ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთში 50 სათბურიდან 7 დაინგრა, დანარჩენს აჭარის მთავრობა ვერ ასხვისებს

27.12.2020 • 2707
ქობულეთში 50 სათბურიდან 7 დაინგრა, დანარჩენს აჭარის მთავრობა ვერ ასხვისებს

აჭარის მთავრობა ქობულეთის სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობის იჯარით გაცემას მესამედ, ნოემბერში გეგმავდა, თუმცა აუქციონი არ შედგა. საწყისი წლიური საიჯარო თანხა 235 300 ლარი იყო. არ შედგა ადრე გამოცხადებული აუქციონებიც, რის შემდეგაც, მთავრობამ წელს ბოსტნეულის მოყვანა გადაწყვიტა და 160 ათას ტონაზე მეტი მოსავალიც მიიღო.

„აგროსერვის ცენტრში“, რომლის ბალანსზეცაა აღნიშნული მეურნეობა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აუქციონს უახლოეს დღეებში ხელახლა გამოაცხადებენ.

„იჯარის პირობებზე ვმუშაობთ, ალბათ საიჯარო თანხის ოდენობას შევამცირებთ. ამ მეურნეობას სჭირდება მცოდნე და გამოცდილი მეპატრონე. მსურველები არიან, მაგრამ უნდათ განსხვავებული პირობებით, ან გამოსყიდვის უფლებით. თუ ამჯერადაც ვერ გავეცით იჯარით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გადავწყვეტთ – გამოსყიდვის უფლებით გავცეთ, თუ ავიღოთ ჩვენ, აგროსერვის ცენტრმა, რეალურ მართვაში. ამჯერად გვაქვს, ასე ვთქვათ ფორსმაჟორულ მართვაში. წელს ბოსტნეულიც მოვიყვანეთ და ეს იყო ერთწლიანი მიდგომა, რომ დატვირთული ყოფილიყო სათბურები“ – გვითხრა გოჩა ბერიძემ, აგროსერვის ცენტრის დირექტორმა.

იჯარით 43 სათბური გაიცემა. თითოს ფართობი 500 კვ/მ-ია. „აგროსერვის ცენტრის“ ინფორმაციით სულ 50 სათბური იყო, თუმცა 7 სათბური 2020 წელს დიდთოვლობამ დააზიანა.

„2019 წელს აგროსერვის ცენტრის ბალანსზე ირიცხებოდა 3 096 757 ლარის საწყისი საბალანსო ღირებულების სასათბურე მეურნეობა. 2020 წლის 9 თებერვალს მოსული ნალექის შედეგად 312 013 ლარის ღირებულების 7 ერთეული სასათბურე კონსტრუქცია დაზიანდა [ჩამოინგრა]. აგროსერვის ცენტრის უფლებამოსილი პირების განმარტებით, იდენტური ექსპლუატაციისა და კლიმატის პირობებში, 50 ერთეული სათბურიდან ჩამოინგრა 7 ერთეული, რაც, მათი მოსაზრებით, გამოწვეულია სათბურების ტექნიკური ხარვეზებით.

რადგან სათბურების ლითონის კარკასზე ვრცელდებოდა 5-წლიანი, ხოლო გადასაფარებელ პოლიეთილენის ფირზე 3-წლიანი საგარანტიო ვადა, სათბურების აღდგენის ან ახლით ჩანაცვლების მოთხოვნით აგროსერვის ცენტრმა მიმართა სათბურების მიმწოდებელ კომპანიას, თუმცა მიმწოდებელმა უარი განაცხადა თავისი ხარჯით აღედგინა ან ახლით ჩაენაცვლებინა დაზიანებული სათბურები“ – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

გოჩა ბერიძის თქმით, სათბურები „აგროპროექტების მართვის ცენტრის“ ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა მათ: „სათბურების კონსტრუქციებს გარანტია 2023 წლამდე აქვს. ამიტომ, მომწოდებელ კომპანიასთან, დაზიანებული სათბურის კონსტრუქციების გამო, მიმდინარეობს სასამართლო დავა. კომპანია ზარალის ანაზღაურებას თავს არიდებს. იყო დიდი ნალექი, მაგრამ მაინც ვთვლით, რომ ახალ კონსტრუქციას ამ ნალექისთვის, რაც დამახასიათებელია აჭარისთვის, უნდა გაეძლო. ვნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო“.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიყენებული ზიანი შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირებულიყო, თუ განხორციელდებოდა სათბურების გადმოთოვლვა, ან უკიდურეს შემთხვევაში პოლიეთილენის ფირის დაჭრა,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

გოჩა ბერიძის თქმით, 40 კაცი მუშაობდა გადმოთოვლვაზე, მობილიზებული იყო ტექნიკაც და სხვადასხვა სამსახურებიც, რითაც 47 სათბური გადაარჩინეს: „4 საათში 50 სმ-მდე თოვლი მოვიდა, გადმოთოვლვისას, მოყინა კიდეც და პროცესი გართულდა…  ჩაჭრა კი, როცა თოვლი დევს სათბურზე, სარისკოა, შეიძლება კონსტრუქცია მთლიანად დააზიანოს და რაც მთავარია, ადამიანის სიცოცხლისთვის არის საფრთხის შემცველი, რომ არ მოიყოლოს ვინმე“.

სასათბურე მეურნეობა / 2020 წლის თებერვალი / ფოტო: „აგროსერვის ცენტრი“

დირექტორის თქმით, პოლიეთილენის ფირის ჩაჭრას თავისი სპეციფიკა აქვს: „ჩაჭრა უნდა თოვლის მოსვლამდე და არა თოვლი როცა ადევს. შეფასებაც ადეკვატური უნდა იყოს რაც მოხდა. წინასწარ, როცა არ ვიცი რა ზომის თოვლი მოვა, 50 სათბურს ვერ დავაზიანებდი. ეს ცალკე პასუხისმგებლობის საკითხია. მითუმეტეს, აუქციონი იყო გამოცხადებული და სახელმწიფოს 50-ივეს აღდგენისთვის დასჭირდებოდა სოლიდური ხარჯის გაღება“.

რაც შეეხება მიმდინარე ზამთარს, გოჩა ბერიძის თქმით, შესაძლო დიდთოვლობის შემთხვევაში სათბურების გადასარჩენად, „ყველაფერი, რაც შეიძლება გააკეთო წინასწარ“, გაკეთებულია:

„ერთი თვე ვემზადებოდით. მობილიზებული გვყავს ხალხი. შიგნიდანაც გავამაგრეთ კონსტრუქციები. ნახერხი და სხვა მასალებიც გვაქვს შეტანილი დასანთებად, საჭიროების შემთხვევაში, რომ თოვლი გაალღოს. იმ პერიოდში კი, ეს შეუძლებელი იყო – საჭირო ხარჯიც არ იყო გათვალისწინებული“.

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობამ 160 ტონა ბოსტნეული მოიყვანა, სათბურებს კი 25 წლით ასხვისებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: