მთავარი,სიახლეები

ხერსონის მაგალითი რუსეთის წარუმატებლობაზე მიუთითებს – ბრიტანეთის დაზვერვა

14.05.2022
ხერსონის მაგალითი რუსეთის წარუმატებლობაზე მიუთითებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 14 მაისის განახლება ტვიტერზე ხერსონში არსებულ ვითარებას ეძღვნება. დაზვერვის ცნობით, ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნულმა სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ, განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს, შეიყვანოს ხერსონის ოლქი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

„რუსეთის შეჭრის თავდაპირველი გეგმის ცენტრალური ნაწილი, სავარაუდოდ, სწორედ გულისხმობდა ფალსიფიცირებულ რეფერენდუმებს, რომელთა საშუალებითაც კრემლს უკრაინის რეგიონები პრორუსული ხელისუფლების კონტროლქვეშ უნდა მოექცია ხანგრძლივი დროით“, – წერს უწყება და მიუთითებს, რომ კრემლმა უკრაინაში თავის პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწია.

„ის ფაქტი, რომ კრემლმა პრორუსული ადგილობრივი ხელისუფლების დანიშვნა მხოლოდ ხერსონში მოახერხა, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს არ შესწევს უნარი წარმატებით იაროს თავისი პოლიტიკური მიზნებისკენ.

თუკი რუსეთი ჩაატარებს რეფერენდუმს ხერსონის შეერთებაზე, დიდი ალბათობით, შედეგებსაც გააყალბებს, რათა აჩვენოს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს უკრაინისგან გამოყოფას. ხერსონის მოქალაქეები კი, სავარაუდოდ, გააგრძელებენ დემონსტრაციებს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

გუშინდელ, 13 მაისის განახლებაში, უწყება წერდა, რომ  რუსეთი განსაკუთრებულ ძალისხმევას იღებს იზიუმისა და სევეროდონეცკის მიდამოებში, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით გარღვევის მისაღწევად. ამის მიზანი კი უკრაინული ძალების იზოლირებაა, რათა მათ ვეღარ მოახერხონ დასავლეთ უკრაინაში მყოფი ქვედანაყოფებისგან დამატებითიძალებით შევსება ან მათგან სხვა ტიპის მხარდაჭერის მიღება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს.

მთავარი ფოტო: პლაკატი წარწერით „ხერსონი უკრაინაა“ ანტისაოკუპაციო აქციაზე/ukrinform

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: