მთავარი,სიახლეები

მარიუპოლში 170 000-მდე ადამიანი შიმშილობს – უკრაინის ომბუდსმენი

13.05.2022 • 1388
მარიუპოლში 170 000-მდე ადამიანი შიმშილობს – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში 170 000-მდე ადამიანი შიმშილობს, რადგან ქალაქს კატასტროფულად აკლია საკვები.

ამის შესახებ დენისოვა სოციალურ ქსელებში, ფეისბუქსა და ტელეგრამზე წერს.

„ამასთან, ოკუპანტები ტრაბახობენ, რომ ერთ დღეში მიიტანეს და დაარიგეს 3500 საკვების ნაკრები და 6000 ადამიანს ცხელი კერძი მიაწოდეს. ეს არის ქალაქის მაცხოვრებლების 6,5%.

ბლოკადის ორი თვის განმავლობაში მათ მარიუპოლში საკვების არც ერთი ჰუმანიტარული კოლონა უკრაინიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არ შეუშვეს.

რუსეთის ფედერაციის ასეთი ქმედებები წარმოადგენს უკრაინელი ხალხის გენოციდს. მივმართავ გაეროს ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომისიას, გაითვალისწინოს უკრაინაში გენოციდის და ადამიანის უფლებების დარღვევის ეს ფაქტები“ – წერს დენისოვა.

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ მარიუპოლში 150-170 ათასი მოქალაქეა, პირობების არქონის გამო ქალაქში შესაძლოა ეპიდემიამ იფეთქოს და სიკვდილის შემთხვევები გაიზარდოს, ამიტომაც საჭიროა მთელი ქალაქის ევაკუაცია.

  • რა ხდება მარიუპოლში

რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლი, სადაც ომის დაწყებამდე 430 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად, ფაქტობრივად, განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია.

მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის – „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.

რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.

ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი დიდი ნაწილის გამოყვანა მოხერხდა.

ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, მესამე ქვეყანაში უსაფრთხოდ გაყვანას, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.

______________

ფოტოზე: 2022 წლის 9 მაისი, ბავშვები ქალაქ მარიუპოლის განადგურებულ ცენტრში. ფოტო: EPA-EFE/ALESSANDRO GUERRA

გადაბეჭდვის წესი


ასევე: