სოფელ წაბლანას საარჩევნო კომისიაში, სადაც ამომრჩეველი უბანზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა, საარჩევნო ყუთიდან მხოლოდ ათი კონვერტი ამოიღეს. ყუთში ათივე ბიულეტენი ამავე საარჩევნო კომისიის წევრებმა მოათავსეს. ხმები კი ასე გადანაწილდა:
8 ხმა მიიღო ანზორ ბოლქვაძემ, მაჟორიტარობის კანდიდატმა „ოცნებიდან“, 1 ხმა მიშა ბოლქვაძემ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და 1 ხმაც ტარიელ ნაკაიძემ – „ევროპული საქართველოდან“.
საარჩევნო კომისიაში 12 წევრია, აქედან 3 „ოცნების“ წარმომადგენელია, თითო წევრი ჰყავთ კვალიფიციურ პარტიებს, შესაბამისად, კომისიაში ერთი – „ნაციონალური მოძრაობის“, ერთი -„ევროპული საქართველოს“ და ერთიც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელია. დარჩენილ ექვს პირს კი კომისიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიას წარმოადგენს.
შედეგების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტარიელ ნაკაიძემ [ევროპული საქართველო] და მიშა ბოლქვაძემ [ენმ] კომისიაში მათივე პარტიის წარმომადგენელი პირების ხმები მიიღეს. რასაკვირველია ამ პრინციპით ანზორ ბოლქვაძეს [„ოცნება“] 3 ხმა უნდა მიეღო, თუმცა ცესკოს ექვსმა წარმომადგენელმაც მმართველი პარტიის კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძეს მისცა ხმა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ კომისიებში ცესკოს სახელით „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები მუშაობენ.
მთავარი ამბავი კი, რის გამოც სოფლის უკლებლივ ყველა ამომრჩეველმა საკუთარ კონსტიტუციურ, ხმის მიცემის უფლებაზე უარი თქვა, არის ის, რომ ხულოში მდებარე სოფელ წაბლანას მოსახლეობა ხელისუფლებას რამდენიმე კვირაა აფრთხილებდა, რომ არჩევნებს ბოიკოტს გამოიცხადებდნენ და არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდოდა საარჩევნო უბანზე, რადგან ხელისუფლებამ არ შეასრულა მათი მოთხოვნა.
ამ სოფელში 1989 წელს მეწყერი ჩამოწვა და 19 ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა წაბლანელებს, რომ მათთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე იზრუნებდა. „ქართული ოცნების“ მთავრობამ ეს პირობა ნაწილობრივ შეასრულა – მათთვის კორპუსი ააშენა. თუმცა წაბლანელები ამბობენ, რომ ამ კორპუსებში ცხოვრება შეუძლებელია და ხელისუფლება ვალდებულია, კანონის შესაბამისად [ისე, როგორც დევნილების შემთხვევაში] მათთვის გადაცემული ბინებიც გაარემონტოს.
მთავრობამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ სოფელში საარჩევნო უბანი სხვა სოფლების მცხოვრებლებით დააკომპლექტა.
___
ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/309913/