მთავარი,სიახლეები

13 წლის მოსწავლე პეტიციით სოფელში განათებას ითხოვს – პროექტი შუახევში

13.05.2022 • 961
13 წლის მოსწავლე პეტიციით სოფელში განათებას ითხოვს – პროექტი შუახევში

ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა ინსტიტუციური გაძლიერების პროექტი.

პროექტის მიზანი იყო სოფელ ჭვანაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენლობისა და ახალგაზრდული ცენტრის ამოქმედებით, ორგანიზაციის ინსტიტუციური პოტენციალის ზრდა და ასევე, დაბა შუახევში ჭვანის, ბარათაულისა და წყალსაყრის თემის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ. მათ საგანმანათლებლო ტრენინგები ჩაუტარდათ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობების ძირითად პრინციპებზე, მოხალისეობასა და მის მნიშვნელობაზე, აქტივობების დაგეგმვაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

ჭვანაში მცხოვრები ახალგაზრდები „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ

პროექტის დირექტორი, ნანა დიასამიძე განმარტავს, რომ ახალგაზრდები სოფლებიდან ჩაერთვნენ საგანმანათლებლო და შემეცნებით-კულტურულ აქტივობებში და გაიარეს ორი ტრენინგკურსი:

„ახალგაზრდებმა სამოქალაქო ჟურნალისტიკის სკოლაში მოისმინეს სემინარები და  და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ტრენინგებს დაესწრნენ. თითოეული კურსი ხუთ თემატურ შეხვედრას მოიცავდა. ახალგაზრდები ესწრებოდნენ ფილმების ჩვენებას, შემდეგ კი დისკუსია-განხილვები იმართებოდა.

მათ ასევე გაიარეს ტრენინგები გამოკითხვების ჩატარების სპეციფიკისა და პეტიციის მომზადების არსზე, წარდგენის წესებზე.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რომლის მიზანიც იყო შუახევის მუნიციპალიტეტის, ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრის თემში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის, მუსლიმი ახალგაზრდების გამოწვევების იდენტიფიცირება, გამოკითხვა  ჩაატარეს პროექტის განხორციელებაში ჩართულმა მოხალისეებმა, შუახევში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა,“ – ამბობს ნანა დიასამიძე.

ნანა დიასამიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის დირექტორი

მისივე თქმით, კვლევის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები, რაზე დაყრდნობითაც ახალგაზრდების ჩართულობით მომზადდა ექვსი პეტიცია. ერთი მათგანი აჭარის უმაღლეს საბჭოშია წარდგენილი, 5 პეტიციით კი ახალგაზრდებმა შუახევის საკრებულოს მიმართეს.

პეტიციები შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების საკითხებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პეტიციების შემდგომი განხილვის სამართლებრივი პროცედურები.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ აქტივობებში ჩაერთო შუახევში მცხოვრები, პროექტის ოთხმოცდაათი მოხალისე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, სურვილისამებრ, სხვადასხვა მიმართულების აქტივობაში ჩართულიყვნენ.

შუახევის მერიამ სოფელ ჭვანაში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში გამოყო ფართობი, სადაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა.

მარი ბეჟანიძე 13 წლისაა. მან გადაწყვიტა პეტიციის შედგენაში მიეღო მონაწილეობა მოხალისეობრივად. მარის სოფელში, როგორც თავად გვეუბნება, პრობლემებს ქმნის გარე განათების არარსებობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი პეტიციისთვის მარიმ სოფელში მოსახლეობის 150 ხელმოწერა შეაგროვა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა“ სახლის პროექტის ფარგლებში მარი დაესწრო ბულინგის, სქესობრივი და ინკლუზიური განათლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე გამართულ ტრენინგებს:

„ჭვანაში ვცხოვრობ და სკოლაში ვსწავლობ. ჩემს სოფელს უკანგარდა ჰქვია. ვფიქრობ, საკრებულო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას სოფელში გარე განათების ქსელის მოწყობის შესახებ. სამი დღის წინ შევიტანეთ საკრებულოში პეტიცია და ველით განხილვას.

მარი ბეჟანიძე 13 წლისაა. ის თავის სოფელში განათების ქსელის მოწყობას პეტიციით საკრებულოში ითხოვს

ჩვენი, მოსახლეობისა და საზოგადოების ჩართულობა და აქტიურობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასურველი გარემოს შესაქმნელად, ეს სამოქალაქო საზოგადოების კურსზე გავაცნობიერე.

სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სემინარმა კი საკუთარი პრობლემა გარედან დამანახა, მივხვდი, რომ ბევრი კომპლექსი მაქვს, რის დაძლევაშიც სემინარზე მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარება.

ხშირად, მაგალითად, ბავშვებს სქესობრივი განათლების საკითხებზე კითხვების დასმის რცხვენიათ, მაშინ, როცა ყველას აქვს ამ თემაზე კითხვები.

ბულინგის შესახებ ტრენინგებმა დამანახა, რომ რაც აქამდე ხუმრობა მეგონა სხვების მხრიდან სკოლაში და მწყინდა, სინამდვილეში ბულინგია, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჩვენზე, ბავშვებზე“ – ამბობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის 13 წლის მოხალისე.

ხვიჩა ხილაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოდანაა. 21 წლის სტუდენტი უკვე წელიწად-ნახევარია თანამშრომლობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“.

ხვიჩა ისმენდა სემინარებს სამოქალაქო, ინკლუზიური განათლების შესახებ, შემდეგ კი ორგანიზაციის კვლევებში ჩაერთო. ის ამჯერად ჩართული იყო ახალგაზრდების გამოკითხვისა და ამის საფუძველზე  პრობლემების გამოვლენის პროცესში.

ხვიჩა ამბობს, რომ ახალგაზრდები სოფლებში ძირითად პრობლემად მოიაზრებენ ინფრასტრუქტურის გაუმართაობას და ითხოვენ წამახალისებელ განათლებაზე ხელმისაწვდომობას:

„კვლევამ აჩვენა, რომ მთავარი პრობლემა ჩვენს მუნიციპალიტეტში არის ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, გზებისა და განათების პრობლემა. გაზი, მოგეხსენებათ, ჩვენთან ასევე არ არის ჯერ.

სამოქალაქო საზოგადოება ნაკლებადაა ჩართული მართვის პროცესში, არც კრებები ტარდება სოფელში იმაზე, თუ რა სჭირდება ხალხს. უშუალოდ მუნიციპალიტეტს და სოფელს შორისაც არ არის მჭიდრო და ეფექტური კავშირი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალგაზრდებს არაფორმალურ განათლებაზეც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი, პრობლემაა ინკლუზიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობაც, რაც სკოლაში მოსწავლეებს თანაბარი განვითარების შესაძლებლობას მისცემდა,“ – ამბობს ხვიჩა ხილაძე.

ხვიჩა ხილაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოდანაა. 21 წლის სტუდენტი უკვე წელიწად-ნახევარია თანამშრომლობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ბაზაზე დაფუძნდა ტრენინგცენტრი, ახალგაზრდებს მომავალშიც ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ სემინარები და დაესწრონ ტრენინგკურსებს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: