დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 6 ივნისს ტვიტერზე გავრცელებულ რელიზში 5 ივნისის მოვლენებსა და უკრაინის ფრონტზე არსებულ საერთო სიტუაციას მიმოიხილავს.
უწყების ინფორმაციით, 5 ივნისის დილას კიევის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმით რუსეთს სურდა, დასავლეთის მიერ გადაცემული სამხედრო ტექნიკის უკრაინული დანაყოფებისთვის მიწოდება შეეფერხებინა.
„დონბასში, სევეროდენცკში ბრძოლა გრძელდება, რუსეთის ჯარები ცდილობენ შეტევას სლოვიანსკისკენ, რაც უკრაინის ძალების ალყაში მოსაქცევად მათი გეგმის ნაწილია“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
სადაზვერვო ცნობარის თანახმად, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ რუსეთი შავ ზღვაში თავისი ფლოტის დაცვას ცდილობს.
„კრეისერ „მოსკვას“ დაკარგვის შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში, ზმეინის კუნძულზე, გადაისროლა საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის, SA-15 და SA-22. სავარაუდოდ, ეს იარაღი განკუთვნილია ზმეინის კუნძულზე მყოფი რუსეთის სამხედრო გემების დასაცავად“.
დაზვერვა მიუთითებს, რომ რუსეთის აქტიურობა ზმეინის კუნძულზე ახანგრძლივეს უკრაინის სანაპიროს ბლოკადას და ხელს უშლის საზღვაო ვაჭრობის აღდგენას, მათ შორის, უკრაინული ხორბლის ექსპორტს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. 5 ივნისს ბრიტანეთის დაზვერვა სევეროდენცკში უკრაინელთა კონტრშეტევაზე იუწყებოდა.
___
მთავარი ფოტო: რუსეთის სამხედრო ხომალდები აღლუმზე სანკტ-პეტერბურგში/EPA






