მთავარი,სიახლეები

ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს აფრთხილებენ, რომ სასტუმროები უნდა დატოვონ

13.05.2022
ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს აფრთხილებენ, რომ სასტუმროები უნდა დატოვონ

ბათუმში, სასტუმრო „თანამგზავრსა“ და „ინტურისტში“ დაბინავებული უკრაინელი ლტოლვილების თქმით, მათ ურეკავენ და აფრთხილებენ, რომ შესაძლოა სასტუმროს დატოვება მოუწიოთ. „ბათუმელებმა“ ამის შესახებ 5 მაისსაც დაწერა. მაშინ ლტოლვილებს უთხრეს, რომ 6 მაისს უნდა დაეტოვებინათ სასტუმრო, მაგრამ შემდეგ ვადა გადაუწიეს. 12 მაისს ლტოლვილმა მარიუპოლიდან, რომელიც სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობს, გვითხრა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მას 13 მაისამდე მისცეს „ინტურისტში“ დარჩენის უფლება.

ქვეყანაში უკრაინელ დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე დღეს ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრსაც ჰკითხეს.  „ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს“, „ეს უნდა დაინახოთ და დააფასოთ“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს დღემდე არ აქვს უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ერთიანი გეგმა – რატომ?

„ინტურისტსა“ და „თანამგზავრში“ დაბინავებულმა ტურისტებმა გვითხრეს, რომ მათ ყოველ დღე სასტუმროს დატოვებისკენ მოუწოდებენ.

„ჯერ გვითხრეს, რომ 12 მაისამდე შეგვეძლებოდა აქ დარჩენა. მერე დაგვპირდნენ, რომ დაგვეკონტაქტებიან და ან აქ გაგვიგრძელებენ ისევ დარჩენის დროს, ან სხვაგან გადაგვიყვანენ, ან კიდევ შესაძლოა გვითხრან დატოვეთ აქაურობაო. ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ხვალ გვექნება ამ სამიდან ერთ-ერთი პასუხი. მოვლენ და გაგვესაუბრებიან“, – უთხრა „ბათუმელებს“ გუშინ უკრაინელმა ლტოლვილმა, რომელმაც ითხოვა, რომ მისი ვინაობა არ გავამხილოთ.

მას „ბათუმელები“ დღესაც დაუკავშირდა, ლტოლვილის თქმით, ვადა დღესაც გაუგრძელეს, ისევ ერთი დღით.

ალიონა რიაბინა კი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს სასტუმრო „თანამგზავრში“. ალიონა საქართველოში 24 აპრილს ჩამოვიდა მარიუპოლიდან.

„თავიდან, რომ ჩამოვედით, არ უთქვამთ ზუსტად რამდენ ხანს მოგვიწევდა აქ დარჩენა. გვითხრეს, რომ შეიძლებოდა 1, 2 თვე გვეცხოვრა და შესაძლოა ნახევარი წელიც. შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. აგვიხსნეს, რომ ყველა უნდა გავსახლდეთ: მე აქ ორი კვირა და სამი დღეა ვცხოვრობ.

ქირის გადახდა ნამდვილად არ შემიძლია. მარიუპოლიდან ჩამოვედი, სადაც ორი თვე ომს ვუყურებდი, ძლივს გამოვაღწიეთ და რა დანაზოგიც შემომრჩა, იმით ბავშვებს საჭმლის და სხვადასხვა საჭიროების ფულს ვუზოგავ. მეგონა, საქართველოში ნამდვილად აძლევდნენ ლტოლვილებს ხანგრძლივ თავშესაფარს ომის დასრულებამდე. არ ვიცი, რას შემოგვთავაზებენ“, – ამბობს ალიონა.

როგორც ის გვიხსნის, მისი ზოგიერთი თანამემამულე სასტუმრო „თანამგზავრში“ ორი კვირაა ცხოვრობს და უკვე უთხრეს, რომ რამე სხვა მოძებნონ. ალიონას თქმით, ვისაც ამის საშუალება ჰქონდა, იქირავეს ბინები, თუმცა სასტუმროებში მცხოვრებ ყველა უკრაინელ ლტოლვილს ამის შესაძლებლობა არ აქვს.

„ძალიან დაბნეულები ვართ ლტოლვილები, მეც მათ შორის. არ ვიცით, რა უნდა ვქნათ. ბავშვების სკოლასა და ბაღზე ჯერ ვერ ვფიქრობ, უნდა დავსაქმდე და ბინის საკითხი გადავწყვიტო, მერე ვიფიქრებ სკოლასა და ბაღზე“, – ამბობს ალიონა.

ცოლ-ქმარი ალექსეი და ოლგა ბაკალიასოვებიც ორი კვირაა, რაც ჩამოვიდნენ მარიუპოლიდან. მათ 12 მაისს აცნობეს, როდემდე შეეძლებათ დარჩენა სასტუმრო „თანამგზავრში“. ოლგა ბაკალიასოვაც გვეუბნება, რომ 12 მაისს რამდენიმე ოჯახს [ვინც 2 თვე ცხოვრობდა] მოსთხოვეს სასტუმრო „თანამგზავრის“ დატოვება. ზოგიერთმა მათგანმა სასტუმრო დატოვა.

როგორც ოლგამ გვითხრა, მათ ნაცვლად სასტუმრომ უკრაინელი ლტოლვილების ახალი ნაკადი მიიღო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თინათინ ზოიძის განმარტებით, 4 მაისის მდგომარეობით, სასტუმროებში უფასოდ 400-მდე უკრაინელია განთავსებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: