მთავარი,სიახლეები

მინდა დავივიწყო რა ბავშვობაც მქონდა, უაზრო შრომაში ვიყავი ჩართული – 22 წლის სტუდენტი

06.06.2022 • 2477
მინდა დავივიწყო რა ბავშვობაც მქონდა, უაზრო შრომაში ვიყავი ჩართული – 22 წლის სტუდენტი

არკადი 22 წლისაა და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებაზე სწავლობს თბილისში, პარალელურად ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯში ელექტროსისტემების შეკეთებისა და დიაგნოსტიკის კურსებს გადის. პროფესიულ კოლეჯში ისწავლა საოფისე საქმეც.

არკადი გორელოვკიდანაა. გორელოვკა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელია, სადაც ძირითადად დუხობორები ცხოვრობდნენ, მათთან ერთად ახლა აქ აჭარის მეწყერსაშიში სოფლებიდან წამოსული ხალხი სახლობს. ცხოვრობენ ეთნიკური სომხებიც.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში მცხოვრები ბევრი სხვა ახალგაზრდის მსგავსად არკადიმაც ქართული უცხო ენასავით ისწავლა და 1+4 პროგრამაზე ჩააბარა.

„ამერიკაში ვაპირებ წასვლას და ემიგრაციის პირობებს ვარგებ ყველაფერს, რასაც ახლა საქართველოში ვაკეთებ: ვგეგმავ რა უფრო გამომადგება იქ და ჩემი რა საქმე დაფასდება.

კომპიუტერული ინჟინერია დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, ამ საქმით კარგი შემოსავალი მექნება. ძალიან ცუდად ვიცოდი ქართული. 1+4 პროგრამაზე რომ ვსწავლობდი, ძალიან ცუდად მესმოდა ენა, მოსამზადებელ კურსზე ლექტორების საუბრიდან თითქმის არაფერი მესმოდა.

„ხომ გაიგე რაც ვთქვიო“ – ლექტორი მეკითხებოდა ხშირად და კი, რა თქმა უნდა-მეთქი, თავს ვუქნევდი, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი სინამდვილეში. ლექციის მერე კურსელებს ვეკითხებოდი: ამიხსენით ერთი რას ლაპარაკობდა-მეთქი. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ახლა ქართულად ნებისმიერ თემაზე შემიძლია საუბარი“, – ამბობს 22 წლის სტუდენტი.

მრავალმხრივი განათლების მიღება სურს და ძირითადი პროფესიისგან სრულიად განსხვავებული საქმითაცაა დაინტერესებული: სამედიცინო უნივერსიტეტში გეგმავს ჩაბარებას.

ზოგადი მედიცინის საწყის კურსზე ისწავლის და მერე იმ მიმართულებას აირჩევს, რაც ყველაზე მეტად დააინტერესებს.

„დრო ძალიან ცოტაა, ადამიანს კი ბევრი ინტერესი აქვს და ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია. თუმცა მინდა, რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებს აუცილებლად ვისწავლო კარგად და ვაქციო პროფესიად“, – გვეუბნება არკადი.

სანამ გორელოვკაში ცხოვრობდა მშობლებს ეხმარებოდა საქონლის მოვლაში. არკადის მშობლებს 60 სული საქონელი ჰყავდათ. ახლა არკადის სასწავლო კურსი გართულდა და ხშირად ვეღარ ახერხებს მშობლებთან ჩასვლას, საშინაო საქმეებში მონაწილეობის მიღებას.

არკადის მამამ წელს სამოცივე საქონელი გაყიდა. მხოლოდ რამდენიმე მოზვერი დაიტოვეს. არკადი ამბობს, რომ არასაკმარისი საძოვრების გამო მესაქონლეობა შემოსავლიანი საქმე აღარაა ჯავახეთში მცხოვრებთათვის და ამიტომ მისმა მშობლებმა მესაქონლეობას პატარა მაღაზიის გახსნა არჩიეს. არკადის ძმა სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად. გორელოვკაში მას მშობლები და ბებია-ბაბუა ჰყავს.

მეორეკურსელი ბიჭი გორელოვკადან ამბობს, რომ მძიმე შრომა, რაშიც ბავშვობიდანაა ჩართული ამაო და უშედეგოა:

„ბავშვობიდანვე მძიმე, უაზრო შრომაში ვიყავი ჩართული. ვშრომობდით იმ სოფელში, სადაც არც სპორტდარბაზი იყო და არც არაფერი, რაც ბავშვის განვითარებისთისაა საჭირო.

სიმართლე რომ გითხრათ, მინდა დავივიწყო რა ბავშვობაც მქონდა.

ორი თუ სამი წელია, რაც გვაქვს სპორტდარბაზი და საბავშვო ბაღი, მაგრამ ისევ არ გვაქვს ბუნებრივი აირი და წყალი 21-ე საუკუნეში.

ბავშვობაშ მშობლებს ვეხმარებოდი წივის დამზადებაში, ეს ჩვენთან საწვავი მასალაა. გაზი რომ არ გვქონდა ღუმელზე ვთბებოდით, ძნელი იყო ამ სოფელში ცხოვრება, ძალიან მოსაწყენი.

სოფელში მხოლოდ ერთი მეგობარი მყავდა, საბავშვო ბაღში კი არასდროს მივლია.

ამის გამო ყველასთან მიჭირდა ურთიერთობა. პირველ კლასში რომ შევედი კლასელებს  ვეჩხუბებოდი.  ვფიქრობდი ვინ არიან ესენი და რა უნდათ აქ ჩემთან ერთად ერთ ოთახში-მეთქი. მასწავლებელი რომ შემოვიდა კლასში და გვითხრა დასხედითო გავბრაზდი, ვინ ხარ შენ-მეთქი, ვეკითხებოდი.

ბოლო ზარიც კი არ მქონია სკოლაში. ურთიერთობებიც სკოლაში სულ მიჭირდა. ექვსნი ვიყავით კლასში, აქედან ორი რუსეთში წავიდა. ახლაც, როცა სოფელში მივდივარ ხოლმე, სულ იმაზე ვფიქრობ უკან, როდის დავბრუნდები-მეთქი“, – ამბობს არკადი.

მისივე თქმით, სოფლის მცხოვრებლებს გორელოვკაში რაიმე სახის შენობაც კი არ აქვთ, რომ შეიკრიბონ და სოფლისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე ისაუბრონ.

ონკანის წყალი არ ისმევა, ბინძური მოდის და სასმელ, სუფთა წყალს მოსახლეობა ჭებიდან ეზიდება. ბუნებრივი აირი სოფელს არასდროს ჰქონია და თვიდან-თვემდე გაზის ბალონის ავსება უწევთ.

„არ მინდა ამ სოფელში ცხოვრება, მაგრამ ჩასვლა და მშობლების დახმარება მიწევს. ახლა თიბვის დრო იწყება და უნდა წავიდე. პანდემიის დროს სახლში ვიყავი. ონლაინსწავლება გვქონდა, სამი თვეა რაც უნივერსიტეტის აუდიტორიებში აღდგა სასწავლო პროცესი.

ჩავალ, გავთიბავ ჩვენს მიწას და მერე თბილისში დავბრუნდები, მუშაობა უნდა დავიწყო“, – ამბობს არკადი წარუკიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: