მთავარი,სიახლეები

ჩემი შვილი ჯოჯოხეთში უკვე იყო, მიეცით ნება დაბრუნდეს  – 21 წლის მარიუპოლის მცველის დედა

12.05.2022 • 11116
ჩემი შვილი ჯოჯოხეთში უკვე იყო, მიეცით ნება დაბრუნდეს  – 21 წლის მარიუპოლის მცველის დედა

უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფარში, ასობით უკრაინელი ჯარისკაცია, რომლებიც ალყაში არიან. ქარხანა განუწყვეტლივ იბომბება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. უკრაინელი ჯარისკაცები, მათი ცოლები და ნათესავები მებრძოლების გაყვანას ითხოვენ მწვანე დერეფნის საშუალებით. უკრაინული 24-ე არხი პერიოდულად აქვეყნებს მარიუპოლის მცველების ოჯახის წევრების მიმართვებს. ტატიანა და სტავრ ვიშნიაკოვების შვილი, უმცროსი სერჟანტი, 21 წლის არტემი, ახლა „აზოვსტალშია“.

_______________________________

„14 წლიდან შვილს უნდოდა მარიუპოლის მცველების პოლკში ემსახურა. კოლეჯში სპეციალობაც კი შეიცვალა, რომ სწრაფად დაესრულებინა სწავლა და 18 წლისა უკვე იქ წავიდა. ამის შესახებ მოულოდნელად გავიგეთ – გამოსაშვებ საღამოზე დაგვპატიჟა. თუმცა მაშინ დავარწმუნე კიდევ ერთი წელი მოეთმინა.

19 წლის ასაკში მოიტანა ქაღალდების შეკვრა და თქვა: „უკვე ნამდვილად მივდივარ“. მისი სახის გამომეტყველებით ცხადი გახდა, რომ მისი გადარწმუნება შეუძლებელი იყო. ასე მსახურობდა პოლკში ბოლო 3 წელი. ბოლო კავშირისას ჩემმა შვილმა, როგორც ყოველთვის, არაფერი არ მითხრა ცუდი: „ყველაფერი კარგადაა, დედა. ვურტყამთ ოკუპანტებს“.

სულ ვეკითხები – „რამდენი დაგრჩათ მანდ საჭმელი?“ რაზეც მპასუხობს: „სამი წელი ნამდვილად გვეყოფა“.

სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში ის ჩვენზე მეტად განიცდიდა. ჩვენ ბროვარსკის რაიონში [კიევის ოლქი] ვცხოვრობთ, ველიკაია დიმერკასთან ახლოს. აქ ძალიან მძიმე ბრძოლები იყო.

24 თებერვალს შვილმა დაგვირეკა ტელეფონზე და მამამისს უთხრა, აეღო პასპორტი და კომისარიატში წასულიყო. „ან ჩვენ, ან ისინი“ – ხაზგასმით თქვა მან. ჩემი ქმარი, სტავრი, ახლაც თავდაცვაში მსახურობს.

როცა მარიუპოლში ჩავდიოდით, გვიყვარდა საღამოობით დრამატულ თეატრთან ახლოს, პარკში სეირნობა. იქ ისეთი შადრევნები და ყვავილნარი იყო!

შვილს შევეკითხე – „რად უნდათ ახლა ქალაქი? იქ ხომ აღარაფერია, მხოლოდ ნანგრევები დარჩა“. „გროზნო გახსოვთ? აქ უარესია“ – მითხრა მან.

ჩვენი ნათესავები რუსეთიდან ცდილობდნენ ეამბოთ, რომ ომი დაიწყო ამერიკამ უკრაინასთან და ჩვენ არაფერი გვესმის. მაგრამ მე არ მეხებიან, იმიტომ, რომ იციან, სად არის ჩემი შვილი.

24-ე არხთან ინტერვიუს დროს ტატიანას შვილმა დაურეკა „აზოვსტალიდან“. მათ 15 წუთი ისაუბრეს. 

შვილმა ბოდიში მომიხადა, რომ ვერ შეძლო დედის დღის მოლოცვა. მარწმუნებს, რომ ძალიან კარგად არის. ის იშიმშილებს და თავის ერთ ნაჭერ პურს სხვას მისცემს. სულ ვთხოვ, რომ არ დამამშვიდოს.

მხოლოდ ხანდახან მეკითხება: „აბა, რა ხდება მანდ? რამე ისმის ჩვენზე?“ რა ვუპასუხო მას?

ამიტომ მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას და მთელს მსოფლიოს: გთხოვთ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი. იგი 21 წლისაა. ჯოჯოხეთში ის უკვე იყო, ნება მიეცით დაბრუნდეს მიწაზე და მზე დაინახოს. მან დაამტკიცა, რომ ამის ღირსია. ერთადერთი იმის სურვილი მაქვს, რომ ჩამეხუტოს.

მარიუპოლის მცველის მამა, სტავრ ვიშნიაკი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ და მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმოქმედონ. 

მოვუწოდებ „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირების, დაჭრილებისა და მეომრების გამოყვანისკენ, ექსტრაქციის პროცედურისკენ. იქ ყოველი დღე ვიღაცის სიცოცხლეს ნიშნავს.

  • რა ხდება მარიუპოლში

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ამჟამად, ფაქტობრივად, განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია.

მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.

რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.

ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში და მარიუპოლში მდებარე სხვადასხვა თავშესაფარში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი დიდი ნაწილის გამოყვანა მოხერხდა.

ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, უსაფრთხოდ გაყვანას მესამე ქვეყანაში, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: