მთავარი,სიახლეები

საოცრება ხდება რუსეთის გენშტაბში, მე-3 ეტაპზე უკრაინამ უნდა დაასწროს კონტრდარტყმა – ინტერვიუ

04.06.2022 • 31933
საოცრება ხდება რუსეთის გენშტაბში, მე-3 ეტაპზე უკრაინამ უნდა დაასწროს კონტრდარტყმა – ინტერვიუ

„სისწრაფე“ და „რაოდენობა“ – ორ ფაქტორს გამოყოფს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ლენდ-ლიზის“ მიწოდების პროცესში, რამაც უკრაინის ბედი უნდა განსაზღვროს. ის განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი სისწრაფესთან ერთად მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობაც, რომ საცეცხლე ზემოქმედების კუთხით უკრაინამ უპირატესობის მოპოვება შეძლოს.

„ივლისის შუა რიცხვებში გამოჩნდება, რა მოხდება უკვე ომის მესამე ფაზაზე… აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის უკრაინამ უნდა დაასწროს რუსეთს ოპერატიული კონტრდარტყმის დაწყება, ასე თუ მოხდა, საომარი მოქმედებების კარნახსაც უკრაინა შეძლებს,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი.

ამ ეტაპზე კი, ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, რუსული არმია „სუმბურულად და არეულად“ მოქმედებს, „საოცრებები ხდება რუსეთის გენშტაბში“, ფიქრობს გადამდგარი გენერალ-მაიორი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში გვითხარით, რა სიტუაციაა ფრონტის წინა ხაზზე ომის დაწყებიდან მე-100 დღეს? ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. 

მართალია, რუსეთმა ვერც სტრატეგიულ და ვერც ოპერატიულ მიზანს ვერ მიაღწია თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, თუ არ ჩავთვლით გარკვეული ტერიტორიის დაკავებას და ე.წ. „დერეფნის“ გაკეთებას ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტაქტიკურ დონეზე ალყის შეკვრა და სევეროდონეცკის აღებისთვის გრძელდება ბრძოლა, რომ ოპერატიული პაუზის აღებამდე რაღაც პოზიტივი მაინც ჰქონდეთ. სავარაუდოდ, მძიმე ბრძოლების შემდეგ ის მოახერხებს სევეროდონეცკის სრულად აღებას და შემდეგ ეცდება დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას, ამით დაიწყებს უკვე ვაჭრობას.

  • სევეროდონეცკის აღება რუსეთისთვის მხოლოდ ლოკალური წარმატებაა, თუ ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობაც? 

არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა სევეროდონეცკის დაკავებას არ აქვს, ეს არის მხოლოდ ტაქტიკური მნიშვნელობის ამბავი, თუმცა ამით ისინი თითქმის გადიან ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე. იტყვიან, რომ ლუგანსკის საზღვარზე გავედით. არა მგონია, რუსები დონეცკის საზღვარზე გავიდნენ, ამის რესურსი მათ არ აქვთ.

ამ ეტაპის შემდეგ რუსები იტყვიან, რომ დენაციფიკაცია მოახდინეს, ასევე გაანადგურეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი და გაიყვანეს სახმელეთო დერეფანი ყირიმიდან რუსეთში. იტყვიან, რომ რუსეთის ამოცანა მიღწეულია.

უკრაინას კი სჭირდება შეიარაღების საჭირო რაოდენობა და ძალების მობილიზება, რომ შეძლოს გამათავისუფლებელი ოპერაციების დაწყება.

  • მანამდე რუსებმა უნდა გადალახონ მდინარე სევეროდონეცი. როგორ ფიქრობთ, ამჯერად გამოუვათ? გვახსოვს თქვენი კრიტიკა, როცა მაისის დასაწყისში რუსებმა ეს ვერ შეძლეს და დიდი დანაკარგი ჰქონდათ. ასევე საინტერესოა, რატომ არის ამ მდინარის გადალახვა მნიშვნელოვანი? 

ეს მდინარე ყოფს სევეროდონეცკს ლისიჩანსკისგან. ლისიჩანსკი არის მდინარის ნაპირზე და იქ სამი ხიდია, საიდანაც ერთი განადგურებულია, ერთი დაზიანებულია, ერთია დარჩენილი, რასაც უკრაინელები იყენებენ. ამ ეტაპზე ბრძოლები მიმდინარეობს უშუალოდ ქალაქში. ერთ რაიონში უკრაინელებმა აიღეს უპირატესობა, მეორეში – რუსებმა, თუმცა სევეროდონეცკის 70 პროცენტს უკვე აკონტროლებენ რუსები… ამ ეტაპზე უკრაინელები უფრო ემზადებიან უკან დახევისთვის, რაც საკმაოდ რთული ტაქტიკური მანევრია. ისინი ცდილობენ, ალყაში არ მოექცნენ და არ გაჩნდეს ახალი მარიუპოლი.

სევეროდონეცკში ბოლო სიტყვა ნამდვილად არ არის ნათქვამი, იქ დიდი ბრძოლები მიდის, რადგან ჩრდილოეთიდან უტევს კადიროვი, ასევე დონეცკი-ლუგანსკის მილიცია, აღმოსავლეთიდან კი, როსგვარდიის სპეცდანიშნულების რაზმი. რუსები ცდილობენ, გამოდევნონ უკრაინელები ქალაქიდან. იყო მცდელობაც, რომ ლისიჩანსკში შესულიყვნენ, მაგრამ იქ რუსები ვერ შევიდნენ ჯერჯერობით.

თუ რუსები აპირებენ ლისიჩანსკზე შეტევას, ეს შესაძლებელია პოპასნაიდან და ისე, რომ მდინარის გადალახვა არც დასჭირდებათ. მეორე გზაა მდინარის გადალახვა სევეროდონეცკიდან. ამ ეტაპზე ჩანს, რომ რუსები სევეროდონეცკს აიღებენ, რაც ალბათ ამ კვირის ბოლომდე დასრულდება. არა მგონია, რომ ლისიჩანსკსაც შეუტიონ. რუსები აქცენტს გააკეთებენ უკვე დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე, ან მაქსიმუმ ეცდებიან ლისიჩანსკის დაკავებას. ამის შემდეგ ისინი გადავლენ ოპერატიულ პაუზაზე და მოემზადებიან მესამე ეტაპისთვის… რუსები უკვე ააქტიურებენ მოლაპარაკების თემას, აი, მაგალითად, ხორბლით დატვირთული ხომალდებით გაყვანას დაუშვებენ, თუ გარკვეულ სანქციებს მოუხსნიან მათ და ასე შემდეგ.

  • თქვენი დაკვირვებით, რას უკავშირდება ახალი ტენდენცია რუსულ არმიაში, როცა  ბატალიონებისა და ბრიგადების მეთაურებს ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ. ეს რას გამოიწვევს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ არ გამორიცხავთ სამხედროების დაპირისპირებას პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.

ბატალიონების თუ საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების მეთაური, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია ბატალიონის მოქმედებაზე. საქმე ისაა, რამდენად სწორად არის დასახული ამოცანა და რამდენად უნარიანად იღებს გადაწყვეტილებებს მეთაური. როგორც უკვე ითქვა, საკმაოდ ბევრია დანაკარგი ქვედა რგოლის მეთაურებს შორის და იძულებული გახდნენ, ზედა რგოლის მეთაურებმა უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ბრძოლებში. არ ვიცი, ეს რამდენად გამოიწვევს უკმაყოფილებას იმ დონეზე, რომ გამოიწვიოს დაუმორჩილებლობა, ან ადგილი ჰქონდეს სამხედრო ამბოხს.

  • რა იცით დვორნიკოვზე, რომელიც ხელმძღვანელობს რუსულ არმიას უკრაინაში, ის უკვე მესამე კვირაა აღარ გამოჩენილა. ჩამოაშორეს დვორნიკოვი უკრაინაში ომის ხელმძღვანელობას?

ვერ გეტყვით, ზოგადად საოცრებები ხდება რუსეთის გენერალურ შტაბში, ვინ ინიშნება, ვინ დარჩა, ვინ მიდის, ვერ გაიგებ, დიდი დუღილია. ფაქტია, უკვე ეს ეტყობა დანაყოფების მოქმედებებს საკმაოდ სუმბურულად და არეულად მოქმედებენ.

როტაციები რუსებმა დაიწყეს პოპასნაიასთანაც, სადაც აქტიური ზონაა, მაგრამ ამ სამხედრო ძალებს დიდი ხანი უწევდათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი ჩანაცვლება დაიწყეს. რუსებს აქვთ გარკვეული ტაქტიკური წარმატება ამ მიმართულებაზე, თუმცა დიდი ხანია აპირებენ, მაგალითად, ბუჩა-ლისიჩანსკის გზის გადაკეტვას, რასაც ვერ ახერხებენ. ფაქტია, რომ რუსები აპირებდნენ ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის ერთდროულად ალყაში მოქცევას, მაგრამ ეს ვერ შეძლეს.

  • უკრაინული მხარე აქვეყნებს რუსი ოფიცრების სატელეფონო ზარებს, სადაც ისინი საუბრობენ გენერლების არაკვალიფიციურობაზე, ნაყიდ გენერლობაზე და სხვა კორუფციულ სქემებზე. რუსი გენერლების მორალური თუ პროფესიული პროფილები მართლა ასეთ სავალალო მდგომარეობაშია, თუ ეს უფრო პროპაგანდაა?

ეს, რა თქმა უნდა, უკრაინის პროპაგანდის ნაწილია, თუმცა სიმართლეს არ გამორიცხავს. აქ არაა საუბარი მხოლოდ გენერალიტეტზე, ჩვენ წინა ინტერვიუებშიც ვსაუბრობდით დაბალი რგოლის ოფიცრების უუნარობაზე, რომ გამოეჩინათ ინიციატივა, შესაბამისი მოხერხება და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის გენერალურ შტაბზე, რადგან ვხედავთ, რა ჰქონდათ დაგეგმილი და რა შედეგსაც მიაღწიეს. ის, რომ რუსებმა ახლა ცოტა გააუმჯობესეს საომარი მოქმედებები, ეს უფრო იმის დამსახურებაა, რომ ძირითადი მასა მაინც არის დონეცკის და ლუგანსკის დანაყოფები, რომლებიც ამ ლოკალურ ტერიტორიებს იცნობენ და მოტივაციაც მეტი აქვთ – ისინი იქ ცხოვრობენ და 8 წელი საომარი გამოცდილებაც დაუგროვდათ.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და ასევე, რა რაოდენობით მიიღებს უკრაინა საარტილერიო საშუალებებს, რომ მან რუსეთის საარტილერიო უპირატესობის ნიველირება შეძლოს. ჩემი აზრით, ივლისის შუა რიცხვებში გამოჩნდება, რა მოხდება ომის მესამე ფაზაზე… აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის უკრაინამ უნდა დაასწროს რუსეთს ოპერატიული კონტრდარტყმის დაწყება, ანუ ოპერატიული პაუზის შემდეგ. ასე თუ მოხდა, საომარი მოქმედებების კარნახსაც უკრაინა შეძლებს.

  • უკრაინამ უკვე მიიღო სამხედრო აღჭურვილობის ნაწილი დასავლეთიდან. რატომ ვერ მოხერხდა აქტიურად წინააღმდეგობის გაწევა?

წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ უკრაინელებს, აქამდე რუსები დონბასის საზღვარზეც გავიდოდნენ. ხომ გახსოვთ, რუსები იზიუმიდანაც აპირებდნენ ალყის გაკეთებას? ახლა კი, დაახლოებით სამი კვირაა მხოლოდ სევეროდონეცკში იბრძვიან და საუბარია მთელი რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ წერტილში კონცენტრაციაზე. რუსებს მხოლოდ მცირე ტაქტიკური წარმატებები აქვთ, რომელიც სტრატეგიულ სურათს არ ცვლის. უკრაინას იმიტომაც აქვს ეს ეშელონირებული თავდაცვა, რომ თავდაცვის ზღუდის პირველი ხაზის დაკარგვის შემდეგ გადაიწევენ უკან. ასეთი სვლაც ბევრი არ ყოფილა.

გარდა ამისა, უკრაინელები ახორციელებენ კონტრშეტევებს ლოკალურად ხერსონის მიმართულებით. ამის დამსახურებაა ის, რომ ლისიჩანსკიში ვეღარ შევიდნენ რუსები და იქ გარკვეული ზეწოლა მოიხსნა, რუსეთის გარკვეული ძალები მიეჯაჭვა ხერსონს – მათ იქ თავდაცვის სამი ზღუდე აქვთ უკვე მოწყობილი, ასე იოლად გადასალახი არ იქნება.

  • რა აღჭურვილობა უნდა მიიღოს უკრაინამ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალოს უკრაინის სამხედრო რესურსი? 

ის აღჭურვილობა, რომელსაც უკრაინელები იღებენ დასავლეთიდან, მაგალითად, 18 ერთეული თვითმავალი ქვემეხი მისცეს პოლონელებმა, ეს ზღვაში წვეთია, 118 უნდა იყოს და 518, რომ გათანაბრდეს ეს შესაძლებლობები, 18 ერთეული კი, ერთი საარტილერიო ბატალიონია, მეტი არაფერი. უკრაინას სჭირდება არამხოლოდ ახალი სისტემები, არამედ ახალი სისტემების საჭირო რაოდენობა იმისთვის, რომ შეძლოს მტრის საცეცხლე საშუალებების ნიველირება. ამისთვის საჭიროა შესაბამისი რაოდენობის ჭურვები, შესაბამისი რაოდენობის საარტილერიო დანადგარები.

„ლენდ-ლიზი“ არის გრძელი პროცესი. წარმოიდგინეთ, ჯერ ამერიკაში უნდა მიიტანონ ეს აღჭურვილობა საზღვაო პორტში, დაიტვირთოს ხომალდებზე, გემებს სჭირდებათ ევროპამდე ორ-ნახევარი, სამი კვირა, შემდეგ ევროპაში უნდა გადმოიტვირთოს და შეიტანონ უკრაინაში, სადაც უნდა გადაანაწილონ და შესაბამისი წვრთნები ჩაატარონ. ჩემთვის როგორც ცნობილია, შვედეთში უკვე შევიდა „ლენდ-ლიზის“ პარტია. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა აძლევს საბოლოო „ჰაიმარსს“, ოღონდ შორი რაკეტების გარეშე, ეს იქნება ზალპურის ცეცხლის საშუალება 35 – 45, ასევე 75 – 80 კილომეტრამდე მანძილზე.

  • საინტერესოა, როგორ გამოიყენებს უკრაინა ამ მნიშვნელოვან შეიარაღებას მტრის დასამარცხებლად?  რუსები ზალპურ ცეცხლს არ ერიდებოდნენ და ფრთოსანი რაკეტებით ბომბავდნენ უკრაინის ქალაქებს, სადაც ადამიანები იხოცებოდნენ. იმავეს უკრაინა ალბათ არ გააკეთებს, რომ არ დაინგრეს ქალაქები. 

ზალპური ცეცხლის საშუალებების გამოყენება ქალაქში არ არის ეფექტიანი, ეფექტიანი შეიძლება იყოს კადრი, რომ აი, როგორ ხვდება, მაგალითად, სახლის სახურავს, მაგრამ საცეცხლე ზემოქმედების მაღალი შედეგიანობა არ არის. ის ძირითადად გამოიყენება ფართო ტერიტორიაზე განლაგებული მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, საარტილერიო საშუალებების წინააღმდეგ, კონტრსაბატარეო ცეცხლის წარმოების დროს.

მნიშვნელოვანია, რაც ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მიაწოდა უკრაინას M-270 – ები, ეს იგივე „ჰაიმარსია“, ოღონდ მუხლუხიან პლატფორმაზე, უფრო მძიმეა და ცეცხლის წარმოების ორი პაკეტი აქვს, ნაკლებად მანევრულია, მაგრამ უფრო მეტი საცეცხლე შესაძლებლობა გააჩნია. გერმანია ასევე აპირებს მისცეს უკრაინას IRIS ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც მნიშვნელოვნად დაიცავს მათ საველე დივიზიონებს საჰაერო დარტყმებისგან.

  • თქვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ მნიშვნელოვანია მიწოდებული აღჭურვილობის რაოდენობა. რატომ არ აწვდიან საკმარისი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობას უკრაინას? ეს ხომ არ არის ირიბად იმის მინიშნება, რომ უკრაინა წავიდეს დათმობაზე? 

ვერ გეტყვით, ერთი კი, ნამდვილად არის, რომ დრო სჭირდება ამ აღჭურვილობის მიწოდებას, მაგრამ გარკვეული შეფერხებები ჩანს ამ მიწოდებაში. ფაქტია, რომ უკრაინა ამ ტექნიკას იმ სისწრაფით და ისე მასობრივად ვერ იღებს, როგორც მას ეს სჭირდება. აღჭურვილობის მიწოდების გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს გარდატეხის შეტანას. თუ ბოლომდე ამუშავდება „ლენდ-ლიზის“ მიწოდება შესაბამისი რაოდენობებით, ეს იქნება გადამწყვეტი უკრაინისთვის. ის, რომ რაღაც ტექნიკას აწვდიან 3 ერთეულს, ან 5 ერთეულს, ეს არაა ის ძალა, რაც სურათს არსებითად შეცვლის. არტილერიის მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ უნდა მოხდეს ცეცხლის მასირება. ესაა არტილერიის არსი.

  • ამასობაში აზოველებს რა ბედი ელით, რა მოლოდინი გაქვთ – რუსეთში მათ გაასამართლებენ, თუ გაცვლას ამჯობინებენ? 

ფაქტი ერთია, რომ ყველა ტყვე გაიყვანეს რუსეთში, აზოველები კი, დატოვეს დონეცკი-ლუგანსკში, სადაც მოქმედებს სიკვდილით დასჯა. თუ მათ სიკვდილით დასჯიან და რამდენიმე შემთხვევაში ასეც მოიქცევიან, შემდეგ უკვე რუსები ეცდებიან ამ ტყვეების გაცვლას რუს სამხედროებში. არა მგონია, დახვრიტონ, რადგან დიდი მონიტორინგია და დიდი ლუპით უყურებს მსოფლიო ამ ვითარებას.

რუსეთი ასევე მოაწყობს ღია სასამართლო სხდომებს, სადაც იმუშავებს რუსული პროპაგანდა, რომ აი, ესენი არიან ნაცისტები, ხოცავდნენ ხალხს, შესაბამისი მოწმეებიც გამოჩნდებიან და სპექტაკლებიც დაიდგმება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: