მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ქცევები, რითაც შეიძლება ბავშვის შფოთვის ამოცნობა – იუნისეფი

06.06.2022 • 1568
ქცევები, რითაც შეიძლება ბავშვის შფოთვის ამოცნობა – იუნისეფი

ბავშვებს განსხვავებული რეაქცია აქვთ გარემოში არსებულ არასასურველ მოვლენებზე, თუმცა დისტრესის ზოგიერთი ნიშანი შეიძლება არც თუ ისე აშკარა იყოს. საქმე ის არის, რომ პრობლემების სახელდება და დახმარების მისაღებად მათზე საუბარი ბავშვებისთვის კი არა, ხშირად უფროსებისთვისაც დიდი პრობლემაა. ამას ისიც ართულებს, რომ კულტურა დიდ გავლენას ახდენს ემოციების გამოხატვის გზებზე. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში არ არის მიზანშეწონილი ისეთი ძლიერი ემოციების ჩვენება, როგორიცაა ხმამაღალი ტირილი, ზოგიერთში კი ეს ფართოდ არის მიღებული. თუმცა თუ გავიხსენებთ გამოთქმას „ბიჭები არ ტირიან”, ცხადი ხდება, რომ ჩვენს კულტურაშიც სევდის თვალსაჩინოდ გამოხატვა დიდად წახალისებული არ არის.

გაეროს ბავშვთა ფონდმა – იუნისეფმა მოკლე სახელმძღვანელო შეადგინა, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა ასაკის ბავშვებში დისტრესის ამოცნობის რამდენიმე ნიშანი.

იუნისეფი: სტრესისა და კრიზისის დროს ბავშვები აკვირდებიან უფროსების ქცევებსა და ემოციებს, რათა მიაგნონ/გაიგონ, თუ როგორ მართონ და გაუმკლავდნენ თავიანთ კრიზისებს.

იუნისეფის ცნობით, ამ რეაქციებიდან ბევრი ხანმოკლეა და სტრესულ მოვლენებზე ნორმალურ რეაქციას წარმოადგენს. თუმცა თუ ეს რეაქციები ხანგრძლივია, ბავშვს შესაძლოა სპეციალისტის დახმარება დასჭირდეს.

 

ბავშვებში სტრესის საერთო რეაქციები

0-3 წლის ასაკში:

  • ჩვეულებრივზე მეტად ეკიდებიან თავიანთ მომვლელებს
  • რეგრესი ყოფილი (უმცროსი ასაკის) ქცევებისკენ
  • ძილისა და კვების რეჟიმის ცვლილებები
  • მომატებული გაღიზიანებადობა
  • გაზრდილი ჰიპერაქტიურობა
  • უფრო მეტად ეშინია რაღაცების
  • უფრო მომთხოვნი
  • უფრო ხშირი ტირილი

4-6 წლის ასაკში:

  • უფროსებზე/ზრდასრულებზე მიჯაჭვულობა
  • რეგრესია ყოფილი (ასაკით უმცროსი) ქცევებისკენ
  • ძილისა და კვების რეჟიმის ცვლილება
  • მაღალი გაღიზიანებადობა
  • სუსტი კონცენტრაცია
  • ხდება უფრო არააქტიური ან უფრო ჰიპერაქტიური
  • წყვეტს თამაშს
  • თავზე ირგებს ზრდასრულთა როლებს
  • წყვეტს ლაპარაკს
  • უფრო მოუსვენარი ან მშფოთვარეა

7-12 წლის ასაკში:

  • ჩაკეტილობა
  • ხშირი შფოთვა სხვა დაზარალებულებზე
  • ძილისა და კვების რეჟიმის ცვლილება
  • მზარდი შიში
  • მაღალი გაღიზიანებადობა
  • ხშირი აგრესია
  • მოუსვენრობა
  • სუსტი მეხსიერება და კონცენტრაცია
  • ფიზიკური სიმპტომები/ფსიქოსომატური
  • ხშირად საუბრობს მოვლენაზე ან ახასიათებს განმეორებადი მოქმედება
  • თავს დამნაშავედ გრძნობს ან საკუთარ თავს ადანაშაულებს

13-17 წლის ასაკში (თინეიჯერები):

  • ძლიერი მწუხარება
  • ავლენს გადაჭარბებულ ზრუნვას სხვების მიმართ
  • დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობა
  • სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ავტორიტეტს
  • გაზრდილი რისკის აღება
  • აგრესია
  • თვითდესტრუქციულობა
  • აქვს უიმედობის შეგრძნება

იუნისეფის ცნობით, სტრესის ნიშანი ბავშვების ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში ასევე შეიძლება იყოს ფიზიკური ავადმყოფობის ნიშნები – ისეთი, როგორიცაა: დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა, პირის სიმშრალე, კუნთების სისუსტე, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცახცახი, თავის ტკივილი, ზოგადი ტკივილი, „ამიტომ გთხოვთ, წაიყვანოთ თქვენი შვილი ექიმთან, რათა გამოირიცხოს რაიმე ფიზიკური მდგომარეობა“.

შემდეგი ნიშნები, რომლებიც ბავშვებს აღენიშნებათ დიდი ხნის განმავლობაში, ხშირად ძალიან სერიოზულ დისტრესზე მიანიშნებენ და საჭირო ხდება სპეციალისტის დახმარება:

  • ბავშვი ჩაკეტილია ან ძალიან ჩუმია, მოძრაობს ცოტას ან საერთოდ არ მოძრაობს
  • იმალება ან გაურბის სხვა ადამიანებს
  • არ პასუხობს სხვებს, არ ლაპარაკობს
  • აქვს უკიდურესი და მუდმივი შფოთვა
  • ცუდად ყოფნის ფიზიკური სიმპტომები; კანკალი, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, მტვრევის შეგრძნება და ტკივილი
  • აგრესიულია, ცდილობს სხვებს აწყენინოს
  • დაბნეული ან დეზორიენტირებულია

პანდემიიდან მოყოლებული დღემდე მსოფლიოში ემოციურად ყველასთვის მძიმე პერიოდია, ცხადია, ამით ბავშვებიც ზარალდებიან. გაეროს ბავშვთა ფონდი, მშობლებს მოუწოდებს, რეგულარულად შეამოწმონ, როგორ გრძნობენ თავს მათი შვილები.

„ემოციურად შემოწმება ნიშნავს გავიგოთ, „როგორ არიან“ ბავშვები, პირდაპირი ან ირიბი გზით ვეკითხებით. შემოწმების ერთ-ერთი მეთოდია სთხოვოთ თქვენს შვილს დახატოს ნახატი. სთხოვეთ მათ გითხრათ მეტი სურათის შესახებ, რა დახატეს ან რატომ გამოიყენეს კონკრეტული ფერი. ამან შეიძლება გაუმარტივოს ზოგიერთ ბავშვს იმაზე საუბარი, თუ როგორ გრძნობს თავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: