Batumelebi | ბათუმში 1600 ბავშვი ბაღში ვერ მიდის – საჭიროა მინიმუმ 6 ბაღი, შენდება მხოლოდ ერთი ბათუმში 1600 ბავშვი ბაღში ვერ მიდის – საჭიროა მინიმუმ 6 ბაღი, შენდება მხოლოდ ერთი – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში 1600 ბავშვი ბაღში ვერ მიდის – საჭიროა მინიმუმ 6 ბაღი, შენდება მხოლოდ ერთი

„ამჟამად თქვენს მიერ შერჩეულ ბაღში ადგილი არ არის, გთხოვთ დაიკავოთ რიგი.“-   უმეტესად ამ ჩანაწერით გიპასუხებთ ბათუმის ბაღების გაერთიანების ვებგვერდი, თუ ბათუმის რომელიმე ბაღში ბავშვის დარეგისტრირებას მოინდომებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაღების უმეტესობა გადატვირთულია და ადგილი არ არის.

ვებგვერდი ასევე გაჩვენებთ, რომელ ბაღში რამდენი ბავშვი ელოდება რიგს, უმეტეს შემთხვევაში ეს რიცხვი ასზე მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს  რიგში მდგომი ბავშვების რიცხვი ისევ გაიზრდება, ბათუმის მერია კი წელს ახალ საბავშვო ბაღს არ აშენებს.

სქრინი ბაღების გაერთიანების ვებგვერდიდან – ამ კონკრეტულ ბაღში რიგს 151 ბავშვი ელოდება

2020-2021 სასწავლო წელს ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე 1659 ბავშვი დარჩა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საბავშვო ბაღში მოხვედრას წინა სეზონზეც ცდილობდნენ, თუმცა ადგილის არარსებობის გამო ისევ ბაღის მიღმა დარჩნენ. ბავშვები თავის რიგს ელოდებიან 4-წლიანებისა და  5-წლიანების ჯგუფებშიც კი.

ამ დროისთვის ბათუმში 33 მოქმედი ბაღია, ამ ბაღებში აღსაზრდელების საერთო ლიმიტი კი – 8105. ამ მონაცემების მიხედვით ბათუმში ერთ ბაღში საშუალოდ 250 აღსაზრდელია, მოლოდინში მყოფი  დაახლოებით 1659 ბავშვი, ამ რიცხვს თუ 250-ზე გავყოფთ აღმოჩნდება, რომ ბათუმში ბაღების მისაწვდომობის პრობლემის მოსაგვარებლად სულ მცირე 6 საბავშვო ბაღი კიდევ გვჭირდება.

ჯერ არ დასრულებულა 2019 წელს დაწყებული საბავშვო ბაღის მშენებლობა ლერმონტოვის ქუჩაზე.  ამ ბაღის მშენებლობისთვის მერიის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გამოყო.

საბავშვო ბაღი, რომელიც ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ შენდება/რენდერი

მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს, შემდეგ კი ინვენტარის შესყიდვა იქნება საჭირო, სავარაუდოდ ეს ბაღი წელსვე გაიხსნება, თუმცა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ვებგვერდის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ის არსებულ მონაცემებს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის.

ბაღების გაერთიანების ვებგვერდის მიხედვით, ლერმონტოვის ქუჩაზე ორი მოქმედი ბაღია, სადაც 3-წლიანების ჯგუფში მოსახვედრად თავის რიგს 90, ხოლო მეორე ბაღში, იგივე ასაკობრივ ჯგუფში, რიგს 151 ბავშვი ელოდება. ამ ფონზე ბათუმის მერია წელს ბათუმში ახალ ბაღს არ აშენებს, იგეგმებოდა ერთი ბაღის მშენებლობის დაწყება ჩაქვის ტერიტორიაზე, თუმცა, როგორც მერიაში განმარტეს, ბაღისთვის შერჩეული ადგილი სტანდარტული, რეგულაციების მოთხოვნის შესაბამისი ბაღის ასაშენებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერია ამ საკითხზე ისევ მუშაობს.

პარალელურად ბათუმის მერია ჯავახიშვილის ქუჩაზე, # 82-ში, ყოფილი ბაღის შენობის დანგრევას და ამ ადგილზე სოციალური სახლების მშენებლობას გეგმავს, მერიის ინფორმაციით ეს შენობა ამორტიზებულია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამ ადგილას სოციალურად დაუცველი ოჯახები იცხოვრებენ, რომლებსაც მომავალში ალბათ საბავშვო ბაღებში ბავშვების მიყვანის პრობლემა ექნებათ.

ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა N82

რა სტრატეგია აქვს ბათუმის მერიას ბაღებში ადგილების დეფიციტის მზარდი პრობლემის მოსაგვარებლად? რას გეგმავს ამ მიმართულებით მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი? – ამ კითხვებზე დღეს ბათუმის მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქი ყოველდღიურად იზრდება ახალი საცხოვრებელი სახლებით, მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება და პრობლემაც უფრო გამწვავდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2019 წელსაც მოიცავს, ქვეყნის მასშტაბით,  მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა, მათ შორის დიდი წილი საცხოვრებელ მრავალბინიან სახლებზე მოდის, ამავე მონაცემებით, აჭარა მეორე ადგილზეა [ფართობის მიხედვით] დასრულებული ობიექტების კუთხითაც.

2019 წელს აჭარაში  დასრულდა 451 839 კვ.მ ფართობის მშენებლობა, ხოლო ნებართვა გაიცა 3 045 775 კვ.მ-ის მშენებლობაზე. ამ კუთხით აჭარა პირველ ადგილზეა ქვეყნის მასშტაბით, ანუ 2019 წელს გაცემული ნებართვების მიხედვით, ყველაზე მეტი ფართობი აჭარაში აშენდა.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება 15 მილიონ 055 200 ლარია. საერთო ჯამში გაერთიანებას დაფინანსება არ გაზრდია, თუმცა თანხა გაზრდილია შრომის ანაზღაურების ნაწილში, ასევე გაზრდილია გაერთიანებაში დასაქმებულთა ოდენობა. გასულ წელს ბაღების გაერთიანება 1338 იყო, 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით ეს ციფრი 1375 – მდე გაიზარდა. ხელფასების ნაწილში ასახული თანხა კი თითქმის 480 000 ლარით იზრდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი