგანან და ცდილობენ მაქსიმალური დახმარება გაუწიონ მოსახლეობასა და ჯარისკაცებს“, – ამბობს ირაკლი ექიმი.

II მსოფლიო ომი არ იქნებოდა, ევროპელ ლიდერებს აგრესორთან რომ არ ეფლირტავათ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ მსოფლიო ლიდერები სიმტკიცეს გამოიჩენდნენ. მისი თქმით, ამ შეცდომის გამეორებას ისტორია არავის აპატიებს, რის გამოც მოუწოდებს ევროკავშირს სასწრაფოდ დააწესოს ემბარგო რუსულ ნავთობსა და გაზზე.

„ლიდერებს, რომ მტკიცედ ემოქმედათ 1938 წელს, ევროპა შეძლებდა მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილებას. მაგრამ პოლიტიკოსები ლაჩრულად მოქმედებდნენ და აგრესორთან ფლირტაობდნენ. შედეგი მილიონი ტრაგედიაა. ისტორია არ გვაპატიებს, თუ კვლავაც იგივე შეცდომას გავიმეორებთ. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს ემბარგო რუსულ გაზსა და ნავთობზე,“ – წერს პოდოლიაკი.

აქვე აღსანიშნავია, რომ 11 მაისს, Unian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინა ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის მესამედს აჩერებს.

სანამ პოდოლიაკი მსოფლიო ომის მიზეზად აგრესორთან ზედმეტი სიფრთხილით მოპყრობას დაასახელებდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა დასავლეთს კიდევ ერთხელ მიანიშნა უკრაინის „კონფლიქტის სრულმასშტაბიან ბირთვულ ომში გადაზრდაზე“.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა საზოგადოებას, ასევე შეახსენე ძირითადი მცნებები ბიბლიიდან, რუსეთის მიერ რომელთა შესრულებაზეც უნდა დაისვას კითხვები, „რომ გაიგოთ, ვინ არის კარგი ამ ომში“.

„არ მოკლა, მოიპარა ან მოატყუო. არ იყო შურიანი. არ გააკერპო საკუთარი თავი. არ ისურვო მეზობლის სახლი… „რუსული სამყაროს“ იდეოლოგები ქრისტიანობას მიმართავენ. ერთი მცნება მაინც თუ დარჩა, რომელიც რუსეთს არ დაურღვევია? დასვით ეს შეკითხვა, რომ გაიგოთ, ვინ არის კარგი ამ ომში,“ – წერს პოდოლიაკი.

კიდევ ერთი ადაპტირებული პლაჟი ბათუმში – ბულვარი ტივტივა ეტლებს ყიდულობს

ბათუმის სანაპიროზე ბულვარის ადმინისტრაცია მიმდინარე სეზონზე კიდევ ერთ ადგილს გამოყოფს, სადაც ადაპტირებული პლაჟი მოეწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

ახალი ადაპტირებული პლაჟი არდაგანის ტბის მიმდებარედ, რესტორან „აჭარული სახლის“ მოპირდაპირედ მოეწყობა.

ბულვარის ადმინისტრაციას ორი ტივტივა ეტლი-სავარძლის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა ჯამში 26 ათას 400 ლარია.

წინადადებების მიღება 13 მაისს დასრულდება; გამარჯვებულმა კი, ტივტივა ეტლები ბულვარის ადმინისტრაციას, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მიაწოდოს.


ბათუმში ადაპტირებული პლაჟი წელს სამ ადგილზე მოეწყობა: „აჭარული სახლის“, „ძველი გემისა“ და გრიბოედოვის ქუჩის მოპირდაპირედ.

შშმ პირებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ადაპტირებული ბილიკით, საშხაპით, გასახდელითა და ტივტივა ეტლებით. პლაჟზე ასევე იქნება პერსონალი, რომელიც მათ საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა წელს შშმ პირების რეკომენდაციების გათვალისწინებით მოეწყობა.

ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის წელსაც უფასო იქნება.

ადაპტირებული პლაჟი ბათუმში პირველად 2019 წელს გაიხსნა.

 

მთავარი ფოტო არქივიდან

 

Exit mobile version