მთავარი,სიახლეები

უკრაინა გეგმავს მძიმედ დაჭრილების გამოყვანას აზოვსტალიდან – შუამავალი თურქეთია

13.05.2022
უკრაინა გეგმავს მძიმედ დაჭრილების გამოყვანას აზოვსტალიდან – შუამავალი თურქეთია

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან, „აზოვსტალიდან“, ევაკუაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, პროცესი კი მძიმედ დაჭრილების გადარჩენით დაიწყება.

ვერეშჩუკმა წუხელ უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ მოლაპარაკების ახალი რაუნდი უკვე დაწყებულია და წითელი ჯვრის წარმომადგენლები რუსებთან შეხვედრას დღეს, 13 მაისს, გამართავენ.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკების ამ რაუნდში შუამავალი თურქეთი იქნება.

ვერეშჩუკი პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს პროცესის კომენტირებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლებელია ნებისმიერმა განცხადებამ დააზარალოს მოლაპარაკების პროცესი.

12 მაისს ირინა ვერეშუკმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქმე ეხება მხოლოდ 38 მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცის გაცვლას რუს ტყვეებში და არა 100 ან მეტი მებრძოლის გათავისუფლებას, როგორც ეს მედიაში ვრცელდება.

უკრაინული მედია 500-600 ჯარისკაცის გაცვლის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას და ირინა ვერეშუკი სწორედ ამას არ ადასტურებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი მებრძოლი იმყოფება.

  • რა ხდება მარიუპოლში

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ამჟამად, ფაქტობრივად, განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია.

მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.

რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.

ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში და მარიუპოლში მდებარე სხვადასხვა თავშესაფარში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი გამოყვანა მოხერხდა.

ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, უსაფრთხოდ გაყვანას მესამე ქვეყანაში, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: