„პუტინმა ყველაფერი დადო ფსონზე იმის მიუხედავად, რომ აგებს და აგებს, ამატებს ფსონს, თითქოს ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში,“ – ამ შთაბეჭდილებას უტოვებს სანქცირებული პუტინის ქცევა ეკონომიკის ანალიტიკოსს, გიგა ბედინეიშვილს, რომელსაც სანქციების შედეგებზე ვესაუბრეთ: რა დაემართა რუსეთის ეკონომიკას და რა შეიძლება გამოიწვიოს სანქციებმა ახლო მომავალში? ხომ ვერ მოახერხებს რუსეთი ალტერნატიული ბაზრების მოძიებას?
ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთი საბჭოთა კავშირში ბრუნდება იმ განსხვავებით, რომ იქიდან გაზს და ნავთობსაც აღარ იყიდიან და უფრო მეტი სიღარიბე იქნება. ეკონომისტს საბჭოთა კავშირს ახსენებს რუსული რუბლის გამყარებაც ომის პირობებში, როცა დოლარი თითქოს 90 კაპიკი ღირდა, მაგრამ რეალურად 10 მანეთი იყო საჭირო.
„ბათუმელებმა“ გიგა ბედინეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, ის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანია.
- ბატონო გიგა, როგორ იმუშავა ამ დრომდე სანქციებმა, რაც რუსეთს დაუწესეს? ფაქტია, რომ სანქციებმა რუსეთი ვერ შეაჩერა.
ომის დაწყებამდე სანქციები, რაც დაუწესეს რუსეთს, არ იყო საკმარისი და დამაჯერებელი. ომის დაწყების შემდეგ კი, ჩანს, რომ სანქციებს აქვს ორი მიზანი: იქნებ, ახლა მაინც მიხვდეს პუტინი, რომ გაჩერდეს და ამიტომაც იყო ესკალაცია ამ სანქციებში. მეორე სამიზნეა რუსეთის დასუსტდეს. ვხედავთ, რომ პუტინი არ გაჩერებულა და ომი გრძელდება.
რაც შეეხება რუსეთის დასუსტებას, ეს აშკარად მოქმედებს და კიდევ უფრო გამძაფრდება საშუალო ვადაში, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის დასუსტება და დეგრადირება ეჭვს არ იწვევს ჩემში, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.
- რა დრო მოიაზრება ამ საშუალო ვადაში, როცა რუსეთში იგრძნობენ ამ სანქციების გავლენის სიმძაფრეს?
საშუალო ვადა არის სადღაც წლის ბოლოს, შემოდგომაზე, როცა რუსეთში იქნება ეკონომიკური ვარდნა, უმუშევრობა… ეს იგრძნობა ახლაც, თუმცა კვლევებით ჩანს, რომ ომს აქვს მხარდაჭერა რუსეთში. ამ კვლევებით არ ჩანს, რის გამოა ეს მხარდაჭერა: ეშინიათ სამშობლოს მოღალატეობისთვის არ დასაჯონ, პროპაგანდაა, თუ სხვა მიზეზია. რეალურად რუსეთის ინტერესშია ომის წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჯერ კიდევ ცოტას ესმის რუსეთში. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა რუსეთში ეკონომიკის ნგრევასთან ერთად შემცირდება.
- სად ჩანს, რომ ინგრევა? მაგალითად, რუსული რუბლის კურსი ომის დაწყების დროს დაეცა, მაგრამ უკვე დაუბრუნდა ომამდელ ნიშნულს.
ეს მოხერხდა ვალუტის კონტროლით. ასე საბჭოთა კავშირის დროსაც ოფიციალური კურსის დოლარისა 90 კაპიკი იყო, სინამდვილეში კი, 10 მანეთად ძლივს იშოვიდი. როცა სავალუტო კონტროლებია, რთულია გაიგო ვალუტის რეალური კურსი. რეალურად რუსეთის ეკონომიკა 15 – 20 პროცენტითა არის შემცირებული. ბევრ რამეს ვეღარ იშოვი რუსეთში, რასაც ისინი შეჩვეული იყვნენ, მაგალითად, მანქანები, რომლითაც დადიან, სათანადო ნაწილებსაც ვეღარ იყიდიან მალე, ვერ მოგზაურობენ და ასე შემდეგ. რუსეთის ეკონომიკას უკვე მძიმე დღე აქვს, ზრდა აქვთ უმუშევრობის და არაერთი პროდუქტის დეფიციტია. რუსეთის პერსპექტივა კატასტროფულია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
- რუსული პროპაგანდის გზავნილია, რომ მოძებნიან ალტერნატივებს და ცოტა მოთმინების შემთხვევაში, მოძლიერდებიან. რეალურად, რამდენად შესაძლებელია, მაგალითად, იგივე ინდოეთის ბაზარი გამოიყენოს რუსეთმა, თუ დასავლეთი მოახერხებს რუსულ გაზსა და ნავთობზე უარი თქვას?
ეს სრული ბოდვაა რუსული პროპაგანდის და ლავროვის. ინდოეთის მთლიანი შიდა მოხმარების პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2 ათასი ამერიკული დოლარია, მაქსიმუმ 3 ათასი. ევროპის მოქალაქის კი, საშუალოდ, 50 ათასი დოლარი. შესაბამისად, ევროპის ბაზარს ვერ ჩაანაცვლებ ჩინეთით და ინდოეთით. თანაც, ინდოეთი ფრთხილად იმოქმედებს დასავლეთის ბაზარზე. მართალია, ის ამ დროისთვის არაა ისე დამოკიდებული დასავლეთზე, როგორც ჩინეთი, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ერთი საკითხია: ბუნებრივი აირი და წარმოება რისთვის უნდა ინდოეთს? თუ მას უნდა, რომ რაღაც აწარმოოს, მას ლოგიკურად სჭირდება დასავლეთის ბაზარიც. შესაბამისად, მან იცის, რომ თუკი ზედმეტად ჩაუწვება რუსეთს, ის დაკარგავს დასავლეთის ბაზარს.
- ბორელი ამბობდა, ევროპა ყოველდღიურად, ომის პირობებშიც კი, რუსეთს 1 მილიარდ ევროს უხდის ენერგორესურსებში. ომის დაწყებიდან დღემდე ევროპისგან რუსეთმა 79 მილიარდი ევრო მიიღო. ასევე ჩანს, რომ ემბარგო ჯერ ვერ დაწესდება და ვიდრე დასავლეთი მოახერხებს რუსულ გაზზე უარის თქმას, გამორიცხავთ, რომ რუსეთმაც იპოვოს ალტერნატივა?
ვერ ჩაანაცვლებს, გამორიცხულია. ევროპა და ამერიკა არის მდიდარი, ცივილიზებული სამყარო, ეკონომიკურ ურთიერთობა მომგებიანია მდიდარ ბაზრებთან. ჯერ ერთი, ბუნებრივი აირის მიწოდებს სჭირდება შესაბამისი მილსადენი, რასაც უშველებელი ინვესტიცია უნდა, ამისთვის კი, რუსეთს ფული არ ექნება.
შესაბამისად, ინდოეთი დიდია, მაგრამ ღატაკია, ის ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმას, რასაც რუსეთს აძლევს დასავლეთის ბაზარი. ენერგოდამოკიდებულების მთლიანად შემცირება მყისიერად ვერ მოხდება, მაგრამ ეს შესაძლებელია ერთ-ორ წელიწადში, თუ ამასობაში რუსეთში დრამატული ცვლილება არ მოხდა. თუ პუტინი გადააგდეს და სწრაფი დემოკრატიზაცია მოხდა, ეს სხვა არის, მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში, რუსეთს ჩინეთი და ინდოეთი ნამდვილად ვერ უშველის.
რუსეთის ეკონომიკის დაცემა გარდაუვალია და ეს არის პრაქტიკულად საბჭოთა კავშირში დაბრუნება, რომელიც უფრო ღარიბი იქნება, ვიდრე საბჭო კავშირი იყო, იზოლირებული, ჩაკეტილი, ჯინსების და საღეჭი რეზინის გარეშე. შესაძლოა, ვინმეს საბჭოთა კავშირი მოსწონდა, მაგრამ ეს თუ არ არის ეკონომიკური კატასტროფა, ასე, შესაძლოა, პირველყოფილ წყობილებაშიც დაბრუნდეს რუსეთი და ნადირობით ირჩინოს თავი, სულს გაიტანს. საბჭოთა კავშირისგან გაზს და ნავთობს ყიდულობდნენ, რუსეთი კი, უარეს მდგომარეობაში ჩავარდება.
- გაქვთ მოლოდინი, რომ ეს ეკონომიკური დაცემა გამოიწვევს რუსეთის დაშლას?
ფსონს ვერ დავდებ, რადგან არ ვიცი რეალურად, როგორია მაზოხისტური განწყობის მომავალი რუსეთში. შესაძლოა, მათ სიამოვნებდეთ კიდეც გაჭირვებაში ცხოვრება და მასობრივ ფსიქოთერაპიაში შევდივართ. მგონია, რომ რუსეთში, სადაც უკვე გარკვეულწილად მაინც იგემეს ევროპა, იმოგზაურეს და ასე შემდეგ, გაუჭირდებათ ამასთან შეგუება. ეს მათი არჩევანია, თუ მოისურვებენ გამოქვაბულში დაბრუნებას. მოკლედ, ეს ფსიქიატრიის თემაა.
- გაზსა და ნავთობზე უარის თქმა, რაც განიხილება, როგორც ყველაზე მტკივნეული სანქცია, შეცვლის, თქვენი აზრით, პუტინს?
ეს უკვე პუტინის ფსიქიატრიის თემაა. გასაგებია, რომ პუტინმა ყველაფერი დადო ფსონზე და იმის მიუხედავად, რომ აგებს და აგებს, ამატებს ფსონს, თითქოს ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში. მძიმედ პროგნოზირებადია პუტინის ქცევა. ვფიქრობ, რომ სინამდვილეში პუტინს აქვს პირადი მოტივები, მას რაღაც მანია აქვს, რომ ისტორიაში იყოს, როგორც „პეტრე მეორე“. ის ხვდება ასევე, რომ საშინელი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და კატასტროფისკენ მიჰყავს რუსეთი, აორმაგებს ფსონებს, მოკლედ, ეს ჩაკეტილი წრეა.
- რუსეთის ეკონომიკას ბევრი შიდა, არაეფექტური ხარჯის გაღება უწევს, მაგალითად, დოტაციაზე ჰყავს ჩეჩნეთი და არაღიარებული სამხრეთ ოსეთი, სხვა ტერიტორიებიც. ამათ გამოკვებას ისევ შეძლებს სანქცირებული რუსეთი?
გაუჭირდება, რუსულ რუბლს დაბეჭდავენ და ასე შემდეგ, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, ისე იქნებ…ა. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინაც გათავისუფლდება და საქართველოს დეოკუპაციაც მოხდება.
- რუსეთი საქართველოსთვის სამ ყველაზე მსხვილ პარტნიორს შორისაა. რა იცვლება ჩვენთვის?
ჩვენთან გაძვირდება სავარაუდოდ გარკვეული პროდუქტები, მაგრამ როგორ ვერ უნდა მოვითმინოთ ცოტა ხნით ფასების ზრდა, როცა შანსი გვაქვს, რომ მონობისგან თავი დავიხსნათ? რუსეთის ფაქტორი როცა აღარ იქნება დამანგრეველი, თუ ჩვენ სწორ მხარეს აღმოვჩნდით და „ოცნებამ“ არ ჩაგვტოვა საბჭოთა ჭაობში, ჩვენ ვიქნებით სერიოზული ეკონომიური აღმავლობის მომსწრე. ამიტომაც, საჭიროა, რომ ყველა საერთაშორისო სანქციას შევუერთდეთ და არ უნდა შეგვეშინდეს რუსეთის ბაზრის დაკარგვის. ეს დაგვიკარგია კიდეც და არ დავქცეულვართ. ახლა არის შანსი, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დავამარცხოთ ბოროტების იმპერია ერთხელ და სამუდამოდ. სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც.
- მიგაჩნიათ, რომ შეუქცევადია რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა?
რუსეთის გაღარიბება არის შეუქცევადი. რუსეთი ღარიბი იყო აქამდეც დასავლეთთან შედარებით, მაგრამ, მაგალითად, ღარიბი არ იყო ჩვენთან შედარებით. ის სამჯერ, ოთხჯერ უფრო მდიდარი იყო, რადგან ჩვენ ეკონომიკური განვითარება შევწყვიტეთ. ჩვენი ამოცანაც ეს უნდა იყოს, რომ რომ რუსეთს გადავასწროთ ეკონომიკურად ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური პარამეტრებით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე რუსეთში და მაშინ ეს „ალტ-ინფოები“ და „ოცნების“ სხვა პარტნიორები, რეალურად კი ფაშისტური ორგანიზაციები ვეღარ გაავრცელებენ ამ სისულელეებს, რომ რუსეთის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ, ჩვენი მოძმეები არიან და ასე შემდეგ.
რუსეთის ეკონომიკის დაცემა გარდაუვალია, თუ პოლიტიკური რევოლუცია არ მოხდა რუსეთში. ეს რეჟიმი არის კეთროვანივით ახლა. ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ევროპელი ლიდერი დღეს კი არა, მინიმუმ შემდეგი სამი წელი ხელს ჩამოართმევს პუტინს. პუტინმა რუსეთი მიიყვანა კატასტროფამდე და ამას ვუყურებთ ჩვენ ერთად ახლა.