მე კაპიტულაციის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მას სხვა ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების დროს, უკრაინის ძალებისგან დროებით უკან დახევა და  ტერიტორიების დროებით დაკარგვა ტრაგედია არ არის, მთავარი – ქვეყნის შენარჩუნებაა.

ამის შესახებ დანილოვმა ექსკლუზიურად 24-ე არხთან ისაუბრა. მან ასევე ილაპარაკა იმაზე, რა ხდება ახლა ლუგანსკის ოლქში, რა პირობებში არიან „აზოვსტალის“ ტყვეები და რა იციან უკრაინაში პუტინის აგენტებზე.

ვითარება ლუგანსკის ოლქში

„ლუგანსკის ოლქი – ახლა ყველაზე ცხელი წერტილია უკრაინის ფრონტზე. სასტიკი ბრძოლები მიდის სევეროდონეცკში. იქ ვითარება რთულია და ძალიან სწრაფად იცვლება. მტერს დიდი რაოდენობით არტილერია, ავიაცია და ძლიერი სამხედრო არსენალი აქვს და ამ ყველაფერს ერთდროულად იყენებს ჩვენი პოზიციების წინააღმდეგ.“

ოლექსი დანილოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ფრონტზე უკრაინა ყოველდღიურად განიცდის დანაკარგებს.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახლა მთავარია, არ დავკარგოთ ქვეყანა. თუ ჩვენ დავკარგავთ რომელიმე ტერიტორიის ნაწილს, მას აუცილებლად დავიბრუნებთ. ამაზე ლაპარაკობენ ჩვენი პრეზიდენტიც და ჩვენი სამხედროებიც. მთავარია, სტრატეგიულად არ დავმარცხდეთ“.

აზოვისმებრძოლების ტყვეობაზე

„მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს, რომლებიც გმირულად იცავდნენ პოზიციებს „აზოვსტალში“ და ახლა ოკუპანტების ტყვეობაში არიან, რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიან.

დღეს ისინი კომფორტულ პირობებში არ იმყოფებიან, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ არიან ცოცხლები და ჯანმრთელები, აქვთ წყალი და საკვები.

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მებრძოლები მტრის ხელში არიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან ისინი ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდებიან. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული. ბევრი ინფორმაცია ახლა გასაიდუმლოებულია, რათა ეს პროცესი არ ჩავარდეს“.

24-ე არხის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთის ტყვეობაში მარიუპოლის 2 439 დამცველი იმყოფება.

იქნება თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, უბიძგებენ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებისკენ, თუმცა მოლაპარაკებები – ეს რთული პროცესია. აზრი ჯერ საზოგადოებას უნდა ვკითხოთ.“

პუტინის მუქარაზე

უკრაინისთვის შორსმოქმედი საარტილერიო და სარაკეტო სისტემების მიწოდების გამო, ვლადიმერ პუტინი იმუქრება სარაკეტო თავდასხმით – „იქ, სადაც მანამდე არ დაურტყამს“.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის აზრით, კრემლის მეთაური უკრაინას „სთავაზობს“ არ მიიღოს იარაღი, ესე იგი, დანებდეს და ხელი მოაწეროს კაპიტულაციას.

„მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და მიმაჩნია, რომ კაპიტულაციას სულ სხვა ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი. ეს ჩემი საჯარო პოზიციაა. ხოლო ის, რომ პუტინს შეუძლია თავისი რაკეტებით ჩვენი ნებისმიერი ქალაქი დაანგრიოს და დააზიანოს, სამწუხაროდ, ეს ფაქტია“.

დანილოვის თქმით, უკრაინას რომ იმდენი თავდაცვის საშუალება ჰქონდეს, რამდენიც საჭიროა, საკუთარი ტერიტორიებიდან მტრის განდევნას უკეთ მოახერხებდა.

ბელარუსიდან შეტევის საფრთხეზე

„რუსეთს უკვე დიდი ხანია ოკუპირებული აქვს ბელარუსის ტერიტორია. შესაბამისად, აგრესორ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა“.

პუტინის აგენტებზე უკრაინაში

რუსეთი წლების განმავლობაში ქმნიდა და აფინანსებდა პრორუსული ძალების არაერთ ქსელს უკრაინაში.

„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შეგვეძლება ბევრი საინტერესო დეტალი გავიგოთ, როგორ იქმნებოდა ეს ჯგუფები“, – ამბობს დანილოვი და დასძენს, რომ თუკი ვინმე ფიქრობს, კვლავაც გააგრძელოს უკრაინაში პუტინის დავალებების შესრულება, მათ უსაფრთხოების სამსახური და დაზვერვა „მიხედავს“.

კარგ რუსებზე

„ყველა უნდა ჩამოყალიბებულიყო თავის პოზიციაზე ჯერ კიდევ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველ დღეებში. ის ადამიანები, ვინც ეს მოახერხა და 24-27 თებერვლის პერიოდში გამოხატა თავისი პროტესტი – ისინი პატივისცემას იმსახურებენ. თუმცა ზოგმა დაინახა, რომ „არ გამოუვიდათ“ და მერე დაიწყო გადასხვაფერება – აი, ეს არ მუშაობს“.

მთავარი ფოტო: ოლექსი დანილოვი/Kyiv Post

რატომ ვერ დასრულდა სოფელ ბეღლეთში სკოლის მშენებლობა დროულად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა 8 თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღესაც გრძელდება.

სკოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება აჭარის განათლების სამინისტრომ „ბალავარი ჯგუფთან“ 2019 წლის 20 აგვისტოს გააფორმა 2 424 237 ლარზე. ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, დასრულდება თუ არა სკოლის მშენებლობა 2022 წლის სექტემბრამდე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი მხრიდან ხელშეკრულებაში ცვლილება მშენებლობის დასრულების ვადასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ შევიდა:

„პანდემიის გამო გარკვეული ვადით, დაახლოებით 35 დღით, გადავწიეთ მშენებლობის დასრულების ვადა. ამ ეტაპზე კომპანიას ვადაგადაცილებულ ყოველ დღეზე ჯარიმა ეკისრება ავტომატურად, რაც საბოლოო ანგარიშსწორების დროს იქნება გათვალისწინებული. ჯარიმა გადასახდელ თანხას გამოაკლდება,“ – ამბობს ჯემალ სურმანიძე.

ჯემალ სურმანიძე ასევე ამბობს, რომ „ბალავარი ჯგუფთან“ მათი პირობა ის არის, რომ ახალი სასწავლო წელი აუცილებლად ახალ სკოლაში უნდა განახლდეს ბეღლეთის სკოლის მოსწავლეებისთვის: „ანუ კომპანიას მშენებლობის დასრულებისთვის მაქსიმალურ ვადად 2022 წლის სექტემბერი განესაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო მასთან  ხელშეკრულებას შეწყვეტს“.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხის 86% ანუ 2 087 974 ლარი, სამინისტროს კომპანიისთვის უკვე გადარიცხული აქვს.

„ბათუმელები“ „ბალავარი ჯგუფს“ ვერ დაუკავშირდა.

„ბათუმელები“ ესაუბრა როინ ლომიძეს, რომელიც, როგორც თავად გვითხრა, სკოლის მშენებლობას ზედამხედველობს. მისი თქმით, მშენებლობის ვადის გადაცილება, ძირითადად, დიდთოვლობამ გამოიწვია.

„2021 წლის ზამთარში  დაახლოებით სამი თვით მოგვიწია სამუშაოების შეჩერება. ბლოკის წყობის ეტაპზე ვიყავით და ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამის კეთება. ვერ ვიმუშავეთ 2022 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებშიც, უხვი ნალექისა და ყინვის გამო. შენობაზე მუშაობას სექტემბრამდე დავასრულებთ“, – ამბობს როინ ლომიძე.

სოფელში ახალ სკოლას იმ ადგილას აშენებენ, სადაც  სკოლის ძველი ხის შენობა იდგა.

სასწავლო პროცესი ბეღლეთში მესამე წელია ისევ ძველ, ხის შენობაში მიმდინარეობს, რომელიც სოფელში სხვა ადგილას გადაიტანეს.

ბეღლეთის საჯარო სკოლის ძველი შენობა, რომელშიც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ფოტო: მირანდა კახაძე

ბეღლეთის საჯარო სკოლაში ამჟამად 98 მოსწავლე სწავლობს,  სკოლის ახალი შენობა კი 140 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბეღლეთის სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს: „დასრულებულია ფასადის დიდი ნაწილიც, იატაკი და კედლები შესაღებადაა მზად, ეწყობა იატაკი.

ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალი შენობა. ფოტო: მირანდა კახაძე / 6.06.2022

შენობა თანამედროვე არქიტექტურისაა. გარდა საკლასო ოთახებისა, ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალ შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი და სასადილო“, – ამბობს ჯემალ სურმანიძე.

მისი თქმით, შენობა სრულად ადაპტირებული იქნება პანდუსებით, სველი წერტილებითა და ლიფტით.

„შენობის აღჭურვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დადებული გვაქვს სასკოლო მერხებისა და სკამების მოწოდებაზე და როგორც კი დასრულდება შენობის კეთილმოწყობა, ინვენტარი შეტანილი იქნება შენობაში“, – ამბობს ჯემალ სურმანიძე.

ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალი შენობა. ფოტო: მირანდა კახაძე /6.06.2022

ბეღლეთის სკოლის მშენებლობაზე ტენდერი 2019 წელს 2 696 300 ლარით იყო გამოცხადებული.

ამავე თემაზე: 

ხულოს სოფელ ბეღლეთში ახალი სკოლა აშენდება – 2,6-მილიონიანი ტენდერი

შეფერხდა რუსეთის წინსვლა პოპასნაიას მიმართულებით – ბრიტანეთის დაზვერვა

შაბათ-კვირას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს, თუმცა რუსეთის არმია აღმოსავლეთის რაიონების დაკავებას განაგრძობს – წერს ტვიტერზე დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, რომელიც 7 ივნისის განახლებას მთლიანად დონეცკში მიმდინარე ბრძოლებს უძღვნის.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის ფართო გეგმად, სავარაუდოდ, კვლავაც რჩება ქალაქ სევეროდონეცკის იზოლირება, როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან.

„მაისში, რუსეთმა წარმატებებს მიაღწია სამხრეთით, პოპასნაიას მიმართულებაზე, თუმცა წინა კვირაში, ამ ტერიტორიაზე, რუსეთის არმიის წინსვლა შეჩერდა“, – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა და ვარაუდობს, რომ ინფორმაცია იზიუმთან ინტენსიური საარტილერიო თავდასხმების შესახებ, მიანიშნებს რუსეთის განზრახვაზე, განაახლოს შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით.

„რუსეთს, დიდი ალბათობით, სურს, მოახერხოს სერიოზული გარღვევა ამ მიმართულებიდან რომელიმეზე მაინც, რათა თავისი ტაქტიკური მიღწევები ოპერაციულ წარმატებად აქციოს და მიაღწიოს თავის პოლიტიკურ მიზანს – სრულად გააკონტროლოს დონეცკის ოლქი“.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. 6 ივნისის განახლებაში უწყება უკრაინის ფრონტზე არსებულ საერთო სიტუაციას მიმოიხილავდა და აღნიშნავდა, რომ  5 ივნისის დილას კიევის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმით რუსეთს სურდა, დასავლეთის მიერ გადაცემული სამხედრო ტექნიკის უკრაინული დანაყოფებისთვის მიწოდება შეეფერხებინა.

მთავარი ფოტო: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 6 ივნისის მდგომარეობით/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

ქცევები, რითაც შეიძლება ბავშვის შფოთვის ამოცნობა – იუნისეფი

ბავშვებს განსხვავებული რეაქცია აქვთ გარემოში არსებულ არასასურველ მოვლენებზე, თუმცა დისტრესის ზოგიერთი ნიშანი შეიძლება არც თუ ისე აშკარა იყოს. საქმე ის არის, რომ პრობლემების სახელდება და დახმარების მისაღებად მათზე საუბარი ბავშვებისთვის კი არა, ხშირად უფროსებისთვისაც დიდი პრობლემაა. ამას ისიც ართულებს, რომ კულტურა დიდ გავლენას ახდენს ემოციების გამოხატვის გზებზე. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში არ არის მიზანშეწონილი ისეთი ძლიერი ემოციების ჩვენება, როგორიცაა ხმამაღალი ტირილი, ზოგიერთში კი ეს ფართოდ არის მიღებული. თუმცა თუ გავიხსენებთ გამოთქმას „ბიჭები არ ტირიან”, ცხადი ხდება, რომ ჩვენს კულტურაშიც სევდის თვალსაჩინოდ გამოხატვა დიდად წახალისებული არ არის.

გაეროს ბავშვთა ფონდმა – იუნისეფმა მოკლე სახელმძღვანელო შეადგინა, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა ასაკის ბავშვებში დისტრესის ამოცნობის რამდენიმე ნიშანი.

იუნისეფი: სტრესისა და კრიზისის დროს ბავშვები აკვირდებიან უფროსების ქცევებსა და ემოციებს, რათა მიაგნონ/გაიგონ, თუ როგორ მართონ და გაუმკლავდნენ თავიანთ კრიზისებს.

იუნისეფის ცნობით, ამ რეაქციებიდან ბევრი ხანმოკლეა და სტრესულ მოვლენებზე ნორმალურ რეაქციას წარმოადგენს. თუმცა თუ ეს რეაქციები ხანგრძლივია, ბავშვს შესაძლოა სპეციალისტის დახმარება დასჭირდეს.

 

ბავშვებში სტრესის საერთო რეაქციები

0-3 წლის ასაკში:

  • ჩვეულებრივზე მეტად ეკიდებიან თავიანთ მომვლელებს
  • რეგრესი ყოფილი (უმცროსი ასაკის) ქცევებისკენ
  • ძილისა და კვების რეჟიმის ცვლილებები
  • მომატებული გაღიზიანებადობა
  • გაზრდილი ჰიპერაქტიურობა
  • უფრო მეტად ეშინია რაღაცების
  • უფრო მომთხოვნი
  • უფრო ხშირი ტირილი

4-6 წლის ასაკში:

  • უფროსებზე/ზრდასრულებზე მიჯაჭვულობა
  • რეგრესია ყოფილი (ასაკით უმცროსი) ქცევებისკენ
  • ძილისა და კვების რეჟიმის ცვლილება
  • მაღალი გაღიზიანებადობა
  • სუსტი კონცენტრაცია
  • ხდება უფრო არააქტიური ან უფრო ჰიპერაქტიური
  • წყვეტს თამაშს
  • თავზე ირგებს ზრდასრულთა როლებს
  • წყვეტს ლაპარაკს
  • უფრო მოუსვენარი ან მშფოთვარეა

7-12 წლის ასაკში:

  • ჩაკეტილობა
  • ხშირი შფოთვა სხვა დაზარალებულებზე
  • ძილისა და კვების რეჟიმის ცვლილება
  • მზარდი შიში
  • მაღალი გაღიზიანებადობა
  • ხშირი აგრესია
  • მოუსვენრობა
  • სუსტი მეხსიერება და კონცენტრაცია
  • ფიზიკური სიმპტომები/ფსიქოსომატური
  • ხშირად საუბრობს მოვლენაზე ან ახასიათებს განმეორებადი მოქმედება
  • თავს დამნაშავედ გრძნობს ან საკუთარ თავს ადანაშაულებს

13-17 წლის ასაკში (თინეიჯერები):

  • ძლიერი მწუხარება
  • ავლენს გადაჭარბებულ ზრუნვას სხვების მიმართ
  • დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა
  • სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ავტორიტეტს
  • გაზრდილი რისკის აღება
  • აგრესია
  • თვითდესტრუქციულობა
  • აქვს უიმედობის შეგრძნება

იუნისეფის ცნობით, სტრესის ნიშანი ბავშვების ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში ასევე შეიძლება იყოს ფიზიკური ავადმყოფობის ნიშნები – ისეთი, როგორიცაა: დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა, პირის სიმშრალე, კუნთების სისუსტე, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცახცახი, თავის ტკივილი, ზოგადი ტკივილი, „ამიტომ გთხოვთ, წაიყვანოთ თქვენი შვილი ექიმთან, რათა გამოირიცხოს რაიმე ფიზიკური მდგომარეობა“.

შემდეგი ნიშნები, რომლებიც ბავშვებს აღენიშნებათ დიდი ხნის განმავლობაში, ხშირად ძალიან სერიოზულ დისტრესზე მიანიშნებენ და საჭირო ხდება სპეციალისტის დახმარება:

  • ბავშვი ჩაკეტილია ან ძალიან ჩუმია, მოძრაობს ცოტას ან საერთოდ არ მოძრაობს
  • იმალება ან გაურბის სხვა ადამიანებს
  • არ პასუხობს სხვებს, არ ლაპარაკობს
  • აქვს უკიდურესი და მუდმივი შფოთვა
  • ცუდად ყოფნის ფიზიკური სიმპტომები; კანკალი, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, მტვრევის შეგრძნება და ტკივილი
  • აგრესიულია, ცდილობს სხვებს აწყენინოს
  • დაბნეული ან დეზორიენტირებულია

პანდემიიდან მოყოლებული დღემდე მსოფლიოში ემოციურად ყველასთვის მძიმე პერიოდია, ცხადია, ამით ბავშვებიც ზარალდებიან. გაეროს ბავშვთა ფონდი, მშობლებს მოუწოდებს, რეგულარულად შეამოწმონ, როგორ გრძნობენ თავს მათი შვილები.

„ემოციურად შემოწმება ნიშნავს გავიგოთ, „როგორ არიან“ ბავშვები, პირდაპირი ან ირიბი გზით ვეკითხებით. შემოწმების ერთ-ერთი მეთოდია სთხოვოთ თქვენს შვილს დახატოს ნახატი. სთხოვეთ მათ გითხრათ მეტი სურათის შესახებ, რა დახატეს ან რატომ გამოიყენეს კონკრეტული ფერი. ამან შეიძლება გაუმარტივოს ზოგიერთ ბავშვს იმაზე საუბარი, თუ როგორ გრძნობს თავს.

ლავროვის მუქარა: რაც უფრო მეტ რაკეტას მიიღებს უკრაინა, მით უფრო შორს გავდევნით ნაცისტებს

რუსეთი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა „ფანტაზია“ უწოდა უკრაინის სურვილს, ქვეყნის ტერიტორიაზე დააბრუნოს ის მდგომარეობა, რომელიც 24 თებერვლამდე იყო.

„სხვა ურთიერთგამომრიცხავი ფანტაზიებიც გვესმის ყოველდღიურად, თუმცა უკრაინამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე. ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამით ის დასავლეთის ანგლო-საქსონი ლიდერების ნებას ასრულებს. ჩვენ მზად ვიყავით, პატიოსნად გვემუშავა იმ წინადადებებზე, რომლებიც უკრაინელმა კოლეგებმა წარმოადგინეს, თუმცა ამ წინადადებების მიხედვით დაწერილი შეთანხმების პროექტი, უკვე თვე-ნახევარია უკრაინის მხარეს უდევს,“ – განაცხადა ლავროვმა.

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ლავროვმა უკრაინისთვის შორსმოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდებაზეც ისაუბრა.

„რაც უფრო მეტ შორსმოქმედ სისტემას მიაწოდებენ კიევის რეჟიმს, მით უფრო შორს გავდევნით ნაცისტებს იმ ხაზიდან, საიდანაც მომდინარეობს საფრთხე რუსეთისთვის და უკრაინის რუსული მოსახლეობისთვის“, – თქვა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის დაპირება, რომ ამერიკულ რაკეტებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს, უბრალოდ ბოდვაა, რომლის სერიოზულად მიღებაც შეუძლებელია.

„თვით უკრაინაშიც კი დასცინიან პოლიტიკოსები და დეპუტატები ამერიკელებს, რომლებიც ამბობენ, რომ ზელენსკის ნათქვამის სჯერათ,“ – დასძინა ლავროვმა.

5 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა შორსმოქმედ სარაკეტო სისტემებს მიიღებს, რუსეთი აქედან შესაბამის დასკვნებს გამოიტანს და ისეთ ობიექტებზე თავდასხმას დაიწყებს, რომლებისთვის აქამდე არ დაურტყამს.

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინას შორსმოქმედ სარაკეტო და საარტილერიო სისტემებს აშშ და დიდი ბრიტანეთი გადასცემენ.

ვაშინგტონი უკრაინას მიაწვდის მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა М142 Himars-ს, რომელიც დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილზე მოქმედებს. ამავე მანძილზე მოქმედ საარტილერიო სისტემებს გადასცემს უკრაინას დიდი ბრიტანეთიც.

მინდა დავივიწყო რა ბავშვობაც მქონდა, უაზრო შრომაში ვიყავი ჩართული – 22 წლის სტუდენტი

არკადი 22 წლისაა და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებაზე სწავლობს თბილისში, პარალელურად ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯში ელექტროსისტემების შეკეთებისა და დიაგნოსტიკის კურსებს გადის. პროფესიულ კოლეჯში ისწავლა საოფისე საქმეც.

არკადი გორელოვკიდანაა. გორელოვკა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელია, სადაც ძირითადად დუხობორები ცხოვრობდნენ, მათთან ერთად ახლა აქ აჭარის მეწყერსაშიში სოფლებიდან წამოსული ხალხი სახლობს. ცხოვრობენ ეთნიკური სომხებიც.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში მცხოვრები ბევრი სხვა ახალგაზრდის მსგავსად არკადიმაც ქართული უცხო ენასავით ისწავლა და 1+4 პროგრამაზე ჩააბარა.

„ამერიკაში ვაპირებ წასვლას და ემიგრაციის პირობებს ვარგებ ყველაფერს, რასაც ახლა საქართველოში ვაკეთებ: ვგეგმავ რა უფრო გამომადგება იქ და ჩემი რა საქმე დაფასდება.

კომპიუტერული ინჟინერია დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, ამ საქმით კარგი შემოსავალი მექნება. ძალიან ცუდად ვიცოდი ქართული. 1+4 პროგრამაზე რომ ვსწავლობდი, ძალიან ცუდად მესმოდა ენა, მოსამზადებელ კურსზე ლექტორების საუბრიდან თითქმის არაფერი მესმოდა.

„ხომ გაიგე რაც ვთქვიო“ – ლექტორი მეკითხებოდა ხშირად და კი, რა თქმა უნდა-მეთქი, თავს ვუქნევდი, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი სინამდვილეში. ლექციის მერე კურსელებს ვეკითხებოდი: ამიხსენით ერთი რას ლაპარაკობდა-მეთქი. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ახლა ქართულად ნებისმიერ თემაზე შემიძლია საუბარი“, – ამბობს 22 წლის სტუდენტი.

მრავალმხრივი განათლების მიღება სურს და ძირითადი პროფესიისგან სრულიად განსხვავებული საქმითაცაა დაინტერესებული: სამედიცინო უნივერსიტეტში გეგმავს ჩაბარებას.

ზოგადი მედიცინის საწყის კურსზე ისწავლის და მერე იმ მიმართულებას აირჩევს, რაც ყველაზე მეტად დააინტერესებს.

„დრო ძალიან ცოტაა, ადამიანს კი ბევრი ინტერესი აქვს და ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია. თუმცა მინდა, რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებს აუცილებლად ვისწავლო კარგად და ვაქციო პროფესიად“, – გვეუბნება არკადი.

სანამ გორელოვკაში ცხოვრობდა მშობლებს ეხმარებოდა საქონლის მოვლაში. არკადის მშობლებს 60 სული საქონელი ჰყავდათ. ახლა არკადის სასწავლო კურსი გართულდა და ხშირად ვეღარ ახერხებს მშობლებთან ჩასვლას, საშინაო საქმეებში მონაწილეობის მიღებას.

არკადის მამამ წელს სამოცივე საქონელი გაყიდა. მხოლოდ რამდენიმე მოზვერი დაიტოვეს. არკადი ამბობს, რომ არასაკმარისი საძოვრების გამო მესაქონლეობა შემოსავლიანი საქმე აღარაა ჯავახეთში მცხოვრებთათვის და ამიტომ მისმა მშობლებმა მესაქონლეობას პატარა მაღაზიის გახსნა არჩიეს. არკადის ძმა სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად. გორელოვკაში მას მშობლები და ბებია-ბაბუა ჰყავს.

მეორეკურსელი ბიჭი გორელოვკადან ამბობს, რომ მძიმე შრომა, რაშიც ბავშვობიდანაა ჩართული ამაო და უშედეგოა:

„ბავშვობიდანვე მძიმე, უაზრო შრომაში ვიყავი ჩართული. ვშრომობდით იმ სოფელში, სადაც არც სპორტდარბაზი იყო და არც არაფერი, რაც ბავშვის განვითარებისთისაა საჭირო.

სიმართლე რომ გითხრათ, მინდა დავივიწყო რა ბავშვობაც მქონდა.

ორი თუ სამი წელია, რაც გვაქვს სპორტდარბაზი და საბავშვო ბაღი, მაგრამ ისევ არ გვაქვს ბუნებრივი აირი და წყალი 21-ე საუკუნეში.

ბავშვობაშ მშობლებს ვეხმარებოდი წივის დამზადებაში, ეს ჩვენთან საწვავი მასალაა. გაზი რომ არ გვქონდა ღუმელზე ვთბებოდით, ძნელი იყო ამ სოფელში ცხოვრება, ძალიან მოსაწყენი.

სოფელში მხოლოდ ერთი მეგობარი მყავდა, საბავშვო ბაღში კი არასდროს მივლია.

ამის გამო ყველასთან მიჭირდა ურთიერთობა. პირველ კლასში რომ შევედი კლასელებს  ვეჩხუბებოდი.  ვფიქრობდი ვინ არიან ესენი და რა უნდათ აქ ჩემთან ერთად ერთ ოთახში-მეთქი. მასწავლებელი რომ შემოვიდა კლასში და გვითხრა დასხედითო გავბრაზდი, ვინ ხარ შენ-მეთქი, ვეკითხებოდი.

ბოლო ზარიც კი არ მქონია სკოლაში. ურთიერთობებიც სკოლაში სულ მიჭირდა. ექვსნი ვიყავით კლასში, აქედან ორი რუსეთში წავიდა. ახლაც, როცა სოფელში მივდივარ ხოლმე, სულ იმაზე ვფიქრობ უკან, როდის დავბრუნდები-მეთქი“, – ამბობს არკადი.

მისივე თქმით, სოფლის მცხოვრებლებს გორელოვკაში რაიმე სახის შენობაც კი არ აქვთ, რომ შეიკრიბონ და სოფლისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე ისაუბრონ.

ონკანის წყალი არ ისმევა, ბინძური მოდის და სასმელ, სუფთა წყალს მოსახლეობა ჭებიდან ეზიდება. ბუნებრივი აირი სოფელს არასდროს ჰქონია და თვიდან-თვემდე გაზის ბალონის ავსება უწევთ.

„არ მინდა ამ სოფელში ცხოვრება, მაგრამ ჩასვლა და მშობლების დახმარება მიწევს. ახლა თიბვის დრო იწყება და უნდა წავიდე. პანდემიის დროს სახლში ვიყავი. ონლაინსწავლება გვქონდა, სამი თვეა რაც უნივერსიტეტის აუდიტორიებში აღდგა სასწავლო პროცესი.

ჩავალ, გავთიბავ ჩვენს მიწას და მერე თბილისში დავბრუნდები, მუშაობა უნდა დავიწყო“, – ამბობს არკადი წარუკიანი.

ჩაქვში მგზავრებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა – დაშავდა 1 პირი

დღეს, 6 ივნისს, ჩაქვში მგზავრებით სავსე მუნიციპალური ავტობუსი თხრილში გადავარდა. ავტობუსი ბათუმის-ჩაქვის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მას მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა.

„ავტობუსიც დაზიანდა, თუმცა მისი აღდგენა მალე იქნება შესაძლებელი,“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

გადაყირავებული ავტობუსი შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გადმოაბრუნეს.

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა

საქართველო სარაგბო ჩემპიონატის ფინალი „ბათუმის“ გამარჯვებით დასრულდა. სარაგბო კლუბი „ბათუმი“ 2021-2022 წლის ჩემპიონია.

გადამწყვეტ თამაშში „ბათუმმა“ ბოლნისის „ყოჩები“ დაამარცხა ანგარიში 23:14. სარაგბო კლუბი „ბათუმი“ უკვე მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

სარაგბო კლუბის ისტორია 1990 წლიდან იწყება. მაშინ მას „დელფინები“ ეწოდებოდა. კლუბში გაწევრიანებული იყო 16 წლიდან 20 წლამდე ასაკის 40 ბათუმელი ახალგაზრდა.

გუნდმა 1996 წლამდე ითამაშა საქართველოს ჩემპიონატის I-ლიგა და ეჭირა საპრიზო ადგილები. 1997 წელს გუნდი წარსდგა ახალი სახელით – ,,დათვები“, მან წარმატებული ასპარეზობა დაიწყო უმაღლეს ლიგაში.

პირველად „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი 1999-2000 წლებში გახდა.

7-11 ივნისს გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით:

  • 2022 წლის 7 ივნისის 00:00სთ-დან, 9 ივნისის 00:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე,
  • ხოლო 9 ივნისის 00:00სთ-დან, 11 ივნისის 00:00სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე

იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლატვიაში ყველა რუსული ტელეარხი აკრძალეს

ლატვიაში ყველა რუსული არხის, – მათ შორის გასართობის, – მაუწყებლობა აიკრძალა. როგორც ადგილობრივი გამოცემა „დელფი“ იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება ელექტრონული მედიასაშუალებების ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) მიიღო.

საბჭოს თავმჯდომარის, ივარ აბოლინიშის თქმით, გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზეა მიღებული.

26 მაისს მიღებულები ცვლილებების თანახმად, ლატვიაში არ შეიძლება არხების მაუწყებლობა, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ქვეყანაში, რომელიც სხვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება.

საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში 9 ივნისიდან შევა და იქამდე იმოქმედებს, სანამ „რუსეთი არ შეაჩერებს ომს და არ დააბრუნებს ყირიმს“.

აკრძალვა 80 ტელეარხს შეეხო. აქამდე, ლატვიაში მხოლოდ რუსული პროპაგანდისტული არხები („რასია 24“ და სხვები) იყო აკრძალული.


მთავარი ფოტო: EPA/Anatoly Maltsev 

პოდოლიაკი: რუსეთი ბირთვული იარაღით ემუქრება მონტენეგროს ლავროვის თვითმფრინავის გამო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი, გამოეხმაურა სერგეი ლავროვის სერბეთში ვიზიტის გაუქმებას.

ლავროვის ვიზიტის გაუქმების მიზეზი სერბეთის მეზობელი ქვეყნების მიერ მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დახურვა გახდა.

„რუსეთი კიდევ ერთხელ იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით – ემუქრება მონტენეგროს ლავროვის თვითმფრინავის [საჰაერო სივრცეში] არშეშვების გამო და ბრალს სდებს „საერთო ისტორიის“ ღალატში. გულისხმობენ ჩინოვნიკების ვილებსა და იახტებს ადრიატიკის სანაპიროზე? ქვეყნები, რომლებიც ინარჩუნებენ რუსულ აქტივებს, უნდა დაფიქრდნენ“, – წერს პოდოლიაკი.

„როიტერსის“ ცნობით, „რუსეთი მონტენეგროს, – ნატოს წევრისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში, – ეკონომიკის დიდი ინვესტორია“ და „ბევრ რუს ოლიგარქს აქვს უძრავი ქონება და იახტები მონტენეგროში“. გამოცემის ინფორმაციით, „მონტენეგროს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა ტურიზმი რუსეთიდან და უკრაინიდან“.

როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, რადგან სერბეთის სამმა მეზობელმა სახელმწიფომ ლავროვის თვითმფრინავი თავიანთ საჰაერო სივრცეში არ შეუშვა.

ბულგარეთმა (რომელიც ევროკავშირის წევრია) ჩრდილოეთ მაკედონიასთან და მონტენეგროსთან ერთად (რომლებიც ევროკავშირის წევრობის მსურველი სახელმწიფოები არიან) დააწესა აკრძალვა ფრენაზე.

ლავროვი 6-7 ივნისს უნდა შეხვედროდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს.

სერბეთი, სხვა არაერთი ევროპული ქვეყნის მსგავსად, დიდწილად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე. ამასთან, მათ შორის ძლიერი კულტურული კავშირები არსებობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, სერბეთი ჯერ არ შეერთებია ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და სხვების დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

მაისში საზღვარი რუსეთის 51 561-მა მოქალაქემ გადმოკვეთა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი რუსეთის  51 561-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

გასულ წელს, ამავე პერიოდში, საქართველოში 10 818 რუსეთის მოქალაქე იყო შემოსული. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს, ფაქტობრივად, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 376.6 პროცენტითაა გაზრდილი.

ამავე წლის აპრილში შსს-ს მონაცემებით, 48 797 მოქალაქე შემოვიდა. უცნობია, მათგან რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენმა მათგანმა დატოვა ქვეყანა.

მარტში რუსეთიდან 45 068 მოქალაქე შემოვიდა საქარველოში. ასევე უცნობია, მათგან რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენმა მათგანმა დატოვა ქვეყანა.

რუსეთის გარდა, წელს, მაისში, ყველაზე მეტი – 42 606 ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში სომხეთიდან.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის მონაცემებს მაისში, სტატისტიკა ასეთია:

  • უკრაინიდან 15 005-მა ვიზიტორმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი
  • აზერბაიჯანიდან – 12 634-მა ვიზიტორმა
  • ბელარუსიდან – 9 780-მა ვიზიტორმა
  • პოლონეთიდან  – 3 388-მა ვიზიტორმა

ამავე პერიოდში ლატვიიდან საქართველოში 1375 ვიზიტორი შემოვიდა, ლიეტუვიდან კი – 1100.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, მაისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  სულ 264 327 შეადგინა, „რაც +173.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით, ტურისტული  ვიზიტები 62.3%-ით არის აღდგენილი“.

ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ 5 თვეში  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 906 670 შეადგინა, რაც +213.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მაისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული  ვიზიტები 54.8%-ით არის აღდგენილი.

ტურისტული ვიზიტების ბოლო ორი წლის მაჩვენებლების კლება დიდწილად უკავშირდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

როგორ არიან აზოვსტალის მებრძოლები – ინტერვიუ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლთან

წყარო: Ukraynska Pravda (შემოკლებული ვერსია)

პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლი, ეკატერინა, მშვიდობიან ცხოვრებაში ნიჭიერი ილუსტრატორია, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ, როგორც ყველა უკრაინელის, ისე მისი ცხოვრებაც სრულიად შეიცვალა.

„უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში ეკატერინა პროკოპენკო ჰყვება, როდის ელაპარაკა ბოლოს ქმარს და ვინ არის მისთვის დენის პროკოპენკო, მეთაური „რედისი“, რომელსაც მთელი უკრაინა და მსოფლიო „აზოვსტალის“ გმირად იცნობს.

  • დავიწყებ იმით, რაც, ალბათ, დღეს ყველას გვაწუხებს – სად და როგორ არიან „აზოვსტალის“ მებრძოლები, ბოლოს როდის ელაპარაკეთ დენისს?

ერთი კვირის წინ დამირეკა. კვირა საღამოს. უცხო ნომერი იყო. თავიდან მეგონა, რომ ისევ ვიღაც რუსი „ჰეითერი“ იქნებოდა. ვპასუხობ და მესმის დენისის ხმა. „კატია, სულ 30 წამი მაქვს, მითხარი, როგორ ხართ მანდ?“ ვუპასუხე – „ყველაფერი კარგადაა, შენ როგორ ხარ?“. ამის მერე კავშირი გაფუჭდა. ვეკითხებოდი – მას არ ესმოდა, რაღაცას მეუბნებოდა – მე არ მესმოდა. პრინციპში, მხოლოდ ხმა გავიგონე მისი, მეტი ვერც ვერაფერი.

მერე უკვე ჩემით ვცადე სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება იმ ადამიანებისგან, ვინც მის გვერდით იმყოფება. როგორღაც დაკავშირება მოხერხდა. მათ გვითხრეს, რომ პირობები დამაკმაყოფილებელია და ყველანი გაცვლას ელოდებიან.

ახლა, „აზოვსტალის“ ოჯახების წევრთა ასოციაციასთან ერთად, ვცდილობთ წითელ ჯვართან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებას, რომ პირობების გაუმჯობესება მოხერხდეს. ვიცით, რომ იზოლატორი გადავსებულია და ბუნებრივია, რესურსების ნაკლებობაა – საკვები, წყალი. გვინდა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე გადავჭრათ.

  • როგორ რეაგირებს წითელი ჯვრი და ხელისუფლების მხრიდან ვინ მონაწილეობს მარიუპოლის გარნიზონის გათავისუფლების პროცესში?

ხელისუფლებისგან უკვე იყო ინფორმაცია, რომ გაცვლაზე დაზვერვის მთავარი სამმართველო მუშაობს. კონკრეტულად ვინ – მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, რადგან გასაიდუმლოებულია. ვიცი, რომ მესამე მხარე – ადამიანის უფლებებზე, სამხედრო ტყვეთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები, ცდილობენ, თვალი მიადევნონ ჟენევის კონვენციის შესრულებას.

ახლა გვინდა, რომ მესამე მხარემ მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს, რადგან ვხედავთ, რომ ეს ძალისხმევა საკმარისი არაა.

  • არიან ოლენოვკაში წითელი ჯვრის წარმომადგენლები?

როგორც ვიცით, მესამე მხარე იქ მხოლოდ ევაკუაციის დასაწყისში იყო. ჯერ კიდევ ვცდილობთ ამის გარკვევას, პასუხი არ მაქვს. მე თავადაც არ ვიცი, არიან თუ არა იქ მათი წარმომადგენლები. მათგან რაიმე ინფორმაცია არ მიგვიღია, ფოტო ან ვიდეომტკიცებულებები იმის დასანახად, თუ რეალურად რა პირობებში არიან იქ ჩვენები. მხოლოდ რუსული მხარის გადაღებული ფოტო და ვიდეო გვაქვს. ამ მასალებიდან ვხვდებით, რომ იქ მხოლოდ რუსული მხარეა. ჩვენ კი დამოუკიდებელი მხარე გვჭირდება, რომელიც რეალობას გვიჩვენებს.

“აზოვის” მეთაური დენის პროკოპენკო
  • მთელი ამ ხნის განმავლობაში, თქვენ მიმართავდით საერთაშორისო საზოგადოებას, ერდოღანს, ჩინეთის ლიდერს, ვატიკანშიც კი ჩახვედით. როგორ ფიქრობთ, საკმარისი გააკეთა მსოფლიომ ამ ადამიანების გადასარჩენად, რომ დღეს ისინი ტყვეობაში არ აღმოჩენილიყვნენ?

ჩვენ მართლა ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო, თუმცა ვითარება მარიუპოლში ყოველდღიურად რთულდება. ჩვენც გვქონდა იმედი და მებრძოლებსაც, რომ ექსტრაქციის პროცედურა შესაძლებელი იქნებოდა, რომ ამ სამყაროში შეუძლებელი არაფერია, სასწაულები ხდება, რომ რომელიმე მესამე მხარე შეძლებდა მათ უსაფრთხო ზონაში გადაყვანას, მესამე ქვეყანაში. მაგრამ ისიც გვესმის, როგორ მტერთან გვაქვს საქმე. ეს ვერ იქნებოდა მხოლოდ მესამე მხარის ინიციატივა. ვიცით, რომ ერდოღანმა შესთავაზა პუტინს ეს პროცედურა, სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმაც, რომის პაპმაც, მაგრამ მან უარი თქვა.

ვიცი, რომ რუსული მხარე ყველა პროცესს წყვეტდა. ერთადერთი, რაზეც ისინი დათანხმდნენ, იყო ის, რომ ჩვენები თავის ტერიტორიაზე გაეყვანათ, იქ, სადაც მათგან, ასე ვთქვათ, „ინფორმაციის ამოღება“ შეეძლებოდათ. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ტყვეობაში ყოფნა ნიშნავს დაკითხვებს და რუსეთს ეს აწყობს.

  • როგორ მიიღო დენისმა სიახლე, როდესაც მარიუპოლის დამცველებს იარაღის დაყრა შესთავაზეს? ალბათ, გქონდათ საუბარი ამაზე. სულ ცოტათი მაინც ვიცნობ დენისს და მგონია, რომ ეს მისთვის ძალიან რთული არჩევანი იქნებოდა.

დარწმუნებული ვარ, მებრძოლებსაც და ჩემს ქმარსაც კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ ბოლომდე იდგებოდნენ, ბოლომდე დაიცავდნენ იმ ადგილს, სადაც იმყოფებოდნენ.

მაგრამ, ცხადია, როდესაც არის ბრძანება, ბრძანება გენშტაბიდან, უმაღლესი ხელმძღვანელობიდან, მას, როგორც სამხედროს, ამ ბრძანების საბოტაჟი არ შეუძლია.

დარწმუნებული ვარ, ხელმძღვანელობა დაჰპირდა ჩემს ქმარს, რომ მებრძოლების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა და ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ტყვეობაში ყოფნის განმავლობაში ჟენევის კონვენციის შესრულებაც გაეკონტროლებინათ.

რა თქმა უნდა, მორალურად ძალიან რთულია, მაგრამ გვესმის, რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. ექსტრაქციისთვის მათ შესაძლოა კიდევ ძალიან დიდხანს ეცადათ და კიდევ ბევრი თანამებრძოლი დაეკარგათ. დენისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია პირადი შემადგენლობის, მათი სიცოცხლის შენარჩუნება. ვფიქრობ, რომ სწორადაც მოიქცა, როდესაც ევაკუაციას დათანხმდა.

  • გიყვებოდათ დენისი „აზოვსტალის“ უკანასკნელ კვირებზე?

ვხდებოდი, რომ იყო გარკვეული ცვლილებები რიტორიკაში, მიმოწერაში, ურთიერთობაში. რასაკვირველია, ის მე საიდუმლოს არაფერს მიყვებოდა, რადგან ის მეთაურია. ყოველთვის მშრალად მპასუხობდა „აზოვსტალის“ თემებზე. სხვა წყაროებიდან უფრო ვიგებდი იქაურ სიტუაციაზე და უკვე ვიცოდი, რომ ყოველდღიურად იზრდებოდა მსხვერპლი. რუსებს უკვე ყველა კარტი ხელში ჰქონდათ, იცოდნენ, ვინ სად იყო და მათ განადგურებაზე მუშაობდნენ.

  • ომი უკვე 100 დღეა გრძელდება, მარიუპოლი თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი იყო. თქვენ, პირადად, როგორ უძლებთ ამ ყველაფერს, რა გეხმარებათ?

ძალიან ვამაყობ ჩემი ქმრით. ვხედავდი, რა პირობებში იმყოფებოდა ეს სამი თვე, როგორ ეჭირა თავი. ვცდილობ, მის მაგალითს მივყვე. ტირილს და ცუდზე ფიქრს ვუკრძალავ საკუთარ თავს.

  • როდესაც უკრაინის გმირის წოდება მიიღო, როგორ შეხვდა ამ ამბავს?

ის ჩემთვის ყოველთვის გმირი იყო. ეს სიახლე არ ყოფილა.

მისთვის კი… ვფიქრობ, მან იცოდა, რომ მთელი მისი პირადი შემადგენლობა, მის გვერდით მყოფი მებრძოლები, ყველანი გმირები არიან, მთელი „აზოვი“. თითოეული, ვინც იქ დარჩა, ფიცი არ გატეხა, არ გაიქცა, ბოლომდე იდგა, იბრძოდა, თავი გადადო – გმირები არიან, მარიუპოლის ყველა დამცველი.

  • როგორც ვიცი, დენისი რომ გაიცანით, ის უკვე „აზოვში“ იყო.

დიახ, 2015 წელს, სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი. როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის „ის“ იყო და მანაც მითხრა, რომ თავადაც იგივე იგრძნო ჩემ მიმართ.

ეკატერინა და დენისი/ფოტო pravda.com.ua
  • ხშირად იყავით მარიუპოლში? რამდენადაც ვხვდები, დენისი თითქმის სულ იქ იყო.

დიახ, სულ იქ იყო. ერთად ცხოვრების ნორმალური შესაძლებლობა არ გვქონია. მე მესმოდა, რომ ის იქ მუშაობს, სერიოზული მოვალეობები, სერიოზული საქმე აქვს და არასდროს მითხოვია, მიეტოვებინა ეს ყველაფერი, კარიერაზე უარი ეთქვა და კიევში წამოსულიყო.

მესმოდა, რომ ეს მისი საქმეა და ძალიან ვამაყობდი იმით, რომ მან სწორედ სამხედრო კარიერა აირჩია.

მე კიევში ვმუშაობდი. თვეში ერთხელ ან ორჯერ აუცილებლად ჩავდიოდი მასთან, მარიუპოლში. ვხდებოდით, ვატარებდით დროს ერთად, დავდიოდით მთაში. ეს ჩვენი საერთო ჰობია – ალპინიზმი და ჰაიკინგი.

  • ბოლოს როდის ნახეთ? ალბათ, ომამდე.

დიახ, ომის დაწყებამდე ზუსტად 10 დღით ადრე, 14 თებერვალს. მარიუპოლში ვისხედით პიცერიაში. მოსალოდნელ ომზე ვლაპარაკობდით. მახსოვს, რომ მან ტელეფონში რუკა გახსნა და მიყვებოდა, სად იყვნენ კონცენტრირებული რუსეთის ძალები. მიყვებოდა თავდასხმის შესაძლო გეგმაზე. მიყვებოდა მარიუპოლის დაცვის შესაძლო სცენარებზეც, სწორედ ამ გეგმებზე მუშაობდა.

  • ესე იგი, უკვე ელოდა ომის დაწყებას, სწორად გავიგე?

დიახ, ვფიქრობ, ასეა. იმ დღეებში, უკვე ბევრი ადამიანი ცხოვრობდა ამ მოლოდინით.

  • ომს კიევში შეხვდით?

დიახ და პირველი აზრი, რომელმაც თავში გამიელვა, იყო ის, რომ ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ჩავწერილიყავი.

24 თებერვალს საერთოდ ვერ დავიძინე, მოუსვენრად ვიყავი. ახალ ამბებს ვათვალიერებდი და პუტინის გამოსვლა შემხვდა. დასრულდა და ეგრევე ორი აფეთქება კიევში.

დენისს დავურეკე – „ომი დაიწყო“ – გავაღვიძე. ფონზე ტელეფონის ზარის ხმა მესმოდა, ურეკავდნენ.

დენისმა მთხოვა კიევში დავრჩენილიყავი, მშვიდად ვყოფილიყავი, არანაირი თავდაცვის ძალები. ცხადია, ძალიან ძნელი იყო ასე ჯდომა, მოხალისეობა დავიწყე, ვაგროვებდით ფულსა და ნივთებს სამხედროებისთვის.

  • არ შემიძლია არ გკითხოთ. ჩვენ ვიცნობთ დენის პროკოპენკოს მისი მიმართვებიდან და ყველა აღფრთოვანებული ვართ მისი სიმამაცით, გამბედაობით და ზოგჯერ სისასტიკითაც კი. მასთან 15-წუთიანი ინტერვიუს გამოცდილებითაც ვიცი, რომ ის უფრო საქმის ადამიანია და არა ემოციების. თქვენ როგორ დენისს იცნობთ?

ის, მშვიდობიან, ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ეგეთია. თუ ამბობს – გეგმავს, აკეთებს, ასრულებს. მოვალეობის კაცია, არავის დააღალატებს. ყოველთვის ასეა – თქვა-გააკეთა.

ძალიან მგრძნობიარეა ხანდაზმული ადამიანების მიმართ. ყოველთვის დაეხმარება, მოუსმენს. ბებიებსა და ბაბუებს ძალიან უყვართ.

ყველა ამბობს, რომ ის თითქოს უხეშია, რადგან ყოველთვის სერიოზულად, მტკიცედ, ვაჟკაცურად ლაპარაკობს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან მკაცრი და უხეშია. ასე არაა. ცხოვრებაში ძალიან რბილია.

როდესაც კიევში ჩამოდიოდა, პირველ დღეს ნივთებს ვაგროვებდით და მეორე დღეს უკვე სადმე მთაში ვიყავით. არ უყვარს ერთ ადგილას ჯდომა, არ შეუძლია რომ არაფერი აკეთოს.

დენისი და ეკატერინა/ფოტო pravda.com.ua
  • ამას ყველას ვეკითხები, ვისთანაც ინტერვიუს ვწერ. გამარჯვების შემდეგ, პირველივე დღეს, რას გააკეთებთ?

კარგად ვაჭმევ, პირველ რიგში. ძალიან კარგად ვაჭმევ.

მერე, რა თქმა უნდა – რეაბილიტაცია. ბუნებაში ყოფნა და ცხოველები – ჩვენ ძალიან გვიყვარს თიკნები, ხბოები, შინაური და მთის ცხოველები.

ვიცით, რომ ეს სამი თვე ჯოჯოხეთში იყვნენ, მაგრამ მაინც იბრძოდნენ. ხომ ნახეთ, როგორი შედეგიც ჰქონდათ პირობების მიუხედავად.

და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ, რადგან ეს მნიშვნელოვანია, ისინი საკუთარი ქვეყნის განვითარებას უნდა ემსახურონ. მათ დაიმსახურეს, რომ იყვნენ თავიანთ ცოლებთან, შვილებთან, ოჯახებთან.

თუ რამე ისე არ წავა (იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება), ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან საშინელი ფურცელი.

მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველა შეასრულებს შეთანხმებას და ხელისუფლებაც ყველაფერს გააკეთებს, რომ არ მიატოვოს ისინი და მალე დააბრუნოს სახლებში.

მათ ყველაფერი გააკეთეს – შეასრულეს ბრძანება, უკრაინას ბოლომდე იცავდნენ. ახლა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი დაპირება და მათი სიცოცხლე გადაარჩინოს.

___

ავტორი: სევგილ მუსაიევა

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: დენის პროკოპენკო/ფოტო pravda.com.ua

ბათუმში 715 პირველკლასელი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა

ბათუმში 715 პირველკლასელი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა, 350 კი საერთოდ ვერ დარეგისტრირდა.

„715 ეს არის გაფილტრული განცხადებები, რადგან ზოგიერთმა მშობელმა რამდენიმე სკოლაში დაწერა განცხადება. თუ ერთ მშობელს სამ სკოლაზე ჰქონდა განცხადება დაწერილი, ჩვენ ეს ერთ განცხადებად ჩავთვალეთ.

350 მოსწავლე კი ვერცერთ სკოლაში ვერ დარეგისტრირდა, რადგან იმ სკოლებში, სადაც რეგისტრაცია სურდათ, ადგილები აღარ იყო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე.

მისი თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნაა ბათუმის პირველ, მეორე, მესამე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მე-14 საჯარო სკოლებზე. თუმცა არის ისეთი სკოლებიც, სადაც ამ დროისთვის ადგილები თავისუფალია, მაგრამ მსურველი არ არის.

„370 ადგილია ამ დროისთვის თავისუფალი რამდენიმე სკოლაში, მათ შორის, ბათუმის მე-13 საჯარო და 23-ე სკოლებში, მაგრამ რადგან სკოლები ქალაქის გარეუბნებში მდებარეობს, მშობლები არ არეგისტრირებენ ბავშვებს“, – ამბობს გოჩა დავითაძე.

მისი თქმით, იმ ბავშვებს, რომლებიც ტერიტორიულად მათთვის სასურველ სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ ელექტრონული რეგისტრაცია ვერ მოასწრეს, სამინისტრო მაინც ჩარიცხავს.

„ჩვენ გვაქვს უფლება 29 მოსწავლე ჩავრიცხოთ პირველ კლასში, ამიტომ ასეთი ბავშვები ჩაირიცხებიან უბნის მიხედვით მათთვის სასურველ სკოლაში.

მაგრამ თუ ბავშვი არ ცხოვრობს იმ კონკრეტულ სკოლასთან, სადაც უნდა ჩარიცხვა, განცხადებითაც აქვს მშობელს მომართული, ვერ დავეხმარებით.

თუ ბავშვი აღმაშენებლის ქუჩაზე ცხოვრობს, მაგრამ ითხოვს, რომ ჩავრიცხოთ პირველ სკოლაში, ვერ ჩავრიცხავთ, თუკი მან ვერ მოასწრო ელექტრონული რეგისტრაციის გავლა“, – ამბობს დავითაძე.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა ბავშვი მის უბანში ვერ დარეგისტრირდა უადგილობის გამო, მაგრამ დარეგისტრირდა სხვა უბნის სკოლაში. „ასეთ შემთხვევაში, ბავშვი ამოირიცხება იმ სკოლიდან და ჩაირიცხება მისი უბნის სკოლაში. შესაბამისად, იმ კონკრეტულ სკოლაშიც გამოთავისუფლდება ადგილი“, -ამბობს გოჩა დავითაძე.

მშობელთა განცხადებების მიხედვით, სამინისტრომ მთლიანობაში 500 ადგილი უნდა დაამატოს პირველ კლასებში. პარალელური კლასების გახსნაზე კი, როგორც რესურსცენტრი გვითხრეს, ჯერ საუბარი არ არის.

აჭარის განათლების მინისტრს, მაია ხაჯიშვილს ვკითხეთ,  მისი აზრით, რა არის პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში შესაცვლელი, ეს პროცესი ნაკლებად სტრესული რომ გახდეს და აპირებს თუ არა სამინისტრო ახალი სკოლების მშენებლობას ბათუმში, იმ ფონზე, როცა ქალაქის მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდება?

მაია ხაჯიშვილი მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული სკოლები დღევანდელ მოთხოვნებს ჯერჯერობით აკმაყოფილებს.

„გასულ წელს ბათუმში მე-6 სკოლის ორი კორპუსი აშენდა. ფაქტობრივად, დამოუკიდებელი სკოლაა თავისი მოცულობით ეს კორპუსები. მიმდინარეობს მე-15 სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა. გამოცხადებულია ტენდერი ახალი სკოლის მშენებლობაზე, იგეგმება მე-14 სკოლაში დამატებითი კორპუსი“, – ამბობს ხაჯიშვილი.

მისი თქმით, სამინისტრო შესული განცხადებებს მიხედვით აანალიზებს, თუ რომელ უბნებშია ყველაზე დიდი მოთხოვნა სკოლაზე.

„ყოველწლიურად შემოდის განცხადებები და ამის მიხედვით ვაანალიზებთ მოთხოვნას, თუ სად არის ასაშენებელი სკოლა. ვფიქრობ, უახლოესი 3 წლის განმავლობაში დღეს არსებული სკოლები მოთხოვნას აკმაყოფილებს“, – ამბობს მაია ხაჯიშვილი.

ბათუმის სკოლებში 2900-ზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა.

_________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა.

ენერგოპროექტის წარმატებას სჭირდება მოსახლეობის ნდობა და სახელმწიფოს მხარდაჭერა-რაკეშ ნაიკი

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, რაკეშ ნაიკი, ენერგეტიკულ კონფერენციას „Renewable Georgia 2022“ დაესწრო. ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტების, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. რაკეშ ნაიკმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა „შუახევიჰესის“ გამოცდილება ადგილობრივ თემებთან კომუნიკაციის პროცესში.

„მიმაჩნია, რომ ენერგოპროექტების წარმატებით განხორციელებისთვის რამდენიმე ასპექტია უმნიშვნელოვანესი – კომპანიის წარმომადგენლების მუდმივი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერა. „შუახევიჰესის“ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არაერთი გამოწვევის წინაშე ვიყავით. მიმაჩნია, რომ ჩვენი პროექტის წარმატებით განხორციელება ორმა ფაქტორმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა – ჩვენი, როგორც ინვესტორის მხრიდან,ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფამ და საქართველოს მთავრობის მუდმივმა მხარდაჭერამ.

პროექტის განვითარების პირველივე ეტაპზევე ჩვენ გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, დავაარსეთ საინფორმაციო ცენტრები, რომლებიც უზრუნველყოფდა ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის, იმართებოდა მუდმივი შეხვედრები თითოეულ თემსა და სოფელში. ამავდროულად ვთავაზობდით სოციალურ პროექტებს, რომლებიც, როგორც რეგიონის, ასევე თითოეული ადგილობრივის ცხოვრების დონის ამაღლებას უწყობდა ხელს. გარდა ამისა, ყველა დაპირება, რაც ჩვენ მოსახლეობასთან პირველი შეხვედრების დროს გავეცით, ბოლომდე შევასრულეთ. ამან ნდობის მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა ჩვენსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. შევქმენით 1000-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი ადგილობრივებისთვის და განვახორციელეთ ასობით სოციალური პროექტი.

ჩვენი მხარდაჭერა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ მხოლოდ მშენებლობის ეტაპით არ შემოფარგლულა: უკვე ოპერირების ეტაპზე, ჩვენ მაქსიმალურ შესაძლებლობას ვქმნით, რომ დავასაქმოთ ადგილობრივები და ამავდროულად ვაგრძელებთ სოციალური პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა რაკეშ ნაიკმა

ენერგეტიკულ კონფერენცია „Renewable Georgia 2022“
ენერგეტიკულ კონფერენცია „Renewable Georgia 2022“

კონფერენცია გაიმართა ბრიტანული კომპანია „The Voice of Renewables“ ორგანიზებით და GREDA-ს მხარდაჭერით. ღონისძიების მიზანს ენერგეტიკის დარგის მხარდაჭერა წარმოადგენდა.

„შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები/ადგილწარმოშობის პროდუქტები“ – IBDIPC-ის კონფერენცია

3 ივნისს, ქ. ბათუმში „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია – „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები / ადგილწარმოშობის პროდუქტები“ ჩატარდა.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს – ადგილწარმოშობის პროდუქტების/ გეოგრაფიული აღნიშვნის არსი, მნიშვნელობა და არსებული სიტუაცია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ქართული ადგილწარმოშობის პროდუქტების შესახებ ინფორმაცია, მათი რეგისტრაციის / დაცვის მიმართულებით არსებული სიტუაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები, ევროპული გამოცდილება ამ სფეროში და ა.შ.

კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ სპიკერები/ექსპერტები შემდეგი ორგანიზაციებიდან – „საქპატენტი“, ღვინის სააგენტო, „OriGin საქართველო“, აგრო პროექტების მართვის კომპანია, საერთაშორისო ექსპერტი GI პროდუქტების მიმართულებით, პროექტის უცხოელი პარტნიორები და ა.შ. კონფერენციის ბოლოს რამდენიმე ადგილობრივმა კომპანიამ („ბებოსია“, „კერკი“, „ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია“, ბოლნისის აგროცენტრი – ბოლნისის ღვინო) წარმოადგინა თავისი წარმოების / პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და სამომავლო გეგმები.

კონფერენციაზე ასევე ორგანიზებული იყო მცირე საგამოფენო კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, რუმინეთი) პროდუქტები.

კონფერენციას ესწრებოდა 100-ზე მეტი მონაწილე – პროექტის საერთაშორისო პარტნიორები (თურქეთი, რუმინეთი), ადგილობრივი მეწარმეები, ასოციაციები (თაფლის, ღვინის, ჩაის და ა.შ.), სამთავრობო წრეების წარმომადგენლები (სოფლის მეურნეობის სამინისტრო, უმაღლესი საბჭო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მუნიციპალიტეტები) და ა.შ.

კონფერენციის მეორე დღეს კონფერენციის სტუმრებისთვის ორგანიზებული იყო ინფო-ტური, რომლის ფარგლებში მოინახულეს რამდენიმე ადგილობრივი წარმოება – KTW ღვინის ქარხანა, მშრალი ხილის საწარმო „კერკი“, შატო-ივერი და აჭარისწყილის სანაპიროზე ორგანიზებული აგრო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

ორგანიზაცია IBDIPC, მიმდინარე პროექტის ფარგლებში ასევე ანხორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას – ტრენინგები (გეოგრაფიოული აღნიშვნების არსის და ე-კომერციის მიმართულებით), ადგილობრივი პროდუქტების გამოფენის ორგანიზება აგვისტოში (ბათუმი, ურეკი), ქართული გეოგრაფიული აღნიშნვების/ადგილწარმოშობის პროდუქტების პოპულარიზაციას და პრომოუშენს სოციალურ მედიის არხებით (ინსტაგრამი –  www.instagram.com/treasuresofgeorgia და  ფეისბუქ გვერდი – www.facebook.com/treasuresofgeorgia ). ასევე, პროექტის უცხოელ პარტნიორებთან ერთად განიხილება სამომავლოდ ახალი პროექტების განვითარება და რეალიზაცია, რაც მიმართული იქნება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში GI პროდუქტების პოპულარიზაციისკენ.

კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო პროექტის „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ (BS GIN – BSB 1191)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი), ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი) და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ – IBDIPC (საქართველო). პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია – ibdipc@gmail.com , 599-482181

ჩანართი მომზადებულია საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2014-2020“ (www.blacksea-cbc.net). ჩანართის ტექსტში გამოთქმული  მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.

Common borders. Common solutions

www.blacksea-cbc.net

რა ხდება შავ ზღვაში და რა მიზანი ჰქონდა კიევზე თავდასხმას – ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემები

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 6 ივნისს ტვიტერზე გავრცელებულ რელიზში 5 ივნისის მოვლენებსა და უკრაინის ფრონტზე არსებულ საერთო სიტუაციას მიმოიხილავს.

უწყების ინფორმაციით, 5 ივნისის დილას კიევის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმით რუსეთს სურდა, დასავლეთის მიერ გადაცემული სამხედრო ტექნიკის უკრაინული დანაყოფებისთვის მიწოდება შეეფერხებინა.

„დონბასში, სევეროდენცკში ბრძოლა გრძელდება, რუსეთის ჯარები ცდილობენ შეტევას სლოვიანსკისკენ, რაც უკრაინის ძალების ალყაში მოსაქცევად მათი გეგმის ნაწილია“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

სადაზვერვო ცნობარის თანახმად, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ რუსეთი შავ ზღვაში თავისი ფლოტის დაცვას ცდილობს.

„კრეისერ „მოსკვას“ დაკარგვის შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში, ზმეინის კუნძულზე, გადაისროლა საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის, SA-15 და SA-22. სავარაუდოდ, ეს იარაღი განკუთვნილია ზმეინის კუნძულზე მყოფი რუსეთის სამხედრო გემების დასაცავად“.

დაზვერვა მიუთითებს, რომ რუსეთის აქტიურობა ზმეინის კუნძულზე ახანგრძლივეს უკრაინის სანაპიროს ბლოკადას და ხელს უშლის საზღვაო ვაჭრობის აღდგენას, მათ შორის, უკრაინული ხორბლის ექსპორტს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. 5 ივნისს ბრიტანეთის დაზვერვა სევეროდენცკში უკრაინელთა კონტრშეტევაზე იუწყებოდა.

___

მთავარი ფოტო: რუსეთის სამხედრო ხომალდები აღლუმზე სანკტ-პეტერბურგში/EPA

ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

თვითმხილველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გადაუდებელი დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა. „სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი შემთხვევით შეესწრო ფაქტს, თუმცა ვინმესთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროება არ იყო, შესაბამისად, არც არავინ გადაგვიყვანია კლინიკაში“ – გვითხრეს სასწრაფოში.

 

ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე / 6.06.2022

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ივნისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 31 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 1 386 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 3 400 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 690 ერთეული [+4]
  • MLRS – 207 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 96 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 211 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 176 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 551 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 395 ერთეული [+35]
  • სპეცტექნიკა – 53 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 190 თვითმფრინავი
  • 129 ვერტმფრენი
  • 1 127 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 330 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 424 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 473 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 795 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 446 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მოხალისე მედიკოსი, რომელიც ომში შეყვარებულის დაღუპვის შემდეგ წავიდა

მოხალისე მედიკოსი, რომელიც ომში შეყვარებულის დაღუპვის შემდეგ წავიდა

25 წლის ეკატერინა გალუშკა მოხალისე პარამედიკოსია უკრაინა-რუსეთის ომში. იგი მოხალისედ მას შემდეგ წავიდა, როცა 2022 წლის მარტში მარიუპოლთან ახლოს მისი შეყვარებული დაიღუპა. ეკატერინას ნაამბობი უკრაინულმა გამოცემამ, hromadske-მ გამოაქვეყნა სტატიაში, რომელიც ომში მყოფ უკრაინელ პარამედიკებზე გვიამბობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ ნაწყვეტს ამ სტატიიდან.

„ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ზღვარზე ვარ. მაგრამ ეს უკავშირდება არა საქმეს, არამედ იმას, რაც მოხდა 5 მარტს,“ – უთხრა 25 წლის ეკატერინა გალუშკამ hromadske-ს.

5 მარტს მან ომში საყვარელი ადამიანი დაკარგა  – ოცეულის მეთაური ანტონ გევკო. ის მარიუპოლთან ახლოს დაიღუპა ტყვიით. დაღუპვის წინ მან რუსული ტანკის აფეთქება მოასწრო.

იმ დროს ეკატერინა, რომელიც პოლტავადანაა, კიევში მუშაობდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილებაში. საყვარელი ადამიანის გარდაცვალებამ და იმ ფაქტმა, რომ მისი ყველა მეგობარი უკვე ფრონტზე იყო, ომში წასვლაზე დააფიქრა. სამსახურში იგი დაარწმუნეს, სამსახური არ დაეტოვებინა და შვებულება აეღო.

ეკატერინამ თილისმასავით წაიღო ანტონის სამაჯური, რომელიც მას სიკვდილის დროს ეკეთა, მისი სვიტრი, კუბოკრული პერანგი და წავიდა სხვა მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად.

„რა თქმა უნდა, არის მომენტები, განსაკუთრებით დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც გინდა დატოვო ეს ყველაფერი, დაივიწყო, დაიმალო, არ დაინახო. მაგრამ ანტონს პირობა მივეცი, რომ ყველაფერს გავივლიდი, რაც გზაზე შემხვდებოდა, დავპირდი, რომ ძლიერი ვიქნებოდი. ხანდახან ვჯდები და ვტირი, მაგრამ მერე თავი ხელში ამყავს, ვიღიმი და ვაგრძელებ ჩემს საქმეს“ – ამბობს ეკატერინა.

ეს არ არის ეკატერინას პირველი გამოცდილება ომში. სამი წლის წინ, ისტორიის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ, მან ერთკვირიანი მოხალისეთა კურსი გაიარა სამედიცინო ბატალიონში, შემდეგ კი პირველ როტაციაში წავიდა, მარიუპოლში. პარამედიკოსი რომ გახდე, არ არის აუცილებელი სამედიცინო განათლება გქონდეს, – განმარტავს ის. ეკატერინას მთავარი მიზანია პირველი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ჯარისკაცის საბრძოლო პოზიციებიდან ცოცხლად მიყვანა ევაკუაციის მეორე ხაზზე.

„24 თებერვლამდე, როცა მძიმე ბრძოლები არ იყო, არტილერია არ მუშაობდა და ჭრილობები ტყვიით ან ნაღმის ნამსხვრევებით იყო მიყენებული, ჩემი ცოდნა საკმარისი იყო პირველადი დახმარების გასაწევად და საავადმყოფოში გადასაყვანად, სადაც დაჭრილებთან უკვე მუშაობენ პროფესიონალი ექიმები.

ახლა გამოიყენება ძალიან მძიმე არტილერია, არის ძალიან რთული დაზიანებები. შემთხვევების 95 პროცენტში ჩემი ცოდნა საკმარისია, რადგან ჩემი ამოცანაა შევინარჩუნო ადამიანის სიცოცხლე პროფესიონალ ექიმებამდე. ანუ, ვაკონტროლო სისხლის დაკარგვა და სასუნთქი გზების გამტარობა“ – ამბობს ეკატერინა.

იგი მებრძოლებს ეხმარება, როგორც მოხალისე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი არ გაუფორმებია – მზადაა იმუშაოს ხელფასისა და სოციალური გარანტიების გარეშე. ასევე, აფასებს თავისუფლებას. ახლა მას შეუძლია აირჩიოს პოზიცია და როდის წავიდეს როტაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ომში „თავისუფლების“ გაგება, თუნდაც მოხალისეებისთვის, ძალიან პირობითია.

„ვმუშაობ 24/7-ზე. შეიძლება ისე მოხდეს, რომ 2-3 დღე იჯდე და არ დაგირეკონ. ეს ნიშნავს, რომ მებრძოლებთან ყველაფერი კარგადაა. ხან კი მთელი დღე გამოგყავს ადამიანები. აქ ბევრი მედპერსონალი არ არის, რომ შეგვეძლოს დასვენება, ავიღოთ ერთი დღე, გამოვრთოთ ტელეფონი ან გვქონდეს გამოძინების უფლება. ღამის არტილერიის ხმის გამოც ვერ მოახერხებ ძილს“.

ივნისში მისი ანაზღაურებადი შვებულება გენერალურ შტაბში მთავრდება. ცოტა ხნით ეკატერინა კიევში დაბრუნდება, შემდეგ კი საკუთარი ხარჯებით შვებულების აღებას და ისევ ფრონტზე წასვლას გეგმავს.

„რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, იმდენ ხანს წავალ. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ომში ვიქნები მანამ, სანამ ჩემი ახლო მეგობარი არ დაბრუნდება მარიუპოლიდან. ჯერ უცნობია, სად არის. მეთაურები არ პასუხობენ, უშიშროება თითქმის ერთი თვეა დუმს. ყოველ დღე ვუყურებ რუსულ ტელეგრამ არხებს, სადაც ტყვეების ვიდეოებს დებენ.

ბოლოს მას 12 აპრილს ველაპარაკე. ძალიან უნდოდა „აზოვსტალის“ ჯოჯოხეთიდან გამოღწევა. იგი იმ ადამიანებს შორისაა, რომლებსაც ღირებულებების გამო სიკვდილი შეუძლიათ, მაგრამ სიცოცხლე უნდა. ოთხი ჭრილობა აქვს და ბრძოლა უკვე ძნელი იყო“.

ეკატერინა იმედოვნებს, რომ მისი მეგობარი ტყვედაა და გადარჩენას შეძლებს. ამისათვის მზადაა დაჭრილი მტერიც გადაარჩინოს, თუ მისი გადაცვლა უკრაინელ მებრძოლში იქნება შესაძლებელი.

ეკატერინას სწრაფი გამარჯვების არ სჯერა. ამბობს, რომ თებერვალში ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე თვეს გაგრძელდებოდა, ახლა ხვდება, რომ კარგი იქნება, თუნდაც ზაფხულის ბოლომდე მტერს უკან დაახევინონ ხერსონის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის რეგიონებიდან.

„შემდეგ კი აქტიური მოქმედება დონბასში, ჩემი აზრით, 1-2 წელს გაგრძელდება. მაგრამ წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტად გავძლიერდით, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს, მათზე ძლიერი ვართ და შეგვიძლია ადაპტირება, წინსვლა და გამარჯვება“ – ამბობს ეკატერინა.

_________________

თარგმნა ნანა კვაჭაძემ

 

აჭარის მთავრობამ ქობულეთის სათბურები 1,8 მილიონ ლარად, პირობით გაყიდა

ქობულეთში მდებარე სასათბურე მეურნეობა აჭარის მთავრობამ აუქციონზე 1 846 000 ლარად გაყიდა. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული.

სასათბურე მეურნეობა, რომლის მრავალწლიანი იჯარით გაცემა მთავრობამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა, წინა აუქციონზე 2 270 000 ლარად იყიდებოდა, თუმცა აუქციონი არ შედგა.

ბოლო აუქციონზე კი, ქონება განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით იყო გამოტანილი – 1 მილიონ 816 ათას ლარად; ბიჯი 30 ათასი ლარი იყო. ქონება სწორედ 1 ბიჯით გაიყიდა.

სასათბურე მეურნეობა აუქციონზე შპს „აგრო გრინმა“ შეიძინა.

„აგრო გრინი“ 2011 წელს დაფუძნებული კომპანიაა [ყოფილი შპს „იმექსი“], რომლის წილებს ზურაბ ნასყიდაშვილი და შპს „ოაზისის საერთაშორისო ჯგუფი“ ფლობდნენ. რეესტრის ბოლო ამონაწერით, „აგრო გრინის“ ერთპიროვნული მფლობელი ზურაბ ნასყიდაშვილია.

ზურაბ ნასყიდაშვილს სხვადასხვა კომპანიაში აქვს წილები, მათ შორის, მაგალითად, შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტში“, რომელსაც ბათუმის ანბანის კოშკი იჯარით აქვს აღებული.

ამჯერად აუქციონზე გაიყიდა შემდეგი ქონება:

  • ჯამში 62 220 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
  • ასევე, სათბურები, საერთო ფართობით – 22 768 კვადრატული მეტრი.

აუქციონის პირობის მიხედვით, ქონების მყიდველს ევალება:

  • ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში, არსებული სათბურების, თავისი სასაწყობე მეურნეობით (აგროპარკი) ამოქმედება და აგროპარკის არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება არანაკლებ საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე, სადაც დასაქმებულთა, არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე დასაქმებულთა თანაფარდობის და სასოფლო-სამეურნეო პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 20 წლის ვადით; ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში არანაკლებ 500 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელება;

[toggle title=”აუქციონის პირობის სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

ა. საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ:

ა.ა. 2022 წლის 1 დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%- ის გადახდა;

ა.ბ. 2023 წლის 1 დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.

ბ. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საბოლოო საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;

. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე არსებული სათბურების, თავისი სასაწყობე მეურნეობით (აგროპარკი) ამოქმედება და აგროპარკის არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება არანაკლებ საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე, სადაც დასაქმებულთა, არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

დ. საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე დასაქმებულთა თანაფარდობის და სასოფლო-სამეურნეო პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 20 წლის ვადით, ასევე დასაშვებია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო (გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა და ა.შ) ნაგებობების განთავსება;

ე. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

ვ. პროფილის ვადით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ პერიოდულად ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება /გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა (რომლითაც უნდა დასტურდებოდეს ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება), ხოლო დადასტურებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გამყიდველისათვის წარდგენა.

[/toggle]

ამავე თემაზე:

ნაკვეთი პლაჟთან და სათბურები ქობულეთში – აჭარის მთავრობა ქონებას ფასდაკლებით ყიდის

ნატო ბალტიის ზღვაში წვრთნებს იწყებს 45 ხომალდითა და 75 თვითმფრინავით

ბალტიის ზღვაში ნატოს 14 ქვეყანა და ალიანსის ორი პარტნიორი – ფინეთი და შვედეთი წვრთნებს გამართავენ. ნატოს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ცნობით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 7000-ზე მეტი მეზღვაური, მფრინავი და საზღვაო ქვეითი, 75 თვითმფრინავი და 45 ხომალდი.

წვრთნები, სახელწოდებით – BALTOPS 22, დაიწყება 5 ივნისს და 17 ივნისამდე გასტანს.

წვრთნები შვედეთში, სტოკჰოლმის სანაპიროსთან დაიწყება და კიოლნთან, გერმანიაში დასრულდება.

ნატოს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ცნობით, წვრთნებს ორი ეტაპი ექნება: საბრძოლო გაძლიერების სწავლება და ძალების ინტეგრაციის ტრენინგი საჰაერო თავდაცვის სეგმენტთან ერთად.

___________________________

ფოტოზე: ნატოს ხომალდები ბალტიის ზღვაში.

რატომ ვერ დასრულდა ახალი ბაღის მშენებლობა ბათუმში – მორიგი ტენდერი 800 ათასი ლარით

ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე [დარჩენილი სამუშაოების დასრულებაზე] მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად 800 ათასი ლარით.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2,1 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, მშენებლობა დღემდე დაუსრულებელია.

მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ / 4.06.2022

ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზე იყო გაფორმებული.

ამ ხელშეკრულებაში ცვლილება შვიდჯერ შევიდა, თუმცა, მერიის სამმართველომ კომპანიას ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 1 217 394 ლარი გადაურიცხა და საბოლოოდ, 2021 წლის ნოემბერში, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ / 4.06.2022

ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სამმართველოს ბრძანებიდან:

  • „სამმართველოს მხრიდან არაერთგზის სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიის მხრიდან არ მომხდარა სათანადო რეაგირება სამუშაოების ტემპთან დაკავშირებით, ამასთანავე 2021 წლის აგვისტოდან დღემდე სამუშაოები საერთოდ შეჩერებულია.
  • 2020 წლის 18 ნოემბრის შემდეგ შპს „ვექტორს~ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებისათვის, ყოველ დაგვიანებულ დღისთვის ერიცხება პირგასამტეხლო.
  • ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ ნათლად ჩანს, შპს „ვექტორი“ ვერ დაასრულებს აღნიშნული საბავშვო ბაღის მშენებლობას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეწყვეტილი იქნას 2019 წლის 14 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება.
  • „ვექტორს“ ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებისათვის ყოველ დაგვიანებული დღისათვის დაეკისროს პირგასამტეხლო – ჯამში 70 380 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო – ჯამში 57 375 ლარი“.
მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ / 4.06.2022

ახალი ტენდერით, რომელიც 800 ათასი ლარითაა გამოცხადებული, ობიექტზე დარჩენილი სამუშაოები უნდა შესრულდეს.

მათ შორის: შიგა წყალსადენის, ცხელი წყლისა და კანალიზაციის მოწყობა, ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის მოწყობა, შიგა ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები, სახანძრო სიგნალიზაცია, შენობის ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, გაზის შიდა ქსელი;

ასევე საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს დამხმარე შენობა და დარაჯის ჯიხური.

მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ / 4.06.2022

წინადადებების მიღება ტენდერში 2022 წლის 17 ივნისს დაიწყება და 22 ივნისს დასრულდება.

ახალი ბაღის მშენებლობა, ახალი გათვლებით, 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დამთავრდეს.

____________________________

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ბათუმში 1600 ბავშვი ბაღში ვერ მიდის – საჭიროა მინიმუმ 6 ბაღი, შენდება მხოლოდ ერთი

ესპანეთი უკრაინას სარაკეტო კომპლექსებსა და „ლეოპარდებს“ მიაწოდებს – მედია

ესპანეთი უკრაინას სარაკეტო კომპლექსებს – Shorad Aspide-ებსა და გერმანელ მეორად ტანკებს, Leopard A4-ებს მიწოდებს – ამის შესახებ ესპანური გამოცემა, El Pais-ი წერს, სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, უკრაინას ესპანეთი, სავარაუდოდ, 40 გერმანულ, შეკეთებულ ტანკს გადასცემს და უკრაინელ სამხედროებს ამ ტექნიკის გამოყენებასაც ასწავლის. ტრენინგის პირველი ეტაპი ლატვიაში იგეგმება.

ესპანეთმა უკრაინას უკვე გადასცა  200 ტონა იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა აპრილის ბოლოს.

21 აპრილს უკრაინაში იმყოფებოდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.  „ჩვენ უკრაინელ ხალხს მარტო არ დავტოვებთ”, – განაცხადა მაშინ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ტვიტერზე.

______________

ფოტოზე: ესპანეთის პრემიერ მინისტრი, პედრო სანჩესი და დანიის პრემიერი მეტე ფრედერიკსენი ესაუბრებიან უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროპულ საკითხებში ოლგა სტეფანიშინას. ბოროდიანკა, უკრაინა. 21 აპრილი. ფოტო: EPA/MIGUEL GUTIERREZ

სევეროდონეცკში რუსეთის არმია ვეღარ აკონტროლებს ქალაქის 70 პროცენტს – გაიდაი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში უკან დაიხიეს. აქამდე რუსი სამხედროები ქალაქის 70-პროცენტზე მეტს აკონტროლებდნენ, ამჟამად კი – ქალაქის ნახევარს. ინფორმაციას ამის შესახებ ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

სევეროდონეცკში რუსი ჯარისკაცების უკან დახევის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღე ვრცელდება. გაიდაი ჯერ კიდევ 3 დღის წინ წერდა ტელეგრამზე, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქის 70-პროცენტიანი ოკუპაციის შემდეგ აიძულეს რუსი ჯარისკაცები უკან დაეხიათ.

სერგეი გაიდაის თქმით, რუსეთის არმიამ დაკარგა ბევრი ჯარისკაცი, 8 რუსი მებრძოლი ტყვედ ჩავარდა.

გაიდაის ინფორმაციით, რუსეთი მიზნად ისახავს სევეროდონეცკის და ლისიჩანსკ-ბახმუტის მაგისტრალის დაკავებას.

ამავე თემაზე: 

საოცრება ხდება რუსეთის გენშტაბში, მე-3 ეტაპზე უკრაინამ უნდა დაასწროს კონტრდარტყმა – ინტერვიუ

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივნისის 21 საათიდან 6 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 14 – 19 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 7-8 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში აჭარაში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 31 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 1 381 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 3 392 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 686 ერთეული [+6]
  • MLRS – 207 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 95 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 210 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 175 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 548 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 122 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 360 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 53 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 189 თვითმფრინავი
  • 129 ვერტმფრენი
  • 1 114 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 330 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 416 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 470 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 778 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 419 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

საოცრება ხდება რუსეთის გენშტაბში, მე-3 ეტაპზე უკრაინამ უნდა დაასწროს კონტრდარტყმა – ინტერვიუ

საოცრება ხდება რუსეთის გენშტაბში, მე-3 ეტაპზე უკრაინამ უნდა დაასწროს კონტრდარტყმა – ინტერვიუ

„სისწრაფე“ და „რაოდენობა“ – ორ ფაქტორს გამოყოფს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ლენდ-ლიზის“ მიწოდების პროცესში, რამაც უკრაინის ბედი უნდა განსაზღვროს. ის განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი სისწრაფესთან ერთად მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობაც, რომ საცეცხლე ზემოქმედების კუთხით უკრაინამ უპირატესობის მოპოვება შეძლოს.

„ივლისის შუა რიცხვებში გამოჩნდება, რა მოხდება უკვე ომის მესამე ფაზაზე… აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის უკრაინამ უნდა დაასწროს რუსეთს ოპერატიული კონტრდარტყმის დაწყება, ასე თუ მოხდა, საომარი მოქმედებების კარნახსაც უკრაინა შეძლებს,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი.

ამ ეტაპზე კი, ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, რუსული არმია „სუმბურულად და არეულად“ მოქმედებს, „საოცრებები ხდება რუსეთის გენშტაბში“, ფიქრობს გადამდგარი გენერალ-მაიორი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში გვითხარით, რა სიტუაციაა ფრონტის წინა ხაზზე ომის დაწყებიდან მე-100 დღეს? ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. 

მართალია, რუსეთმა ვერც სტრატეგიულ და ვერც ოპერატიულ მიზანს ვერ მიაღწია თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, თუ არ ჩავთვლით გარკვეული ტერიტორიის დაკავებას და ე.წ. „დერეფნის“ გაკეთებას ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტაქტიკურ დონეზე ალყის შეკვრა და სევეროდონეცკის აღებისთვის გრძელდება ბრძოლა, რომ ოპერატიული პაუზის აღებამდე რაღაც პოზიტივი მაინც ჰქონდეთ. სავარაუდოდ, მძიმე ბრძოლების შემდეგ ის მოახერხებს სევეროდონეცკის სრულად აღებას და შემდეგ ეცდება დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას, ამით დაიწყებს უკვე ვაჭრობას.

  • სევეროდონეცკის აღება რუსეთისთვის მხოლოდ ლოკალური წარმატებაა, თუ ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობაც? 

არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა სევეროდონეცკის დაკავებას არ აქვს, ეს არის მხოლოდ ტაქტიკური მნიშვნელობის ამბავი, თუმცა ამით ისინი თითქმის გადიან ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე. იტყვიან, რომ ლუგანსკის საზღვარზე გავედით. არა მგონია, რუსები დონეცკის საზღვარზე გავიდნენ, ამის რესურსი მათ არ აქვთ.

ამ ეტაპის შემდეგ რუსები იტყვიან, რომ დენაციფიკაცია მოახდინეს, ასევე გაანადგურეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი და გაიყვანეს სახმელეთო დერეფანი ყირიმიდან რუსეთში. იტყვიან, რომ რუსეთის ამოცანა მიღწეულია.

უკრაინას კი სჭირდება შეიარაღების საჭირო რაოდენობა და ძალების მობილიზება, რომ შეძლოს გამათავისუფლებელი ოპერაციების დაწყება.

  • მანამდე რუსებმა უნდა გადალახონ მდინარე სევეროდონეცი. როგორ ფიქრობთ, ამჯერად გამოუვათ? გვახსოვს თქვენი კრიტიკა, როცა მაისის დასაწყისში რუსებმა ეს ვერ შეძლეს და დიდი დანაკარგი ჰქონდათ. ასევე საინტერესოა, რატომ არის ამ მდინარის გადალახვა მნიშვნელოვანი? 

ეს მდინარე ყოფს სევეროდონეცკს ლისიჩანსკისგან. ლისიჩანსკი არის მდინარის ნაპირზე და იქ სამი ხიდია, საიდანაც ერთი განადგურებულია, ერთი დაზიანებულია, ერთია დარჩენილი, რასაც უკრაინელები იყენებენ. ამ ეტაპზე ბრძოლები მიმდინარეობს უშუალოდ ქალაქში. ერთ რაიონში უკრაინელებმა აიღეს უპირატესობა, მეორეში – რუსებმა, თუმცა სევეროდონეცკის 70 პროცენტს უკვე აკონტროლებენ რუსები… ამ ეტაპზე უკრაინელები უფრო ემზადებიან უკან დახევისთვის, რაც საკმაოდ რთული ტაქტიკური მანევრია. ისინი ცდილობენ, ალყაში არ მოექცნენ და არ გაჩნდეს ახალი მარიუპოლი.

სევეროდონეცკში ბოლო სიტყვა ნამდვილად არ არის ნათქვამი, იქ დიდი ბრძოლები მიდის, რადგან ჩრდილოეთიდან უტევს კადიროვი, ასევე დონეცკი-ლუგანსკის მილიცია, აღმოსავლეთიდან კი, როსგვარდიის სპეცდანიშნულების რაზმი. რუსები ცდილობენ, გამოდევნონ უკრაინელები ქალაქიდან. იყო მცდელობაც, რომ ლისიჩანსკში შესულიყვნენ, მაგრამ იქ რუსები ვერ შევიდნენ ჯერჯერობით.

თუ რუსები აპირებენ ლისიჩანსკზე შეტევას, ეს შესაძლებელია პოპასნაიდან და ისე, რომ მდინარის გადალახვა არც დასჭირდებათ. მეორე გზაა მდინარის გადალახვა სევეროდონეცკიდან. ამ ეტაპზე ჩანს, რომ რუსები სევეროდონეცკს აიღებენ, რაც ალბათ ამ კვირის ბოლომდე დასრულდება. არა მგონია, რომ ლისიჩანსკსაც შეუტიონ. რუსები აქცენტს გააკეთებენ უკვე დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე, ან მაქსიმუმ ეცდებიან ლისიჩანსკის დაკავებას. ამის შემდეგ ისინი გადავლენ ოპერატიულ პაუზაზე და მოემზადებიან მესამე ეტაპისთვის… რუსები უკვე ააქტიურებენ მოლაპარაკების თემას, აი, მაგალითად, ხორბლით დატვირთული ხომალდებით გაყვანას დაუშვებენ, თუ გარკვეულ სანქციებს მოუხსნიან მათ და ასე შემდეგ.

  • თქვენი დაკვირვებით, რას უკავშირდება ახალი ტენდენცია რუსულ არმიაში, როცა  ბატალიონებისა და ბრიგადების მეთაურებს ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ. ეს რას გამოიწვევს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ არ გამორიცხავთ სამხედროების დაპირისპირებას პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.

ბატალიონების თუ საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების მეთაური, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია ბატალიონის მოქმედებაზე. საქმე ისაა, რამდენად სწორად არის დასახული ამოცანა და რამდენად უნარიანად იღებს გადაწყვეტილებებს მეთაური. როგორც უკვე ითქვა, საკმაოდ ბევრია დანაკარგი ქვედა რგოლის მეთაურებს შორის და იძულებული გახდნენ, ზედა რგოლის მეთაურებმა უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ბრძოლებში. არ ვიცი, ეს რამდენად გამოიწვევს უკმაყოფილებას იმ დონეზე, რომ გამოიწვიოს დაუმორჩილებლობა, ან ადგილი ჰქონდეს სამხედრო ამბოხს.

  • რა იცით დვორნიკოვზე, რომელიც ხელმძღვანელობს რუსულ არმიას უკრაინაში, ის უკვე მესამე კვირაა აღარ გამოჩენილა. ჩამოაშორეს დვორნიკოვი უკრაინაში ომის ხელმძღვანელობას?

ვერ გეტყვით, ზოგადად საოცრებები ხდება რუსეთის გენერალურ შტაბში, ვინ ინიშნება, ვინ დარჩა, ვინ მიდის, ვერ გაიგებ, დიდი დუღილია. ფაქტია, უკვე ეს ეტყობა დანაყოფების მოქმედებებს საკმაოდ სუმბურულად და არეულად მოქმედებენ.

როტაციები რუსებმა დაიწყეს პოპასნაიასთანაც, სადაც აქტიური ზონაა, მაგრამ ამ სამხედრო ძალებს დიდი ხანი უწევდათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი ჩანაცვლება დაიწყეს. რუსებს აქვთ გარკვეული ტაქტიკური წარმატება ამ მიმართულებაზე, თუმცა დიდი ხანია აპირებენ, მაგალითად, ბუჩა-ლისიჩანსკის გზის გადაკეტვას, რასაც ვერ ახერხებენ. ფაქტია, რომ რუსები აპირებდნენ ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის ერთდროულად ალყაში მოქცევას, მაგრამ ეს ვერ შეძლეს.

  • უკრაინული მხარე აქვეყნებს რუსი ოფიცრების სატელეფონო ზარებს, სადაც ისინი საუბრობენ გენერლების არაკვალიფიციურობაზე, ნაყიდ გენერლობაზე და სხვა კორუფციულ სქემებზე. რუსი გენერლების მორალური თუ პროფესიული პროფილები მართლა ასეთ სავალალო მდგომარეობაშია, თუ ეს უფრო პროპაგანდაა?

ეს, რა თქმა უნდა, უკრაინის პროპაგანდის ნაწილია, თუმცა სიმართლეს არ გამორიცხავს. აქ არაა საუბარი მხოლოდ გენერალიტეტზე, ჩვენ წინა ინტერვიუებშიც ვსაუბრობდით დაბალი რგოლის ოფიცრების უუნარობაზე, რომ გამოეჩინათ ინიციატივა, შესაბამისი მოხერხება და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის გენერალურ შტაბზე, რადგან ვხედავთ, რა ჰქონდათ დაგეგმილი და რა შედეგსაც მიაღწიეს. ის, რომ რუსებმა ახლა ცოტა გააუმჯობესეს საომარი მოქმედებები, ეს უფრო იმის დამსახურებაა, რომ ძირითადი მასა მაინც არის დონეცკის და ლუგანსკის დანაყოფები, რომლებიც ამ ლოკალურ ტერიტორიებს იცნობენ და მოტივაციაც მეტი აქვთ – ისინი იქ ცხოვრობენ და 8 წელი საომარი გამოცდილებაც დაუგროვდათ.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და ასევე, რა რაოდენობით მიიღებს უკრაინა საარტილერიო საშუალებებს, რომ მან რუსეთის საარტილერიო უპირატესობის ნიველირება შეძლოს. ჩემი აზრით, ივლისის შუა რიცხვებში გამოჩნდება, რა მოხდება ომის მესამე ფაზაზე… აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის უკრაინამ უნდა დაასწროს რუსეთს ოპერატიული კონტრდარტყმის დაწყება, ანუ ოპერატიული პაუზის შემდეგ. ასე თუ მოხდა, საომარი მოქმედებების კარნახსაც უკრაინა შეძლებს.

  • უკრაინამ უკვე მიიღო სამხედრო აღჭურვილობის ნაწილი დასავლეთიდან. რატომ ვერ მოხერხდა აქტიურად წინააღმდეგობის გაწევა?

წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ უკრაინელებს, აქამდე რუსები დონბასის საზღვარზეც გავიდოდნენ. ხომ გახსოვთ, რუსები იზიუმიდანაც აპირებდნენ ალყის გაკეთებას? ახლა კი, დაახლოებით სამი კვირაა მხოლოდ სევეროდონეცკში იბრძვიან და საუბარია მთელი რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ წერტილში კონცენტრაციაზე. რუსებს მხოლოდ მცირე ტაქტიკური წარმატებები აქვთ, რომელიც სტრატეგიულ სურათს არ ცვლის. უკრაინას იმიტომაც აქვს ეს ეშელონირებული თავდაცვა, რომ თავდაცვის ზღუდის პირველი ხაზის დაკარგვის შემდეგ გადაიწევენ უკან. ასეთი სვლაც ბევრი არ ყოფილა.

გარდა ამისა, უკრაინელები ახორციელებენ კონტრშეტევებს ლოკალურად ხერსონის მიმართულებით. ამის დამსახურებაა ის, რომ ლისიჩანსკიში ვეღარ შევიდნენ რუსები და იქ გარკვეული ზეწოლა მოიხსნა, რუსეთის გარკვეული ძალები მიეჯაჭვა ხერსონს – მათ იქ თავდაცვის სამი ზღუდე აქვთ უკვე მოწყობილი, ასე იოლად გადასალახი არ იქნება.

  • რა აღჭურვილობა უნდა მიიღოს უკრაინამ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალოს უკრაინის სამხედრო რესურსი? 

ის აღჭურვილობა, რომელსაც უკრაინელები იღებენ დასავლეთიდან, მაგალითად, 18 ერთეული თვითმავალი ქვემეხი მისცეს პოლონელებმა, ეს ზღვაში წვეთია, 118 უნდა იყოს და 518, რომ გათანაბრდეს ეს შესაძლებლობები, 18 ერთეული კი, ერთი საარტილერიო ბატალიონია, მეტი არაფერი. უკრაინას სჭირდება არამხოლოდ ახალი სისტემები, არამედ ახალი სისტემების საჭირო რაოდენობა იმისთვის, რომ შეძლოს მტრის საცეცხლე საშუალებების ნიველირება. ამისთვის საჭიროა შესაბამისი რაოდენობის ჭურვები, შესაბამისი რაოდენობის საარტილერიო დანადგარები.

„ლენდ-ლიზი“ არის გრძელი პროცესი. წარმოიდგინეთ, ჯერ ამერიკაში უნდა მიიტანონ ეს აღჭურვილობა საზღვაო პორტში, დაიტვირთოს ხომალდებზე, გემებს სჭირდებათ ევროპამდე ორ-ნახევარი, სამი კვირა, შემდეგ ევროპაში უნდა გადმოიტვირთოს და შეიტანონ უკრაინაში, სადაც უნდა გადაანაწილონ და შესაბამისი წვრთნები ჩაატარონ. ჩემთვის როგორც ცნობილია, შვედეთში უკვე შევიდა „ლენდ-ლიზის“ პარტია. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა აძლევს საბოლოო „ჰაიმარსს“, ოღონდ შორი რაკეტების გარეშე, ეს იქნება ზალპურის ცეცხლის საშუალება 35 – 45, ასევე 75 – 80 კილომეტრამდე მანძილზე.

  • საინტერესოა, როგორ გამოიყენებს უკრაინა ამ მნიშვნელოვან შეიარაღებას მტრის დასამარცხებლად?  რუსები ზალპურ ცეცხლს არ ერიდებოდნენ და ფრთოსანი რაკეტებით ბომბავდნენ უკრაინის ქალაქებს, სადაც ადამიანები იხოცებოდნენ. იმავეს უკრაინა ალბათ არ გააკეთებს, რომ არ დაინგრეს ქალაქები. 

ზალპური ცეცხლის საშუალებების გამოყენება ქალაქში არ არის ეფექტიანი, ეფექტიანი შეიძლება იყოს კადრი, რომ აი, როგორ ხვდება, მაგალითად, სახლის სახურავს, მაგრამ საცეცხლე ზემოქმედების მაღალი შედეგიანობა არ არის. ის ძირითადად გამოიყენება ფართო ტერიტორიაზე განლაგებული მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, საარტილერიო საშუალებების წინააღმდეგ, კონტრსაბატარეო ცეცხლის წარმოების დროს.

მნიშვნელოვანია, რაც ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მიაწოდა უკრაინას M-270 – ები, ეს იგივე „ჰაიმარსია“, ოღონდ მუხლუხიან პლატფორმაზე, უფრო მძიმეა და ცეცხლის წარმოების ორი პაკეტი აქვს, ნაკლებად მანევრულია, მაგრამ უფრო მეტი საცეცხლე შესაძლებლობა გააჩნია. გერმანია ასევე აპირებს მისცეს უკრაინას IRIS ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც მნიშვნელოვნად დაიცავს მათ საველე დივიზიონებს საჰაერო დარტყმებისგან.

  • თქვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ მნიშვნელოვანია მიწოდებული აღჭურვილობის რაოდენობა. რატომ არ აწვდიან საკმარისი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობას უკრაინას? ეს ხომ არ არის ირიბად იმის მინიშნება, რომ უკრაინა წავიდეს დათმობაზე? 

ვერ გეტყვით, ერთი კი, ნამდვილად არის, რომ დრო სჭირდება ამ აღჭურვილობის მიწოდებას, მაგრამ გარკვეული შეფერხებები ჩანს ამ მიწოდებაში. ფაქტია, რომ უკრაინა ამ ტექნიკას იმ სისწრაფით და ისე მასობრივად ვერ იღებს, როგორც მას ეს სჭირდება. აღჭურვილობის მიწოდების გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს გარდატეხის შეტანას. თუ ბოლომდე ამუშავდება „ლენდ-ლიზის“ მიწოდება შესაბამისი რაოდენობებით, ეს იქნება გადამწყვეტი უკრაინისთვის. ის, რომ რაღაც ტექნიკას აწვდიან 3 ერთეულს, ან 5 ერთეულს, ეს არაა ის ძალა, რაც სურათს არსებითად შეცვლის. არტილერიის მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ უნდა მოხდეს ცეცხლის მასირება. ესაა არტილერიის არსი.

  • ამასობაში აზოველებს რა ბედი ელით, რა მოლოდინი გაქვთ – რუსეთში მათ გაასამართლებენ, თუ გაცვლას ამჯობინებენ? 

ფაქტი ერთია, რომ ყველა ტყვე გაიყვანეს რუსეთში, აზოველები კი, დატოვეს დონეცკი-ლუგანსკში, სადაც მოქმედებს სიკვდილით დასჯა. თუ მათ სიკვდილით დასჯიან და რამდენიმე შემთხვევაში ასეც მოიქცევიან, შემდეგ უკვე რუსები ეცდებიან ამ ტყვეების გაცვლას რუს სამხედროებში. არა მგონია, დახვრიტონ, რადგან დიდი მონიტორინგია და დიდი ლუპით უყურებს მსოფლიო ამ ვითარებას.

რუსეთი ასევე მოაწყობს ღია სასამართლო სხდომებს, სადაც იმუშავებს რუსული პროპაგანდა, რომ აი, ესენი არიან ნაცისტები, ხოცავდნენ ხალხს, შესაბამისი მოწმეებიც გამოჩნდებიან და სპექტაკლებიც დაიდგმება.

ლაშა მიქელაძეს ბათუმის ბულვარში დირექტორის პირველ მოადგილედ ნიშნავენ

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლაშა მიქელაძეს ნიშნავენ. ამ დრომდე ის შპს „ბათუმის წყალში“ წყალარინებისა და სანიაღვრე სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, უფრო ადრე კი სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი იყო.

„ბათუმელებს“ კონკურსის გამოცხადებისთანავე ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბულვარის „დირექტორად“ ლაშა მიქელაძეს ნიშნავდნენ. თავის დროზე ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ როგორც პირადად ლაშა მიქელაძესთან, ისე ფინანსთა სამინისტროში. თუმცა, როგორც ლაშა მიქელაძემ, ისე სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელიც ამჯერად თავად ლაშა მიქელაძემაც დაგვიდასტურა, ის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. ჩვენივე ინფორმაციით, მიქელაძე შეარჩიეს კიდეც და ახალ სამსახურში შემდეგი კვირიდან წარადგენენ.

მას შემდეგ, რაც პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნება, ლაშა მიქალაძეს ჩააბარებენ ბულვარის მართვას. დირექტორს ჯერჯერობით ვერ ნიშნავენ, ვიდრე ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ჯინჭარაძე მისი გადაყენების კანონიერებაზე  სასამართლოს განჩინებას ელოდება.

შესაბამისად, ახალი პირველი მოადგილე ავტომატურად გახდება ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი, სოფო ლაზიშვილი კი დეკრეტულ შვებულებაში გეგმავს გასვლას.„ბათუმელების“ ინფორმაციით, ის შვებულებიდან ბულვარის ადმინისტრაციაში არ დაბრუნდება.

სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება – ბულვარის ყოფილი დირექტორის სარჩელი სასამართლოში

ბულვარის პირველი მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია 2021 წლის მარტიდან, რაც ის დავით სურგულაძემ დატოვა.

საკონკურსო პირობების მიხედვით, ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის პირველი მოადგილის ხელფასი 2860 ლარია.

 

მთავარი ფოტო: ლაშა მიქელაძის ფეისბუქგვერდიდან

კულება სამარცხვინოს უწოდებს მაკრონის მოწოდებას – „არ უნდა დავამციროთ რუსეთი“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც „როიტერსი“ წერს, მაკრონმა რეგიონულ გაზეთში 4 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში კიდევე ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთისთვის დამცირების არიდების აუცილებლობას.

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინის „ისტორიული შეცდომის“ მიუხედავად, აუცილებელია, რომ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური საუბრებისთვის დარჩეს ადგილი.

ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ბრძოლები შეწყდება, შევძლოთ გამოსავლის პოვნა დიპლომატიური გზებით,“ – ციტირებს „როიტერსი“ ემანუელ მაკრონს, რომელმაც იქვე აღნიშნა, რომ სჯერა, საფრანგეთს როლია იყოს შუამავალი.

დმიტრო კულებამ რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებას სამარცხვინო უწოდა მათთვის, ვინც მას აკეთებს. მისი თქმით, რუსეთი თავად ირცხვენს თავს და აჯობებს თუ ყველა „რუსეთისთვის თავისი ადგილის მიჩენაზე“ ფოკუსირდება, რადგან ეს გადაარჩენს სიცოცხლეებს და დაამყარებს მშვიდობას.

„რუსეთის დამცირების თავიდან აცილებაზე მოწოდებებს მხოლოდ შეუძლია დაამციროს საფრანგეთი და ყველა სხვა ქვეყანა, რომელიც მსგავს მოწოდებას გააკეთებს. რადგან რუსეთი თავად ირცხვენს თავს. აჯობებს ყველა ჩვენგანი იმაზე ვფოკუსირდეთ, თუ როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი. ეს მოიტანს მშვიდობას და გადაარჩენს სიცოცხლეებს,“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რეაბილიტირებული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ბათუმში [ფოტო]

ბათუმში,  გამსახურდიას #37 -ში მდებარე ორსართულიანი შენობა, მისი დახვეწილი ფასადით ყოველთვის იქცევდა აქ გამვლელების ყურადღებას. შენობას ხშირად უღებენ ფოტოებს ტურისტები. გასულ წელს მოსაწავლე ახალგაზრდობის სასახლეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარეს.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. სპეციალისტების დახასიათებით  შენობის მთავარი, ქუჩისკენ გამავალი ფასადი უხვადაა შემკული კლასიცისტურ-ბაროკული სტილის ნაძერწი ელემენტებით. ნაგებობა კარგი სამშენებლო ოსტატობით ხასიათდება და ეკლექტური არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. სახლი მნიშვნელოვანია ასევე ქუჩის საერთო განაშენიანებისთვის.

შენობის ფოიეს ისევ ამშვენებს ძველი ჭაღი და რკინის მოაჯირი.

მოსწავლე ახალგაზრდობის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები  გასულ წელს ჩაუტარდა, პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შეისყიდა, რეაბილიტაციისთვის კი ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან  700 000 ლარი დაიხარჯა.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 31 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 1 376 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 3 379 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 680 ერთეული [+5]
  • MLRS – 207 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 95 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 210 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 175 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 540 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 122 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 337 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 52 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 187 თვითმფრინავი
  • 129 ვერტმფრენი
  • 1 104 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 328 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 406 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 466 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 769 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 405 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ამჟამად ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდენცკსა და სლავიანსკშია:

[yellow_box]რის ხარჯზე აღწევს რუსეთი წარმატებას დონბასში – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება[/yellow_box]

ამავე თემაზე

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

 

 

475 ათასი ლარი 26 მაისის ქუჩაზე ახალი კორპუსის პროექტისთვის – კონკურსი

ბათუმში, 26 მაისის N13-ში, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 475 ათასი ლარია გამოყოფილი.

პროექტის შედგენაზე კონკურსი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ბათუმში, ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა.

26 მაისის ქუჩის N13-ში საცხოვრებელი კორპუსი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. შემთხვევას 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კონკურსში წინადადებების მიღება 2022 წლის 15 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც შემდეგ ახალ საცხოვრებელ კორპუსს ააშენებენ, კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა მომზადდეს.

მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი, სადაც ახალი კორპუსი უნდა დაპროექტდეს, 1615 კვ.მ-ია.

ის ოჯახები, რომლებიც 26 მაისის N13 კორპუსში ცხოვრობდნენ, ქალაქის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.

ამავე თემაზე:

წერილი ბათუმის მერიას კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე და მერიის განმარტება

 

ერთ ექიმს სერთიფიკატი გაუუქმდა, მეორეს შეუჩერდა – ჯანდაცვის პროფესიული საბჭო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებმა ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 7 საქმე განიხილეს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ექიმს ერთ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, ხოლო მეორე სპეციალობაში მოქმედების ვადა 6 თვით შეუჩერდა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული გადაცდომა დაუდგინდა კიდევ ერთ ექიმს, რომელსაც სერტიფიკატის მოქმედების ვადა ერთი თვით შეუჩერდა. 18 მედიკოსს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

პროფესიული განვითარების საბჭოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის შესწავლა ევალება.

საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და პაციენტთან არაკეთილსინდისიერ, არაეთიკურ,  შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება.

რის ხარჯზე აღწევს რუსეთი წარმატებას დონბასში – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დონბასში რუსეთის ავიაციის მიერ უმართავი რაკეტების ფართოდ გამოყენებამ გამანადგურებელი ზიანი და სერიოზული მსხვერპლი გამოიწვია – მიიჩნევს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში რუსული ავიაციის მოქმედებას მიმოიხილავს.

უწყების ცნობით, ომის დასაწყისში, რუსეთმა ვერ შეძლო, მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა ან სრულად გაენადგურებინა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რამაც მკვეთრად შეზღუდა მისი შესაძლებლობა თავის სახმელეთო ოპერაციებს ჰაერიდან დახმარებოდა და წარმატებული შეტევა განეხორციელებინა კიევზე. ამიტომაც, რუსეთის ავიაცია უმეტესწილად ცდილობდა, ფრთოსანი რაკეტების გამოყენებინით შეეფერხებინა უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილება და საბრძოლო მასალების გადატანა.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ამ დარტყმებს ომის მიმდინარეობაზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია.

„დონბასზე კონცენტრირებით, რუსეთმა შეძლო, გაეზარდა ტაქტიკური ავიაციის გამოყენება თავისი სახმელეთო შეტევის დასახმარებლად და ერთდროულად ეწარმოებინა საჰაერო და საარტილერიო შეტევები. სწორედ ავიაციისა და არტილერიის კომბინირებული გამოყენება იქცა რეგიონში რუსეთის წარმატების გადამწყვეტ ფაქტორად“ – მიუთითებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება წერს, რომ რუსეთის ავიაცია რეგიონში კვლავაც აქტიურად განაგრძობს შეტევებს, სამხედრო თვითმფრინავები იყენებენ როგორც მართვად, ისე უმართავ საბრძოლო საშუალებებს.

„უმართავი საბრძოლო საშუალებების ფართოდ გამოყენებამ გამოიწვია დასახლებული პუნქტების ფართომასშტაბიანი ნგრევა და დიდი ალბათობით, გაზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.“

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობებს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ განახლებაში უწყება ომის 100 დღეს აფასებდა და აღნიშნავდა, რომ რუსეთმა, ამ ხნის განმავლობაში, ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.

რა წერია „ამბასადორზე“ და სხვა შეუსაბამო შენობებზე ბულვარის გენგეგმაში

ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ჩაწერეს, რომ შეუსაბამო ნაგებობაა „ამბასადორის“ პროექტი, 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში გადაწყვეტილების მიმღებმა ამ შენობასთან მიმართებაშიც იგივე მიდგომა უნდა გამოიყენოს, როგორიც  ბულვარისთვის შეუსაბამოდ მიჩნეული სხვა ნებისმიერი ნაგებობის მიმართ.

დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერის გაჩენას ეწინააღმდეგებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლთა დაცვის საბჭოს წევრები – აკაკი ძნელაძე [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] და ვიქტორია ბერიძე [სააგენტოს დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილების უფროსი]. ამის შესახებ გენგეგმის ინსპექტირების ჯგუფის ერთ-ერთი სხდომის ოქმში წერია.

მათი რეკომენდაცია იყო, რომ ასეთი ჩანაწერი გენგეგმაში არ გაეკეთებინათ იქამდე, ვიდრე „ამბასადორთან“ დაკავშირებული დავა სასამართლოში არ დასრულდებოდა. გენგეგმაზე მომუშავე კომპანიამ, „ბაუ დიზაინმა“ ეს არ გაითვალისწინა.

სასამართლოში პროექტის წინააღმდეგ საჩივარი ორგანიზაცია „ბათომმა“ შეიტანა.

გენგეგმის ინსპექტირების ჯგუფი ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსაც აერთიანებს. ჯგუფში შედიან, როგორც ბათუმის მერიის, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლები. ჯგუფში არიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დოკუმენტის შემსყიდველი კი ბულვარის ადმინისტრაციაა.

დოკუმენტში ვკითხულობთ ასევე, რომ „ბათომის“ წარმომადგენელი ითხოვდა შეუსაბამო ნაგებობად ჩაეწერათ  „ამბასადორის“ კაფე „ორანჟერეას“ შენობაც.

ამ მოთხოვნასთან დაკავშირებული არგუმენტები „ბათომის“ წარმომადგენელმა, გია რამიშვილმა პუნქტებად ჩამოაყალიბა:

  • უკანონოდ არის გასხვისებული და დაკავებული საჯარო სივრცე.
  • გარდა კანონმდებლობისა, არ არსებობდა ისტორიული და კულტურული საფუძველი ნებართვის გაცემის.
  • იქ არასოდეს მდგარა მსგავსი მასშტაბის, ფუნქციისა და არქიტექტურის ნაგებობა.
  • 21-ე საუკუნეში 19-ე საუკუნის მსგავსი ნაგებობის აშენება არის სრული ანაქრონიზმი და არქიტექტურის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა.
  • აღნიშნული რესტორანი ისევე შეუსაბამოა ბულვარისთვის, როგორც სასტუმრო „ამბასადორი“, სხვაობა არის მხოლოდ მასშტაბში.

შეუსაბამო შენობების გამოვლენის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით კომპანიამ განმარტა, რომ ძველი ბულვარის იმ ნაწილში, რომელიც ესაზღვრება პრომენადს, შეუსაბამოდ ჩაითვალა კვების ყველა ობიექტი, რადგან მათი ძირითადი ნაწილი განთავსებულია მწვანე ნარგავებს შორის.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სანაპირო ზოლში გაჩნდა დროებითი შენობები კაფეს ფუნქციით, აღარ არსებობს
საჭიროება პრომენადის მიმდებარედ გამწვანებულ სივრცეში იყოს კაფეები. რაც შეეხება ბულვარის შუა ნაწილს, აქ ყოველთვის არსებობდა რაღაც ობიექტები, შესაბამისად, ცენტრალურ ნაწილში შეუსაბამო ობიექტების არსებობის შემთხვევაში იგეგმება მათი
რეკონსტრუქცია ან ფასადის ცვლილება და არა სრული დემონტაჟი.

„ამბასადორის“ კაფესთან დაკავშირებით კომპანია აზუსტებს:

„ხსენებული ობიექტი განთავსებულია ბულვარის შუა ზოლში, მისი არქიტექტურა არ მოდის დისონანსში საპარკო არქიტექტურასთან, რის გამოც განაშენიანების გეგმა არ ითვალისწინებს მის დემონტაჟს ან რეკონსტრუქციას.“

მონიშნულია შენობები, რომლებიც ბულვარისთვის შეუსაბამოდ მიიჩნიეს

ინსპექტირების ჯგუფის წევრია ზაურ ახვლედიანიც, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი [ყოფილი დირექტორი და განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე]. ბულვარში 19-სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვას სწორედ მან მოაწერა ხელი. მას საკუთარი პოზიცია „ამბასადორის“ სამშენებლო პროექტის შეუსაბამო ნაგებობად ჩაწერასთან დაკავშირებით გენგეგმის სამუშაო ვარიანტშიც აქვს დაფიქსირებული. როგორც თავად წერს, არ მოსწონს აპელირება „ამბასადორის“ კანონთან შეუსაბამობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

ამ საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

დოკუმენტში შეუსაბამო შენობების ჩამონათვალშია ბულვარის შესასვლელში არსებული ქორწინების სახლის შენობა, ასევე ყველა ის შენობა, რომელიც არ არის მსუბუქი კონსტრუქცია და პრომენადს ესაზღვრება.

„აქ კაფეების, რესტორნებისა და ბარების ნაგებობათა ჯგუფები გარკვეული ინტერვალით განაწილებულია არა მხოლოდ პრომენადის გაყოლებით, არამედ პარკის მთელ ტერიტორიაზე, მწვანე ნარგავების გარემოცვაში. ამ ნაგებობათა არქიტექტურის გარეგნული მხარე უმეტეს შემთხვევაში არ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტს. მათი მასშტაბი ხშირად შეუსაბამოა გარემოსთვის და სასურველია უფრო მოკრძალებული იყოს.

საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციური დატვირთვაც დასაკორექტირებელია, რადგან ბულვარი არ შეიძლება იქცეს რესტორნისთვის სპეციფიკურ ხანგრძლივი პურობის ადგილად და ამის საჭიროების შემთხვევაში მსურველებმა ქალაქში უნდა გადაინაცვლონ. დარეგულირებას საჭიროებს ასევე მსგავსი ობიექტების რაოდენობა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, გვერდიგვერდ განთავსებული გასართობი ადგილების ფუნქციონირება, დისკომფორტს უქმნის არა მხოლოდ მათ ვიზიტორებს, ასევე ბულვარში დასასვენებლად მოსულ დანარჩენ საზოგადოებას“, – ნათქვამია გენგეგმის ტექსტურ ნაწილში.

ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მერიასთან დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ბულვარი, როგორც ქონება მერიას ეკუთვნის, ამიტომაც გენგეგმის საბოლოო ვარიანტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

ბულვარში არსებულ შეუსაბამო მშენებლობებზე, განსაკუთრებით კი „ამბასადორის“ 18 სართულიან სასტუმრო კომპლექსზე მერის, არჩილ ჩიქოვანის პოზიციის შესახებ არ ვიცით. მას ამაზე ბევრჯერ ვკითხეთ, თუმცა როგორც ბევრ სხვა საკითხზე გვიპასუხა, რომ მისი აზრით ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყდეს.

Exit mobile version