ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობამ ქობულეთის სათბურები 1,8 მილიონ ლარად, პირობით გაყიდა

05.06.2022 • 2498
აჭარის მთავრობამ ქობულეთის სათბურები 1,8 მილიონ ლარად, პირობით გაყიდა

ქობულეთში მდებარე სასათბურე მეურნეობა აჭარის მთავრობამ აუქციონზე 1 846 000 ლარად გაყიდა. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული.

სასათბურე მეურნეობა, რომლის მრავალწლიანი იჯარით გაცემა მთავრობამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა, წინა აუქციონზე 2 270 000 ლარად იყიდებოდა, თუმცა აუქციონი არ შედგა.

ბოლო აუქციონზე კი, ქონება განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით იყო გამოტანილი – 1 მილიონ 816 ათას ლარად; ბიჯი 30 ათასი ლარი იყო. ქონება სწორედ 1 ბიჯით გაიყიდა.

სასათბურე მეურნეობა აუქციონზე შპს „აგრო გრინმა“ შეიძინა.

„აგრო გრინი“ 2011 წელს დაფუძნებული კომპანიაა [ყოფილი შპს „იმექსი“], რომლის წილებს ზურაბ ნასყიდაშვილი და შპს „ოაზისის საერთაშორისო ჯგუფი“ ფლობდნენ. რეესტრის ბოლო ამონაწერით, „აგრო გრინის“ ერთპიროვნული მფლობელი ზურაბ ნასყიდაშვილია.

ზურაბ ნასყიდაშვილს სხვადასხვა კომპანიაში აქვს წილები, მათ შორის, მაგალითად, შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტში“, რომელსაც ბათუმის ანბანის კოშკი იჯარით აქვს აღებული.

ამჯერად აუქციონზე გაიყიდა შემდეგი ქონება:

  • ჯამში 62 220 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
  • ასევე, სათბურები, საერთო ფართობით – 22 768 კვადრატული მეტრი.

აუქციონის პირობის მიხედვით, ქონების მყიდველს ევალება:

  • ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში, არსებული სათბურების, თავისი სასაწყობე მეურნეობით (აგროპარკი) ამოქმედება და აგროპარკის არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება არანაკლებ საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე, სადაც დასაქმებულთა, არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე დასაქმებულთა თანაფარდობის და სასოფლო-სამეურნეო პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 20 წლის ვადით; ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში არანაკლებ 500 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელება;

ამავე თემაზე:

ნაკვეთი პლაჟთან და სათბურები ქობულეთში – აჭარის მთავრობა ქონებას ფასდაკლებით ყიდის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: