მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

14.4 მილიონი ბათუმის მერიისგან კომპანიას, რომლის დამფუძნებელს ბიზნესი რუსეთშიც აქვს

14.05.2022 • 5065
14.4 მილიონი ბათუმის მერიისგან კომპანიას, რომლის დამფუძნებელს ბიზნესი რუსეთშიც აქვს

ბათუმში, გენერალ კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე, ქალაქის მერია ავარიული სახლების დემონტაჟს და ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას გეგმავს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ამ მიზნით ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ტენდერის სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 14 526 260 ლარია.

ორივე ტენდერში ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეულია შპს „ერთი“, რომლის წილის 50 პროცენტს ფლობს ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „არ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ ბ.ვ.“, წილის მეორე ნახევარი კი ეკუთვნის ბექა გურგენიძეს, რომელიც „ერთის“ დირექტორიცაა. თავის მხრივ, ნიდერლანდური „არ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ ბ.ვ.“ წილებს ფლობს რუსეთში დარეგისტრირებულ სხვა კომპანიაში.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, კომპანია „ერთს“ 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით აქვს ვადა, წარმოადგინოს საბანკო გარანტია როგორც პირველ, ასევე ცალკე, მეორე ტენდერში, რის შემდეგაც მასთან ხელშეკრულებები ჯამში 14 456 360 ლარზე გაფორმდება.

გენერალ კვინიტაძის 1-ში მდებარე ავარიული შენობა / ხალვაშის გამზირის მიმდებარედ / მეჯინისწყლის დასახლება

პირველი ტენდერი – „ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ. №1, 3 და 11-ში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში DesignBuild მეთოდით საცხოვრებელი სახლების დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზეა“ გამოცხადებული. თანხა – 7 536 260 ლარი. ამ ტენდერში შპს „ერთი“ მერიის სამმართველოს მომსახურებას ზუსტად იმავე ფასად სთავაზობს.

გენერალ კვინიტაძის 3-ში მდებარე ავარიული შენობა / ხალვაშის გამზირის მიმდებარედ / მეჯინისწყლის დასახლება

მეორე ტენდერი კი – იოსებ გრიშაშვილის ქ. N9-ში საცხოვრებელი სახლების დეტალური პროექტის მომზადებასა და მშენებლობაზე – 6 990 000 ლარითაა გამოცხადებული. ამ შემთხვევაში „ერთი“ სამმართველოს მომსახურებას 6 920 100 ლარად სთავაზობს.

აღნიშნულ ტენდერებში მონაწილეობენ თუ არა სხვა პრეტენდენტები, შესყიდვების პორტალიდან ამ ეტაპზე არ ჩანს. ეს ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ გამოჩნდება.

სატენდერო კომისიის ოქმების მიხედვით, კომპანია „ერთის“ მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო პირობებს.

ტენდერებში ერთ-ერთი მთავარი პირობა კი ის არის, რომ „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 11 მილიონი ლარის ოდენობით – კვინიტაძის ქუჩის შემთხვევაში, ხოლო 10 მილიონი ლარის ოდენობით – გრიშაშვილის ქუჩის შემთხვევაში.

რაც შეეხება კომპანიის გამოცდილებას, მას სამუშაოები სხვადასხვა კერძო კომპანიის დაკვეთით აქვს შესრულებული.

კომპანია „ერთის“ გამოცდილება 2019 წლიდან დღემდე – სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:

  • „წალკაში, სოფელ დაშბაშში რესტორნის და ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები;
  • დაშბაშის კანიონის მიმდებარედ 67 კოტეჯის ფასადის მოწყობისა და შიდა სარემონტო სამუშაოები;
  • სოფელ დაშბაშში კოტეჯების შავი კარკასის მშენებლობის სამუშაოები;
  • სასტუმრო „ჰილტონ კანოპის“ მშენებლობა“.

რამდენად შეესაბამება თუნდაც კოტეჯის ფასადის მოწყობა, რემონტი და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა ტენდერის მოთხოვნას და არის თუ არა ეს საცხოვრებელი სახლების მშენებლობის [ანუ, ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის] გამოცდილება? – ამ კითხვით „ბათუმელები“ მერიის სამმართველოს დაუკავშირდა.

სამმართველოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სატენდერო კომისიის ოქმშია – თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება კოტეჯებს, „ეს არის კონსტრუქციული შენობა-ნაგებობებია და არა, ვთქვათ, რაიმე პატარა ხის კოტეჯები“, – გვითხრეს სამმართველოში.

სატენდერო კომისიის 26 აპრილის ოქმის მიხედვით, კომპანიას გამოცდილებაში ასევე მითითებული ჰქონდა დაშბაშის კანიონის ბილიკების პროექტირების, დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები“, რაც „არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობების მშენებლობას და ვერ ჩაითვლება ტენდერის პირობების შესაბამისად. სასტუმრო „ჰილტონ კანოპის“ მშენებლობა კი, შესაბამისობაშია ტენდერით განსაზღვრულ პირობებთან.“

კომისიის 4 მაისის ოქმში კი აღნიშნულია, რომ კომპანიამ წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია და „ასევე დამატებით წარმოდგენილი იქნა შპს „კას ლენდთან“ გაფორმებული ხელშეკრულება სოფელ დაშბაშში რესტორნისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის შესახებ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით და ანგარიშფაქტურებით.

დაზუსტებული და ასევე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციებით დასტურდება, რომ შპს „ერთს“ შესრულებული აქვს ტენდერით განსაზღვრული ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის [საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოები საერთო ღირებულებით 11 მილიონი [და მეტი] ლარის ოდენობით“.

შესაბამისად კომისიამ დაადგინა, რომ „ერთის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო პირობებს.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე „ბათუმელების“ მიერ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ შპს „ერთს“, ბათუმის მერიის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ამ ორი ტენდერის გარდა, არც ერთ სხვა სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

შპს „ერთი“ 2016 წელს თბილისში დაფუძნებული კომპანიაა. დამფუძნებლები და 50-50 % წილის მფლობელები არიან: ბექა გურგენიძე და სააქციო საზოგადოება „შტაიერ ჰოლდინგზ&ენტერპრაისიზი“ [შვეიცარია].

იმავე წელს შპს „ერთის“ 50% წილი „შტაიერ ჰოლდინგზ&ენტერპრაისიზმმა“ [შვეიცარია] 1 ევროდ გადასცა შპს „რ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ ბ.ვ“-ს [ნიდერლანდები].

დოკუმენტების მიხედვით, ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიის ერთპიროვნული მფლობელია ნიდერლანდების მოქალაქე, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ლენინგრადში დაბადებული ალექსანდერ პოუგოვკინი, ხოლო ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი, ასევე ლენინგრადში დაბადებული და რუსეთის მოქალაქე – ირინა ჩერნიაევა.

„რ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ ბ.ვ“ და ირინა ჩერნიაევა წილებს ფლობენ ასევე რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში რეგისტრირებულ შპს „სამშენებლო კომპანია ფედერაციაში“ [STROYTELNAYA KOMPANYYA FEDERATSYYA].

„ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს რუსულ კომპანიასთან. ნიდერლანდული კომპანია ჩვენი დამფუძნებელია და იქაც აქვს რაღაცა [რუსეთში], თუმცა ახლა სანქციების გამო, დაკეტილია, შეჩერებული აქვს იქ საქმიანობა“, – გვითხრა შპს „ერთის“ დირექტორმა ბექა გურგენიძემ.

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1 და 3-ში, როგორც „ბათუმლებს“ ადგილზე მოსახლეობამ უთხრა, ჯამში 15 ოჯახი ცხოვრობს. აქ ორი ორსართულიანი მრავალბინიანი შენობა ავარიულია, რომლებიც ტენდერში გამარჯვებულმა უნდა დაანგრიოს.

„N3-ში მდებარე შენობიდან 7 ოჯახი ჰყავს მერიას ქირით გაყვანილი, პირველ ნომერში კი 8 ოჯახი ვცხოვრობთ. სამი წელია არის დასკვნა, რომ ეს შენობები ავარიულია, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით კონკრეტულად რა გველის. ადრე იყო საუბარი, რომ ქალაქის ტერიტორიაზე გამოგვიყოფდნენ საცხოვრებელ ფართობებს, შემდეგ ითქვა ადგილზე აშენდება ახალი სახლებიო. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქ, ადგილზე გვირჩევნია,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

24 ოჯახი ცხოვრობს გრიშაშვილის ქუჩაზე N9-ში მდებარე ორსართულიან მრავალბინიან სახლშიც. ტენდერის პირობის მიხედვით, ეს შენობაც უნდა დაინგრეს და იქვე ახალი აშენდეს.

საპროექტო ტერიტორია გრიშაშვილის ქუჩაზე [მწვანე ფერით]

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე არ არის დაკონკრეტებული რამდენსართულიანი შენობები უნდა აშენდეს იმ ადგილებში, სადაც არსებული შენობების დემონტაჟი მოხდება.

„ეს საკითხი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაწყდება, ვინაიდან ტენდერი Design-Build მეთოდითაა გამოცხადებული. ამ დროისთვის არსებული გათვლებით კი, ამ ნაკვეთებზე 4-სართულიანი შენობების აშენებაა დაგეგმილი,“ – გვითხრეს სამმართველოში.

Design-Build ანუ DB მეთოდი – გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება, როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე.

„რამდენსართულიანი შენობები აშენდება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ეს დამკვეთთან ერთად დაზუსტდება. ჩვენ ვართ მშენებლები-შემსრულებლები. როგორც გადაწყდება და რასაც გვეტყვიან, იმის მიხედვით დავიწყებთ სამუშაოებს“, – გვითხრა ბექა გურგენიძემ სატელეფონო საუბარში.

ორივე ქუჩაზე სამუშაოები მიწის 5 საკადასტრო ერთეულზე უნდა განხორციელდეს. ხუთივე ნაკვეთის საერთო ფართობი 2 446 კვადრატული მეტრია.

ტენდერის ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით კი, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1 და 3-ში სამშენებლო ფართობი უნდა იყოს მინიმუმ 3600 კვ.მეტრი, ხოლო ამავე ქუჩის N11-ში – მინიმუმ 1200 კვ.მეტრი.

გენერალ კვინიტაძის 11

თამარის დასახლებაში, გრიშაშვილის ქუჩაზე კი, სამშენებლო ფართობი მინიმუმ 4 600 კვ.მ უნდა იყოს.

ტენდერის პირობის მიხედვით, შემდგომში საცხოვრებელი ფართობების დაყოფა/განაწილება შემსყიდველთან ანუ მერიის სამმართველოსთან შეთანხმებით მოხდება.

საპროექტო ტერიტორიები გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე [წითელი ფერით]


ქალაქის მერის არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმში უსაფრთხო საცხოვრებელი სულ ცოტა 3 ათას ოჯახს სჭირდება.

ამავე თემაზე:

მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: