მთავარი,სიახლეები

როდის [ვერ]ისარგებლებენ შშმ პირები ადაპტირებული პლაჟით ბათუმში

14.08.2019 • 1972
როდის [ვერ]ისარგებლებენ შშმ პირები ადაპტირებული პლაჟით ბათუმში

შშმ პირებს მათთვის მოწყობილი ადაპტირებული პლაჟით, ხუთი ტივტივა ეტლით, საშხაპეებითა და გამოსაცვლელებით, სარგებლობა ყოველდღე, დილის 10 საათიდან საღამოს 8-მდე შეეძლებათ. იმ შემთხვევაში კი, როცა პლაჟზე ბანაობის ამკრძალველი ნიშანი – წითელი ალმებია აღმართული, პლაჟითა და ტივტივა ეტლებით სარგებლობა აკრძალულია უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

შესაძლოა ბანაობა დასაშვები იყოს და თეთრი ალმებიც ფრიალებდეს სანაპიროზე, მაგრამ შშმ პირებისთვის გარკვეულ დღეებში მაინც სახიფათო იყოს ბანაობა შიდა დინების გააქტიურების გამო – ბათუმის ბულვარი მსგავს დღეებში, როგორც ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, უფლებას იტოვებს, ტივტივა ეტლები გადაიტანოს დაცულ ადგილას.

„ვინაიდან ტივტივა ეტლები არის ძვირადღირებული და სპეციფიკური მოწყობილობა, დაზიანების ან ვანდალური ფაქტების თავიდან ასაცილებლად, უამინდობისას და საღამოს საათებში, ბათუმის ბულვარი იტოვებს უფლებას, გადაიტანოს ისინი დაცულ ადგილას,“ – ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადაპტირებული პლაჟით დაინტერესებული პირებისთვის, სსიპ ბათუმის ბულვარის მიერ პლაჟზე განთავსებულია საინფორმაციო დაფა, რომელზეც ტივტივა ეტლებით სარგებლობის წესები და აკრძალვებია მოცემული.

შშმ პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით:
[checklist]

  • ზღვაში ტივტივა ეტლით ჩასვლის მსურველებმა, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინონ, თუ როგორი ამინდია ზღვისპირას.
  • ტივტივას შემქმნელი ფრანგული კომპანია სასტიკ გაფრთხილებას იძლევა ზღვის ძლიერი დინებისა და ღელვის დროს ბანაობის აკრძალვის შესახებ.
  • ბანაობა აკრძალულია დამცავი ჟილეტების გარეშე
  • ბანაობა იკრძალება ასევე თანმხლები პირის გარეშე
  • აკრძალულია ტივტივაზე რაიმე მისაბმელის ან დამატებითი აღჭურვილობის გამოყენება.
  • ტივტივათი სარგებლობა ეკრძალებათ პატარა ბავშვებს.

[/checklist]

შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს სრულად არის მორგებული.

პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება. ადაპტირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს “ბათუმის ბულვარი“ ახორციელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის საერთო ღირებულება 69 ათასი ლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: