მთავარი,სიახლეები

უკრაინელები სუხიშვილების გაუქმებული კონცერტების საფასურის დაბრუნებას ითხოვენ

13.05.2022 • 2112
უკრაინელები სუხიშვილების გაუქმებული კონცერტების საფასურის დაბრუნებას ითხოვენ

11 მაისს „ბათუმელებს“ უკრაინის მოქალაქემ, ანა კოტოვამ, მომართა წერილობით, რომელმაც გვითხრა, რომ მარტში ის, მეუღლესა და მშობლებთან ერთად, უნდა დასწრებოდა ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტს უკრაინაში, რომელიც საომარი ვითარების გამო ჩაიშალა.

ანამ სულ ოთხი ბილეთი იყიდა, რაშიც 6142 უკრაინული გრივნა [627 ლარი] გადაიხადა.

ანა კოტოვას ოთხი ბილეთი ანსამბლ „სუხიშვილების” კონცერტზე დასასწრებად.

„სუხიშვილები“ მარტის ბოლოს უკრაინას საკონცერტო ტურით უნდა სწვეოდა. ბილეთებს უკრაინაში ადგილობრივი გამავრცელებლები, კომპანიები: контрамарка და Карабас-ი ყიდდნენ, რისთვისაც ისინი სარეკლამო კამპანიასაც ეწეოდნენ. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ საკონცერტო ტური ჩაიშალა.

„ახლა ჩვენ ვერ ვიბრუნებთ ბილეთების ფულს, როგორც ბილეთების გამავრცელებელი კომპანიები გვეუბნებიან, ბილეთების თანხა კონცერტის ორგანიზატორებთანაა და დაბრუნებაც მათზეა დამოკიდებული. დაზარალდა ასობით უკრაინელი, რომლებსაც ახლა, ომის პირობებში, ძალიან სჭირდებათ ეს ფული, ჩვენ კი დამოუკიდებლად ვერ ვუკავშირდებით ორგანიზატორებს“, – ამბობს ანა კოტოვა, რომელიც ამ დროისთვის დევნილია და პოლონეთს აფარებს თავს.

როცა ანამ ომის გამო კონცერტის ჩაშლის შესახებ შეიტყო, დაუკავშირდა კომპანიას, სადაც ბილეთები შეიძინა. მათგან კი ასეთი პასუხი მიიღო:

„საომარი მოქმედებების გამო სახელმწიფო გადარიცხვის სისტემები და ორგანიზაციები, რომლებმაც ბილეთის თანხის დაბრუნება უნდა უზრუნველყონ, არ მუშაობენ. როგორც კი ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა იქნება, დავიწყებთ ბილეთების ეტაპობრივად დაბრუნებას. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ჩვენთან არ ინახება თქვენ მიერ გადახდილი ფული. ბილეთის ყიდვისას თქვენ დათანხმდით შეძენის პირობებს, სადაც მითითებულია, რომ ბილეთის საფასურის დაბრუნება ღონისძიების ორგანიზატორების პრეროგატივაა. ჩვენ კი მხოლოდ ბილეთების გამავრცელებელი შუამავალი რგოლი ვართ და შეგვიძლია თქვენი განაცხადი ბილეთის დაბრუნების შესახებ გადავცეთ ორგანიზატორებს“.

ანამ ჩაშლილი კონცერტის ბილეთების თანხის დაბრუნების თხოვნით მისწერა კომპანია контрамарка-საც, სადაც ორი ბილეთი ჰქონდა ნაყიდი. მათგან პასუხად მიიღო, რომ ბილეთების თანხის დაბრუნება კონცერტების ორგანიზატორის პრეროგატივაა და არ ეხება კომპანია контрамарка-ს.

„ჩვენ დავუკავშირდით ღონისძიების ორგანიზატორებს მომხმარებლებისთვის ბილეთების თანხის დაბრუნების მოთხოვნით და გადავეცით ინფორმაცია, ასევე, ვთხოვეთ მათ დააზუსტონ თარიღები. კონცერტთან დაკავშირებული ყველა სიახლე გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე: kontramarka.ua.“ – წერია უკრაინელი მომხმარებლისთვის ბილეთების გამავრცელებელი კომპანიისგან მიწერილ წერილში.

ბილეთების გამავრცელებელი კომპანიების ვებგვერდებზე უკმაყოფილო მომხმარებლები წერენ, რომლებიც ომის პირობებში ჩაშლილი კონცერტის ბილეთების თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

„ბათუმელები“ ანსამბლ „სუხიშვილების“ აღმასრულებელ მენეჯერსა და მოადგილეს, ხატია ეკიზაშვილს დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ კონცერტების ორგანიზატორი უკრაინაში საპროდიუსერო კომპანია Alliance Chatreau-ა და არა თავად ანსამბლი:

„საზღვარგარეთ კონცერტებისას ჩვენ არ ვართ ამ კონცერტების ორგანიზატორები. არ ვაკონტროლებთ სალაროს, არ ვყიდით ბილეთებს, შესაბამისად არც ბილეთის ფასს ვადგენთ.

ბილეთის ფასს, რეალიზაციას, დაბრუნებას და რეზერვაციას, გაყიდვებიდან შემოსულ თანხას სალაროში  ჩვენ არ ვაკონტროლებთ. ინფორმაციის დონეზეც კი არ გვაქვს ამაზე წვდომა. ეს საპროდიუსერო კომპანიის ანუ ორგანიზატორის ფუნქციებია.

ჩვენ კომერციულ რისკებს არ ვწევთ და კონკრეტულ, ფიქსირებულ ჰონორარზე ვმუშაობთ. დანარჩენი რისკი ბილეთების რეალიზაციის არის პროდიუსერის საქმე, საერთოდ ყველგან ასეა და ასეა უკრაინაშიც.

უკრაინაში ყოველ წელს დავდივართ. ჩვენი კონცერტების ორგანიზატორი ამ შემთხვევაში იყო კომპანია Alliance Chatreau, რომელიც ძალიან წარმატებულად თანამშრომლობს, ეს კომპანია გეგმავს კონცერტებს და აგვარებს ყველა საკითხს ადგილზე.

როგორც ფილარმონიაში გასამართ კონცერტებს ვყიდით TKT.GE-სა და სხვა საიტებზე, ასევე, Alliance Chatreau უკრაინაში უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ონლაინგაყიდვებს.

ამ კონცერტების ჰონორარი, რომელიც არ ჩატარებულა, ჩვენ არ მიგვიღია პროდიუსერისგან, რა თქმა უნდა.

ჩვენი პროდიუსერი მთელი თავისი სტაფით რუმინეთის საზღვრისპირა ქალაქშია, როგორც არაერთი უკრაინელი. შეიძლება საბანკო გადარიცხვებით თანხის დაბრუნების პრობლემაა ჯერ უკრაინაში, ეს დეტალები არ ვიცი“, – გვითხრა ანსამბლ „სუხიშვილების” აღმასრულებელმა მენეჯერმა და მოადგილემ, ხატია ეკიზაშვილმა.

„ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირება კომპანია Alliance Chatreau-ს, რათა გვეკითხა მათთვის როდის და როგორ დაუბრუნებენ მომხმარებელს კონცერტის ბილეთების საფასურს. ამ ეტაპზე ეს ვერ მოვახერხეთ.

Alliance Chatreau-სთან დაკავშირების და ბილეთების დაბრუნების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ „ბათუმელები“ ინფორმაციას აქვე განაახლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: