მთავარი,სიახლეები

ლავროვის მუქარა: რაც უფრო მეტ რაკეტას მიიღებს უკრაინა, მით უფრო შორს გავდევნით ნაცისტებს

06.06.2022
ლავროვის მუქარა: რაც უფრო მეტ რაკეტას მიიღებს უკრაინა, მით უფრო შორს გავდევნით ნაცისტებს

რუსეთი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა „ფანტაზია“ უწოდა უკრაინის სურვილს, ქვეყნის ტერიტორიაზე დააბრუნოს ის მდგომარეობა, რომელიც 24 თებერვლამდე იყო.

„სხვა ურთიერთგამომრიცხავი ფანტაზიებიც გვესმის ყოველდღიურად, თუმცა უკრაინამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე. ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამით ის დასავლეთის ანგლო-საქსონი ლიდერების ნებას ასრულებს. ჩვენ მზად ვიყავით, პატიოსნად გვემუშავა იმ წინადადებებზე, რომლებიც უკრაინელმა კოლეგებმა წარმოადგინეს, თუმცა ამ წინადადებების მიხედვით დაწერილი შეთანხმების პროექტი, უკვე თვე-ნახევარია უკრაინის მხარეს უდევს,“ – განაცხადა ლავროვმა.

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ლავროვმა უკრაინისთვის შორსმოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდებაზეც ისაუბრა.

„რაც უფრო მეტ შორსმოქმედ სისტემას მიაწოდებენ კიევის რეჟიმს, მით უფრო შორს გავდევნით ნაცისტებს იმ ხაზიდან, საიდანაც მომდინარეობს საფრთხე რუსეთისთვის და უკრაინის რუსული მოსახლეობისთვის“, – თქვა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის დაპირება, რომ ამერიკულ რაკეტებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს, უბრალოდ ბოდვაა, რომლის სერიოზულად მიღებაც შეუძლებელია.

„თვით უკრაინაშიც კი დასცინიან პოლიტიკოსები და დეპუტატები ამერიკელებს, რომლებიც ამბობენ, რომ ზელენსკის ნათქვამის სჯერათ,“ – დასძინა ლავროვმა.

5 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა შორსმოქმედ სარაკეტო სისტემებს მიიღებს, რუსეთი აქედან შესაბამის დასკვნებს გამოიტანს და ისეთ ობიექტებზე თავდასხმას დაიწყებს, რომლებისთვის აქამდე არ დაურტყამს.

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინას შორსმოქმედ სარაკეტო და საარტილერიო სისტემებს აშშ და დიდი ბრიტანეთი გადასცემენ.

ვაშინგტონი უკრაინას მიაწვდის მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა М142 Himars-ს, რომელიც დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილზე მოქმედებს. ამავე მანძილზე მოქმედ საარტილერიო სისტემებს გადასცემს უკრაინას დიდი ბრიტანეთიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: