მთავარი,სიახლეები

მოხალისე მედიკოსი, რომელიც ომში შეყვარებულის დაღუპვის შემდეგ წავიდა

05.06.2022 • 3293
მოხალისე მედიკოსი, რომელიც ომში შეყვარებულის დაღუპვის შემდეგ წავიდა

25 წლის ეკატერინა გალუშკა მოხალისე პარამედიკოსია უკრაინა-რუსეთის ომში. იგი მოხალისედ მას შემდეგ წავიდა, როცა 2022 წლის მარტში მარიუპოლთან ახლოს მისი შეყვარებული დაიღუპა. ეკატერინას ნაამბობი უკრაინულმა გამოცემამ, hromadske-მ გამოაქვეყნა სტატიაში, რომელიც ომში მყოფ უკრაინელ პარამედიკებზე გვიამბობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ ნაწყვეტს ამ სტატიიდან.

„ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ზღვარზე ვარ. მაგრამ ეს უკავშირდება არა საქმეს, არამედ იმას, რაც მოხდა 5 მარტს,“ – უთხრა 25 წლის ეკატერინა გალუშკამ hromadske-ს.

5 მარტს მან ომში საყვარელი ადამიანი დაკარგა  – ოცეულის მეთაური ანტონ გევკო. ის მარიუპოლთან ახლოს დაიღუპა ტყვიით. დაღუპვის წინ მან რუსული ტანკის აფეთქება მოასწრო.

იმ დროს ეკატერინა, რომელიც პოლტავადანაა, კიევში მუშაობდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილებაში. საყვარელი ადამიანის გარდაცვალებამ და იმ ფაქტმა, რომ მისი ყველა მეგობარი უკვე ფრონტზე იყო, ომში წასვლაზე დააფიქრა. სამსახურში იგი დაარწმუნეს, სამსახური არ დაეტოვებინა და შვებულება აეღო.

ეკატერინამ თილისმასავით წაიღო ანტონის სამაჯური, რომელიც მას სიკვდილის დროს ეკეთა, მისი სვიტრი, კუბოკრული პერანგი და წავიდა სხვა მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად.

„რა თქმა უნდა, არის მომენტები, განსაკუთრებით დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც გინდა დატოვო ეს ყველაფერი, დაივიწყო, დაიმალო, არ დაინახო. მაგრამ ანტონს პირობა მივეცი, რომ ყველაფერს გავივლიდი, რაც გზაზე შემხვდებოდა, დავპირდი, რომ ძლიერი ვიქნებოდი. ხანდახან ვჯდები და ვტირი, მაგრამ მერე თავი ხელში ამყავს, ვიღიმი და ვაგრძელებ ჩემს საქმეს“ – ამბობს ეკატერინა.

ეს არ არის ეკატერინას პირველი გამოცდილება ომში. სამი წლის წინ, ისტორიის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ, მან ერთკვირიანი მოხალისეთა კურსი გაიარა სამედიცინო ბატალიონში, შემდეგ კი პირველ როტაციაში წავიდა, მარიუპოლში. პარამედიკოსი რომ გახდე, არ არის აუცილებელი სამედიცინო განათლება გქონდეს, – განმარტავს ის. ეკატერინას მთავარი მიზანია პირველი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ჯარისკაცის საბრძოლო პოზიციებიდან ცოცხლად მიყვანა ევაკუაციის მეორე ხაზზე.

„24 თებერვლამდე, როცა მძიმე ბრძოლები არ იყო, არტილერია არ მუშაობდა და ჭრილობები ტყვიით ან ნაღმის ნამსხვრევებით იყო მიყენებული, ჩემი ცოდნა საკმარისი იყო პირველადი დახმარების გასაწევად და საავადმყოფოში გადასაყვანად, სადაც დაჭრილებთან უკვე მუშაობენ პროფესიონალი ექიმები.

ახლა გამოიყენება ძალიან მძიმე არტილერია, არის ძალიან რთული დაზიანებები. შემთხვევების 95 პროცენტში ჩემი ცოდნა საკმარისია, რადგან ჩემი ამოცანაა შევინარჩუნო ადამიანის სიცოცხლე პროფესიონალ ექიმებამდე. ანუ, ვაკონტროლო სისხლის დაკარგვა და სასუნთქი გზების გამტარობა“ – ამბობს ეკატერინა.

იგი მებრძოლებს ეხმარება, როგორც მოხალისე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი არ გაუფორმებია – მზადაა იმუშაოს ხელფასისა და სოციალური გარანტიების გარეშე. ასევე, აფასებს თავისუფლებას. ახლა მას შეუძლია აირჩიოს პოზიცია და როდის წავიდეს როტაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ომში „თავისუფლების“ გაგება, თუნდაც მოხალისეებისთვის, ძალიან პირობითია.

„ვმუშაობ 24/7-ზე. შეიძლება ისე მოხდეს, რომ 2-3 დღე იჯდე და არ დაგირეკონ. ეს ნიშნავს, რომ მებრძოლებთან ყველაფერი კარგადაა. ხან კი მთელი დღე გამოგყავს ადამიანები. აქ ბევრი მედპერსონალი არ არის, რომ შეგვეძლოს დასვენება, ავიღოთ ერთი დღე, გამოვრთოთ ტელეფონი ან გვქონდეს გამოძინების უფლება. ღამის არტილერიის ხმის გამოც ვერ მოახერხებ ძილს“.

ივნისში მისი ანაზღაურებადი შვებულება გენერალურ შტაბში მთავრდება. ცოტა ხნით ეკატერინა კიევში დაბრუნდება, შემდეგ კი საკუთარი ხარჯებით შვებულების აღებას და ისევ ფრონტზე წასვლას გეგმავს.

„რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, იმდენ ხანს წავალ. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ომში ვიქნები მანამ, სანამ ჩემი ახლო მეგობარი არ დაბრუნდება მარიუპოლიდან. ჯერ უცნობია, სად არის. მეთაურები არ პასუხობენ, უშიშროება თითქმის ერთი თვეა დუმს. ყოველ დღე ვუყურებ რუსულ ტელეგრამ არხებს, სადაც ტყვეების ვიდეოებს დებენ.

ბოლოს მას 12 აპრილს ველაპარაკე. ძალიან უნდოდა „აზოვსტალის“ ჯოჯოხეთიდან გამოღწევა. იგი იმ ადამიანებს შორისაა, რომლებსაც ღირებულებების გამო სიკვდილი შეუძლიათ, მაგრამ სიცოცხლე უნდა. ოთხი ჭრილობა აქვს და ბრძოლა უკვე ძნელი იყო“.

ეკატერინა იმედოვნებს, რომ მისი მეგობარი ტყვედაა და გადარჩენას შეძლებს. ამისათვის მზადაა დაჭრილი მტერიც გადაარჩინოს, თუ მისი გადაცვლა უკრაინელ მებრძოლში იქნება შესაძლებელი.

ეკატერინას სწრაფი გამარჯვების არ სჯერა. ამბობს, რომ თებერვალში ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე თვეს გაგრძელდებოდა, ახლა ხვდება, რომ კარგი იქნება, თუნდაც ზაფხულის ბოლომდე მტერს უკან დაახევინონ ხერსონის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის რეგიონებიდან.

„შემდეგ კი აქტიური მოქმედება დონბასში, ჩემი აზრით, 1-2 წელს გაგრძელდება. მაგრამ წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტად გავძლიერდით, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს, მათზე ძლიერი ვართ და შეგვიძლია ადაპტირება, წინსვლა და გამარჯვება“ – ამბობს ეკატერინა.

_________________

თარგმნა ნანა კვაჭაძემ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: