მთავარი,სიახლეები

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ახალი აეროპორტი იხსნება

06.05.2022 • 35348
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ახალი აეროპორტი იხსნება

14 მაისს თურქეთის შავიზღვისპირეთში ახალი აეროპორტი იხსნება, რომელსაც „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა. როგორც თურქული სატელევიზიო არხი TRT იუწყება, ახალ აეროპორტს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახსნიან.

სატესტო ფრენა ახალ აეროპორტში სახელმწიფო აეროპორტების სამმართველოს კუთვნილმა თვითმფრინავმა 14 აპრილს შეასრულა. თურქული საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ თანახმად, რიზეში „თურქიშ აირლაინი“ პირველი ოფიციალური ფრენის შესრულებას აირბას A330-300-ით გეგმავს.

„რიზე-ართვინის აეროპორტს“ 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის ამოსავსებად 100 მლნ ტონა ქვა გამოიყენეს.

აეროპორტის შესასვლელს ჩაის ფოთლის ფორმა, ხოლო სანავიგაციო კოშკს ჩაის ჭიქის ფორმა აქვს.

ფაზარის რაიონში, სოფელ იეშილქოისთან, ზღვაში აგებული აეროპორტი ბათუმიდან 94 კმ-ითაა დაშორებული. მისი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. გახსნა თავდაპირველად 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ვერ მოხერხდა. მიზეზად პანდემია დასახელდა.

რიზე-ართვინის ახალი აეროპორტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: