განათლება,მთავარი,სიახლეები

როდის იწყება მოსწავლეთა კომპლექსური დავალებებით შეფასება – სამინისტროს განმარტება

13.05.2022 •
როდის იწყება მოსწავლეთა კომპლექსური დავალებებით შეფასება – სამინისტროს განმარტება

როდის ჩატარდება სკოლებში მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასება, კონკრეტული თარიღი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის.

18 აპრილს სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეთა შეფასება მაისში დაიწყებოდა, თუმცა დღეს, 13 მაისს, ამავე სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შეფასების დაწყების კონკრეტული თარიღი უცნობია.

სკოლებში ასევე აქვთ მოლოდინი, რომ დიაგნოსტიკური შეფასებისთვის საჭირო ტესტირების ნიმუშები განათლების სამინისტროსგან უნდა მიიღონ. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მოსწავლის შეფასებას საგნის მასწავლებელი აკეთებს. თუმცა გარკვეულ მითითებებს, თუ რა კრიტერიუმებით უნდა იყოს ტესტი შედგენილი, სამინისტროსგანაც მიიღებენ.

განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს შეხვედრები რესურსცენტრებთან, სკოლებთან – „რაღაც დეტალები კიდევ არის დასაზუსტებელი და როგორც კი მზად იქნება ყველაფერი, შემდეგ დაიძვრება პროცესი.“

რაც შეეხება ტესტებს, როგორც ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფში გვეუბნებიან, „ტესტი ძირითადად ორიენტირებული იქნება მაღალ სააზროვნო უნარებზე. სკოლებს, რა თქმა უნდა უნდა წინასწარ მიეწოდებათ ტესტური დავალებები“.

კითხვაზე, დაახლოებით რა დრო დასჭირდება რესურსცენტრებთან და სკოლებთან შეთანხმებას, სამინისტროში კონკრეტული პასუხი არ აქვთ, რადგან, მათი თქმით, „ეს არის პროცესი“.

„დაანონსებული კი იყო მაისის ბოლო, ივნისის დასაწყისი, მაგრამ ეს ვადა შესაძლოა გადაიწიოს. თუმცა კონკრეტულ დროს ვერ გეტყვით,“ – გვითხრეს რეფორმების ჯგუფში.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მოსწავლის დიაგნოსტიკური შეფასება თავად მასწავლებლების ინტერესში შედის, რადგან თუ მასწავლებელი ობიექტურად არ შეაფასებს მოსწავლეს, ვერც ობიექტურ შედეგს მიიღებს ბავშვისგან და, შესაბამისად, ვერც მომავალ სასწავლო პროცესს დაუგეგმავს.

სამინისტროს ვკითხეთ, მასწავლებელი წლის განმავლობაში ისედაც აფასებს მოსწავლეს და იცის მისი სუსტი ან ძლიერი მხარეები, მაშინ რატომ არის აუცილებელი დიაგნოსტიკური შეფასება?

„ცოტა განსხვავებები არის დიაგნოსტიკურ შეფასებასა და, ზოგადად, წლის განმავლობაში მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასებაში. დიაგნოსტიკური შეფასებაც განმავითარებელია, თუმცა ის ერთგვარად აჯამებს, თავს უყრის მოსწავლის მიღწევებს საფეხურის შედეგებთან მიმართებით.“- ამბობენ რეფორმების ჯგუფში.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გულწრფელი იქნება მასწავლებელი თავისი მოსწავლის შეფასებისას, სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს პირველ რიგში მასწავლებლისა და სკოლის ინტერესებშია.

„ადრე, მშობელთა კრებები როცა ტარდებოდა, იქ ხომ ეუბნებოდნენ მასწავლებლები მშობლებს, თუ რაში სჭირდებოდათ მათ შვილებს დახმარება, რა იყო მათი სუსტი ან ძლიერი მხარე, არ ჰქონდათ გამოსასწორებელი? ასეთივე იქნება ეს შეფასებაც, ასეთივე განწყობით უნდა თქვას მასწავლებელმა, რა სჭირდება მოსწავლეს შემდგომი განვითარებისთვის.

ეს შედეგები სამინისტროში არ იგზავნება, ეს შეფასება კეთდება მასწავლებლისთვის, რომ შეაფასოს, გაანალიზოს სასწავლო დანაკარგები და მომავლისთვის ამა თუ იმ მოსწავლეს ინდივიდუალურად დაუგეგმოს  სასწავლო პროცესი. ეს არის მთელი შინაარსი ამ ტესტირების,“ – გვითხრეს სამინისტროში.

მათივე თქმით, დიაგნოსტიკური შეფასებები ასევე დაეხმარება საგნობრივ კათედრებსაც: სკოლა უკეთ დაინახავს სუსტ და ძლიერ მხარეებს და ამის მიხედვით დაგეგმავს მომდევნო სასწავლო წელს. მათი ინფორმაციით, მსგავსი შეფასება სკოლამ ყოველი წლის ბოლოს უნდა გააკეთოს.

___________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: