მთავარი,სიახლეები

ამბავი ირაკლი ექიმზე, რომელიც ხულოში მუშაობს

12.05.2022 • 9789
ამბავი ირაკლი ექიმზე, რომელიც ხულოში მუშაობს

მაღალმთიან სოფლებში, სადაც საავადმყოფო მხოლოდ მუნიციპალიტეტის ცენტრშია, ექიმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანია, მით უმეტეს, როცა საუბარია სასწრაფო დახმარების ექიმზე.

36 წლის ირაკლი სურმანიძე სწორედ სასწრაფო დახმარების ექიმია. იგი ათი წელია ხულოში მუშაობს, 2021 წლიდან – ხულოს ცენტრში მდებარე კლინიკაში, ხოლო 2014 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ექიმიც გახდა. ასევე, მუშაობს შუახევის კლინიკაშიც, სადაც თვის განმავლობაში 5 მორიგეობა აქვს.

ირაკლი სურმანიძე გვიყვება, რომ ბავშვობიდან უნდოდა ექიმი ყოფილიყო:

„ჭრილობას რომ ვნახავდი ან ვინმეს ავადმყოფობაზე გავიგებდი, სულ მინდოდა მასთან ვყოფილიყავი და დავხმარებოდი. ყველაზე მეტად ქირურგია მაინტერესებდა, ამიტომ არჩევანი ზოგადი პროფილის ქირურგიაზე შევაჩერე“.

ირაკლი სურმანიძე ხულოელია. ამბობს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ხულოში დაბრუნება აქაურობის სიყვარულმა გადააწყვეტინა. მან მედიცინის ფაკულტეტი ბსუ-ში დაამთავრა, ორდინატურა კი – უკრაინაში, სადაც პარალელურად მუშაობდა კიდეც.

„სწავლისას კიდევ ვერ წარმოგიდგენია კარგად, თუ როგორი რთულია ექიმის პროფესია. როდესაც იწყებ მუშაობას, ყოველდღიური შეხება გაქვს პაციენტებთან, ამას უკეთ ხვდები, მაგრამ, როცა პაციენტის მადლიერ თვალებს ხედავ, ყველაფერი გავიწყდება, დაღლილობაც, ღამის თევაც…

საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ მსოფლიოში არსებულ ყველა პროფესიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროფესიაა“, – გვითხრა მან.

ახალგაზრდა ექიმი იხსენებს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობისას ყველაზე მეტი დღეში 28 გამოძახება იყო – ეს რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში მოხდა.

მისი თმით, ხულოში ზაფხულში შესამჩნევად იმატებს სასწრაფო დახმარების გამოძახების რიცხვი, რაც ვირუსული ინფექციების მატებას უკავშირდება, რომელსაც ძირითადად ბავშვებში ვხვდებით და ასევე, მაღალი წვენის ჩივილებით.

„ხულო მაღალმთიანი რეგიონია, მოსახლეობის ნახევარს აწუხებს არტერიული ჰიპერტენზია. ზაფხულობით ბევრი იალაღებზე მიდის და მაღალი მთის პირობებში წნევა კიდევ უფრო იწევს,“ – ამბობს ირაკლი ექიმი.

მისი თქმით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მუშაობა რელიეფის გამო რთულია სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის:

„ისეთ გზებზე გვიწევს სიარული, რომ ალბათ, ზოგს ცხოვრებაში ერთხელაც არ იქნება გავლილი. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პაციენტებს დროული დახმარება აღმოვუჩინოთ“.

ირაკლი სურმანიძე გვიყვება, რომ მაშინ, როცა გამოძახება ხულოს ცენტრიდან შორს მდებარე სოფლებიდან აქვთ, გზიდან რეკავენ პაციენტთან, დეტალურად ეცნობიან მის მდგომარეობას და შესაძლებლობის შემთხვევაში, მისვლამდე ტელეფონით უწევენ კონსულტაციას, რათა ადგილზე მისულებს შედარებით სტაბილური მდგომარეობა დახვდეთ.

ახალგაზრდა ექიმი გვიყვება, რომ 2015 წლის შემდეგ ხულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა. ახლა სასწრაფო დახმარების მანქანები მაღალი გამავლობისაა და მეტ-ნაკლებად ახერხებენ, რომ ყველა გამოძახებაზე მაქსიმალურად მცირე დროში მივიდნენ პაციენტთან. თუმცა წელს ხულოში დიდთოვლიანი ზამთრის გამო ბევრჯერ შეფერხდნენ და პერიოდულად პაციენტებამდე მისვლა სოფლის ცენტრებიდან ფეხითაც უწევდათ:

„ახალი სასწრაფო დახმარების მანქანები მაღალი გამავლობისაა, მაგრამ ცხადია, გზები თუ კარგად იქნება მოწესრიგებული, პაციენტებთან ადგილზე მისვლას შედარებით ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე ახლა. ამასთან, მანქანების დაზიანების რისკიც შემცირდება“, – ამბობს ის.

მან გვითხრა, რომ ახლახან მუნიციპალიტეტს რეანომობილი გადასცეს და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ბათუმის კლინიკებში გადმოყვანაც გამარტივდა.

ირაკლი სურმანიძეს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ემერჯენსის განყოფილებაში, ისე სასწრაფო დახმარების ჯგუფში. ამბობს, რომ მისთვის ორივე სამუშაო გარემო მისაღებია, თუმცა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება:

„ემერჯენსის განყოფილებაში ფეხზე დგახარ და 24 საათი პაციენტებს მეთვალყურეობ. შესაძლოა, ერთდროულად 10 პაციენტიც კი  გყავდეს, ხოლო სასწრაფო დახმარების შემთხვევაში მიდიხარ ერთ პაციენტთან და მხოლოდ მასზე ზრუნვა გევალება,“ – ამბობს ირაკლი სურმანიძე.

ირაკლი ექიმი ამბობს, რომ მისთვის ემოციურად ყველაზე რთული ბავშვებთან მუშაობაა, რომლებიც ავარიების დროს ზიანდებიან – „როცა ვხედავ დაზიანებულ ბავშვებს,  განსაკუთრებულად მოქმედებს ჩემზე“.

ირაკლი სურმანიძის თქმით, პაციენტებთან კონტაქტს გამოძახების შემდეგაც ინარჩუნებს. ინტერესდება, თუ როგორ არიან – გამოჯანმრთელდნენ, გაუარესდა სიტუაცია, თუ რა მოხდა: „აუცილებელია იმის ცოდნა, პაციენტი, რომელსაც დახმარებას უწევ, შემდგომში როგორ იქნება“.

იგი დასძენს, რომ გამოძახებაზე გასულ ექიმს პაციენტმა ემოციები არ უნდა შენიშნოს. ექიმი ვალდებულია ცივი გონებით დასვას დიაგნოზი:

„თუ აღელდები და ემოციებს აჰყვები, არაფერი გამოვა. ამიტომ, ექიმი, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად პაციენტთან მუშაობის დროს სიმშვიდის შენარჩუნებაც მარტივდება“.

ირაკლი სურმანიძეს ვკითხეთ, თუ რას ურჩევდა დამწყებ ექიმებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალბედა ექიმებმა პაციენტებთან დიდი დრო გაატარონ და მათ მხარდაჭერა, გვერდში დგომა აგრძნობინონ:

„პირველ რიგში, იყვნენ ადამიანები და შემდეგ ექიმები. თუ ეს დარღვეულია, ესე იგი, საქმე ექიმთან არ გვაქვს. ასევე, არ შეწყვიტონ განვითარება, რადგან მედიცინაში ყოველდღიურად რაღაც ახალი ხდება“.

როგორი ექიმი ვარ, არ ვიცი. ეს პაციენტებმა უნდა გადაწყვიტონ. ცხადია, მე ვცდილობ ყოველთვის პაციენტების გვერდით ვიდგე. ჩემთვის პაციენტები ოჯახის წევრები არიან და მათთვის მაქსიმალურის გაკეთებას ვცდილობ“.

ჩვენთან საუბრისას ირაკლი სურმანიძემ უკრაინაში მიმდინარე ომზეც გაგვიზიარა საკუთარი წუხილი. გვითხრა, რომ სამი წელი იცხოვრა იქ და ძალიან უყვარს ეს ქვეყანა. მოლოდინი აქვს, რომ ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს უკრაინა, დაიბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს და თავისი ქვეყნიდან ყველა რუს ჯარისკაცს გააძევებს.

ირაკლი საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში წასასვლელადაც მზადაა. ამბობს, რომ წასვლა აქამდეც უნდოდა, მაგრამ არ იცის, როგორ დატოვოს პაციენტები ხულოში, რომელთა რიცხვიც დიდია.

„მუდმივი კონტაქტი მაქვს ჩემს უკრაინელ ექიმ მეგობრებთან. მყარად დგანან და ცდილობენ მაქსიმალური დახმარება გაუწიონ მოსახლეობასა და ჯარისკაცებს“, – ამბობს ირაკლი ექიმი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: