მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ დასრულდა სოფელ ბეღლეთში სკოლის მშენებლობა დროულად

07.06.2022 • 1710
რატომ ვერ დასრულდა სოფელ ბეღლეთში სკოლის მშენებლობა დროულად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა 8 თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღესაც გრძელდება.

სკოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება აჭარის განათლების სამინისტრომ „ბალავარი ჯგუფთან“ 2019 წლის 20 აგვისტოს გააფორმა 2 424 237 ლარზე. ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, დასრულდება თუ არა სკოლის მშენებლობა 2022 წლის სექტემბრამდე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი მხრიდან ხელშეკრულებაში ცვლილება მშენებლობის დასრულების ვადასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ შევიდა:

„პანდემიის გამო გარკვეული ვადით, დაახლოებით 35 დღით, გადავწიეთ მშენებლობის დასრულების ვადა. ამ ეტაპზე კომპანიას ვადაგადაცილებულ ყოველ დღეზე ჯარიმა ეკისრება ავტომატურად, რაც საბოლოო ანგარიშსწორების დროს იქნება გათვალისწინებული. ჯარიმა გადასახდელ თანხას გამოაკლდება,“ – ამბობს ჯემალ სურმანიძე.

ჯემალ სურმანიძე ასევე ამბობს, რომ „ბალავარი ჯგუფთან“ მათი პირობა ის არის, რომ ახალი სასწავლო წელი აუცილებლად ახალ სკოლაში უნდა განახლდეს ბეღლეთის სკოლის მოსწავლეებისთვის: „ანუ კომპანიას მშენებლობის დასრულებისთვის მაქსიმალურ ვადად 2022 წლის სექტემბერი განესაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო მასთან  ხელშეკრულებას შეწყვეტს“.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხის 86% ანუ 2 087 974 ლარი, სამინისტროს კომპანიისთვის უკვე გადარიცხული აქვს.

„ბათუმელები“ „ბალავარი ჯგუფს“ ვერ დაუკავშირდა.

„ბათუმელები“ ესაუბრა როინ ლომიძეს, რომელიც, როგორც თავად გვითხრა, სკოლის მშენებლობას ზედამხედველობს. მისი თქმით, მშენებლობის ვადის გადაცილება, ძირითადად, დიდთოვლობამ გამოიწვია.

„2021 წლის ზამთარში  დაახლოებით სამი თვით მოგვიწია სამუშაოების შეჩერება. ბლოკის წყობის ეტაპზე ვიყავით და ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამის კეთება. ვერ ვიმუშავეთ 2022 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებშიც, უხვი ნალექისა და ყინვის გამო. შენობაზე მუშაობას სექტემბრამდე დავასრულებთ“, – ამბობს როინ ლომიძე.

სოფელში ახალ სკოლას იმ ადგილას აშენებენ, სადაც  სკოლის ძველი ხის შენობა იდგა.

სასწავლო პროცესი ბეღლეთში მესამე წელია ისევ ძველ, ხის შენობაში მიმდინარეობს, რომელიც სოფელში სხვა ადგილას გადაიტანეს.

ბეღლეთის საჯარო სკოლის ძველი შენობა, რომელშიც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ფოტო: მირანდა კახაძე

ბეღლეთის საჯარო სკოლაში ამჟამად 98 მოსწავლე სწავლობს,  სკოლის ახალი შენობა კი 140 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბეღლეთის სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს: „დასრულებულია ფასადის დიდი ნაწილიც, იატაკი და კედლები შესაღებადაა მზად, ეწყობა იატაკი.

ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალი შენობა. ფოტო: მირანდა კახაძე / 6.06.2022

შენობა თანამედროვე არქიტექტურისაა. გარდა საკლასო ოთახებისა, ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალ შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი და სასადილო“, – ამბობს ჯემალ სურმანიძე.

მისი თქმით, შენობა სრულად ადაპტირებული იქნება პანდუსებით, სველი წერტილებითა და ლიფტით.

„შენობის აღჭურვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დადებული გვაქვს სასკოლო მერხებისა და სკამების მოწოდებაზე და როგორც კი დასრულდება შენობის კეთილმოწყობა, ინვენტარი შეტანილი იქნება შენობაში“, – ამბობს ჯემალ სურმანიძე.

ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალი შენობა. ფოტო: მირანდა კახაძე /6.06.2022

ბეღლეთის სკოლის მშენებლობაზე ტენდერი 2019 წელს 2 696 300 ლარით იყო გამოცხადებული.

ამავე თემაზე: 

ხულოს სოფელ ბეღლეთში ახალი სკოლა აშენდება – 2,6-მილიონიანი ტენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: