განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმში 715 პირველკლასელი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა

06.06.2022
ბათუმში 715 პირველკლასელი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა

ბათუმში 715 პირველკლასელი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა, 350 კი საერთოდ ვერ დარეგისტრირდა.

„715 ეს არის გაფილტრული განცხადებები, რადგან ზოგიერთმა მშობელმა რამდენიმე სკოლაში დაწერა განცხადება. თუ ერთ მშობელს სამ სკოლაზე ჰქონდა განცხადება დაწერილი, ჩვენ ეს ერთ განცხადებად ჩავთვალეთ.

350 მოსწავლე კი ვერცერთ სკოლაში ვერ დარეგისტრირდა, რადგან იმ სკოლებში, სადაც რეგისტრაცია სურდათ, ადგილები აღარ იყო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე.

მისი თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნაა ბათუმის პირველ, მეორე, მესამე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მე-14 საჯარო სკოლებზე. თუმცა არის ისეთი სკოლებიც, სადაც ამ დროისთვის ადგილები თავისუფალია, მაგრამ მსურველი არ არის.

„370 ადგილია ამ დროისთვის თავისუფალი რამდენიმე სკოლაში, მათ შორის, ბათუმის მე-13 საჯარო და 23-ე სკოლებში, მაგრამ რადგან სკოლები ქალაქის გარეუბნებში მდებარეობს, მშობლები არ არეგისტრირებენ ბავშვებს“, – ამბობს გოჩა დავითაძე.

მისი თქმით, იმ ბავშვებს, რომლებიც ტერიტორიულად მათთვის სასურველ სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ ელექტრონული რეგისტრაცია ვერ მოასწრეს, სამინისტრო მაინც ჩარიცხავს.

„ჩვენ გვაქვს უფლება 29 მოსწავლე ჩავრიცხოთ პირველ კლასში, ამიტომ ასეთი ბავშვები ჩაირიცხებიან უბნის მიხედვით მათთვის სასურველ სკოლაში.

მაგრამ თუ ბავშვი არ ცხოვრობს იმ კონკრეტულ სკოლასთან, სადაც უნდა ჩარიცხვა, განცხადებითაც აქვს მშობელს მომართული, ვერ დავეხმარებით.

თუ ბავშვი აღმაშენებლის ქუჩაზე ცხოვრობს, მაგრამ ითხოვს, რომ ჩავრიცხოთ პირველ სკოლაში, ვერ ჩავრიცხავთ, თუკი მან ვერ მოასწრო ელექტრონული რეგისტრაციის გავლა“, – ამბობს დავითაძე.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა ბავშვი მის უბანში ვერ დარეგისტრირდა უადგილობის გამო, მაგრამ დარეგისტრირდა სხვა უბნის სკოლაში. „ასეთ შემთხვევაში, ბავშვი ამოირიცხება იმ სკოლიდან და ჩაირიცხება მისი უბნის სკოლაში. შესაბამისად, იმ კონკრეტულ სკოლაშიც გამოთავისუფლდება ადგილი“, -ამბობს გოჩა დავითაძე.

მშობელთა განცხადებების მიხედვით, სამინისტრომ მთლიანობაში 500 ადგილი უნდა დაამატოს პირველ კლასებში. პარალელური კლასების გახსნაზე კი, როგორც რესურსცენტრი გვითხრეს, ჯერ საუბარი არ არის.

აჭარის განათლების მინისტრს, მაია ხაჯიშვილს ვკითხეთ,  მისი აზრით, რა არის პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში შესაცვლელი, ეს პროცესი ნაკლებად სტრესული რომ გახდეს და აპირებს თუ არა სამინისტრო ახალი სკოლების მშენებლობას ბათუმში, იმ ფონზე, როცა ქალაქის მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდება?

მაია ხაჯიშვილი მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული სკოლები დღევანდელ მოთხოვნებს ჯერჯერობით აკმაყოფილებს.

„გასულ წელს ბათუმში მე-6 სკოლის ორი კორპუსი აშენდა. ფაქტობრივად, დამოუკიდებელი სკოლაა თავისი მოცულობით ეს კორპუსები. მიმდინარეობს მე-15 სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა. გამოცხადებულია ტენდერი ახალი სკოლის მშენებლობაზე, იგეგმება მე-14 სკოლაში დამატებითი კორპუსი“, – ამბობს ხაჯიშვილი.

მისი თქმით, სამინისტრო შესული განცხადებებს მიხედვით აანალიზებს, თუ რომელ უბნებშია ყველაზე დიდი მოთხოვნა სკოლაზე.

„ყოველწლიურად შემოდის განცხადებები და ამის მიხედვით ვაანალიზებთ მოთხოვნას, თუ სად არის ასაშენებელი სკოლა. ვფიქრობ, უახლოესი 3 წლის განმავლობაში დღეს არსებული სკოლები მოთხოვნას აკმაყოფილებს“, – ამბობს მაია ხაჯიშვილი.

ბათუმის სკოლებში 2900-ზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა.

_________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: