ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ ვერ დასრულდა ახალი ბაღის მშენებლობა ბათუმში – მორიგი ტენდერი 800 ათასი ლარით

05.06.2022 • 2269
რატომ ვერ დასრულდა ახალი ბაღის მშენებლობა ბათუმში – მორიგი ტენდერი 800 ათასი ლარით

ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე [დარჩენილი სამუშაოების დასრულებაზე] მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად 800 ათასი ლარით.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2,1 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, მშენებლობა დღემდე დაუსრულებელია.

მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ / 4.06.2022

ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზე იყო გაფორმებული.

ამ ხელშეკრულებაში ცვლილება შვიდჯერ შევიდა, თუმცა, მერიის სამმართველომ კომპანიას ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 1 217 394 ლარი გადაურიცხა და საბოლოოდ, 2021 წლის ნოემბერში, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ / 4.06.2022

ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სამმართველოს ბრძანებიდან:

  • „სამმართველოს მხრიდან არაერთგზის სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიის მხრიდან არ მომხდარა სათანადო რეაგირება სამუშაოების ტემპთან დაკავშირებით, ამასთანავე 2021 წლის აგვისტოდან დღემდე სამუშაოები საერთოდ შეჩერებულია.
  • 2020 წლის 18 ნოემბრის შემდეგ შპს „ვექტორს~ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებისათვის, ყოველ დაგვიანებულ დღისთვის ერიცხება პირგასამტეხლო.
  • ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ ნათლად ჩანს, შპს „ვექტორი“ ვერ დაასრულებს აღნიშნული საბავშვო ბაღის მშენებლობას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეწყვეტილი იქნას 2019 წლის 14 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება.
  • „ვექტორს“ ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებისათვის ყოველ დაგვიანებული დღისათვის დაეკისროს პირგასამტეხლო – ჯამში 70 380 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო – ჯამში 57 375 ლარი“.

მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ / 4.06.2022

ახალი ტენდერით, რომელიც 800 ათასი ლარითაა გამოცხადებული, ობიექტზე დარჩენილი სამუშაოები უნდა შესრულდეს.

მათ შორის: შიგა წყალსადენის, ცხელი წყლისა და კანალიზაციის მოწყობა, ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის მოწყობა, შიგა ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები, სახანძრო სიგნალიზაცია, შენობის ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, გაზის შიდა ქსელი;

ასევე საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს დამხმარე შენობა და დარაჯის ჯიხური.

მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ / 4.06.2022

წინადადებების მიღება ტენდერში 2022 წლის 17 ივნისს დაიწყება და 22 ივნისს დასრულდება.

ახალი ბაღის მშენებლობა, ახალი გათვლებით, 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დამთავრდეს.

____________________________

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ბათუმში 1600 ბავშვი ბაღში ვერ მიდის – საჭიროა მინიმუმ 6 ბაღი, შენდება მხოლოდ ერთი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: