დონბასში რუსეთის ავიაციის მიერ უმართავი რაკეტების ფართოდ გამოყენებამ გამანადგურებელი ზიანი და სერიოზული მსხვერპლი გამოიწვია – მიიჩნევს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში რუსული ავიაციის მოქმედებას მიმოიხილავს.
უწყების ცნობით, ომის დასაწყისში, რუსეთმა ვერ შეძლო, მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა ან სრულად გაენადგურებინა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რამაც მკვეთრად შეზღუდა მისი შესაძლებლობა თავის სახმელეთო ოპერაციებს ჰაერიდან დახმარებოდა და წარმატებული შეტევა განეხორციელებინა კიევზე. ამიტომაც, რუსეთის ავიაცია უმეტესწილად ცდილობდა, ფრთოსანი რაკეტების გამოყენებინით შეეფერხებინა უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილება და საბრძოლო მასალების გადატანა.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ ამ დარტყმებს ომის მიმდინარეობაზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია.
„დონბასზე კონცენტრირებით, რუსეთმა შეძლო, გაეზარდა ტაქტიკური ავიაციის გამოყენება თავისი სახმელეთო შეტევის დასახმარებლად და ერთდროულად ეწარმოებინა საჰაერო და საარტილერიო შეტევები. სწორედ ავიაციისა და არტილერიის კომბინირებული გამოყენება იქცა რეგიონში რუსეთის წარმატების გადამწყვეტ ფაქტორად“ – მიუთითებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
უწყება წერს, რომ რუსეთის ავიაცია რეგიონში კვლავაც აქტიურად განაგრძობს შეტევებს, სამხედრო თვითმფრინავები იყენებენ როგორც მართვად, ისე უმართავ საბრძოლო საშუალებებს.
„უმართავი საბრძოლო საშუალებების ფართოდ გამოყენებამ გამოიწვია დასახლებული პუნქტების ფართომასშტაბიანი ნგრევა და დიდი ალბათობით, გაზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.“
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობებს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ განახლებაში უწყება ომის 100 დღეს აფასებდა და აღნიშნავდა, რომ რუსეთმა, ამ ხნის განმავლობაში, ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.