განათლება,მთავარი,სიახლეები

IV-IX კლასების მოსწავლეებს კომპლექსური დავალებებით შეაფასებენ – სამინისტრო

18.04.2022 • 9283
IV-IX კლასების მოსწავლეებს კომპლექსური დავალებებით შეაფასებენ – სამინისტრო

საჯარო სკოლებში მოსწავლეების კომპლექსური ტიპის დავალებებით შეფასება იწყება. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრში უთხრეს, შეფასება IV-IX კლასის ჩათვლით ჩატარდება.

„სადიაგნოსტიკო შეფასებას განათლების სამინისტრო ატარებს იმისთვის, რომ დავინახოთ რეალური სურათი. დავალებები როგორ არის შედგენილი, ვერ გეტყვით.

დავალებების შედეგები არ ფასდება ნიშნით და არც სემესტრულ ნიშნებზე აისახება“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე.

როგორც „ბათუმელებს“  საქართველოს განათლების სამინისტროში უთხრეს, მოსწავლე ყველა საგანში შეფასდება, გარდა მეორე უცხო ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიებისა.

„ყველა საგნის მასწავლებელი თვითონ ჩაატარებს შეფასებას თავის საგანში.  მოსწავლე შეფასდება კომპლექსური დავალებებით. ელექტრონულ ჟურნალში ცალკე სპეციალური გრაფა იქნება გამოყოფილი, სადაც მასწავლებლები ამ მონაცემებს შეიტანენ.

ეს მოკვლევა ტარდება სასწავლო დანაკარგების შეფასებისთვის. ამაში შედის, რა თქმა უნდა, პანდემიის პერიოდიც, რადგან მან თავისი დაღი დაასვა სასწავლო პროცესს მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენთანაც. ამიტომ საგანმანათლებლო დანაკარგები უნდა შეფასდეს, რომ შემდეგ დაიგეგმოს, როგორ უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.

კლასში, ვთქვათ, 29 მოსწავლიდან ვიღაც სუსტია, ვიღაც უფრო ძლიერი – ამ სურათს მასწავლებელს აძლევს დიაგნოსტიკური შეფასება. შემდეგ მან იცის, რომელ მოსწავლეს რა უნდა შეუვსოს, როგორ დაუგეგმოს ინდივიდუალურად სწავლა-სწავლების პროცესი“, – უთხრეს  „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ჯგუფში.

კომპლექსური ტიპის დავალებებით შეფასება, სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ დაიწყება საჯარო სკოლებში.

სადიაგნოსტიკო შეფასებაზე განათლების სამინისტრომ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდა.

_________________

გასულ წელს საქართველოს სკოლების ნაწილი მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2021-შიც ჩაერთო. გასული წლის აპრილში საპილოტე ტესტირება ჩატარდა, წელს, მაისში კი,  ძირითადი ტესტირებების ჩატარება იგეგმება.

PISA-ს კვლევა მიზნად ისახავს 15 წლის მოსწავლეების კომპეტენციების შეფასებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში; შემოწმებას, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: