მთავარი,სიახლეები

აპრილში რუსეთის 48 ათასი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში

19.05.2022 • 1267
აპრილში რუსეთის 48 ათასი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აპრილში, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 48 797 მოქალაქე შემოვიდა. უცნობია, მათგან რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენმა მათგანმა დატოვა ქვეყანა.

შს სამინისტროს მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა 2021 წლის აპრილთან შედარებით მიმდინარე წლის აპრილში 289%-ით არის გაზრდილი.

წყარო: შსს

2022 წლის აპრილში საქართველოში 8 248 ბელარუსის მოქალაქეც შემოვიდა.

შედარებისთვის: მიმდინარე წლის მარტში საქართველოში რუსეთის 45 068 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 20 029 მოქალაქე შემოვიდა.

საქართველოს კანონმდებლობით, რუსეთის ფედერაცია იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება.

„რუსეთის მოქალაქეს აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდანაც“, თუმცა, ასე ვთქვათ, უპირობოდ საზღვარი ღია არ არის. თუ რუსეთის მხარე თავისი ქვეყნის მოქალაქეს გამოუშვებს [ეს იქვე უნდა გაარკვიოს], მას შეუძლია საქართველოში შემოსვლა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში გააჩნია პირი ვაქცინირებულია თუ არა. თუ ვაქცინირებულია, დასჭირდება შესაბამისი დოკუმენტი, თუ ვაქცინირებული არ არის, მაშინ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე ერთი თვის წინ.

2022 წლის მაისში კი, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ავტომობილით საქართველოში მოგზაურობის შესახებ, უქმდება.

ვრცლად ნახეთ ბმულზე:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: