მთავარი,სიახლეები

რა არის საჭირო ომის დროს, სურსათის დეფიციტი რომ არ შეიქმნას – ინტერვიუ ანალიტიკოსთან

13.05.2022 • 1287
რა არის საჭირო ომის დროს, სურსათის დეფიციტი რომ არ შეიქმნას – ინტერვიუ ანალიტიკოსთან

დღეს სურსათის მარაგი უკვე ნიშნავს არა სავსე ბეღელს, არამედ პროდუქტის ფასს, რომ დახლთან მისულებმა საკვების ყიდვა შევძლოთ – დაახლოებით ამას ამბობენ ანალიტიკოსები, რომლებიც სურსათის მარაგის უსაფრთხოებაზე მუშაობენ. რა არის საჭირო ომის დროს, სურსათი დეფიციტი რომ არ გახდეს? როგორ აგვარებენ უსაფრთხოების ამ საკითხს წამყვანი ქვეყნები?

„გააჩნია კონტექსტს“ – გვიპასუხა ანალიტიკოსმა ია კაციამ, რომელსაც ვკითხეთ: რამდენად რეალისტურია საქართველოს ხელისუფლების განაცხადი იმაზე, რომ სურსათის დეფიციტი არ გვაქვს და ეს არც გველოდება. ანალიტიკოსი განმარტავს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არსებული ლოჯისტიკური ჯაჭვების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, ომის პირობებშიც კი, რომელიმე ქვეყანაში საკვები დეფიციტი გახდეს.

„მაგრამ შესაძლოა მოსახლეობას აღარ ჰქონდეს საკვების შეძენის შესაძლებლობა“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ია კაციამ, ის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

  • ქალბატონო ია, რამდენად შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა სასურსათო მარაგების უსაფრთხოების მნიშვნელობა? როგორია მიდგომა განვითარებულ ქვეყნებში და რა პოლიტიკა აქვს ამ კუთხით საქართველოს?  

სასურსათო უსაფრთხოება ფართო ცნებაა, მას რამდენიმე განზომილება აქვს: ფიზიკური ხელმისაწვდომობა, სურსათის უვნებლობა და ასე შემდეგ, თუმცა დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა ფინანსური ხელმისაწვდომობა: შესაძლოა, საკვები არსებობდეს, მაგრამ მოსახლეობას აღარ ჰქონდეს მისი შეძენის შესაძლებლობა.

განსაკუთრებით 2007-2008 წლების სასურსათო კრიზისის დროს, მსოფლიოში გააქტიურდა ფინანსურის ხელმისაწვდომობის საკითხი და ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ გაეზარდათ ე.წ. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი. ესეც გულისხმობს მონაცემს კონკრეტული პროდუქტის შემთხვევაში რა რაოდენობა იწარმოება კონკრეტულ ქვეყანაში და რა ოდენობით არის საჭირო იმპორტი.

განსაკუთრებით კრიზისების და ომის დროს აქტიურდება ეს პრობლემა, მით უფრო დღეს, როცა ვიცით, რუსეთი, უკრაინა და ბელარუსიაც არის არაერთი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის მომწოდებელი, როგორიცაა ხორბალი, მარცვლეული, ზეთი, წიწიბურა… აქ პირდაპირი საფრთხეა ომის გამო, რომ შესაძლოა, ფიზიკურად ვეღარ მოგვაწოდონ ეს პროდუქტები და მეორეა რიგი შეზღუდვებისა, რაც რუსეთის მხრიდან დაწესდა ექსპორტზე.

  • სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევებით, საქართველოს დაბალი მაჩვენებელი აქვს სასურსათო მარაგის უსაფრთხოების კუთხით. ამის მიზეზი ძირითადად რუსეთზე დამოკიდებულების მაღალი მაჩვენებელია? 

სასურსათო უსაფრთხოების ინდიკატორებს რამდენიმე ორგანიზაცია ითვლის განსხვავებული ინდიკატორებით. საქართველოს Food and Agriculture organization (FAO) – ს რუკაზე აქვს ის ფერი, რაც აღნიშნავს საკმაოდ არასტაბილურ მდგომარეობას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც აქვეყნებს სტატისტიკას რამდენიმე პროდუქტის შემთხვევაში როგორია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, მაგალითად, კვერცხის შემთხვევაში გვაქვს 100 პროცენტი, ხორცზე – 80 პროცენტია, სხვა პროდუქტებზე კი, ეს მაჩვენებელი დაბალია.

რასაკვირველია, პანაცეა არ არის, რომ ყველაფერი ვაწარმოოთ 100 პროცენტით, რა შეგვიძლია და რის რესურსი გვაქვს, ის უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია მიწოდების რისკი. პოლიტიკური რისკიც მიწოდების რისკია.

წლებია საუბარი იმაზე, რომ რუსეთის ბაზარი უნდა ჩანაცვლდეს უკრაინით, რომელიც ასევე დიდი მომწოდებელია, თუმცა ამჯერად უკრაინაც გამოირიცხა და ხორბლის შემთხვევაში განიხილება ყაზახეთი. ყაზახეთი იყო ჩვენი პარტნიორი 3-4 წლის წინაც, თუმცა იმის გამო, რომ რუსეთის ბაზარი გაცილებით იაფი იყო, ისევ რუსეთის ბაზარს ჩამოვეკიდეთ – 90 პროცენტი და მეტი ისევ რუსეთიდან მოგვაქვს ხორბალი.

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, რაც ვახსენე, ჩვენთან, ხორბლის შემთხვევაში არის 15 – 17 პროცენტი, რაც არის საკმაოდ დაბალი კოეფიციენტი. მნიშვნელოვანია, ამ კოეფიციენტში იმპორტის კუთხით ვისზე ხარ დამოკიდებული, როგორია რისკები. ამ შემთხვევაში საუბარია რუსეთზე, რომელიც, ცხადია, არასტაბილურია.

  • რას ნიშნავს სტაბილურობა სურსათის მარაგის კუთხით? ხელისუფლება ამბობს, რომ სურსათის მარაგების დეფიციტი არ გვაქვს და ეს საფრთხე არც გვემუქრება. 

ხელისუფლება ამბობს, რომ მიუხედავად შეფერხებებისა, ქვეყანაში რიგი პროდუქტების 2 თვის მარაგი არსებობს, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ნაკლებად წარმოსადგენია, რომელიმე პროდუქტი ფიზიკურად აღარ დაგვხვდეს დახლზე, კონკრეტულ ბრენდს არ ვგულისხმობ. იმპორტიორები მოახერხებენ რისკების გათვალისწინებას და მარაგების შევსებას, მაგრამ აქ საუბარია: რამდენად შევძლებთ პროდუქტის შეძენას დახლთან მისული? მაგალითად, მარცვლეულის ფასი ბოლო წლებში ისედაც გაზრდილი იყო და ის კიდევ უფრო გაძვირდება.

საქართველოს შემთხვევაში, ყველაზე ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ რუსეთიდან ექსპორტი იაფი ჯდება, მათ შორის, ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებით – ტრაილერებით შემოაქვთ ძირითადად ლარსის გავლით. ამიტომაც, წლებია არის მოთხოვნა, რომ მოიძებნოს სხვა ბაზრები, რომლითაც შეიძლება ჩანაცვლდეს რუსეთი. გარდა იმისა, რომ ეს იქნება უსაფრთხო, ფასიც არ გაიზრდება ლოჯისტიკის გამო.

  • ეკონომისტის“ მონაცემებით, სასურსათო მარაგის უსაფრთხოების კუთხით პირველ ადგილზეა ირლანდია, მეორეზე – ავსტრია, მესამეზე – დიდი ბრიტანეთი. რა ხდება ამ ქვეყნებში? 

არის სხვადასხვა მოსაზრება, ეს სურსათის მარაგი უნდა იყოს ქვეყანაში მხოლოდ 2 თვეზე გათვლილი, თუ უფრო დიდხნიანი. არ არსებობს ერთიანი, უნიფიცირებული მიდგომა, რომ აი, ეს არის გამოსავალი. მიჩნეულია, რომ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი სადაც მაღალია, მაგალითად, აშშ, ავსტრალია, შვედეთი, იქ შიმშილის დონეც დაბალია, ანუ საკვებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მაღალია.

ეკონომისტებს ამ დრომდე აქვთ დისკუსია თემაზე, რა არის უკეთესი – ვაწარმოოთ თავად ჩვენ იმდენი პროდუქტი, რამდენიც გვჭირდება, თუ ვაწარმოოთ რამდენიც შეგვიძლია და მოვძებნოთ სანდო იმპორტიორები, სადაც რისკები დაბალია და არ იქნება მოწოდების, ან ფასის ზრდის რისკი. თუ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ქვეყნის შიგნით კონკრეტული პროდუქტები, მაშინ, ბუნებრივია, სოფლის მეურნეობის ბევრი დარგი ჩვენ უნდა დავასუბსიდიროთ და ეს იქნება ხელოვნური ჩარევა.

გამონაკლისად მიიჩნევა ჩარევის გამართლება და ამაზე თანხმდება ყველა: როცა მიწოდების რისკი არსებობს, მიწოდების ჯაჭვში არსებობს შეფერხებები და დამოკიდებული ხარ არასტაბილურ ქვეყანაზე, მათ შორის, პოლიტიკურად, როგორიცაა რუსეთი – ერთ დღეს შეუძლია გითხრას, რომ საერთოდ აღარ მოგაწვდის ხორბალს. შესაბამისად, წამყვანი ქვეყნები ასუბსიდერებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებს, რაზეც რისკი არსებობს იმ კონკრეტულ ქვეყანაში.

მაგალითად, შვეიცარიას აქვს სუბსიდირებული სოფლის მეურნეობის ბევრი დარგი და ბევრ რესურსს დებს იმაში, რომ გააუმჯობესოს მდგომარეობა. ამ ქვეყანაში ხორცპროდუქტებზე 100 პროცენტი აქვთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, მცენარეულ პროდუქტებზე კი – დაბალი. ეს გამოწვეულია იმით, რომ შვეიცარია მცირემიწიანია და დასახლება მჭიდრო. ასე რომ, შვეიცარიისთვის მნიშვნელოვანი გახდა ამ მიმართულებით უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის შექმნა.

  • ჩვენთან რა მიდგომაა? რამდენად ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარაგის უსაფრთხოების საკითხს? გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ თემაზე ჩვენთან საუბრისთვის ვერ მოიცალეს… 

ჩვენთან ეს პოლიტიკა უფრო სოციალური ხასიათისაა, ან პოლიტიკური, ვიდრე ეკონომიკური. მთავარია, რომ სამინისტროს ხედვები და პროგრამების შემუშავება ეფუძნებოდეს კვლევებს იგივე ერთწლიან კულტურებზე, რის დაფინანსებასაც ახლა აპირებენ… წლებია ვსაუბრობთ, მაგალითად, იმაზე, რომ მთავრობა არ უნდა ასუბსიდირებდეს ღვინის სექტორს, მაგრამ ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, ან როცა საბიუჯეტო სახსრებით ყიდულობენ ვაშლს, რომელიც სარეალიზაციოდ არ ვარგა. ამგვარი მიდგომით ირღვევა დარგში მოტივაცია.

ჩვენთან ძირითადად პროგრამები გათვლილია მრავალწლიან კულტურებზე, ან ტექნიკის შეძენაზე, რაც ძირეული პრობლემაა, თუმცა, როგორც ვიცი, მთავრობა აპირებს, დააფინანსოს ერთწლიანი კულტურებიც, როგორიცაა ხორბალი, შვრია. ეს, ცხადია, უკავშირდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს ამ მიმართულებით. ომამდეც ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა რუსეთმა ემბარგო დააწესა და შემდეგ დააწესა მაღალი გადასახადი ხორბალსა და ზეთზე. შესაბამისად, ეს პროდუქტები გაძვირდა. ადგილობრივი წარმოება არის დაბალი ჩვენთან, ვერ ჩაანაცვლებს იმპორტირებულს და ეს პრობლემა მუდმივად დგას. მგონია, რომ ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს მთავრობის დღის წესრიგში.

მთავრობის მხრიდან ჩარევა უნდა იყოს მინიმალური, თუმცა ხორბალი იმდენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტია, მნიშვნელოვანია, საიდან შეიძლება წამოვიღოთ. გვახსოვს შემთხვევა, როცა ხორბლის შემთხვევაში იმპორტიორები ითხოვდნენ გაზრდილი ფასების დასუბსიდირებას. პრობლემა აქ ის, რომ მუდმივი ხომ ვერ იქნება სუბსიდია? ამიტომაც, საკითხი კარგად უნდა შევისწავლოთ და სწორი გამოსავალი ვიპოვოთ.

  • რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ კონკრეტულად ამ კუთხით? 

მნიშვნელოვანია პარტნიორების მოძიება და ისეთი ქვეყნების შერჩევა, რაც გამორიცხავს ამ რისკებს და არ გაზრდის ფასებსაც. დღეს მთავარი არგუმენტია, რომ რუსეთში ხორბალი, ან ზეთი უფრო იაფია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა შესაძლოა სხვა ბაზრების მოძიება, იგივე თურქეთის ბაზარი, პოლონეთი.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არის ყველაზე იაფი, მაგრამ ასევე ვხედავთ, რა რისკებიც ახლავს რუსეთის ბაზარს. შესაბამისად, როცა დღეს ამბობს ხელისუფლება, რომ სურსათის მარაგის დეფიციტი არ არსებობს, ეს სწორია ფიზიკურ დონეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია კონტექსტი – ჩვენ უკვე სასურსათო ფასების 30-პროცენტიან ზრდასთან გვაქვს საქმე. ეს პირდაპირ აისახება ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი შემოსავლიდან 30-40 პროცენტს, თუ უფრო მეტს არა, ხარჯავენ საკვების შესაძენად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: